მმართველმა პარტიამ არჩევნებისათვის მზადება დაიწყო
თაკო მათეშვილი
04.08.2015

 მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებადაწყებულ პარტია "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" პოლიტოლოგები გუნდის გადახალისებას, საკადრო პოლიტიკის სწორად წარმართვას, მოსახლეობის აზრის გამოკვლევასა და თავიანთი რიგების პროდასავლურად მოაზროვნე ხალხით დაკომპლექტებას ურჩევენ.

ამბობენ, რომ არაკომპეტენტური კადრები როგორც პარტიის, ისე ქვეყნის საქმეს აზიანებენ და მათი საპარლამენტო სიაში ჩასმით კოალიცია ვეღარ მიაღწევს იმ შედეგს, რასაც 2012 წლის არჩევნებში მიაღწია.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ განუცხადა, "პარტიამ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ამ მიზნით პარტიის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონკრეტული ღონისძიებების ნუსხა შეჯერდა.

"ძირითადად ვისაუბრეთ პარტიულ საკითხებზე. დავგეგმეთ, რომ ჩავატარებთ რაიონული ორგანიზაციების კონფერენციებს. კონკრეტული თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება, მაგრამ სავარაუდოდ დავიწყებთ სექტემბრიდან. ასევე იგეგმება შიდაპარტიული სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიებები. სწორედ ამ შიდაპარტიულ საკითხებზე გვქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა. მასთან შეჯერდა ღონისძიებათა ნუსხა.

"ბუნებრივია, პარტია, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალაა და რომელიც ემზადება იმისთვის, რომ გავაგრძელოთ აღებული ვალდებულებების შესრულება, უნდა იყოს მზად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპისთვის. გვინდა, რომ კონკრეტული ღონისძიებებით და პარტიული აქტივობებით დაიწყოს არჩევნებისთვის წინასწარი მზადება", - აღნიშნა ბესელიამ.

პარტიის წევრებმა ჟურნალისტებთან რამდენიმე სიახლის შესახებაც ისაუბრეს. მათ შორის იმაზე, რომ რამდენიმე რეგიონულ ორგანიზაციაში ახალი თავმჯდომარე ეყოლებათ.

მმართველი გუნდის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, გადაწყვეტილია, რომ რეგიონულ ორგანიზაციებში აღმასრულებელი მდივანი დაინიშნება.

"სექტემბერში დაგეგმილი რეგიონული კონფერენციების ძირითადი დანიშნულება იქნება ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობის გააქტიურებისთვის სერიოზული იმპულსების მიცემა. მთელ რიგ ორგანიზაციებში დაინიშნება აღმასრულებელი მდივნები, რამდენიმე შემთხვევაში კი პარტიას ექნება რეკომენდაცია ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოცვლის თაობაზე.

"ვფიქრობ, სექტემბერში, ოქტომბრის პირველ ნახევარში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავატარებთ კონფერენციებს, რაც ძალიან დიდი სტიმული იქნება პარტიისთვისაც და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის", - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

მისივე განმარტებით, აღმასრულებელი მდივანი, რა თანამდებობასაც რეგიონულ ორგანიზაციებში შემოიღებენ, ყოველდღიური სამუშაოს წარმმართველი ძირითადი ძალა იქნება.

იმისათვის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ კოალიციასთან ერთად წარმატებას მიაღწიოს, პოლიტოლიგების თქმით, მთავარი კადრების შეცვლა და მათი რიგებიდან არაკომპეტენტური პირების გარიცხვა, ან უკანა პლანზე გადაწევაა.

"იმედია, "ქართული ოცნება" აცნობიერებს, რომ იმ დაპირებათა უმეტესობა, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა, არ შესრულებულა. ამიტომაც, არააა შემთხვევითი ის, რომ არჩევნებისათვის მზადებას კოალიცია ერთი წლით ადრე იწყებს.

"პირველ რიგში, ჩემი აზრით, კოალიციის შიგნით ინტელეაქტუალი კადრების გამოვლენაა საჭირო, როგორც დედაქალაქის, ისე რაიონული ორგანიზაციების მასშტაბით. კოალიციის ბევრი წევრი მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებში, თუმცა საქმეს ვერ აკეთებს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.

გარდა ამისა, მისი თქმით, აუცილებელია საპარლამენტო სიის კომპეტენტური პირებით შევსება და არა მსახიობებითა და სპორტსმენებით. ამბობს, რომ ისინი დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. მათი არაკომპეტენტური გამოსვლები კი პარტიაზეც და ქვეყნის იმიჯზეც ნეგატიურად მოქმედებს.

ასე რომ, პოლიტოლოგის თქმით, საკადრო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერს კადრები წყვეტენ. მისი აზრით, ჯობია, წინა პლანზე კომპეტენტური ხალხი წამოსწიონ, რომელთაც საარჩევნო პროგრამაზე შეეძლებათ მუშაობა და არა ისეთები, რომელთა ძირითად საქმიანობას ოპოზიციის შეკრებების ჩაშლა წარმოადგენს. მიიჩნევს, რომ ასეთი ხალხი "ქართული ოცნების" რეიტინგს მაღლა ვერანაირად ვერ ასწევს.

"გარდა ამისა, კოალიციიდან პრორუსული ძალებიც უნდა გაირიცხონ. ისეთები, რომლებიც ნატოს წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ ალიანსს არანაირი ხეირი არ მოუტანია. თუკი საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პრიორიტეტი დასავლეთთან ინტეგრაციაა, თავისი გუნდი სწორედ ამ შეხედულების მქონე ხალხით უნდა დააკომპლექტოს. წინა პლანზე სწორედ პროდასავლური პარტიები უნდა წამოსწიონ. თუნდაც "რესპუბლიკური პარტია," - დასძენს ჩიტაძე.

გუნდის გადახალისების გარდა, "ქართულ ოცნებას" საზოგადოების აზრის გამოკვლევას ურჩევს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და დასძენს, რომ სასურველია, მათ ხშირად ჩაატარონ სოცილოგიური კვლევები და ამ მასალაზე დაყრდნობით გაიგებენ, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ კონკრეტულ პარტიას მოსახლეობის აზრით.

მისი თქმით, ხალხი თავად ეტყვის თავის აზრს. ამის შემდეგ კი ეს აზრი უნდა გაითვალისწინონ და ეცადონ, რომ ხალხს შენიშვნების საბაბი აღარ ჰქონდეს.

"მაგალითად, ოპოზიცია ხშირად აპელირებს ნეპოტიზმზე, თუმცა არ ვიცით, ეს "ნაცმოძრაბის" მიერ წამოწეული საკითხია, თუ მოსახლეობასაც იგივე აზრი აქვს და ფიქრობს, რომ ნეპოტიზმი ერთ-ერთი პრობლემაა.

"ასევე, ოპოზიციის მხრიდან ხშირად ისმის საუბარი იმაზე, რომ "ქართული ოცნება" პასიურია, როგორც მართვის სტრუქტურებში, ისე პოლიტიკურ რგოლებში. წესით, პასიურობა იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ ადამიანების პრობლემების გადაწყვეტა დროში იწელებოდეს, ან საერთოდ არ წყდებოდეს.

"ჩივილია იმაზეც, რომ კოალიციის სხვადასხვა სუბიექტები ერთმანეთს ებრძვიან. ესეც გასარკვევია. ამ ტიპის შენიშვნებს, ყველაზე ადეკვატურს, მოსახლეობა გააკეთებს. ამისათვის კი კვლევის ჩატარებაა საჭირო. სააჩევნო კამპანია კვლევით კომპონენტს აუცილებლად გულისხმობს.მხოლოდ შთაბეჭდილებებით ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, პოლიტიკური პარტია შეცდომაში შეიყვანოს", - აცხადებს საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×