ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, კომპანიები და სხვა აქტორები დოლარის მარაგს აგროვებენ და ეს ლარის კურსზე დამატებით ზეწოლას ახდენს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ქადაგიძის განცხადება "შეგნებულ პროვოკაციად" შეაფასა.
"ერთადერთი ზეწოლა, რაც ლარის კურსზე გავლენას ახდენს, ეს არის არასწორი მოლოდინი. ვინც არასწორ მოლოდინს აჩენს, არის ერთადერთი ადამიანი - ქადაგიძე. ყოველდღიურად გამოდის ქადაგიძე და აცხადებს, რომ ლარი გაუფასურდება და აღარაფერი გვეშველება. როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამას აკეთებს, ეს არის შეგნებული პროვოკაცია," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
რომელი მხარის არგუმენტები მიგაჩნიათ უფრო სწორად? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადნელებს მიმართა.
ლაშა ჩხარტიშვილი (ეკოლოგი): სამწუხაროდ, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ერთი მხრივ, ბატონი ქადაგიძე ნამდვილად საეჭვო რეპუტაციით სარგებლობს იმიტომ, რომ მისი კავშირები და წარსული "ნაციონალურ მოძრაობასთან" საფუძველს ნამდვილად გვაძლევს ვიფიქროთ, რომ შეიძლება პროვოკაციულად მოქმედებდეს.
მეორე მხრივ, არც მოქმედი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა ბრწყინავს. მათი ეკონომიკური პოლიტიკა სრულიად გაუაზრებელი, პრაქტიკულად, უმოქმედობითაა გამორჩეული. ასე რომ, ერთი მეორეს არ გამორცხავს. მე ვფიქრობ, ორივე მხარის არგუმენტები ძალაშია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოსახლეობა ზარალდება.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): მთავრობა უკვე დიდი ხანია აკეთებს განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნული ბანკი მათ მიზანმიმართულ პროვოკაციებს უწყობს და ა.შ. თუმცა ვხედავთ, რომ ლარი უფრო და უფრო უფასურდება. ვერც ტურისტულმა სეზონმა უშველა და ეკონომიკის საქმე ძალიან ცუდად არის.
სამწუხაროდ, სექტემბერ-ოქტომბრიდან მდგომარეობა კიდევ უფრო ცუდად იქნება და მთავრობას ალბათ ისღა დარჩება, რომ გააორმაგოს თავისი განცხადებები იმის შესახებ, რომ ვიღაც უწყობს პროვოკაციას, ლარის კურსზე საერთაშორისო გავლენაა და მათ არაფერში აქვთ ბრალი.
თედო დუნდუა (ისტორიკოსი): უამრავი ტურისტია ჩამოსული, ტარდება სხვადასხვა საერთაშორისო დონის ღონისძიება, რომელ სავალუტო კრიზისზეა საუბარი თუ სხვადასხვა გზებით ვალუტის გაზიდვა არ ხდება? ეროვნული ბანკი "ნაციონალური მოძრაობის" ხელშია მოქცეული და ისინი მას თავისი პარტიული, ტრადიციულად დესტრუქციული საქმიანობით იყენებენ.
არავითარი ლოგიკური მიზეზი არ არსებობს იმისათვის, რომ სავალუტო კრიზისი იყოს. ამდენი ტურისტია ჩამოსული, თბილისში ფულს ხარჯავენ, სავსეა ქალაქი უცხოელებით, რომელთაც ვალუტა შემოაქვთ და რა სავალუტო კრიზისზეა საუბარი.
გია ბუღაძე (მხატვარი): ერთმანეთს ჯობნიან საქმის გაფუჭებაში, მე ასე მგონია. რეალურად რასაც ვუყურებ, ისეთი ჭიდილია, ამ ქვეყნაში რომ არ ვცხოვრობდე და ვიღაც მომიყვეს, მომეჩვენებოდა, რომ კომედიაა, მაგრამ ახლა კომედიის განცდა ნამდვილად არ მაქვს იმიტომ, რომ ტრაგიკული მდგომარეობაა. ჩემი აზრით, ეს ტრაგიკული მდგომარეობა რეალურად გამართლდება ჯერ შემოდგომაზე და მერე ზამთარში. მე მაინც მთავრობას ვადანაშაულებ, რადგან სწორედ მათი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე