1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამთავრობო ჯარების სამხედრო კოლონები შევიდნენ. დაიწყო ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ამ ომმა, სხვადასხვა მონაცემებით, 6-დან 8 ათასამდე ქართველისა და 2 500-დან 3 000-მდე აფხაზის სიცოცხლე შეიწირა. თბილისმა აფხაზეთზე კონტროლი დაკარგა, 300 000 ქართველი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
ყოველწლიურად, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან უამრავი ადამიანი იკრიბება. აქ არიან დაღუპულთა მეგობრები, თანამებრძოლები თუ ოჯახის წევრები, ოფიციალური პირები, აფხაზეთის დევნილი მთავრობის მაღალჩინოსნები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და რიგითი მოქალაქეები, რომელთაც სამშობლოსათვის მეომარი გმირების ხსოვნისათვის პატივის მიგება სურთ.
გუშინ, 14 აგვისტოს, ისევე როგორც წინა წლებში, მემორიალთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის აფხაზეთის ომის ვეტერანებიც იყვნენ. სწორედ ამ დროს იქ მყოფთა შორის მცირე შელაპარაკება მოხდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
გმირთა მოედანზე მისულ პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილს ვეტერანთა ჯგუფი დაუპირისპირდა. ისინი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, "მოღალატეს", "იარაღით მოვაჭრეს", "გამყიდველსა" და "რუსეთის აგენტს" ეძახდნენ.
მიუხედავად ინციდენტისა, პოლკოვნიკმა წითელაშვილმა მაინც შეძლო მემორიალთან მისვლა. ინციდენტის ამსახველი ფოტო მასალა ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.
"რეზონანსთან" საუბრისას ტრისტან წითელაშვილი ამბობს, რომ მემორიალთან მომხდარი ინციდენტი "ნაციონალური მოძრაობის მიერ დაფინანსებული ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების მიერ არის ორგანიზებულ-განხრციელებული.
"ომში გმირულად დაღუპული ბიჭების ხსოვნის პატივსაცემად მივედი ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, რა დროსაც იქ შეკრებილმა სააკაშვილის დამქაშებმა დაიწყეს ჩემი მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკების კეთება. როდესაც ამ ბრალდებების დასაბუთება მოვთხოვე, პირდაპირ აგრესიაზე გადმოვიდნენ.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა. 9 მაისს ვაკის პარკშიც დამესხნენ თავს. სულ ასე ხდება, რადგანაც მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველაზე აქტიურად ებრძვის იმ ბოროტ ძალას, რომელსაც სახელად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია. სწორედ ისინი აფერხებენ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას, სწორედ ისინი უშლიან ხელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას. ამ ძალებს პირდაპირ აფინანსებს მიხეილ სააკაშვილი, მისი მიზანი ქვეყანაში მდგომარეობის არევაა", - თქვა "რეზონანსთან" საუბრისას პოლკოვნიკმა.
მისივე თქმით, ამ ძალებს უშუალოდ ხელმძღვანელობენ სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დირექტივებს ემორჩილებიან.
"რეზონანსი" ინციდენტის თვითმხილველებსაც ესაუბრა. მათი თქმით, დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო. ფიზიკური დაპირისპირების ინიცირებაში ისინი ტრისტან წითელაშვილის ოპონენტებს ადანაშაულებენ, თუმცა, პოლკოვნიკისადმი მსგავსი დამოკიდებულება ბუნებრივად მიაჩნიათ.
"წითელაშვილი რომ არაა მართალი კაცი, ეს მაშინ გამოჩნდა, როდესაც რუსულ ტელეარხებს თავისი დაფეხვილი რუსულით რიხიანად ესაუბრა იმაზე, რომ თითქოს კიევში მშვიდობიან მომიტინგეებს ქართველი სნაიპერები ხოცავდნენ. აი, ამის მერე ამ კაცს რაზე უნდა ელაპარაკო?! ღალატი მეტი კი არაფერია. როდესაც მტერს ეხმარები საინფორმაციო ომის წარმოებაში, დიახ, ეს ღალატია და მოღალატეს როდესაც ფეხქვეშ მიწა ეწვის, ეს რა გასაკვირია?!
"თუმცა, აქ ასეთი ამბის ატეხა სამარცხვინოა, რადგანაც ეს ადგილი და ამ სტელაზე მიწერილი ბიჭები ტრისტან წითელაშვილებზეც მეტნი არიან და ჩვენზეც. აქ წუთიერი დუმილის ადგილია მხოლოდ", - უთხრა "რეზონანსს" აფხაზეთის ომის ვეტერანმა გიორგი მეტრეველმა.