გუშინ რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას იმ ქვეყნების სიის გაფართოებაზე, რომელთა წინააღმდეგაც მოსკოვის მიერ დაწესებული სანქციები იმოქმედებს. ეს ქვეყნებია ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტეინი. მოსალოდნელი იყო, რომ სიაში საქართველოც იქნებოდა, თუმცა მედვედევს საქართველო არ უხსენებია.
"რეზონანსთან" საუბრისას, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, ემბარგოდაწესებული ქვეყნების ჩამონათვალიდან საქართველოს ამოღების ერთ-ერთი მიზეზი ამ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი დიალოგია, რომელმაც სავაჭრო ბალანსი შედარებით დაარეგულირა.
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ვაგრძელებთ იმ პრაგმატულ მიდგომას, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ ავირჩიეთ. მხედველობაში მაქვს ორმხრივი დიალოგი რუსეთთან კონკრეტულ საკითხებზე - პრაღის ფორმატი, რამაც შესაძლებლობა მოგვცა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის აღდგენისა, რადგან რუსეთის მხრიდან ჩვენი მიმართულებით იპმორტი არასდროს შეწყვეტილა, შეჩერებული იყო ჩვენი ექსპორტი.
სავაჭრო ბალანსი შედარებით დარეგულირდა და, ვფიქრობ, ეს იმ დიალოგის შედეგია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. მისი მთავარი ამოცანა თავიდანვე კონკრეტული საკითხების მოგვარება იყო - ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული საკითხები და ა.შ.
ასე რომ, ამ სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს და ისე ვართ მოწოდებული, რომ ეს შედეგები შევინარჩუნოთ და თუ შესაძლებელი იქნება ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიდეთ. ამავე დროს გრძელდება საერთაშორისო კონსულტაციები ჟენევაში, რომელიც ყველაზე რთული საკითხების მოსაგვარებლად უმთავრესი ფორმატია.
"რეზონანსი": ამაზე გავლენა ხომ არ იქონია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებამ, რომ პირადად ის იყო და არის წინააღმდეგი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს მიუერთდეს.
ზ.ა: საქართველო შარშან შეუერთდა ერთ სანქციას, რომელიც უკრაინაში, კერძოდ ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციას უკავშირდება. ჩვენთვის ეს თემა დაკავშირებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემატიკასთან, ამიტომ ჩვენ ამ სანქციას რომ არ შევერთებოდით, სხვანაირად არ შეიძლებოდა. რაც შეეხება სხვა სანქციებს, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა სხვა სანქციებთან მიერთებას არ გეგმავს.
"რ": მაგრამ ე.წ. საზღვარი კიდევ გადმოწიეს.
ზ.ა: საზღვრის გადმოწევის ტერმინოლოგია ჩვენმა ოპონენტებმა შემოიღეს და ამით მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამენ წყალს. არანაირი საერთაშორისო საზღვარი არ გადმოწეულა. საზღვარი გადის იქ, სადაც გადიოდა - როკის გვირაბსა და ფსოუზე. თუმცა 2008 წლის ომის ტრაგიკული შედეგი ის გახლავთ, რომ რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და იმ ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომელიც ადრე ავტონომიურ წარმონაქმნს ჰქონდა, ახლა ე.წ. სახელმწიფო საზღვარს და სასაზღვრო ინფრასტრუქტურას ქმნიან. ეს არის შედეგი იმ სრულიად უგუნური პოლიტიკისა, რომელსაც წინა ხელისუფლება რუსეთის მიმართ ატარებდა.
"რ": თუმცა ამ შემთხვევაში ბანერებს მაინც ამაგრებენ და იქ ხალხი ვეღარ შედის.
ზ.ა: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი საშუალებაც გვაქვს. უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო კავშირები, დიპლომატიური არხები, ეს საკითხი ყველგან უნდა დავაყენოთ, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს. ამასთანავე, რუსეთთან დიალოგი, რაოდენ რთულიც უნდა იყოს, უნდა გავაგრძელოთ. ჩვენს ამ პრაგმატულ მიდგომას დასავლელი პარტნიორები ცალსახად უჭერენ მხარს.