თეა ბეჟიტაშვილი
06.08.2015

ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა და ერთი დოლარი 2.29 ლარი გახდა.

სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ რადგან პროდუქტზე ფასების შეჩერება ზაფხულშიც ვერ მოხერხდა და ლარი მაინც ვერ გამყარდა, მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე შემოდგომა და ზამთარი ელის. მათივე თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდასა და ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს გარკვეული შედეგი უნდა გამოეღო.

თქვენი აზრით, რატომ განაგრძობს ლარი კვლავ გაუფასურებას? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ავთანდილ დემეტრაშვილი (კონსტიტუციონალისტი): არც ფინანსიტი ვარ და არც ეკონომისტი, მაგრამ როგორც მოქალაქეს, უნდა მაწუხებდეს ეს ამბავი, თუმცა ჯერ ვფიქრობ, რომ დიდი აღშფოთების საფუძველი არ გვაქვს, რადგან დოლარის კურსი ჯერ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, ანუ გაუფასურება რეალური არ არის.

 

 

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): სამწუხაროდ, ეკონომიკა ასე მარტივად არ არის მოწყობილი, რომ ლარის გამყარება მხოლოდ ტურისტების მატებამ გამოიწვიოს. სხვა უამრავი ფაქტორი არსებობს, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.

ტურისტების სეზონის დასრულების შემდეგ სიტუაცია უფრო გაუარესდება, შემოდგომიდან ლარი ალბათ კატასტროფული ტემპით განაგრძობს გაუფასურებას და ზამთრისათვის შეიძლება კატასტროფული შედეგები მივიღოთ.

 

 ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი):  ლარის გაუფასურების პროცესი, სამწუხაროდ, არ გაჩერებულა. ძალიან არასასიამოვნოდ გამიკვირდა, როდესაც ეკონომიკაში ჩახედულმა ერთ-ერთმა ექსპერტმა მითხრა, რომ ლარის კურსის ვარდნის ფონზე, ბანკებმა თავიანთი პერიოდი უზარმაზარი მოგებით დაამთავრეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქარველოს მთავარმა ბანკმა, რომლის მეთაურია სააკაშვილის კაცი, ბანკების მოგებას დანარჩენი მოსახლეობის ხარჯზე ხელი შეუწყო.

 

 გია ბუღაძე (მხატვარი): ფინანსისტი არ ვარ, მაგრამ როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს აბსოლუტურად უხერხემლო, უსახური მთავრობის ბრალია. ამ ქვეყანას სათავეში გონება არ უდგას და ამ შემთხვევაში შემიძლია მხოლოდ კრიტიკული ვიყო.

 

 

 გრიგოლ გაგნიძე  (უფლებადამცველი): ვფიქრობ, რეგიონში საერთო კრიზისის ფონია და ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. ამას გარდა, საბანკო სექტორთან დაკავშირებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმაც იქონია გავლენა და ეს საკითხი პროცესების გამოსწორების ეტაპს კიდევ უფრო შეაფერხებს.

ამას გარდა, ვფიქრობ, რომ ეს პროცესები შეიძლება ხელოვნურადაც იყოს გამოწვეული, თუ ამხელა მართვის სადავეები ეროვნულ ბანკს აქვს. ვიცით, რომ არაერთხელ გამოითქვა კრიტიკული შენიშვნები იმის შესახებ, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო სახსრებს არასწორად წარმართავს.

 

 ლაშა ჩხარტიშვილი (ეკოლოგი):  ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მოქმედი ხელისუფლება პრაქტიკულად ვერანაირ ქმედებას ვერ მიმართავს იმისათვის, რომ ეკონომიკური განვითარების სტიმულირება მოახდინოს.

მხოლოდ ტურიზმის იმედად ყოფნა, როცა სოფლის მეურნეობა ზურგს არ უმაგრებს, ბუნებრივია, საკმარისი არ არის.

ამიტომ საჭიროა კაპიტალური ცვლილებების განხორციელება, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, თუ სხვა საბაზისო დარგები, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, რის გამოც ეკნომიკური უკუსვლა გრძელდება და ამ ყოველივეზე ლარი რეაგირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×