რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფ ქართველ სამხედრო მოღვაწეთა საგმირო საქმეებზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება. დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ რამდენიმე ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ამბები რუსეთის არტილერიის ფუძემდებელ ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონის ძნელბედობით აღსავსე ცხოვრებიდან.
იმერეთის სამეფოს უფლისწული, იმპერატორ პეტრე პირველის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონი დაიბადა თბილისში 1674 წელს. იგი ათი წლის ასაკში ძმასთან ერთად მოსკოვში ჩაიყვანეს და რუსეთის სამეფო კარზე იზრდებოდა მომავალ იმპერატორთან პეტრე პირველთან ერთად, რომელიც მას დედის მხრიდან ბიძაშვილად ერგებოდა.
პეტრე და ალექსანდრე ასაკით თითქმის ტოლები იყვნენ, ფიზიკურადაც და ბუნებითაც ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ. ისინი განუყრელი მეგობრები გახდნენ, ერთად მონაწილეობდნენ სადღესასწაულო ნადიმებსა და სამხედრო თამაშებში. ერთად ესწრებოდნენ სამეფო კარზე გამართულ დიპლომატიურ შეხვედრებს.
1697 წელს ალექსანდრე პეტრე პირველს, რომელიც საზღვარგარეთ ინკოგნიტოდ მიხაილოვის სახელით გაემგზავრა, თან გაჰყვა.
რუსული არტილერიის მამა
კენისბერგში და ჰააგაში მოგზაურობის დროს ალექსანდრემ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა სამხედრო საქმისადმი. დაინტერესდა არტილერიით, რუსეთის მომავალ იმპერატორთან ერთად გადიოდა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. პეტრე და ალექსანდრე ადგილობრივი მუშებისგან არაფრით გამოირჩეოდნენ, ისინი მუშის ტანსაცმელში დადიოდნენ.
ალექსანდრე პეტრეს დავალებით დარჩა საზღვარგარეთ, იგი 1699 წლამდე სწავლობდა ჰააგის სახელმწიფო საარტილერიო სკოლაში, მისი მასწავლებელი იყო სამხედრო- საარტილერიო საქმის ცნობილი ჰოლანდიელი მოღვაწე მენო ფონ კუხოსანი.
სწავლის დასრულების შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა, მეორედ დაქორწინდა გლიკერია დავიდოვაზე (დავითიშვილი- ბაგრატიონი, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი სოფია, მომავალში ის თავად იგორ დადიანოვის ცოლი გახდა).
პეტრე პირველისაგან საქორწილო საჩუქრად მიიღო ქალაქები ბელგოროდი, ტერიუშევსკი, ლისკოვი - ნიჟეგოროდის მაზრაში, რომელსაც 1000 დესეტინა მიწები ეკავა და საკმაოდ კარგი შემოსავლის წყარო იყო.
1700 წლის 19 მაისს პეტრე პირველმა მიანიჭა გენერალ- ფელდციხმეისტერის წოდება და რუსული არტილერიის უფროსად დანიშნა. ბრძანებაში ეწერა "რაც კი საქვემეხო პრიკაზში გასაკეთებელი იყოს, ყველა საქმიანობა განაგოს არტილერიის გენერალმა, ბატონიშვილმა ალექსანდრე არჩილის - ძემ";
ამ დღიდან დაიწყო მისი თაოსნობით რუსეთის არტილერიის რეოგანიზაცია. ასხამდნენ ქვემეხებს ოლონცსა და ურალში, სწორედ შვედეთთან ომში მისი მეთვალყურეობით დამზადდა 60 ათასი ყუმბარა. მონაწილეობდა ბრძოლებში ნარვასთან. 1700 წლის 19 ნოემბერს ნარვის ბრძოლაში შვედებმა რუსებთან ბრძოლა მოიგეს; ტყვედ აყვანილ 79 გენერალსა და ოფიცერს შორის იყო უფლისწული ალექსანდრეც.
ტყვეობაში გატარებული 10 წელი
1701 წლის დასაწყისში ტყვეები ნარვიდან სტოკჰოლმში გადაიყვანეს. კარლოს მეთორმეტემ გამარჯვების აღსანიშნავად სტოკჰოლმში ტრიუმფალური მსვლელობა მოაწყო. პეტრეს დასამცირებლად რუსეთის არმიის გენერლები მწკრივში ჩააყენა და მწყობრში გაატარა, სათავეში იდგნენ პოლონელი გენერალი დანგე და ალექსანდრე ბაგრატიონი.
კარლოს მე-12-ის საქციელმა ისე აღაშფოთა პეტრე პირველი, რომ უბრძანა გამოეყვანათ შვედი ტყვეები და შვედეთის ელჩის მეთაურობით მოსკოვის ქუჩები შემოარბენინა.
შვედეთში ტყვედ დარჩენილ ალექსანდრე ბატონიშვილს პეტრე პირველმა წოდება უბოძა. პეტრე ითხოვდა მის დაბრუნებას და საფასურის გადახდასაც არ ერიდებოდა, მაგრამ შვედები ალექსანდრე ბაგრატიონის გამოსასყიდად ათ ტონა ოქროს ითხოვდნენ, დამატებით კი მზად იყვნენ უფლისწული 60 ტყვეში გაეცვალათ.
პეტრემ შვედების მიერ წაყენებული პირობები ალექსანდრეს შეატყობინა, რაზედაც სასტიკი უარი მიიღო. ალექსანდრეს პასუხი იყო: "არასოდეს დავთანხმდები ასეთ არახელსაყრელ გარიგებას"
რუსეთის არტილერიის მამამ, როგორც მას მებრძოლები უწოდებდნენ, 10 წელი დაყო ტყვეობაში. 1710 წელს შვედები დათანახმდნენ, უფლისწული ალექსანდრე, თავადი ტრუბეცკი, თავადი დოლგორუკი და გოლოვინი ფელდმარშალ რენშილდში გაეცვალათ.
1711 წელს ტყვეობიდან გათავისუფლებული უფლისწული გზაში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს მოსკოვში დონის მონასტერში. სტოკჰოლმში კი, ძველ ქალაქში მეფის სასახლის ახლოს, სადაც ცხოვრობდა ალექსანდრე ბაგრატიონი, სახლის კედელებზე ქართულად ეწერა, "ამ სახლში ცხოვრობდა ქართველი პრინცი ალექსანდრე ბაგრატიონი".
პეტრე პირველი ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ყურადღებას აქცევდა მის ოჯახს, დიდ პატივს სცემდა მის და დარეჯან არჩილის ასულს.
1722 წლის 30 ივნისს, შვედეთზე დიდი ხნის ნანატრი გამარჯვების შემდეგ, პეტრე პირველი მთელი ოჯახით მოსკოვიდან ვსესვიატსკოეში გაემგზავრა, სადაც დარეჯანი ცხოვრობდა. დარეჯანმა სუფრა გამართა, მაგრამ საზეიმო მეჯლისში ძმის დაღუპვის გამო მონაწილეობა არ მიუღია.
პეტრემ ამალა დატოვა და მთელი ღამე დარეჯანთან საუბარში გაატარა. საზეიმო სუფრაზე კი რუსეთის იმპერატორმა რუსეთის არტილერიის ფუძემდებლის ალექსანდრე ბაგრატიონის სადღეგრძელო შესვა.
ალექსანდრე ბაგრატიონი გარდა იმისა, რომ გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე იყო, მას დიპლომატიური ნიჭიც აღმოაჩნდა, პეტრე პირველის თაოსნობით განხორციელებულ "დიდ ელჩობაში" ალექსანდრეც მონაწილეობდა.
საანდომის პეტრე- პირველის მუზეუმში ქართველმა მეცნიერებმა მიაკვლიეს მეტად საინტერესო დოკუმენტს, რომელიც დათარიღებულია 1697 წლით. ადგილობრივ საეკლესიო წიგნში აღმოჩნდა, რომ ჰოლანდიაში ინკოგნიტოდ ჩასულ პეტრე პირველს ძმები ალექსანდრე და გავრილ მენშიკოვების გარდა თან ახლდა ალექსანდრე ბაგრატიონი.
ქართველმა მეცნიერებმა სტოკჰოლმში სამეფო ბიბლიოთეკაში ასევე მიაკვლიეს საინტერსო ცნობებს ალექსანდრე ბაგრატიონის კულტურული მოღვაწეობის შესახებ.
ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში აღმოჩნდა სხვადასხვა ქართული ტექსტების ანაბეჭდები, რომელიც ალექსანდრე ბატონიშვილის თაოსნობით არის შედგენილი და დასტამბული სტოკჰოლმის ჰაინრიხ მესამე კაიზერის სტამბაში. ყველა ამ ანაბეჭდს, ტექსტის ბოლოს აქვს გაკეთებული მესტამბე ჰაინრიხ მესამე კაიზერის ბეჭდური მარგინალია შვედურ ენაზე.
ამბად გაგონილი
პეტრე პირველი და ალექსანდრე ბაგრატიონი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს და ისინი უფრო ახლო ნათესავები იყვნენ, ამაზე ბევრი ლეგენდა არსებობს.
ამბობენ, ალექსანდრე ტოლსტოი თავის რომან "პეტრე პირველზე" მუშაობისას საკმაოდ უჩვეულო დოკუმენტს გადააწყდა. ეს დოკუმენტი სტალინს მიუტანა, ეს იყო წერილი, რომელიც ადასტურებდა, რომ პეტრე პირველი წარმოშობით ქართველი იყო. სტალინი დოკუმენტს გაეცნო, მაგრამ არ გაოცებულა, ტოლსტოის კი ურჩია ეს ფაქტი დაემალა და დოკუმენტი გაენადგურებინა.
"მოდი დავუტოვოთ მათ ერთი რუსი მაინც, რომლითაც იამაყებენ" - უთხრა თურმე სტალინმა ალექსანდრე ტოლსტოის.
წერილი დაწერილი ყოფილა არჩილ მეფის ქალიშვილის დარეჯან არჩილის ასულის მიერ, რომელიც მისწერა თავის დეიდაშვილს სამეგრელოს თავად დადიანის ქალიშვილს. ბარათში საუბარია წინასწარმეტყველებაზე, რომელიც დარეჯანმა ქართველი დედოფლისგან მოისმინა.
"დედამ მიამბო, ვიღაც მატვეევზე, რომელმაც სიზმარი ნახა. მას წმ. გიორგი გამოცხადებია და უთქვამს: შენი ხვედრია, შეატყობინო მეფეს, რომ მოსკოვში უნდა დაიბადოს "მეფეთ მეფე", რომელიც ქვეყანას დიდ იმპერიად აქცევს. მას დაბადება უწერია უცხოელი მართლმადიდებელი ივერიელი მეფისაგან, რომელიც წმინდა ღვთისმშობლის მსგავსად, დავითის ტომს მიეკუთვნება"
მართლაც, მეფე ალექსანდრე მიხეილის ძეს, მატვეევის რჩევით, ცოლად შეურთავს ყირიმელი თათრების თავადის ქალი ნატალია ნარიშკინა. როგორც ამბობენ, ქორწინების შემდეგ მაშინვე დაისვა მემკვიდრეობის საკითხი, რადგან იმ დროისათვის მეფე მძიმედ დასნეულებული იყო და მისი შემცვლელი უნდა მოეძებნათ;
ერთი ვერსიით ეს იყო ერეკლე პირველი, რომელიც ამ ჯვრისწერის მთავარი ხელმძღვნელი იყო და იმპერატორის ნათლობაზე, 1672 წელს სწორედ მან დაარქვა სახელი პეტრე. მეორე ვერსიით, ეს იყო მეფე არჩილი და ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ პეტრე პირველი საოცრად ჰგავდა მეფე არჩილს, გიგანტური სიმაღლით, იდენტური სახის ნაკვთებით და ხასიათით.