მოსაზრება
05.08.2015

რამაზ გახოკიძე

პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

უძველესი დროიდან არის ცნობილი, რომ მუსიკალური ხელოვნება ადამიანის სულიერ და ესთეტიკურ განვითარებაზე, მისი ღირებულებების ორიენტირთა ფორმირებაზე ზემოქმედების უდიდეს პოტენციალს ფლობს. იგი გახდა ადამიანის ცხოვრების, რიტუალების განუყოფელი ნაწილი. ოდითგანვე ცნობილია, რომ მუსიკა აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და შეუძლია გადმოსცეს ადამიანის ემოციური მდგომარეობა.

მუსიკალური სისტემა არის ბგერების მიზანმიმართული წყობა მათი სიხშირისა და სიმაღლის მიხედვით, რაც, ისევე როგორც შესაბამისი ტალღის სიგრძის ფერები, რეალურად აისახება ადამიანის განწყობაზე. მუსიკა გვევლინება ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობის ტესტირებისა და მკურნალობის ერთ-ერთ ფსიქოფიზიოლოგიურ მეთოდად. ვერავინ უარყოფს ადამიანებზე საეკლესიო საგალობლების დადებით, დამამშვიდებელ გავლენას. ძველ აღთქმაში აღწერილია ისტორია თუ როგორ განკურნა დეპრესიისგან დავითმა საული არფაზე დაკვრით. ალბათ ეს იყო მუსიკალური თერაპიის უძველესი ადრეული ცდები. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მწყემსების სიმღერა და დაკვრა დადებითად მოქმედებს ფარის ზრდაზე.

ჯერ კიდევ მეოთხე ათასწლეულში ჩვენს წელთაღრიცხვამდე მუსიკა წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს სამედიცინო საშუალებას, რომლის დახმარებით ცდილობდნენ სიცოცხლის გახანგრძლივებას და დაბერების პროცესის შენელებას. ჩინეთში მუსიკა მედიცინაზე უკეთეს სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. ჩინელების აზრით, მუსიკოთერაპიის არსი მდგომარეობდა ადამიანის გონების, სხეულისა და სულის გაერთიანებაში და მუსიკა კურნავდა ყველა დაავადებას, რაც არ ხელეწიფებოდათ ექიმებს. ძველ ეგვიპტეში სიმღერით მკურნალობდნენ უძილობას, ხოლო ძველ საბერძნეთში საყვირის ბგერებით მკურნალობდნენ რადიკულიტს და ნერვული სისტემის დარღვევებს.

მუსიკისა და მედიცინის კავშირის სიმბოლოს ძველ ბერძნებში წარმოადგენს აპოლონი - ხელოვნების მფარველი და მისი შვილი ესკულაპი - მკურნალობის მფარველი. პითაგორა, არისტოტელე, პლატონი მიუთითებდნენ მუსიკის პროფილაქტიკურ და სამკურნალო ზემოქმედებაზე. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მუსიკა ამყარებს წესრიგს, ჰარმონიას სამყაროში, მათ შორის, ადამიანის სხეულში ავადმყოფობით დარღვეულ ჰარმონიას. არისტოტელეს მიაჩნდა, რომ "მუსიკას შეუძლია გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს სულის ეთიკურ მხარეზე; და რაკი მუსიკას ასეთი თავისებურება აქვს, მაშინ, ცხადია, ის უნდა შეიტანონ ახალგაზრდობის აღსაზრდელ სიაში".

პითაგორას შეიძლება ეწოდოს "პირველი მუსიკოთერაპევტი". მან შექმნა ასეთი თერაპიის მთელი მეთოდიკა, თავად ქმნიდა მელოდიებს და წარმატებითაც იყენებდა მას. მანვე შემოიღო ცნება "მუსიკალური მედიცინა". მესამე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა მუსიკალურ-სამედიცინო ცენტრი, სადაც სპეციალურად შერჩეული მელოდიებით მკურნალობდნენ სევდას, ნერვულ აშლილობას და გულის დაავადებებს. ჰიპოკრატეს აზრით, ისტერიის მორჩენა შესაძლებელი იყო ფლეიტაზე დაკვრით. გადმოცემით, ძველ ბერძენთა სამკურნალო ხელოვნების ღმერთი ესკულაპი ავადმყოფებს რადიკულისგან კურნავდა ბუკზე დაკვრით.

უძველეს დროს საკმაოდ გავრცელებული ყოფილა სამხედრო სიმღერები და საცეკვაო მუსიკა. ქსენოფონტეს გადმოცემით, ჭანები (ლაზები) ომს სამხედრო სიმღერებითა და ცეკვებით იწყებდნენ. ძველ სპარტელებს ჰყავდათ მუსიკოსები, რომელთა შემოქმედება მეომართა სულისკვეთებას აძლიერებდა და ისინი უფრო მამაცურად იბრძოდნენ. იგივე ხდებოდა ეგვიპტეში.

როცა შუა საუკუნეებში ვრცელდებოდა შავი ჭირის ეპიდემია, მათ საწინააღმდეგოდ შეუჩერებლად რეკავდნენ ზარები. შემდგომში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ განსაზღვრული ტონალობისა და სხვადასხვა პერიოდულობით აჟღერებულ ბგერებს შეუძლია ტიფის ჩხირების, ინფექციის გამომწვევი მიკრობების დახოცვა. ადამიანის ორგანიზმში მიკრობთა აქტიურობა 40%-ით ეცემა, თუ იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსმენდა საეკლესიო მუსიკას ან ზარების რეკვას.

გასული საუკუნის 60-იან წლებში დიდ ბრიტანეთში გაჩნდა მუსიკოთერაპიის პირველი კურსი. გამოკვლევებმა აჩვენა: მუსიკა კუნთების მოდუნებით ხელს უწყობს სიმსუქნის მკურნალობას; მუსიკის მოსმენა სპორტული შეჯიბრების დროს 20%-ით ზრდის შედეგიანობას, თუმცა არასწორად შერჩეული მუსიკის რიტმი შეიძლება საშიში აღმოჩნდეს და გამოიწვიოს მუცლისა და თავის ტკივილი. თანამედროვე მუსიკოთერაპიის კურსები შექმნილია აშშ-ში, გერმანიაში, შვეიცარიაში. ბგერითი თერაპიის ინსტიტუტში (აშშ, არიზონას შტატი) მუსიკით თმაც კი ამოყავთ. რუსეთში 2003 წელს ჯანმრთელობის სამინისტრომ მკურნალობის ოფიციალურ მეთოდად ცნო მუსიკოთერაპია.

ადამიანზე მუსიკის ზემოქმედების მექანიზმის შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვის გამოჩენილ ფიზიოლოგს ი. თარხნიშვილს. 1893 წელს მან პეტერბურგში გამოაქვეყნა სტატია "მუსიკის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე", სადაც ყურადღება მიაქცია იმას, რომ მხოლოდ ჰარმონიული, კეთილხმოვანი მუსიკა ახდენს დადებით გავლენას გულსისხლძარღვთა, სუნთქვის, საჭმლის მომნელებელი სისტემების მოქმედებაზე, ანელებს პულსს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ნორმაში მოყავს კუჭის წვენის სეკრეცია. გამაღიზიანებელი მუსიკა კი იწვევს საპირისპირო ეფექტს. ი. თარხნიშვილი მიუთითებდა, რომ მუსიკის ზეგავლენით ძლიერდება ორგანიზმში მიმდინარე მთელი რიგი სასიცოცხლო პროცესები, ძლიერდება ორგანიზმის ზოგადი ტონუსი და ნივთიერებათა ცვლა, რის გამოც მუსიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ნერვულ, ისე მთელ რიგ შინაგან დაავადებათა სამკურნალოდ.

ი. თარხნიშვილმა დაასაბუთა კუნთის დაძაბულობის კავშირი მუსიკასთან. კერძოდ, დამამშვიდებელი კლასიკური მუსიკის ფონზე აღინიშნებოდა კუნთის მოდუნება. მუსიკალური რიტმის გაზრდისას ძლიერდებიდა კუნთის შეკუმშვა. ახლახან ცნობილი გახდა თუ როგორ იზრდება საქონლის წველადობა სპეციალურად შერჩეული მუსიკის ფონზე, რაც გამოწვეულია კუნთოვან ქსოვილთა მოდუნებით (რელაქსაციით).

მუსიკის სამკურნალო თვისებებს იკვლევდნენ ი. სეჩენოვი, ვ. ბეხტერევი, ს. ბოტკინი. მათ ნაშრომებში მოცემულია მუსიკის კეთილისმყოფელი გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლის მიმოქცევაზე, სუნთქვაზე. სასიამოვნო მუსიკის ზემოქმედებით ძლიერდება ყურადღება, ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის ტონიზირება, რაც საბოლოოდ აისახება ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. ექსპერიმენტული გამოკვლევებით დადგინდა, რომ მუსიკა მოქმედებს ჰორმონების გამომუშავებაზე. რიტმი, როგორც მუსიკალური ნაწარმოების საფუძველი, დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე. ვ. ბეხტერევი (1916 წ) აღნიშნავდა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს თავის განუმეორებელი ინდივიდუალური რიტმი, რომელიც იცვლება ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით. რიტმი, რომელსაც მუსიკა კარნახობს თავის ტვინს, ხსნის ნერვულ დაძაბულობას.

აყველაზე მრავალმხრივ გავლენას ადამიანზე ახდენს კლასიკური მუსიკა, რომელიც ხშირად სასწაულმოქმედ ეფექტს იძლევა. ამ მხრივ ყველაზე კარგად არის შესწავლილი ვივალდის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის, შუბერტის, გრიგის, დებიუსის და შუმანის ქმნილებანი. მოცარტის მუსიკა ხელს უწყობს ინფორმაციის სწრაფად ათვისებას და გავლენას ახდენს გონებრივი მუშაობის უნარზე. მოცარტისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებთა მოსმენით სწრაფად მიმდინარეობს კუჭის წყლულის შეხორცება. ჰარმონიული მელოდია ხელს უწყობს ოპერაციის შემდგომ გულის მუშაობის აღდგენას. პოზიტიური ემოციისა და კარგი განწყობილების გამომწვევი მხიარული მუსიკის მოსმენა რეკომენდებულია გულსისხლძარღვთა დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. მუსიკა აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, სისხლის წნევის რეგულაციას. პოპულარული გახდა ანესთეზიად მუსიკის გამოყენება. გამოვლინდა კავშირი კლასიკურ მუსიკასა და შაქრიანი დიაბეტის მკურნალობას შორის, ასევე მუსიკის გავლენა წყლულისა და ტუბერკულოზის განკურნებაზე.

ცხოველები და მცენარეები უპირატესობას ჰარმონიულ მუსიკას ანიჭებენ. შვედეთის მუსიკალურ-თერაპიული საზოგადოების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების დროს ზვიგენები და დელფინები ოკეანის ყველა სანაპიროდან მოგროვდნენ ბახის მუსიკის მოსასმენად.

აყველაზე სასიკეთოდ ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს საფორტეპიანო და სავიოლინო მუსიკა. ფორტეპიანოზე დაკვრა იწვევს ფსიქიკის ჰარმონიზაციას, ასუფთავებს ფარისებრ ჯირკვალს, ნორმაში მოყავს შარდსასქესო სისტემა. ორღანის ბგერები ასტიმულირებს ტვინისა და ხერხემლის აქტიურობას. სასულე ინსრტუმენტები ასუფთავებს ბრონქებს და აუმჯობესებს სუნთქვის მუშაობას, დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე. დასარტყმელი ინსტრუმენტები კურნავს ღვიძლს და სისხლის მიმოქცევის სისტემას.

ნაწარმოების არა მარტო ჟანრს, რითმს და ტონალობას აქვს მნიშვნელობა, არამედ იმასაც თუ რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტზე სრულება მელოდია. როგორ მოქმედებს ჩვენზე ბგერები? ცალკეული მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობა ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმის განსაზღვრულ ორგანოზე. მაგალითად, სიმებიანი ინსტრუმენტები (ვიოლინო, ვიოლონჩელო, არფა, გიტარა) გამაჯანსაღებლად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. გარდა ამისა, ადამიანში აღძრავს მადლიერებასა და თანაგრძნობას. გიტარის ბგერები ყველაზე უფრო გულზე მოქმედებს. ვიოლინო კარგად მოქმედებს მელანქოლიკებზე და ახასიათებს დამამშვიდებელი აქტიურობა; ალტი ეფექტურია ნერვული სისტემის დარღვევის და სისუსტის დროს; კლარნეტი ხელს უწყობს დათრგუნული მდგომარეობიდან გამოყვანას, ნორმაში მოყავს გულსისხლძარღვთა სისტემა; არფა სასარგებლოა ისტერიის შემთხვევაში, ხოლო ფლეიტა სასიკეთოდ მოქმედებს ღვიძლსა და ბრონქულ სისტემაზე.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფოლკლორი ხელს უწყობს ბავშვის აგზნებული მდგომარეობის განმუხტვას, აცხრობს სტრესის რეაქციებს. კლასიკურ მუსიკას შეუძლია კეთილი გავლენა იქონიოს ბავშვის არა მარტო ჯანმრთელობასა და გონებრივ შესაძლებლობებზე, არამედ გარეგნულ მონაცემებზეც. ბგერების გავლენა ხდება ჯერ კიდევ ემბრიონულ სტადიაზე. ექსპერიმენტებით ნაჩვენებია, რომ ნაყოფი მშვიდდება ვივალდის და მოცარტის მუსიკით, ხოლო ბეთჰოვენისა და ბრამსის მუსიკით იწყებს ენერგიულ მოძრაობას.

ძალიან სასარგებლოა ორსულებისთვის სიმღერა. ფრანგმა მეან-გინეკოლოგმა მიშელ ოდენმა თავის კლინიკაში ჩამოაყალიბა მომავალი დედებისგან შემდგარი გუნდი. მათთვის სპეციალურად დამუშავდა ვოკალური სავარჯიშოები. შედეგად ქვეყანას მოევლინა უფრო სიცოცხლისუნარიანი, მშვიდი და ძლიერი ბავშვები. მუსიკა პატარას ეხმარება დაბადებით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრამვების გადატანაში. მუსიკალური სტიმულირებით ტვინში იზრდება ჰორმონთა რაოდენობა, რაც ხელს უწყობს ნეირონების ზრდას. ბავშვები, რომლებმაც გაიარეს დედის მუცელში მუსიკალური "სწავლება", ჩვეულებრივ, ხასიათდებიან ამაღლებული ადაპტაციური უნარით და ფიზიკური და მეტყველების განვითარების სტანდარტული ტემპის დაჩქარებით.

ცოცხალ ორგანიზმებზე მუსიკის გავლენის ფსიქო-ბიოლოგიური მექანიზმები უნდა ვეძიოთ გენეტიკურად განსაზღვრული ბიოლოგიური პროცესების სიხშირეებსა და მუსიკას შორის კავშირში. ბუნებაში ყველა პროცესი მიმდინარეობს ინფორმაციათა ცვლის საფუძველზე. ცოცხალ არსებათა მრავალფეროვნება ცილის ურიცხვი ვარიაციაა. ცილა, მსგავსად ბგერებისგან შექმნილი მელოდიისა, მისი შემადგენელი ნაწილების - ამინმჟავებისგან განსაზღვრული თანაფარდობით წარმოიქმნება. ამ ანალოგიის საფუძველზე ჩვენ პირველმა შევძელით მუსიკალურად აგვეჟღერებინა კონკრეტული ცილა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მუსიკა დასაბამიდანვეა ჩადებული ცოცხალ არსებაში, გენეტიკური კოდის პარტიტურაში, რითაც აიხსენება მუსიკის ზეგავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე.

ადამიანის ორგანიზმი ასევე ფუნქციორებს უჯრედების ელექტრომაგნიტური და აკუსტიკური ტალღების მიმოცვლის შედეგად. ამასთან ჩვენი სხეულის თითოეული ორგანოსთვის, ისევე როგორც ცალკეული უჯრედებისთვის, დამახასიათებელია საკუთარი რხევის სიხშირე. ამერიკელი მეცნიერი გორდონ შოუ ჯანმრთელობაზე მუსიკის გავლენას ხსნის ბგერების ვიბრაციის ზემოქმედებით. ბგერები ქმნის ენერგეტიკულ ველებს, რომელთაც რეზონანსში მოჰყავს ჩვენი ორგანიზმის ყოველი უჯრედი. ჩვენ ვშთანთქავთ მუსიკალურ ენერგიას, რომელიც არეგულირებს ჩვენი სუნთქვის რიტმს, პულსს, წნევას, ტემპერატურას, ხსნის დაძაბულობას. ამიტომ ზუსტად შერჩეული მელოდია სასიკეთო გავლენას ახდენს ავადმყოფ ადამიანებზე და აჩქარებს გამოჯანმრთელებას.

სისტემატური მეცადინეობა სიმღერაში ავითარებს ეკონომიკურ სუნთქვას. სიმღერის დროს წარმოშობილი ბგერის მხოლოდ 15-20% იბნევა გარე სამყაროში. ბგერითი ტალღების დარჩენილი ნაწილი შთაინთქმება შინაგანი ორგანოებით და ამით ისინი მოჰყავს ვიბრაციის მდგომარეობაში. შინაგანი ორგანოების ეს თავისებური ვიბრაციული მასაჟი ასტიმულირებს და აუმჯობესებს მათ მუშაობას.

როგორ ხდება მუსიკით განკურნება? რობერტ დეიმერმა გაზომა ადამიანის უჯრედების რხევების სიხშირე, ინფრაწითელი სპექტრების საშუალებით გაზომა დნმ-ის რხევები, შემდეგ უხილავი ვიბრაციები ბგერით სპექტრებად გარდაქმნა და... მიიღო მუსიკა. აღმოჩნდა, რომ უჯრედები მღერიან! ჯანმრთელი უჯრედები გამოსცემენ ღვთაებრივი ჰიმნების ხმებს. ავადმყოფი უჯრედები ხიხინებენ, მკვდარი უჯრედები ოდნავ ხმაურობენ. თუ ვიცით უჯრედის ბგერითი რხევა, შესაძლებელია გულის რიტმის, სისხლის წნევის ნორმალიზება, მეხსიერებისა და ყურადღების გაუმჯობესება.

უკანასკნელმა გმოკვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის მოსმენით მიღებულ სიამოვნებას იგივე ქიმიური საფუძველი აქვს, რაც სიყვარულის გრძნობას (სექსის პროცესს). თავის ტვინში გამოიყოფა დოფამინი (სიამოვნების ჰორმონი). ა. პუშკინის აზრით, "ჩვენი ცხოვრების სიამთაგან მუსიკა მხოლოდ სიყვარულს უთმობს - სიყვარულიც ხომ მელოდიაა". ტომოგრაფიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დოფამინი მუსიკალური ნაწარმოების კულმინაციურ მომენტამდე დაახლოებით 15 წამში გამოიყოფა, ე.ი. მსმენელი კულმინაციაზე მეტად სიამოვნებას მისი დადგომის მოლოდინით იღებს.

ამა თუ იმ მელოდიის აღქმის ფაქტორს ასევე წარმოადგენს ადამიანის კულტურული და ნაციონალური კუთვნილება. მაგალითად, ევროპელისთვის აღმოსავლური მოტივები ყოველთვის არ არის სასარგებლო, ხოლო მსგავსი მუსიკის ხანგრძლივი ზემოქმედება არა მარტო გამაღიზიანებელია, არამედ შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული ფსიქიკური დარღვევები. იგივე ეხება აზიელებსაც. დასავლური მუსიკის გავლენა აღმოსავლეთის ადამიანის ფსიქიკაზე, საეჭვოა, სასარგებლო იყოს. ამიტომაც არის რეკომენდებული, რომ ადამიანმა უნდა უსმინოს თავის ფოლკლორულ კომპოზიციებს. ხალხური მუსიკა ზრდის საერთო ემოციურ ტონუსს, ამაღლებს განწყობას. ხალხური მუსიკა კარგად ამშვიდებს და თითქოს ისტორიულ ფესვებთან აბრუნებს მას. ყველა ერში მუსიკალური გამოსახვის შესაძლებლობა გენეტიკურ აპარატშია ჩაწერილი. კეთილმოქმედ გავლენას ახდენს ემოციებზე ბლუზი, რომელიც ამშვიდებს და აქვეითებს გაღიზიანებას. კარგი განწყობის მუსიკად ითვლება რეგი, რომელიც ამაღლებს ემოციურ ტონუსს.

მუსიკოთერაპიის ეფექტიანობის საილუსტრაციოდ მოგვყავს რამდენიმე მაგალითი. ბონაპარტების ოჯახს მემკვიდრეობით კუჭის წყლულოვანი დაავადებები აწუხებდა. ნაპოლეონიც ამავე დაავადებით იტანჯებოდა. ჭამის შემდეგ ხშირად მას სასტიკი ტკივილები ეწყებოდა, რისთვისაც ნაპოლეონს სასახლეში საგანგებოდ მოწყობილი ჰქონდა სიმფონიური ორკესტრი, რომლის მოსმენის დროსაც საჭმლის მონელება უმტკივნეულოდ მიმდინარეობდა.

მუსიკა ძალიან სასარგებლოა კონფლიქტურ სიტუაციებში. მაგალითად, ცოლ-ქმარი განუწყვეტლივ დავობდა და გაყრის ზღვარზე იმყოფებოდა. ერთხელ სამზარეულოში მორიგი ჩხუბის დროს, უცებ უმცროსმა შვილმა მისაღებ ოთახში პიანინოზე დაკვრა დაიწყო. ეს იყო ჰაიდნი. მშობლები უეცრად გონს მოეგნენ, რამდენიმე წუთი დუმდნენ... და შერიგდნენ.

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ახალგაზრდობაში საკმაოდ ენაბლუ იყო. მკურნალობის მეთოდებმა მას ვერ უშველა ამ სნეულების დაძლევაში. ექიმის რჩევით დეპარდიემ დაიწყო ყოველდღე ორ-ორი საათი მოცარტის მუსიკის მოსმენა. "ჯადოსნურმა ფლეიტამ" მართლაც საოცრება მოახდინა - რამდენიმე თვის შემდეგ მომავალ ვარსკვლავს ენაბლუობის კვალიც კი არ დარჩა.

მუსიკა - კაცობრიობის უდიდესი ძალაა. მასშია არა მარტო ტალანტი და კულტურული მემკვიდრეობა, არამედ ადამიანის ემოციათა წყარო. ასე რომ, უსმინეთ მუსიკას და ცხოვრებაც აუცილებლად უფრო მშვიდი და ხალისიანი გახდება!

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×