იმის გადაწყვეტა, ითვლება თუ არა გადაცემის რეკლამად მისი ანონსი, მკითხველისთვის მიმინდვია!
მოსაზრება
10.08.2015

თამარ ადუაშვილი

დღევანდელ ტელევიზიებსა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თანაარსებობას რომ ვაკვირდები, რადგან იუმორის გრძნობა ჯერ კიდევ არ მღალატობს, ერთი ძველი ანეკდოტი მახსენდება:

"სახლში დაბრუნებული ქმარი ცოლს საყვარელთან შეუსწრებს და შესძახებს:

- ყოჩაღ, ქალო, შენ მალე სიგარეტსაც მოსწევ!"

თუ ანეკდოტური მიმართულებით წავალთ, რასაკვირველია, გარყვნილება და ღალატი ბევრად უფრო მსუბუქი დანაშაულია - ვიდრე სიგარეტი...

რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ზუსტად ასე, ანეკდოტურად ფიქრობენ ჩვენს სახელმწიფოში, შესაბამისად, მის სტრუქტურებშიც.

სატელევიზიო სივრცე სარეკლამო რაკურსით ამის უბადლო დასტურია.

ბრალდება ჰაერიდან მოტანილად რომ არ ჩამითვალოთ, ლოგიკურად ჩამოვაყალიბოთ დღეისდღეობით არსებული მდგომარეობა სარეკლამო ბაზარზე.

პირველ რიგში მოვიშველიოთ სახელმწიფოს კანონი რეკლამის შესახებ და შემდეგ თვალყური მივადევნოთ რეკლამებს საკომუნიკაციო სივრცეში.

კანონში ვკითხულობთ: სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, სამედიცინო ნაწარმის (მომსახურების), ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის, ფასიანი ქაღალდების რეკლამის, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონით რეკლამის შესახებ.

ტერმინების განმარტებაც კანონის ერთ-ერთ მუხლშია მოცემული, კერძოდ, რეკლამა - საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე, ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

სამაუწყებლო რეკლამა - მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

ანუ კანონით, სამაუწყებლო რეკლამა რეგულირდება სამაუწყებლო კანონით, მაგრამ საკუთარი (მაუწყებლის გადაცემები, განცხადებები, ასევე ამ გადაცემათა ანონსები) სამაუწყებლო კანონით არ რეგულირდება.

კანონის ციტირებით თავი ძალიან რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ მოგახსენებთ, რომ კანონი სასტიკად კრძალავს თამბაქოსა და ალკოჰოლური სამელის რეკლამას ბეჭდური მედიის პირველსა და ბოლო გვერდებზე, ასევე მათ რეკლამას, თუ ნაბეჭდ ნიმუშში ჩანს შეუფუთავი თამბაქო ან თავახდილი ალკოჰოლური სასმელი. ამავდროულად საეთერო სივრცეში (რადიო, ტელევიზია) აკრძალულია თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელის რეკლამა იმ გადაცემებში, რომლებიც არასრულწლოვანთათვისაა განკუთვნილი. დაშვებულ შემთხვევებშიც თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების რეკლამას თან უნდა ახლდეს საჭირო ზომისა და ფორმის გაფრთხილებები ამ პროდუქციების მავნებლობაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, სარეკლამო კანონი საერთოდ კრძალავს სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამის გავრცელებას როგორც გაზეთების კაბადონებისა და ჟურნალების გარეკანზე, ასევე რადიოთი და ტელევიზიით (აკრძალვა არ ვრცელდება სექსუალური, მაგრამ სამკურნალო ხასიათის სამედიცინო ნაწარმზე).

კანონს თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე ზედმიწევნით იცავენ ტელევიზიები. სამაგიეროდ მთელი დღე ინტენსიურად, დიდი მონდომებით არეკლამებენ საკუთარ გადაცემებს, სადაც სტუმრად არც მეტი, არც ნაკლები "ნაპოვნი ბოზები" (თავად გადაცემასა და მისავე რეკლამაში მოიხსენიებენ ასე) ჰყავთ მიწვეული. არის თუ არა "ბოზი" (სექსმუშაკი) სექსუალური ხასიათის პროდუქცია?!

რეკლამები საკმაოდ ხანგრძლივია, ფაქტობრივად დასურათხატოვნებით გადმოგვცემენ ამა თუ იმ გადაცემის მთელ არსს. ეს რეკლამები განთავსებულია მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებულად სერიალებში (ლამის ყველა ჭრაზე), რადგან სერიალებს მასა უყურებს და ეს გადაცემები კი (ისევე, როგორც თავად სერიალები) მასაზეა გათვლილი. ჰო, მიეცით ხალხს სანახაობა და დაავიწყეთ შიმშილი! მაგრამ რას ერჩით ბავშვებს? სამწუხაროდ (აღიარებთ თუ არა ამ ფაქტს), ბავშვების დიდი ნაწილი უყურებს ამ სერიალებს. ისინი კომპიუტერს გარდა ტელევიზორთანაც არიან მიჯაჭვული, მით უფრო ზაფხულში, როდესაც არდადეგებია და მთელი თავისუფალი დრო გართობას ეთმობა. მით უმეტეს რაიონებში, სადაც ინტერნეტზე ხელი ყველას არ მიუწვდება. განსაკუთრებით, თუ სახლში სერიალების მოყვარული ასაკოვანი და მხოლოდ ერთი ტელევიზორია...

უკვე მრავალგან წავაწყდი, თუ როგორ უყურებენ უფროსებთან ერთად ბავშვები სერიალებს და მათ შორის რეკლამებსაც, რომლებიც გადაცემებიდან ყველაზე უფრო უხამსი და კულმინაციური კადრებითაა დამონტაჟებული. ამასთანავე, ყველამ ვიცით, რომ ბავშვისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი სწორედ ის თემებია, რომლებსაც, წესით, უნდა ვარიდებდეთ.

რას ესწრაფვით, ვიდრე ბავშვი საკუთარი ემოციების მართვას გულითა და გონებით შეძლებს, ვნებით ბოლომდე აამღვრიოთ?!

რისთვის ირჯებით, რა შედეგს ელით?!

ზყთყ გადაცემების, ანუ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეების სახელებს არ ვასახელებ, რომ კიდევ ერთხელ, ახლა ბეჭდურ მედიაში, არ გავარეკლამო ისინი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×