აგვისტოს ომმა საქართველოს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა. დამარცხება ქვეყანას ტერიტორიების ანექსიად, 150 000-მდე იძულებით გადაადგილებულ პირად, 400-მდე დაღუპულ მოქალაქედ დაუჯდა. რა იყო ამ ომში დამარცხების მიზეზი? რა შეცდომები იქნა დაშვებული ქართული პოლიტიკური თუ სამხედრო ელიტის მიერ? ამ და სხვა თემებზე "მთელ კვირას" სამხედრო მიმომხილველი გიორგი ინაური ესაუბრა.
"იმ პერიოდის ქართული არმია მოტივირებული, კარგად შეიარაღებული და დისციპლინირებული ძალა იყო. ჯარისკაცებს შესაშური სულისკვეთება ჰქონდათ. ძლიერი იყო ისეთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, როგორიცაა არტილერია. მან მტერს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. აღსანიშნავია, რომ რუსების თავის ტკივილად იქცნენ ქართველი სნაიპერებიც, რომლებიც დღისით თუ ღამით დიდი დისტანციიდან მაღალი სიზუსტით უხსნიდნენ ცეცხლს აგრესორ ჯარს. თუმცა კი არმია, რომელიც ვერ აკონტროლებს საჰაერო სივრცეს, არ შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულ ძალად," - აცხადებს გიორგი ინაური.
"მთელი კვირა": რამდენად შესაძლებელი იყო კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება?
გიორგი ინაური: ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც იმ დღეებში მიხეილ სააკაშვილისა და დიმიტრი მედვედევის კაბინეტებში ისხდნენ და არსებულ ინფორმაციას სრულყოფილად ფლობდნენ. თუმცა ის, რომ რუსეთი აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე აძლიერებდა თავის სამხედრო ძალებს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, ფაქტია.
2008 წლის აპრილში რუსული გამანადგურებლის მიერ ოჩამჩირის თავზე ჩამოგდებული ქართული უპილოტო საფრენი აპარატის ისტორია ალბათ გახსოვთ. ეს აპარატი ზვერავდა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ დამატებით, ყოველგვარი ხელშეკრულების დარღვევით შეყვანილი ძალების პოზიციებს, რათა მოპოვებული მტკიცებულებები რუსეთისათვის საერთაშორისო დონეზე წარედგინათ.
იგივე ვითარება იყო ცხინვალის რეგიონშიც, სადაც მოსკოვი თავის ე.წ. "სამშვიდობო ძალებს" სისტემატურად აძლიერებდა. აგვისტოს პირველ რიცხვებში რუსულ ტელეკომპანია ნტვ-ს გაეპარა კადრები, სადაც ჩანდა, თუ როგორ შედიოდნენ როკის გვირაბის ჩრდილოეთ პორტალში თვითმავალი საარტილერიო დანადგარები. ამ ტიპის იარაღის ქონის უფლება რუს სამშვიდობოებს არ ჰქონდათ, მაშასადამე ისმის კითხვა, სად და რისთვის მიდიოდნენ ეს დანადგარები ომის დაწებამდე რამდენიმე დღით ადრე? რუსეთი იმ დღეებში თბილისის ნერვებზე თამაშობდა, სამწუხაროდ, მას ეს გამოუვიდა და ქართული მხარე პროვოკაციაზე წამოაგო, თბილისს ნერვებმა უმტყუნა...
"მ.კ.": რა იგულისხმება "ნერვებმა უმტყუნაში"?
გ.ი: პირველ რიგში ის, რომ ცხინვალისკენ თითქმის მთელი ქართული არმია დაიძრა. დიახ, ოსი სეპარატისტები ბომბავდნენ ქართველი სამშვიდობოების პოზიციებსა და ქართულ სოფლებს და თბილისს უნდა ემოქმედა, ამასთან, თბილისს სრული იურიდიული უფლება ჰქონდა და ახლაც აქვს, რომ აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. მაგრამ ამის გაკეთება სხვაგვარადაც შეიძლებოდა. ქართველებს შეეძლოთ, მსხვილკალიბრიანი ნაღმმტყორცების რამდენიმე გასროლით სეპარატისტები დაედუმებინათ. ამას არც აუდიო და არც ვიზუალური ეფექტი ექნებოდა, განსხვავებით "გრადების" ზალპის იმ საშინელი კადრებისა, რომლებიც იმ ღამესვე გავრცელდა. რუსული პროპაგანდა ამ კადრებს დღემდე ჩვენ საწინააღმდეგოდ იყენებს. ფაქტია ისიც, რომ ცხინვალი ნახევრად დაცლილი იყო, მასზე ვერც "მძინარეს" იტყვი, რადგანაც ქართული სოფლები სწორედ მის ქუჩებში დაყენებული ნაღმმტყორცნებიდან იბომბებოდა.
"მ.კ.": ომის წინანდელი ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობას როგორ შეაფასებდით?
გ.ი: იმ პერიოდის ქართული არმია მოტივირებული, კარგად შეიარაღებული და დისციპლინირებული ძალა იყო. ჯარისკაცებს შესაშური სულისკვეთება ჰქონდათ. ძლიერი იყო ისეთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, როგორიცაა ატრილერია. მან მტერს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. აღსანიშნავია, რომ რუსების თავის ტკივილად იქცნენ ქართველი სნაიპერებიც, რომლებიც დღისით თუ ღამით დიდი დისტანციიდან მაღალი სიზუსტით უხსნიდნენ ცეცხლს აგრესორ ჯარს.
თუმცა კი არმია, რომელიც ვერ აკონტროლებს საჰაერო სივრცეს, არ შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულ ძალად. სამწუხაროდ, 2008 წლამდე ამ კუთხით რაიმე არსებითი ნაბიჯი არ გადადგმულა (თუ არ ჩავთვლით ებრაული და საბჭოური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეზღუდული რაოდენობით შეძენას). დღეს კი ომს იგებს ის, ვინც ქვეყნის საჰაერო სივრცეს აკონტროლებს. ის საშუალებები, რაც არმიას გააჩნდა, ან არაეფექტურად ან საერთოდაც ვერ იქნა გამოყენებული. შედეგმაც არ დააყოვნა... რომ არა რუსული ავიაციის დაუსჯელი ავიაიერიშები ქართველ სამხედრო კოლონებზე, ომის შედეგი უსათუოდ სხვაგვარი იქნებოდა.
"მ.კ.": რას იტყვით მოწინააღმდეგეზე? რამდენად ორგანიზებული იყო მათი ძალები?
გ.ი: დავიწყებ ოსი მოხალისეებით, ეს იყო სუსტად ორგანიზებული, მაგრამ რუსების წყალობით კარგად შეიარაღებული ძალა, რომელმაც ქართული ჯარი ცხინვალში შეიტყუა. მისი ფუნქცია ჩვენი არმიის ქალაქში შეყვანა, იქ ბრძოლების თავზე მოხვევა და რუსების მოსვლამდე მათი მოქანცვა იყო. ამას მათ თავი გაართვეს.
რაც შეეხებათ რუსებს, მათ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. დავიწყოთ იქიდან, რომ ელემენტარულად, კავშირგაბმულობა არ ჰქონდათ და ერთმანეთს ბრძანებებს მობილურებით გადასცემდნენ, რითაც ქართულ მხარეს შეეძლო ესარგებლა. მათი ჯავშანტექნიკა მეტწილად მოძველებული იყო. ხშირი იყო ე.წ. "მეგობრული ცეცხლი", რაც კავშირგაბულობის ხარვეზის ბრალი იყო. ყოფილა შემთხვევა, როდესაც რუსებს და ოსებს ერთმანეთისათვის უსვრიათ, ეგონათ რა, რომ ქართველებს ებრძოდნენ. ხშირად რუსული ავიაცია შეცდომით რუსულ სამხედრო კოლონებს ბომბავდა, ქვეითების საპასუხო ცეცხლი კი ამ თვითმფრინავებს ან აზიანებდა, ან ანადგურებდა. ერთი სიტყვით, ქართული არმიის ნაცვლად რუსებს უფრო ორგანიზებული და გამოცდილი ძალა რომ დაპირისპირებოდა, შედეგი უთუოდ სხვაგვარი იქნებოდა.
"მ.კ.": ანუ, საქართველოს ომის მოგების შანსი ჰქონდა?
გ.ი: არა. რადგანაც მოწინააღმდეგემ დასავლეთ საქართველოში მეორე ფრონტი მალევე გახსნა. ამასთან, თუ ბრძოლები გაგრძელდებოდა, მესამე ფრონტის გახსნაც იგეგმებოდა. საქართველო-სომხეთის საზღვარზე გიუმრიში დისლოცირებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის კუთვნილი ჯავშანტექნიკა უკვე იდგა. თუმცა ფაქტია, მეტი ორგანიზებულობა რომ ყოფილიყო, რუსებს ეს ომი გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ.
"მ.კ.": რა შეცდომა დაუშვა ქართულმა მხარემ?
გ.ი: დავიწყოთ იქიდან, რომ ჯარების შეყვანა მტრის ცოცხალი ძალით სავსე ქალაქში იყო სრული მარაზმი. ტანკი ურბანულ პირობებში არის ყველაზე დაუცველი და ადვილი სამიზნე. ამის ნათელი მაგალითია 1995 წელს რუსების მიერ ქალაქ გროზნოს აღების კატასტროფულად წარუმატებელი მცდელობაც. ამასთან, ქალაქში ოსებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მათ იცოდნენ ქალაქის ქუჩების განლაგება, ამასთან, ადგილობრივები მათ თანაუგრძნობდნენ...
შეცდომა იყო ის, რომ ავიაცია ქართულმა მხარემ მეტად არაეფექტურად გამოიყენა. ჯავის ნაცვლად როკის გვირაბიდან ცხინვალისაკენ მომავალ გზაზე არსებული ე.წ. "გალერები" და გუფთის ხიდი რომ დაეზიანებინათ, 58-ე არმია მთებში გაიჭედებოდა, რაც ქართველებს დამატებით დროს მისცემდა.
შეცდომა იყო სენაკიდან მე-2 ბრიგადის ცხინვალთან გადმოსროლა და ამით დასავლეთის მიმართულების მოშიშვლება.
ყველაზე უპატიებელი შეცდომა მაინც გორისა და სენაკის სამხედრო ბაზების მიტოვება და მოწინააღმდეგისათვის საბრძოლო მასალის უზარმაზარი ოდენობის ჩაბარება იყო. საეჭვოა, რომ სურვილისა და ორგანიზებულობის შემთხვევაში ამ იარაღის გადამალვა ან განადგურება ვერ მოხერხებულიყო.
ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რისი მიზეზიც ალბათ სამხედროთა საქმეებში პოლიტიკოსთა ჩარევაც იყო.
"მ.კ.": თქვენი ზრით, რამდენად სწორი დასკვნები გამოიტანა ქართულმა სამხედრო ელიტამ ამ კონფლიქტიდან?
გ.ი: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გასულ თვეს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთში მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ქართული მხარე მიიღებს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფალნი მიხვდნენ საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობას. კარგია ისიც, რომ არსებობს "დელტა", რომელიც აწარმოებს საბრძოლო ტექნიკასა და საბრძოლო მასალებს, მართალია, მცირე მასშტაბით, მაგრამ სახელმწიფომ მასზე უნდა იზრუნოს, რადგანაც ომისას ქვეყანას უნდა შეეძლოს სამხედრო სფეროში ავტონომიურობის შენარჩუნება და უცხო ქვეყნებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
ამასთან, საჭიროა დაბალი რგოლის ოფიცერთა პირადი შემადგენლობის მომზადება, რადგანაც უშუალოდ ბრძოლის ველზე ჯარისკაცს ჭკვიანი მეთაური სჭირდება. ამ მხრივ ვითარება ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
"მ.კ.": და ბოლოს, თქვენი აზრით, რამდენად რეალურია საბრძოლო მოქმედებების განახლება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში?
გ.ი: დღესდღეისობით ამის ალბათობა მინიმალურია, რასაც გარკვეულწილად ოფიციალური თბილისის წინდახედული და ფრთხილი პოლიტიკა განაპირობებს. თუმცა რუსეთის მეზობელ ქვეყანას არასოდეს არაფერი არ უნდა გაუკვირდეს. როგორც ნათვამია, თუ გვსურს მშვიდობა, უნდა ვემზადოთ ომისათვის. თუმცაღა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები და თავად რუსეთში არსებული სერიოზული ეკონომიკური კრიზისი ახალი ომის ალბათობას დიდად ამცირებს.