"კაიროს ქუჩაზე, სადაც ახლა ძაღლები გვყავს, მოსახლეობასთან სერიოზული პრობლემა გვაქვს. საქმე ისაა, რომ ჩვენსა და მაცხოვრებლებს შორის საერთო კედელია და ძაღლების ყეფით ხალხი წუხდება, ახლა მერიაშიც გვიჩივლეს, ამასთან დაკავშირებით მერიაში დღეში 5-6 საჩივარი შედის. ისეთ ადგილს ვეძებ, სადაც მეზობელი ასე ახლოს არ იქნება," - ამბობს ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.
ძაღლების თავშესაფრის მფლობელის თქმით, 13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ მათ კაიროს ქუჩაზე ადგილი გამოუყო და ამჟამად ის სტიქიით დაზარალებულთა ფონდიდან კომპენსაციას ელოდება.
თამაზ ელიზბარაშვილი: სტიქიის მეორე დღეს ეკონომიკის სამინისტრომ კაიროს ქუჩაზე დროებითი ფართი გამოგვიყო, მაგრამ ჩვენი ძაღლებით მოსახლეობა წუხდება. კანონში პირდაპირ წერია, რომ ძაღლების თავშესაფარი დასახლებული პუნქტიდან დაშორებული უნდა იყოს არაუმეტეს 200 მეტრისა, ახლა კი სადაც ჩვენ ვართ, მოსახლეობასთან საერთო კედელი გვაქვს.
ტერიტორია, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ დროებით გამოგვიყო, სამინისტროს საკუთრებაა. აქ არ იყო წყალი და ელექტროენერგია და ჩვენი ძალით შევიყვანეთ, მაგრამ ხალხი ძალიან წუხდება.
"რეზონანსი": მერიაში რას ამბობენ, ფონდიდან როდის მოგცემენ თქვენ კომპენსაციას?
თ.ე: სვანიძის ქუჩაზე ის ადგილი, სადაც ძაღლების თავშესაფარი მქონდა, ჩემი საკუთრებაა და ამ კერძო საკუთრების კომპენსაციას ველოდები. საკითხს მერია იხილავს, ალბათ უკვე ერთ კვირაში გადაწყდება. ამის შემდეგ მივიღებთ კომპენსაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ სვანიძის ქუჩაზე არსებული ჩემი ნაკვეთი გადავა მერიის საკუთრებაში, ამის სანაცვლოდ მე მივიღებ თანხას, მაგრამ თანხას მაძლევს არა მერია, არამედ საქართველოს მოსახლეობა, ვინც სტიქიით დაზარალებულთა ფონდში ფული გადარიცხა.
ამ ყულაბაში სახელმწიფოს ერთი თეთრი არ ჩაუდია, ეს ყველაფერი ხალხის მიერ შეგროვდა და წარმოიდგინეთ საქართველოს მოსახლეობამ, კეთილმა ადამიანებმა გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ დაზარალებულები სახლის გარეშე არ დარჩენილიყვნენ, მაგრამ ჩვენი საკუთრება, სადაც ჩვენი სახლები იდგა, ეს მიწა იმ ხალხს რატომ არ გადაეცა, ვინც ფონდში თანხა გადარიცხა და რატომ გადაეცა ქალაქის მთავრობას?
ფული ხომ მოსახლეობამ გადაიხადა და არა მერიამ, მიწები რატომ წაიღო ქალაქის მთავრობამ? ამდენი მიწა და დარჩენილი ნაგებობა რაც ზედ იყო, ანუ ჩვენი სახლები ქალაქის მთავრობამ უფასოდ ჩაიგდო ხელში, ფული გადაგვიხადა ხალხმა, ჩვენი ქონება კი მერიამ წაიღო.
ამაზე ყველას, მათ შორის გამომძიებელსაც ვკითხე, ეს არ არის კრიმინალი? ამას რა უნდა დავარქვა? მაშინ ჩვენი მიწები ხალხისთვის გადაეცათ, ვინც თანხა გადარიცხა და გაეკეთებინათ თუნდაც სახალხო პარკი, მაგრამ არა, მიწები ქალაქის მერიამ წაიღო და კაცმა არ იცის ხვალ, ზეგ ამ მიწებს რა ფასად გაყიდის და მუქთა შემოსავალს მიიღებს.
"რ": თანხის მოცემის შემდეგ ალბათ ახალ თავშესაფარს გააკეთებთ?
თ.ე: იმ თანხით, რომელსაც მერია დაზარალებულთა დახმარების ფონდიდან მომცემს, მიწის ნაკვეთი უნდა ვიყიდო. უკვე რამდენიმე დღეა მიწის ნაკვეთს ვეძებ, სადაც ძაღლების ისეთ თავშესაფარს გავაკეთებ, როგორიც სვანიძის ქუჩაზე გვქონდა.
ამ საქმიანობას აუცილებლად გავაგრძელებ მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში ამხელა ზარალი მაქვს. დავკარგე სახლი, თავშესაფარი მთლიანად დაინგრა, მიუხედავად ამისა, ბევრი ძაღლი გადავარჩინეთ და სტიქიის დროს უამრავ ადამიანს გვერდით დავუდექით.
"რ": საბოლოოდ, სტიქიის შედეგად რამდენი ძაღლი დაიღუპა?
თ.ე: სტიქიის შემდეგ 69 ძაღლი დამეღუპა, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ჩემი ბომბორას სიკვდილი იყო, რომელიც სტიქიის დროს გადავარჩინეთ. სტიქიის ღამეს ძაღლები საბურთალოს სასაფლაოზე ავიყვანეთ, მეორე დილით ამოვარდნენ ჯარისკაცები, ე.წ. სპეცრაზმელები, რომელთაც ბომბორა ლომში შეეშალათ და მომიკლეს.
ვეხვეწებოდი, ამდენი ძაღლი მყავს გახიზნული და ლომს აქ რა უნდა-მეთქი, მათ კი მიპასუხეს, დარეკეს და გვითხრეს საბურთალოს სასაფლაოზე ლომიაო. სასაფლაოს შეესივნენ, სადაც ძაღლები მყავდა, 6 კაცი ვიყავით და 159 ძაღლი გვყავდა ამოყვანილი, ბუნებრივია, ყველა ძაღლთან ვერ დავდგებოდით და ბომბორა, ქართული ნაგაზი, მომიკლეს.