ლიკა ამირაშვილი
04.08.2015

"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას "ქართული ოცნების" "კიდევ ერთ კრახად" მიიჩნევს.

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის მიზანი არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ მიხეილ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების პოლიტიკური რეაბილიტაციაა.

"ეს არის საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი კრახი, რომლითაც პრაქტიკულად ოფიციალურ დონეზე გათეთრდა და გაცოცხლდა დამნაშავე "ნაციონალური მოძრაობა".

"ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის მიერ იყვნენ ეჭვმიტანილი უმძიმეს დანაშაულებებში, თავისუფლად ტოვებენ ქვეყანას, იხსნებიან ინტერპოლის ძებნილთა სიიდან, იგებენ ევროპულ სასამართლოებს, ინიშნებიან მეგობარ სახელმწიფოებში წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე, ხოლო მათ მიერ წლების მანძილზე გამწარებული საქართველოს მოსახლეობა მესამე წელია ელოდება ქვეყანაში სამართლიაობის პროცესის დაწყებას.

"ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს დღეს მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი არა მოძალადე რეჟიმის დასჯა, ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება და დატერორებული ხალხისათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაციაა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თქვენი აზრით, საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე ძებნის გაგრძელებაზე ინტერპოლმა რატომ თქვა უარი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):  ძალიან რთული საკითხია. იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა თბილისიდან კი არ იმართება, არამედ გარკვეული ძალები გარკვეული ადგილებიდან მართავენ. სწორედ იმის შედეგია, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ საკითხებს ვერ წყვეტს.

ამიტომ სრულიად კანონზომიერად მიმაჩნია ის პროცესები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს.

ნინო ბურჯანაძე ოპოზიციაშია და ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსის ნააზრევიდან გამომდინარე აბსოლუტურად სწორია, როდესაც საუბრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრახი განიცადა. თუმცა. სინამდვილეში სხვანაირად ვერ გამოვიდოდა, ვინაიდან საქართველოს საქმეები თბილისში არ წყდება.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნა რა მიზეზით შეწყდა, ვერ გიპასუხებთ, მაგრამ "ქართული ოცნების" კრახი მარტო ამით არ უნდა შეფასდეს. ასეთი ცნება, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრახი განიცადა, საერთოდ არ უნდა იყოს.

ჩვენ ეს საკითხი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, ახალმა ხელისუფლებამ ეკონომიკურ სფეროში, საერთაშორისო სფეროში რას მიაღწია და რას ვერა. ამის მიხედვით შეიძლება ვთქვათ, კრახი რა არის და რა არა. კონკრეტულად მაღალჩინოსანზე ძებნა შეწყდა თუ არა, ეს "ქართული ოცნების" კრახს არ გულისხმობს.

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ასე მკაცრად ნუ ვიტყვით, რომ კრახია, მაგრამ სასიამოვნო და კარგი რომ არ არის, ეს ფაქტია. ინტერპოლი და მთელი უცხოეთი დღევანდელი საქართველოსთვის სასურველი რომ არ არის, ესეც ფაქტია. ამაში ჩვენ უკვე დავრწმუნდით. ამაზე პირველი რეაგირება ზვიად გამსახურდიამ მოახდინა, რომელმაც ამერიკის მონოპოლიზაციის შესახებ განაცხადა.

პირადად მე ინტერპოლის არანაირი იმედი არ მქონდა, იმიტომ, რომ ინტერპოლი იმ ჯგუფებს ემსახურება, რომელთაც თავისი ინტერესები აქვთ. აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა ქართველ ხალში დასავლეთის მიმართ რწმენა საპნის ბუშტივით სკდება. ქართველ ხალხში აშშ და ევროპა ასეთი მოქმედებებით ნელ-ნელ სახელს იფუჭებენ. ქართველი ხალხი გაერკვევა, ვისთან გვაქვს საქმე და უცხოეთთან მიმართებაში მეტი ილუზიები აღარ გვექნება.

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): მე უნდა გითხრათ, რომ ერთი მხრივ, ნინო ბურჯანაძის განცხადებას ვიზიარებ, ხელისუფლება ყოველთვის უნდა ცდილობდეს ინტერპოლს დასაბუთებული, სამართლებრივად არგუმენტირებული დასკვნები გაუგზავნოს, ძებნა რატომაც უნდა გაგრძელდეს.

ვფიქრობ, დღეს მსოფლიოში არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია წმინდა არ არის, განსაკუთრებით აღნიშნული ორგანიზაცია. დაბეჯითებით ვერ ვიტყი, მაგრამ ვფიქრობ, ამ ორგანიზაციაზე რაღაც ზემოქმდება ხდება. არ არის გამორიცხული, საქმე მატერიალურ ზემოქმედებასთან გვქონდეს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მატერიალურმა ზეგავლენამ თავისი საქმე გააკეთა, რის გამოც აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×