ე.წ. საზღვრის გადმოწევა, რუსული ემბარგო, ცეცხლის გახსნა ცენტრალურ მაგისტრალზე - ეს იმ ქმედებების ჩამონათვალია, რაც სპეციალისტების თქმით, რუსეთმა შესაძლოა, საქართველოში უახლოეს პერიოდში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით განახორციელოს.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს აგვისტოს ბოლოს ეწვევა - ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს გახსნის.
სპეციალისტები ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნასა და გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან ქმედებებს არ გამორიცხავენ."ნებისმიერი ასეთი დონის საერთაშორისო ვიზიტის წინა პერიოდში რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ხშირად მიმართავს პროვოკაციას. პირველი შედეგები, ანუ საზღვრის გადმოწევა უკვე მივიღეთ, ხვალ-ზეგ რა იქნება, კაციშვილმა არ იცის, საზღვარს გადმოწევენ თუ სხვანაირად შემოგვიტევენ, ფაქტი ერთია, რომ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია.
მისი თქმით, ფართომასშტაბიანი ქმედება მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებს არ გულისხმობს: "ზოგიერთისთვის რვაასი მეტრი ტერიტორიის დაკარგვა არაფერი არ არის, ჩემთვის კი ფართომასშტაბიანი ქმედებაა, რომელიც მხოლოდ სამხედრო მოქმედებებს და თბილისის დაბომბვას არ ნიშნავს. ტერიტორიის რამდენიმე მეტრის დაკარგვაც ჩემთვის ფართომასშტაბიანი ქმედებაა რუსეთის მხრიდან.
"საზღვრის გადმოწევის გარდა, რუსეთს შეუძლია, სხვადასხვა სახის ქმედება განახორციელოს, მაგალითად, ყველაზე მარტივი განსახორციელებელია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის საავტომობილო გზის ჩაკეტვა.
"ამ გზიდან 450 მეტრში დგას სეპარატისტების ბანერი, ამიტომ შეიძლება ბანერთან დადგეს ნებისმიერი სეპარატისტი ავტომატით, გახსნას ცეცხლი ტრასის მიმართულებით და მოძრაობა შეწყდეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის, ეს არის ყველაზე სწრაფი და ამ ეტაპზე ყველაზე საშიში ქმედება რუსეთის მხრიდან", - ამბობს პაატა დავითაია.
თსუ-ს პროფესორის კორნელი კაკაჩიას თქმით, რუსეთის პოლიტიკა საქართველოსადმი მხოლოდ ერთი ვიზიტით არ შემოიფარგლება და მას დიდი ხანია ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი ქმედებები საქართველოს მიმართ.
"იმ შემთხვევაში, თუ ნატო-საქართველოს ურთიერთობები ცოტათი დათბება და ამ ყველაფერმა თანამშრომლობის ხასიათი მიიღო, შეიძლება კიდევ ერთხელ დადგეს ემბარგოს საკითხი, რომელზეც მინიშება რუსეთის ხელისუფლებისგან უკვე იყო. სწორედ ასეთი სახის ქმედება შეიძლება განახორციელოს რუსეთმა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაში წინსვლა იქნება", - ამბობს კაკაჩია.
მისი თქმით, რუსეთის სამომავლო გეგმებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრორუსული ძალების შექმნა და ევრაზიული კავშირი მომხრეთა რაოდენობის გაზრდა შედის.
"ქართულ საზოგადოებაში საზღვრის გადმოწევას და ბანერების დამაგრებას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ამიტომ სხვა ფართომასშტაბიან ქმედებებს ამჯერად მოერიდებიან. მათი მიზანია ხალხის დაშინება, უნდათ, რომ მოსახლეობას უსაფრთხოების არქონის განცდა შეუქმნან, სწორედ ამის მიღწევას ცდილობენ.
"ამჯერად მათი ძირითადი მიზანი უფრო მომავალი საარჩევნო პროცესისთვის პრორუსული ძალების შექმნაა, რომლებიც მეტ-ნაკლებად მოახერხებენ პარლამენტში შესვლას და გამარჯვებას თუ არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც დონეზე რომ მაინც იყვნენ წარმოდგენილი.
"გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირ პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოსვლა, მიუხედავად რუსეთის მხარდაჭერისა, ძალიან გაჭირდება, ალბათ რუსეთის მხრიდან აქტიურობას ყველაზე მეტად ამ დროს უნდა ველოდოთ.
"ეს უკანასკნელი ცდილობს, ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს საქართველოს აქვს უსაფრთხოების დილემა, ქვეყანას ნატოში არ იღებენ, არც ევროკავშირში გაწევრიანებაა უახლოეს პერიოდში შესაძლებელი და ერთადერთი გამოსავალი რუსეთია, უნდათ, ასეთი განწყობა შექმნან, საზოგადოებრივი აზრი გახლიჩონ და ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობამ მოიმატოს", - ამბობს კორნელი კაკაჩია.
მისივე თქმით, ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა რუსეთისთვის გამაღიზიანებელი იქნება, თუმცა როგორც ის ამბობს, ეს არის სიგნალი დასავლეთის მხრიდან, რომელიც მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს.
"ამ ცენტრის გახსნის იდეა სწორედ ამაშია, რომ დასავლეთმა საქართველოს თუნდაც მორალური და პოლიტიკური დახმარება გაუწიოს. გამომდინარე იქიდან, რომ მათ სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უსაფრთხოების ქოლგის მიცემა საქართველოსთვის არ შეუძლიათ.
"გარდა მცოცავი ოკუპაციისა და საზღვრის გადმოწევისა, რუსეთის ქმედებები შეიძლება იყოს უფრო ეკონომიკური ხასიათის, როგორიც არის ემბარგო, ან იმ შემთხვევაში, თუ ევრაზიული კავშირის მომხრეების რაოდენობა 30%-მდე გაიზარდა, არის კულუარული საუბრები, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს ვიზა მოუხსნას, სწორედ იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტი კავშირი ჰქონდეს მოსახლეობასთან, თეორიულად, ასეთი ქმედებები რუსეთისგან შესაძლებელია", - ამბობს კორნელი კაკაჩია.