ე.წ. "ხუთდღიანი ომიდან" უკვე შვიდი წელი გავიდა. მას შემდეგ საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა. მიუხედავად ამისა, დღემდე ბევრი შეკითხვაა, რომელიც პასუხს ელოდება. ვინ დაიწყო ომი? რატომ დამარცხდა საქართველო? შეიძლებოდა თუ არა ამ კონფლიქტის თავიდან აცილება? - ამ და სხვა კითხვაზე პასუხი საზოგადოებას დღემდე არ აქვს და ალბათ კიდევ დიდხანს არ ექნება, რადგანაც, როგორც ნათქვამია, "ყველა მხარეს თავისი სიმართლე აქვს."
რაც უნდა იყოს, ფაქტი ერთია, ამ ომმა საქართველოს 404 მოქალაქე (180 სამხედრო, 224 სამოქალაქო პირი) შეიწირა. დიდი იყო მოწინააღმდეგე მხარის მსხვერპლიც, ოფიციალური ცნობის თანახმად, 67 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ომს 150-მდე ოსი მოხალისე და 167-მდე (ოსური მონაცემების თანახმად - 365) ოსი მშვიდობიანი მცხოვრები შეეწირა.
იმავე წლის 26 აგვისტოს რუსეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ანატოლი მედვედევმა ე.წ. "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. ცხინვალსა და გუდაუთასთან რუსული სამხედრო ბაზები განთავსდა. საქართველოს ტერიტორიის 20% ამ დრომდე ოკუპირებულია, მცოცავი ანექსია დღესაც გრძელდება...
ინტერნეტსივრცეში ამ ომის მონაწილე რუსი სამხედროების მოგონებებს სულ უფრო ხშირად ვხვდებით. ერთ-ერთი მათგანი ივან სიდოროვია. 2008 წელს 20 წლის ივანი რუსული არმიის რიგითი იყო. ის გაზეთ "რეზონანსს" ესაუბრა იმაზე, თუ რა გადახდა მას თავს აგვისტოს იმ ტრაგიკულ დღეებში.
"რ": როდის მიიღეთ ბრძანება დისლოკაციის ადგილის დატოვების შესახებ?
ი.ს: უშუალოდ ჩვენმა სამხედრო ნაწილმა ბრძანება 7 აგვისტოს, დღის საათებში მიიღო. თუმცა, როგორც ვიცი, სხვა ქვედანაყოფებმა ეს ბრძანება უფრო ადრე მიიღეს. დაახლოებით 19:00-ზე გზას დავადექით. (შეგახსენებთ, რომ ქართულმა არტილერიამ ცხინვალის მიმართულებით ცეცხლი 7 აგვისტოს, დაახლ. 23:30 გახსნა. რუსული პროპაგანდის ცნობით, ოფიციალურმა მოსკოვმა კონფლიქტის ზონაში ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო - ავტ.) ნაბრძანები იყო, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით გვემოძრავა სამხრეთის მიმართულებით, თუმცა კონკრეტულად სად მივდიოდით, არ ვიცოდით. გული მიგრძნობდა, რომ სამხრეთ ოსეთში მოგვიწევდა შესვლა, რადგანაც იმ დღეებში ტელევიზიაში გამუდმებით იქ არსებულ მძიმე ვითარებასა და ომის საშიშროებაზე საუბრობდნენ.
"რ": თქვენ რა სახის ჯარში მსახურობდით?
ი.ს: მე ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბმპ-1-ის მძღოლ-მექანიკოსი ვიყავი, რიგითი. ყველაზე რთულ მდგომარეობაში ჩვენ ვიყავით, რადგანაც მიუხედავად ბრძანებისა სწრაფი სვლის შესახებ, ჩვენ მას ვერ ვასრულებდით. მოძველებული ტექნიკისათვის ეს რთული ამოცანა იყო. მაგალითად, ბმპ-1, რომელსაც მე ვმართავდი, 1981 წელს იყო გამოშვებული. გამოვლილი ჰქონდა საბჭოთა და რუსული არმიის წვრთნები, ჩეჩნეთის ორივე საომარი კამპანია, რა დროსაც ნაღმზე აფეთქდა. ის შეაკეთეს და მწყობრში ჩააყენეს, ბოლოს 2004 წელს იყო შეკეთებული, მაგრამ თვე ისე არ გავიდოდა, რამე არ გაფუჭებოდა. გზის პირას უამრავი გაფუჭებული ტანკი, სატვირთო მანქანა თუ ჯავშანტრანსპორტიორი იდგა და საწყალი ტექნიკოსები პრაპორშიკების გინების ფონზე ამაოდ ცდილობდნენ მათ შეკეთებას.
"რ": როკის გვირაბის მეორე მხარეს როდის მოხვდით?
ი.ს: სამხრეთ ოსეთში 8 აგვისტოს, დილის 5 საათისათვის ვიყავით. აქ რუსი სამხედროები უკვე იყვნენ. დგებოდა კოლონები, რომლებიც გათენებისას ცხინვალისაკენ უნდა დაძრულიყვნენ. სანამ ჩვენ გზაში ვიყავით, აღმოჩნდა, რომ ომი უკვე დაწყებულიყო.
"რ": რა მდგომარეობა იყო როკის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე?
ი.ს: სრული ქაოსი. ათასი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა, რომ თითქოს ქართველებმა ჩვენი სამშვიდობოები გაჟლიტეს, ცხინვალი აიღეს და როკის გვირაბისაკენ მოემართებიან. არეულობას ცხინვალიდან გამოქცეული, შეშინებული მშვიდობიანი მოქალაქეები და დაფეთებული მეამბოხეები ართულებდნენ. ოსები დახმარებას გვთხოვდნენ. იქვე იყვნენ ჩრდილოეთ ოსეთიდან დასახმარებლად მოსული შეიარაღებული მოხალისეები, რომლებსაც ბრძოლა სწყუროდათ. ჩვენ მათ არ ვუშვებდით, რადგანაც რამდენიმე ასეთი ჯგუფი ქართული არტილერიისა თუ დივერსიული ჯგუფების მსხვერპლი გახდა. აქაც მრავლად იყო მწყობრიდან გამოსული ტექნიკა, რაც გზაზე დიდ საცობებს ქმნიდა. იმავე დილით ქართულმა ავიაციამ ჯავა დაბომბა, არადა, ქართველებს რომ როკის გვირაბის სამხრეთ პორტალის მიმდებარე ტერიტორიები დაებომბათ, ძალიან დიდ ზარალს ვნახავდით...
"რ": ცხინვალში როდის მოხვდით?
ი.ს: ცხინვალში, წესით, იმავე დღეს უნდა ვყოფილიყავით, თუმცა ჩემი ბმპ-1 მწყობრიდან გამოვიდა და მთელი ორი დღე ვაკეთებდი, რადგან საწვავ-საპოხი და სათადარიგო მასალებით, ისევე როგორც წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება, კატასტროფულად ცუდი იყო. საბოლოოდ, სხვა სამხედრო ნაწილის შემადგენლობაში ცხინვალისაკენ 10 აგვისტოს, დილით დავიძარი. ამ დროისათვის ქალაქი ქართველი ჯარისკაცებისაგან თითქმის სრულად იყო გაწმენდილი. თუმცა მის შემოგარენში კვლავ რჩებოდნენ ქართველები, არც მოწინააღმდეგის არტილერია დუმდა. თუმცა ყველაზე დიდ საფრთხეს ისევ ჩვენივე ავიაცია გვიქმნიდა.
მინდა გითხრათ, რომ რუსულ მხარეს ბევრი სუსტი წერტილი ჰქონდა, რაც ქართველებმა, მათდა სამწუხაროდ, ვერ გამოიყენეს. მაგალითად, რუს პილოტებს არ ჰქონდათ კავშირი სახმელეთო ჯარებთან და ავტონომიურ რეჟიმში მოქმედებდნენ. ხშირად ისინი შეცდომით ჩვენსავე სამხედრო კოლონებსა და ოსი მოხალისეების პოზიციებს ბომბავდნენ, რადგანაც მოწინააღმდეგესაც საბჭოური წარმოების ჯავშანტექნიკა ჰქონდა.
გუფთის ხიდს რომ გამოვცდით, ორმა მოიერიშემ დაბალ სიმაღლეზე გადაგვიფრინა, მივხვდით, რომ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავები იყო, რადგან ფრთებზე წითელი ვარსკვლავები ეხატათ. თუმცა მათ რატომღაც ქართველებად მიგვიჩნიეს. ერთმა ფრენა გააგრძელა, მეორემ კი სიმაღლე აიღო, წრე დაარტყა, ჩვენს თავზე პიკირებით დაეშვა და უმართავი საავიაციო რაკეტების ჯერი გვესროლა. საბედნიეროდ, არაზუსტად. მეორე შემოვლაზე რომ წავიდა, მივხვდით, რაშიც იყო საქმე. კოლონამ ცეცხლი გახსნა ყველა იარაღიდან, ვისაც კი რა ჰქონდა. მფრინავი მიხვდა, რომ კიდევ ერთი იერიში შეიძლება სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა და გაგვეცალა. გზად დამწვარი სატვრთო მანქანები და ჯავშანტექნიკა ეყარა, რომლებიც ქართული არტილერიის მიერ იყო განადგურებული. საბოლოოდ ქალაქში საღამოს 9 საათისათვის ჩავაღწიეთ და მის მარცხენა მხარეს, ტყიან ადგილას, ე.წ. "დუბოვაია როშჩასთან" დავიკავეთ პოზიციები.
"რ": უშუალოდ ქართველ სამხედროებთან თუ მოგიწიათ საცეცხლე დაპირისპირება?
ი.ს: საბედნიეროდ, არა. ერთი მხოლოდ ის იყო, რომ 11 აგვისტოს დილით ჩვენ პოზიციებს მსხვილკალიბრიანი არტილერიის რამდენიმე ჭურვი დაეცა. ერთი გაზ-66 (სატვირთო მანქანა) დაიწვა და ორი სამხედრო მძიმედ დაიჭრა, სულ ეს იყო. თუმცა "დუბოვაია როშჩაში" რუსული ავიაიერიშის შედეგად დაღუპული ოცამდე ქართველის გვამი ესვენა. იქაურობა საშინელი სანახავი იყო, ჰაერში გულისამრევი სუნი იდგა.
"რ": ქართულ არმიას, როგორც მოწინააღმდეგეს, როგორ შეაფასებთ?
ი.ს: როგორც გითხარით, მე პირადად მათტან კონტაქტი არ მქონია, თუმცა იმ ბიჭების თქმით, ვისაც მათთან მოუხდა ბრძოლა, ეს იყო ჩვენს რეგულარულ ძალებზე უკეთ შეიარაღებული და აღჭურვილი არმია, ძალიან ძლიერი არტილერიით. რომ არა ავიაციის აქტიური მოქმედება, ეს ომი უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა და რუსულ არმიას გამარჯვება გაცილებით უფრო ძვირად დაუჯდებოდა.
"რ": თქვენს სამხედრო ნაწილს რა დანაკარგები ჰქონდა?
ი.ს: არავინ დაღუპულა, მხოლოდ სამი დაჭრილი გვყავდა, ერთი მძიმედ დაიჭრა, ცალი თვალი და მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა. ორი სატვირთო მანქანა მოწინააღმდეგის არტილერიამ შეიწირა.
"რ": ადგილობრივი მოსახლეობა როგორ შეგხვდათ?
ი.ს: ჩვენი სამხედრო ნაწილი ცხინვალს არ გასცდენია, შესაბამისად, ურთიერთობა მხოლოდ ოსებთან გვქონდა. ისინი კი სულ ჩვენს ლოცვაში იყვნენ და მადლობას გვეუბნებოდნენ, რადგანაც ჩვენ გარეშე ქართულ არმიას ვერ გაუმკლავდებოდნენ. ქალაქი ძალიან იყო დანგრეული, მსხვერპლიც დიდი იყო. ქართველებს არ შევხვედრივარ, თუმცა ვხედავდით, როგორ ძარცვავდნენ და წვავდნენ მათ მიტოვებულ სახლ-კარს ოსი მოხალისეები. მე პირადად ქართველების მიმართ არც მაშინ და არც ახლა არანაირი აგრესია არ მაქვს. კარგია, რომ ომი მალევე დამთავრდა და მხარეებმა გაბოროტება ვერ მოასწრეს ისე, როგორც, მაგალითად, ეს ჩეჩნეთში მოხდა.
"რ": დისლოკაციის ადგილზე როდის დაბრუნდით?
ი.ს: 2008 წლის 1 სექტემბერს.
"რ": დღეს, შვიდი წლის თავზე, თქვენ, როგორც ამ ომის რიგითი მონაწილე, როგორ შეაფასებდით მას?
ი.ს: ომი ცუდია და ყველაზე კარგად ეს ჯარისკაცებს ესმით, რადგანაც ყველა ჯოხი ჩვენზე ტყდება. ომს ისინი იწყებენ, ვინც არასდროს აიღებს იარაღს ხელში. მათ თავიანთი ოჯახის წევრები უსაფრთხო, უზრუნველყოფილ და კომფორტულ გარემოში ჰყავთ. იტანჯებიან რიგითი მოქალაქეები, რიგითი რუსები, ქართველები, ოსები თუ უკრაინელები... ისინი საკუთარ უდარდელ ცხოვრებას ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე იწყობენ. მე არ ვიცი, ვინ დაიწყო ეს ომი, მაგრამ ფაქტია, რომ ამის გამკეთებელი ძალიან ცუდი და ბოროტი ადამიანი იყო, იმიტომ, რომ ამ ომმა ხალხს უბედურების მეტი არაფერი მოუტანა.
"რ": ომის შემდეგ თქვენი ცხოვრება როგორ წარიმართა?
ი.ს: 2009 წელს სამხედრო სამსახური დავასრულე. მთავაზობდნენ საკონტრაქტო არმიაში გადასვლას, თუმცა უარი ვთქვი. შევქმენი ოჯახი, მყავს ორი შვილი და მაქვს პატარა საოჯახო ბიზნესი, თუმცა ამ ბოლო დროს აქ ცხოვრება, ცოტა არ იყოს, გაჭირდა.