თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. მისი განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება ახალი სიტყვა ქართული ავიამშენებლობის ისტორიაში. რაც მთავარია, მისი თანამონაწილეები არიან ის ფრანგული და ებრაული კომპანიები, რომლებსაც ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ. ეს კი ამ წამოწყების წარმატების შანსებს ერთი-ორად ზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური, კერძოდ კი რუსული პრესა, "თბილავიამშენის" ხელმძღვანელ ნოდარ ბერიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
თბილისის საავიაციო საწარმო ახალი თვითმფრინავის, ჯე-31 "ბორას" შექმნაზე იწყებს მუშაობას. აღსანიშნავია, რომ მისი ფუიზელაჟი და ფრთები საქართველოში იქნება დამზადებული. სანავიგაციო მოწყობილობები, ელექტრო სისტემები და რაც მთავარია ძრავები კი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, კერძოდ კი საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა ან იტალიაში იქნება შეძენილი.
ჯე-31 "ბორა" მსოფლიოში ცნობილი, საბჭოთა წარმოების მოიერიშის, სუ-25 ღრმად მოდერნიზებულ ვერსიას წარმოადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ ტიპის თვითმფრინავები სწორედ თბილისის საავიაციო ქარხანაში იწარმოებოდა, ახალ პროექტს წარმატების დიდი შანსი აქვს.
ამ საწარმოს მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს. სწორედ მის საამქროებში იწყობოდა ისეთი ლეგენდარული საბჭოური სამხედრო საფრენი აპარატები, როგორებიც არის "მიგ-21", "მიგ-15", "მიგ-19", "მიგ-17" და ა.შ. 1943 წლიდან დღემდე საწარმომ 15 000-მდე სხვადასხვა კლასის სამხედრო თვითმფრინავი ააწყო.
1970-იან წლებში შექმნილი მოიერიშე "სუ-25" დღემდე არის მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის არმიის შეიარაღებაში. თბილისში აწყობილი ეს თვითმფრინავები დღემდეა როგორც რუსეთის, ასევე თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების, ირანის, ერაყისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო საჰაერო ძალების შემადგენლობაში.
"სუ-25" აღიარებულია საუკეთესო მოიერიშე თვითმფრინავად. მის ფუნქციაში შედის ფრონტისპირა რაიონში მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების, კარგად გამაგრებული პოზიციების, ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის წინააღმდეგ ბრძოლა. ძლიერი შეჯავშნისა და მაღალი საიმედოობის გამო მას "მფრინავ ტანკსაც" უწოდებენ.
პირველი საბრძოლო ნათლობა მან ავღანეთში საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული საბრძოლო მოქმედებებისას მიიღო, შემდეგ იყო მონაწილეობა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ კონფლიქტებში (ყარაბახში, აფხაზეთსა და ტაჯიკეთში), სამოქალაქო ომები აფრიკის კონტინენტზე და ა.შ. ყველა მათგანში მან გამოავლინა მაღალი ეფექტურობა და საიმედოობა.
პარადოქსია, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი, ოდესღაც თბილისში აწყობილი სწორედ ეს თვითმფრინავები აყენებდნენ ყველაზე დიდ ზიანს იმ ქართულ სამხედრო კოლონებს, რომლებიც ცხინვალისაკენ მიემართებოდნენ.
სხვათა შორის, ხუთდღიანი ომისას, გორის თავზე ქართველი მეზენიტეების მიერ მძიმედ დაზიანებულმა "სუ-25"-მა, რომელსაც ორივე ძრავა მწყობრიდან ჰქონდა გამოსული, შეძლო დისლოკაციის ადგილზე, ნაზრანის აეროდრომზე დაბრუნება. ის გორიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მფრინავი უვნებლად გადარჩა. ეს ფაქტი ამ თვითმფრინავის ეფექტურობასა და საიმედოობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
31-ე საავიაციო ქარხანაში 1978 წლიდან 1991 წლამდე 850-მდე "სუ-25" იქნა აწყობილი. საბჭოთა ე.წ. "გადაჯაჭვის პოლიტიკის" წყალობით, დეტალები სხვადასხვა რესპუბლიკაში მზადდებოდა, შემდეგ კი მათი ტრანსპორტირება და აწყობა უკვე თბილისში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს წარმოების ხარჯებს ერთიორად ზრდიდა, მაგრამ რესპუბლიკას წარმოების ავტონომიურობის საშუალებას უსპობდა და იმ შემთხვევაში, თუ ის საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლას განიზრახავდა, საწარმო რეალურად ფუნქციას დაკარგავდა, რადგანაც შესაბამის, წარმოებისათვის აუცილებელ დეტალებს ვერ მიიღებდა.
ასეც მოხდა. 1991 წელს, როდესაც სსრკ დაიშალა, საწარმოს დიდი პრობლემები შეექმნა. რუსეთთან აფხაზეთის კონფლიქტის გამო დაძაბულმა ურთიერთობამ განაპირობა ის, რომ მოსკოვმა საქართველოს ერთგვარი არაოფიციალური სამხედრო ემბარგო დაუწესა. ქარხანა უწინდელი მასშტაბებით მუშაობას ვეღარ ახერხებდა და სხვადასხვა ქვეყნის არმიების შეიარაღებაში არსებული "სუ-25-ის" გარემონტება-მოდერნიზებით ირჩენდა თავს.
აღსანიშნავია, რომ "სუ-25-ის" მოდერნიზების გამოცდილება 31-ე საავიაციო ქარხანას საკმაოდ დიდი აქვს. 1990-იანი წლების მიწურულს, ებრაელ სპეციალისტებთან ერთად, ამ ტიპის მოიერიშეებს საფუძვლიანი მოდერნიზება ჩაუტარდა. მოდელს "სკარპიონი" უწოდეს.
მოგვიანებით, 2005-2006 წლებში, კვლავ ჩატარდა მოდერნიზების ახალი პროგრამა და დღის სინათლე "მიმინომ" იხილა. რუსული ანალოგებისაგან განსხვავებით, ეს მოდერნიზებული "სუ"-ები ერთნაირი წარმატებით მოქმედებენ როგორც დღის, ასევე ღამის პერიოდში და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი. მათი მთავარი პლუსი არის ის, რომ მათ აქვთ ნავიგაციისა და იარაღის გამოყენების თანამედროვე სისტემები, რაც ავიაბომბების მაღალი სიზუსტით გამოყენებას განაპირობებს. მათ შეუძლიათ როგორც საბჭოური, აგრეთვე ნატო-ს წარმოებული საბრძოლო მასალების გამოყენება.
სამხედრო მიმომხილველის, გიორგი ინაურის თქმით, პროექტის განხორციელება ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობას გაზრდის, რადგანაც ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვების მთავარი გარანტი სწორედ ძლიერი საავიაციო მხარდაჭერაა, რაც აგვისტოს ომმაც ნათლად აჩვენა.
"საქართველო იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, რომელსაც საკუთარი ავიამშენებლობა აქვს და შესაბამისად, ამ შანსის არგამოყენება დაუშვებელია. ეს როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის, აგრეთვე მისი ეკონომიკისათვის ძალიან სასარგებლოა. ამიტომაც სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ამ პროექტის განხორციელებას ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება დროში უსაშველოდ გაიწელოს. აქ ჩადებული ინვესტიცია ქვეყანას დიდ შემოსავალს მოუტანს.
"მსგავსი საფრენი აპარატი დასავლურ ანალოგთან შედარებით, როგორიც მხოლოდ ამერიკული "ა-10" არის, ბევრად იაფი ეღირება, რაც მასზე მოთხოვნას გაზრდის", - თქვა ინაურმა "მთელ კვირასთან" საუბრისას.