ლიკა ამირაშვილი
05.08.2015

იუსტიციის სახლში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა გაიმართა. საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ქალთა წინააღმდეგ, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის კონვენციის დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანას. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ოცამდე კანონს შეეხება.

როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა, იუსტიციის სამინისტროს მიზანია, სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია აღნიშნული რეფორმის შედეგად უკვე სექტემბერში შევძლოთ. მან ასევე ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებების ძირითად ასპექტებზე.

"ჩვენ გვინდა, რომ მაგალითად, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, იქნება ეს სკოლაში, თუ სკოლის მიღმა, ჰქონდეთ ვალდებულება - როდესაც ხედავენ, რომ ადამიანი, ვისთანაც მათ აქვთ შეხება, არის ან შეიძლება იყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მითუმეტეს ბავშვის შემთხვევაში, შეატყობინონ ეს შესაბამის ორგანოებს.

"ჩვენ გვინდა, რომ პოლიცია კიდევ მეტად გაძლიერდეს და შემაკავებელი ორდერი არ საჭიროებდეს მოსამართლის ჩარევას, რადგან როდესაც მოსამართლეს უნდა ველოდოთ, ამაში დრო გადის, რაც უნდა პროფესიონალი და მოწადინებული იყოს სასამართლო ამ მხრივ. გვინდა, რომ პოლიციას რეალური ბერკეტები შევძინოთ, რათა ქალი იქნება მსხვერპლი თუ მამაკაცი, იყოს დაცული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა სექტემბრიდან უკვე რეგიონებში გაგრძელდება და შეხვედრები გაიმართება იუსტიციის სახლებში, სოფლის სახლებსა და თვითმმართველობის ორგანოებში.

თქვენი აზრით, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრება საჭიროა თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი); რა თქმა უნდა, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონის გამკაცრება საჭიროა. ჩემთვის ოჯახური ძალადობა მიუღებელია. ვფიქრობ, კანონი ამას მკაცრად უნდა არეგულირებდეს. ჩემთვის თეა წულუკიანის ინიციატივა მისაღებია.

 

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ჩემს ახლობლებში და კოლეგებში ოჯახური ძალადობა არ ხდება. ჩემს სანაცნობოში ეს პრობლემა არ დგას, ამიტომ ცოტა გაზვიადებულად მიმაჩნია. ალბათ ქალბატონ თეა წულუკიანს ოჯახურ ძალადობაზე უფრო მეტი ინფორმაცია აქვს.

 

 

 

 გოგი თორაძე (რეჟისორი): ოჯახური ძალადობა ეს ქალის მხრიდან იქნება თუ კაცის, მკაცრად უნდა ისჯებოდეს. განსაკურებით როდესაც ძალადობა ბავშვების თვალწინ ხდება. ოჯახური ძალადობის ქვეშ გაზრდილი ბავშვები მთელი ცხოვრება ტრავმირებულად ცხოვრობენ და ფსიქოლოგიურ შოკში რჩებიან.

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): კანონის გამკაცრება კი საჭიროა, მაგრამ საქართველოში ოჯახური ძალადობის ვერცერთი შემსწრე მეზობელი პოლიციაში ვერ დარეკავს. ვერცერთი ოჯახის წევრი ვერ დარეკავს და ვერ იტყვის, მეორე წევრი მასზე რომ ძალადობს. ვფიქრობ, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონის გამკაცრება საქართველოში არ იმოქმედებს.

 

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): საქართველოში ოჯახური ძალადობა კი არა, ზოგადად ძალადობაა მომრავლებული. ოჯახური ძალადობა იმ ყველაფრის ნაწილია, რომელშიც ჩვენი ქვეყანაა გახვეული. ცალკე კანონის გამკაცრებით, რომელსაც თეა წულუკიანი აპირებს, ძალადობას ვერ აღმოფხვრის.

ძალადობას ასაზრდოებს ის არანორმალური ვითარება, რომელიც ქვეყანაშია და რომლის გამოსწორების ნიშნებიც არ ჩანს. ძალადობა ქვეყანაში დადებითი ფონის შექმნით უნდა აღმოიფხვრას. ჯერ არცერთ ქვეყანაში კანონის გამკაცრებამ შედეგები არ მოიტანა. ჩინეთში კორუფციისთვის ხალხს პირდაპირი მნიშვნელობით კლავენ, მაგრამ კორუფცია მაინც ხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×