თეა ბეჟიტაშვილი
10.08.2015

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომას იმეორებს 2007 წელს ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასთან დაკავშირებით.

"ამ ქმედებებმა "იმედის" ტელევიზიაში შესვლა გამახსენა. ოღონდ აქ მეთოდი ჯერ კიდევ უფრო ფრთხილია. იმ დროს ხელისუფლებამ "იმედში" პირდაპირ სპეცდანიშნულების რაზმი შეუშვა. ახლა საზოგადოებრივი აზრი თუ არ იყო მობილიზებული და ძლიერი, ისე გააგრძელებენ, რომ ბოლოს სარედაქციო თავისუფლება შეზღუდული იქნება.

"საბოლოოდ კი არჩევნებისთვის გვეყოლება არა ისეთი ტელევიზიები, რომლებიც საარჩევნო სუბიექტებს კონკურენტულ გარემოს შეუქმნიან, არა ისეთი ტელევიზიები, რომლებიც ფაქტებს გამოავლენენ და საზოგადოებას ინფორმირებულს ამყოფებენ, არამე იქნება სრულიად სტერილური. ეს არის მცდელობა, საზოგადოებას წაართვან ის სივრცე, საიდანაც ობიექტურ ინფორმაციას მიიღებს და საარჩევნო სუბიექტებს კონკურენტულ გარემოში ამყოფებენ," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თქვენი აზრით, დღევანდელი ხელისუფლება იმეორებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებს? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 ლია მუხაშავრია (ადვოკატი): ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად იმეორებს, მაგრამ რაღაც ელემენტებით ჰგავს. მე მგონია, "რუსთავი 2"-ის მხრიდანაც ჰგავს წინა პერიოდის მოვლენებს.

უბრალოდ, დღეს არსებითი განსხვავება ისაა, რომ საზოგადოება ამაზე აღარ რეაგირებს და "რუსთავი 2-ისთვის მხარდაჭერის სურვილი აღარ გაუჩნდება.

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):  არანაირი კავშირი ამას არ აქვს. "იმედში" სპეცნაზი ყოვლად უსაფუძვლოდ და ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეიჭრა. როდესაც "რუსთავი 2"-ს ჰყავს თავისი მეპატრონე, რომელიც სასამართლოში წართმეული ქონების დასაბრუნებლად მიდის, ეს რანაირი კავშირია?

ირაკლი ალასანიას ახლანდელი საუბარი ძალიან ჰგავს "ნაციონალური მოძრაობის" ნალაპარაკებს, ალასანია თანდათან ძალიან დაემსგავსა "ნაცმოძრაობას".

 

 ნინო ლაპიაშვილი ("სუფთა პოლიტიკის წრე"):  აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს იმ მოვლენებს, რაც "იმედის" გარშემო განვითარდა იმასთან, რაც ახლა "რუსთავი 2"-ის გარშემო ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ "იმედი" იმ პერიოდში ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მოწოდებას ახორციელებდა და ამას უკან ედგა პატარკაციშვილი.

მეორე საკითხია, როგორი ფორმებით მოხდა მისი განხორციელება, ეს შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ დღეს რაც "რუსთავი 2"-ის გარშემო ხდება, ეს არის იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ ქვეყანაში დარჩენილი ერთადერთი ოპოზიციური ტელევიზია დაიმორჩილოს.

 რეზო მიშველაძე (მწერალი): სხვათა შორის "ნაციონალური მოძრაობის" თავდასხმა "იმედზე" იყო მართლაც თავდასხმა ხელისუფლებისა მედიაზე. ასე რომ, "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღებაზე "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამოკიდებულებასთან არავითარი პარალელის გავლება არ შეიძლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×