თამაზ აქუბარდია
ათასჯერ, - არა, - ათი ათასჯერ დაგვისვავმს თითოეულ ჩვენგანს კითხვა საკუთარი თავისთვის, - ვინ არის ის "მე", რომელსაც მე ამ წუთას ველაპარაკები? ის "მე" სხვა "მე"-ა, რომელიც იმ ხორციელ სხეულთან ერთად, რომელიც იმ სხვა "მე"-სთან ერთად, ერთ მთლიანს ქმნის და, რომელსაც პიროვნება ეწოდება (ამიტომაც, უფრო მეტი, ვიდრე ინდივიდი), თუ ის "მე"-ც "მე" ვარ და ეს ორივე "მე", რომელიც თავისი ფორმით არამატერიალური სუბსტანციაა, გეომეტრიულად თავის ტვინშია მოთავსებული და, შეუძლია ის მატერიალური სუბსტანცია "განაგოს", რომელსაც სხეული ეწოდება და მას გარს შემოწყობია?
რამდენადაც ჩემი "მე"-ს ტერიტორიული ადგილ-სამყოფელი თავის ტვინია და იქიდან ხდება მთელს ორგანიზმში მიმდინარე პროცესების მართვა (ცხადია ზურგის ტვინთან ერთად), ამიტომ იგი განსაკუთრებულ პირობებშია მოთავსებული რაიმე ხასიათის დაზიანებისაგან (მექანიკური ხასიათით დაწყებული და თერმულით დამთავრებული) მის დასაცავად, რისთვისაც იგი, მაგრამ არა "მე"(?), ძალიან სქელ გარსშია გახვეული და მთლიანად ცხიმით არის ამოვსებული და ამ ცხიმში ჩამხრჩვალი ტვინის ფუნქციონირების შედეგი ვარ "მე", როგორც ხორცისა და სულის ერთიანობა, ის ინდივიდი, რომლის ადამიანთა საზოგადოებაში იდენტიფიცირება ხდება სახელით და გვარით (მამის სახელი და ეროვნება, რატომღაც (?) ამოგვიგდეს) პირადობის მოწმობაში და იმ პირადი ნომრით, რომელიც მთელი სიცოცხლე მიწებებული გვაქვს, როგორც ჩვენი იდენტობის ციფრობრივი დამღა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ჩემს "მე"-სთან.
როგორც ჩემთვის ერთობ საპატივცემულო მეცნიერმა ჰისტოლოგმა ბრძანა, მეცნიერებისათვის დღესაც უცნობია, თუ რატომ არის ჩვენი ტვინი მთლიანად ცხიმით ამოვსებულ ამ სქელ გარსში მოთავსებული.
მეცნიერებისადმი ჩემი უღრმესი პატივისცემის მიუხედავად (იგივეს, ცხადია მეცნიერთა უდიდეს უმრავლესობაზე ნამდვილად ვერ გავიმეორებ, რადგან მომენტალურად თვალწინ წარმომიდგება ერთი საკმაოდ ცნობადი ქართველი მეცნიერის სიტყვები, რომელიც მიყვებოდა, მასთან თითქოსდა საქმეზე მოსული ეს ინტელექტუალური გვამები, თუ როგორი რუდუნებით უთხრიდნენ ერთმანეთს სამარეს, თუმცა დანამდვილებით ვერც იმაზე დავდებ თავს, რომ თავადაც ასე არასოდეს არ მოქცეულა), მაინც გავბედავ და ვიტყვი, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ ისიც უნდა იყოს, რომ ცხიმი სითბოს ძალიან ცუდი გამტარია და რამდენადაც ტვინის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის მუდმივი ტემპერატურული რეჟიმია აუცილებელი, სწორედ ამას უზრუნველყოფს ცხიმის ეს მასა, ისევე, როგორც თავზე არსებული თმის საფარი, რომელიც ჩვენს ტვინს გადახურებისაგან იცავს, საჭიროების შემთხვევაში თავის ქალის გარშემო ოფლის გამოყოფის შედეგად, აორთქლების პროცესების ხელშეწყობით, და შედეგად, - ტვინის გაგრილებით.
ამ დასკვნით, გარდა იმისა, რომ ჩემი მეცნიერული ერუდიცია წარმოვაჩინე ადამიანური აზროვნების ჩემთვის ნაკლებად ცნობილ სფეროში, ისიც უნდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როგორც ჩანს, არსთა განმგებელს ყველაფერი წვრილმანებამდე აქვს გათვლილი.
ერთის მხრივ, ჩემს "მე"-ს, ანუ, იმ "მე"-ს, რომელსაც საერთოდ წრმოდგენა არა აქვს, თუ რა ხდება მის სამფლობელოში, ანუ ტვინის მუშაობის, უფრო სწორად, მისი ფუნქციონირების არც ანატომიაში, არც ფიზიოლოგიაში, არც ბიოლოგიაში, არც იქ მიმდინარე ბიო-ქიმიურ პროცესებზე, არც ელექტრო-მაგნიტურ ველებზე, რომლის მეშვეობითაც ნერვული უჯრედებით ხდება იმპულსების გადაცემა დიუ-ბუა რაიმონის კანონის შესაბამისად და ორგანიზმის, როგორც ერთიანი მთლიანის ფუნქციონირება, და, მითუმეტეს, წარმოდგენა არა აქვს, იქ მიმდინარე პროცესების მექანიზმებზე.
ეს ტვინის ის ფუნქციებია, რომლის არსში ჩემი "მე" ვერ ერკვევა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ, არც აინტერესებს, პირიქით, ძალიანაც აინტერესებს, მაგრამ მთელი კაცობრიობის უჭკვიანესი ტვინების "მე"-ები, საუკუნოვანი ძალისხმევის მიუხედავად, ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან საბოლოო შედეგებისგან და, თუ უიმედობა არა, ერთგვარი ნიჰილიზმი მაინც უნდა გამოსჭვიოდეს იმ დასკვნებიდან, რომელიც ამ ტიტანური შრომის შედეგად მეცნიერების მიერ იქნა მიღებული. დასკვნები კი ძალზე დამაფიქრებელია, - ან ეს "მე", როგორც სულიერი "მე"-სა და ხორციელის ერთიანობა, თავისთავად, მხოლოდ და მხოლოდ ევოლუციის გზით შეიქმნა, რითაც მთელი პასუხისმგებლობა ჩარლზ დარვინის სახეობათა წარმოშობის მეცნიერულ თეორიას გადაულოცა, ან კიდევ უფრო ადვილი გზა, - ეს ყველაფერი ღმერთის ნება-სურვილის შედეგია.
პირველი შეხედულების მომხრეების სასარგებლოდ, მეცნიერულ დებულებებზე დაფუძნებული ერთი თეორიული კონცეფცია მეც გამაჩნია, რომელიც, ჩემი აზრით, მართლაც რევოლუციურია, როგორც დასკვნების სითამამით, ასევე პრობლემის გადაჭრის, მხოლოდ მათემატიკოსისათვის დამახასიათებელი, ლაკონიურობით.
აი, ეს თეორიაც, რომელიც სულ ორი პოსტულატისაგან შედგება და რომლებიც ცალკ-ცალკე საუკუნეების წინ იყო ცნობილი (განსაკუთრებით პირველი), მაგრამ მათი ერთიან მთლიანობაში განხილვა, მთელი პასუხისმგებლობით უნდა ითქვას, მთლიანად თქვენი მონა-მორჩილის დამსახურებაა. აი ეს პოსტულატებიც:
პოსტულატი 1. სამყაროში მიმდინარე პროცესების არეალი უსასრულოა დროსა და სივრცეში;
პოსტულატი 2. თუ სამყაროში მიმდინარე შესაძლო მოვლენების არეალი უსასრულოა (იხ. პოსტულატი 1.), მაშინ, ნებისმიერი ხდომილება, რომლის მოხდენის ალბათობაც არსებობს, აუცილებლად მოხდება.
აი, ამ ორი პოსტულატით (რომელთაგან პირველი სიცოცხლის არსებობის (როგორც მატერიის ორგანიზაციის განსაკუთრებული, მაგრამ მაინც ერთ-ერთ ფორმის) აუცილებელ პირობას წარმოადგენს, ხოლო მეორე პოსტულატი, - მისი არსებობის საკმარის პირობას), სრულიად ნათლად აიხსნება, როგორც სამყაროს არსებობის, ისე მატერიის ორგანიზაციის ისეთი განსაკუთრებული ფორმის არსებობა, როგორიცაა - სიცოცხლე.
მართლაც, სამყარო დროსა და სივრცეში უსასრულოა და, რადგან ეს ასეა, ნებისმიერ ხდომილებას არსებობის შანსი აქვს. საკმაოდ გავრცელებულ ჰიპოთეტიურ მაგალითს მოვიყვან. თეორიული შანსი იმისა, რომ მაიმუნების ჯოგმა შექსპირის ყველა სონეტი (თუ არ ვცდები 156 სონეტი, თითოეული 14 პწკარედით) დაბეჭდოს, არსებობს და ამდენად, საკმარისად დიდი დროის და მაიმუნების ჯოგის უსასრულოდ განფენილობის შემთხვევაში, ერთ მშვენიერ დღეს ეს შესაძლებელია მოხდეს (ცხადია, აქ მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაა).
ზუსტად ასევე, თუ წარმოვიდგენთ წარმოუდგენელს და გავიაზრებთ პლანეტების უსასრულო რაოდენობას რაც გალაქტიკაში არსებობს და იმ ექსპერიმენტის რეალიზებისათვის საჭირო პრაქტიკულად ულიმიტო დროს (განსხვავებით ჩვენი მისაღები გამოცდებისგან, თითქოს მეხანძრეებს ამზადებდნენ და ას საკითხზე ორ საათს გამოყოფენ), რაც ცოცხალი ორგანიზმების გაჩენისათვის საჭირო წინაპირობებს სჭირდება, ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს.
მაგრამ, მეორეს მხრივ, ის "მე", რომელიც ამას ყველაფერს ხედავს და აფიქსირებს და, ამავდროულად, საერთოდ წარმოდგენა არა აქვს იმ ფიზიკურ არეალზე, რომელშიაც იგი მოთავსებულია, რა პროცესები მიმდინარეობს, რას შვრება ამ დროს? რა არის მისი დანიშნულება იმ "მე"-სგან განსხვავებით, რომელიც იმ ფიზიკო-ქიმიურ პროცესებს, რომელიც ჩვენში ხდება, მართავს და ამ დროს წარმოდგენა არა აქვს, რა და როგორ ხდება?
ალბათ, მაინც უნდა დავუშვათ, რომ თითოეულ ჩვენგანს ორი "მე" გვაქვს. ერთი "მე", რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს და წარმართავს სრულიად გაუცნობიერებლად იმ პროცესებს, რომელიც ჩვენში მიმდინარეობს და მეორე, ის "მე", რომელმაც ეს ყველაფერი მხოლოდ აპოსტერიორულად იცის და არა აპრიორულად, თუმცა რაღაც-რაღაცებს ინტუიციურადაც ხვდება და ცდილობს ეს ყველაფერი გაითავისოს, შეისწავლოს და ახსნას.
ჩემს "მე"-ს, ანუ იმ "მე"-ს, რომელიც მე ვარ, ანუ გაცნობიერებული "მე" ვარ, წარმოდგენა არა აქვს, თუ რა ხდება მის სამფლობელოშო, რა პროცესები მიმდინარეობს, უფრო მეტიც, საერთოდ ვერ ხვდება, ვერ აღიქვამს იქ მიმდინარე პროცესებს. ამიტომ არ მესმის, აი ის "მე", რომელიც ამას ყველაფერს ამბობს, ხვდება და აფიქსირებს, აი ის "მე" რას შვრება ამ დროს? რისი მაქნისია, ან საერთოდ რა საჭიროა? რაშია მისი დანიშნულება?
სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ თუმცა ეს "მე" ვერ აკონტროლებს სხეულში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ, მას შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს მასზე, ზემოქმედების იმ უკიდურესი ფორმით, რომელიც სუიციდის სახით არის ცნობილი.
ეს მართლაც რომ გასაოცარი მოვლენაა, - როცა სისტემას, ორგანიზაციის ამ უმაღლეს ფორმას, შეუძლია თვითლიკვიდაცია და არაორგანიზებულ მასად გადაქცევა. რომ დაუკვირდეს ადამიანი გასაოცარი და სულისშემძვრელი თვისებაა და მაინც, უფრო გასაოცარი, - სისტემას უნარი აქვს თავისი თავი, ანუ საკუთარი "მე" გაანადგუროს და ეს პროცესი შეუქცევადია, რაც ამ "მეს"-სთვის წინასწარ არის ცნობილი. გაოცებას ვერ ვმალავ!
ცხადია, სხეულსაც შეუძლია ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინოს ამ "მე"-ზე, რაც ასევე შეიძლება გახდეს მისი, ანუ სისტემის კვდომის მიზეზი, ოღონდ, პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, ეს გარე ფაქტორების ზემოქმედების მიზეზია და არა მიზანმიმართული ქმედება. მაგრამ ეს გავლენა სულ სხვა ხასიათისაა, - ვთქვათ, ჭრილობა, ავადმყოფობა და ა.შ.
მაგრამ გაუგებარია, ამ "მე"-ს რაში სჭირდება სხეული? სხეულს რაში სჭირდება ჩემი "მე", უფრო სწორად, ჩემი "მე"-ს არა ის ნაწილი, რომელიც ორგანიზმის ცხოველმოქმედების პროცესებს წარმართავს და არეგულირებს, ეს გასაგებია, მაგრამ ჩემს "მე"-ს ის ნაწილი, რომელიც ამ პროცესებში არ მონაწილეობს? ან ამ "მე"-ს რაში სჭირდება სხეული. რატომ უნდა იყოს ჩემი "მე"-ს ის ნაწილი, რომელიც არამატერიალური სუბსტანციაა, და რომელსაც ადამიანები სულს ეძახიან, მთელი სიცოცხლე (აქ მხედველობაში ცხადია სხეულის სიცოცხლე იგულისხმება) გამომწყვდეული ამ სხეულში?
რაში მჭირდება "მე" სხეული? იმ "მე"-ს, რომელიც იმისთვის კი არ არის, იმ მეორე "მე"-სგან განსხვავებით, რომლის დანიშნულებაა საკვები მოიპოვოს, რათა სხეული შეინარჩუნოს, სითბო და ჭერი მოიპოვოს, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს, არა ის "მე", რომელიც აბრაჰამ მასლოუს მიერ შემუშავებულ ადამიანის მოთხოვნათა იერარქიულ თეორიულ მოდელში, პირველ ორ საფეხურს შეესაბამება, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თავი შეიცნოს და, რაც ყველაზე მთავარი და არსებითია, სხეულის მარწუხებიდან განთავისუფლდეს და უსასრულობაში მარადისობას ეზიაროს!
მერე კიდევ, ის უდიდესი აქტი, რომელიც ადამიანის რეპროდუქციას ეხება. ჩემი "მე" ამ დროს სრულიად უმართავი ხდება; ვნების გახელება ჩემს "მე"-ს სრულიად უმორჩილებს პირველყოფილ ინსტინქტებს და ჩემი ორივე "მე", ჩემს სხეულთან ერთად, გადადის იმ უმაღლესი ნეტარების მდგომარეობაში, რომელსაც მსგავსის დაბადებისათვის საჭირო აქტის განხორციელება ჰქვია.
როგორი ბრძნული ჩანაფიქრია, ამასთანავე როგორი სატყუარაა! რამ მოაფიქრებინა (ვის?), რისი ძალითაც ეს აქტი ადამიანისათვის პრაქტიკულად უმართავი გახადა და როგორ გააბრიყვა კაცთა მოდგმა, რომ ეს აქტი სიამოვნების გამოულეველ წყაროდ აქცია, რითაც პრაქტიკულად უზრუნველყო ადამის მოდგმის შენარჩუნების, მისი ნებისგან დამოუკიდებლად მართული პროცესი.
როგორი ბრძენია ბუნება, რომ ეს აქტი უმართავი გახადა, რადგან იცოდა, რომ კაცობრიობის უდიდესი ნაწილისათვის იგი უცილობლად უმაღლესი სიამოვნების წყაროდ გადაიქცეოდა, რითაც, მართალია, ამ აქტის სიდიადე და უმთავრესი დანიშნულება, გარეგნულად, ლაფში ამოსვრილ სხეულს დაემსგავსა, მაგრამ ამით ერთხელ კიდევ მკაფიოდ გვიჩვენა, რომ სულის სიდიადეს ხშირად სულის სიმდაბლე ახლავს თან და, ამ დროს, როგორ არ უნდა გაგახსენდეს ნიკოლო მაკიაველის რამდენადმე ცინიკური შეგონება, - მიზანი ამართლებს საშუალებას. ბუნებაც კადრულობს ხანდახან ასეთ მაკიაველიზმს!
ზებუნებრივი საიდუმლეობის ნეტარების ბურუსში ამოვლებული უდიდესი აქტი, ადამიანებმა სულიერების განუყოფელ ნაწილად აქციეს და ხორციელი სიყვარულის აპოფეოზად გადააქციეს. და, იმისდა მიუხედავად, რომ ეს უდიდესი აქტი ადამიანებმა უმოწყალოდ გასვარეს, სიბილწის სამოსელში გაახვიეს, ზნეობრივი და სულიერი გახრწნილების აპოფეოზად აქციეს, იგი მაინც უმაღლესი, უმანკო და შეუბღალავი აქტია, რომელიც ადამიანთა უდიდესმა წარმომადგენლებმა უმაღლესი ესთეტიკური კატეგორიის რანგში აიყვანეს და მას სიყვარული უწოდეს, რომლის შედეგი იმდენადვე გამაოგნებელია, რამდენადაც ამაღელვებელი, - ახალი სიცოცხლის დაბადება, - სხეულის სულზე გამარჯვების გასაოცარი და უიშვიათესი მაგალითი.
და მაინც, რაში სჭირდება "მე"-ს სხეული და პირიქით? რატომ არ შეიძლება მათი ცალ-ცალკე არსებობა? ალბათ შეიძლება, მაგრამ ეს სიცოცხლე არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ არსებობა.
სულის სხეულთან ერთიანობა იძლევა იმ უდიდეს ესთეტიურ საწყისს, რასაც სიყვარული ჰქვია, რასაც სილამაზე ჰქვია. არსებობს ულამაზესი სული, რომელიც ისე შეგიყვარდება, როგორც მატერიალური, ხელშესახები სახით და არსებობს ულამაზესი სხეული, ზეციური სრულქმნილება, რომელიც ე.წ. "სტენდალის სინდრომის" მსგავს ეფექტს ახდენს, მაგრამ როდესაც სულისა და სხეულის ერთიანობა ულამაზეს ესთეტიურ კატეგორიაში გადადის, ეს უკვე ღმერთთა სადარი გრძნობაა, ეს უკვე სრულქმნილების აპოფეოზია.
რით განსხვავდება ჩემი "მე" სხვისი "მე"-სგან? რატომ ცდილობს თითოეული ჩვენგანის "მე", აქ, დედამიწაზე მოიწყოს სამოთხე,- მიწიერი სამოთხე, რომლის არსი ძირითადად სიამოვნების და მისი უკიდურესი ფორმის, - ნეტარების მიღებისკენ სწრაფვაა. აქ, როგორც ხორციელი სიამოვნება, ასევე სულიერი სიამოვნება იგულისხმება და ეს გახლავთ თითოეული ჩვენგანის "მე"-ს უმთავრესი საზრუნავი. მაგრამ რა არის სიამოვნება, ეს უმნიშვნელოვანესი ესთეტიკურიკატეგორია.
მართალია, ოსკარ უაილდი ამ გრძნობას, ცინიზმამდე მისული უბრალოებით განმარტავდა, - სიყვარული, ეს არის განცდილი სიამოვნებისათვის მადლობის გრძნობა, სადაც, არაპირდაპირ, სიამოვნება სიყვარულთან არის გაიგივებული, ხოლო ბუნებამ ეს გრძნობა, - სიამოვნება, როგორც გამრავლების აქტისას მიღებული ნეტარება, ადამიანისგან უმართავი გახადა, მაგრამ გაუგებარია აქ "მე"-ს არსებობის აუცილებლობა.
ვირუსები, ბაქტერიები (შესაძლოა მცენარეებიც(!)), ამ "მე"-ს გარეშეც მშვენივრად არსებობენ და უფრო მეტიც, პრაქტიკულად ქვეყნიერებას განაგებენ იმ გაგებით, რომ ყოველწლიურად, მითიური ცხრათავიანი დევივით, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე მიაქვთ და, თან ამას ისე უჩუმრად აკეთებდნენ, რომ სულ უკანასკნელ პერიოდამდე მათი არსებობის შესახებ კაცობრიობისათვის უცნობი იყო და დღესაც მათი გასაოცარი მეტამორფოზა, რომელსაც მეცნიერები მუტაციას ეძახიან, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ამის შემდეგ ადამიანებმა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ათასწლეულების მანძილზე წარმატებით აპრობირებული მეთოდი გამოიყენეს, - მათ საკუთარი მოძმენი დაუპირისპირეს, ლუი პასტერის მიერ აღმოჩენილი გენიალური მეთოდის მეოხებით, რომელსაც, როგორც ირკვევა, აფრიკელი ტომები რამდენიმე ასეული წლის წინათაც წარმატებით იყენებდნენ, რაც, ცხადია, პასტერის აღმოჩენის მნიშვნელობას ოდნავადაც არ ამცირებს.
აქაც ხომ არ არის კარგად გააზრებული ფარული ზრახვა არსთა განმგებლისაგან ჩადებული, - ამით უზრუნველყოს კაცთა მოდგმის არსებობა იმ უმთავრესი მიზნის მისაღწევად, რაც სულის სხეულისგან გამოყოფის შესაძლებლობას ისახავს მიზნად.
ამ მიზნის მისაღწევად კაცთა მოდგმის საუკეთესო ტვინები ჯერ სხეულის უკვდავების რეალიზაციაზე მუშაობენ. თეორიულად, ეს ამოცანა გადაჭრადია. საქმე იმაშია, რომ თითოეული უჯრედი სიცოცხლის მანძილზე 25-ჯერ ახდენს გაყოფას.
მეცნიერები უკვე ძალიან ახლოს არიან იმასთან, რომ უჯრედმა შეძლოს 50-ჯერ გაყოფა, რაც ავტომატურად ნიშნავს სიცოცხლის ორჯერ გახანგრძლივებას. თუ ეს პრობლემა გადაწყდა, იგივე მეთოდით (ან გნებავთ რაიმე სხვა გზით) შესაძლებელი იქნება მისი კიდევ ორჯერ გაზრდა, და ა.შ.
ამგვარად, შესაძლებელია სიცოცხლის ხანგრძლივობის პრაქტიკულად ნებისმიერ სასრულო სიდიდემდე გაზრდა. გარდა ამისა, ორგანიზმის დაბერების მექანიზმიც ახსნილია. საქმე იმაშია, რომ დნკ (დეზოქსირიბო ნუკლეინის მჟავა) ყოველი ახალი უჯრედის ასლის "გადაღებისას" ცოტათი უფრო მოკლეა, ვიდრე წინა, რაც, საბოლოოდ ორგანიზმის დაბერებას იწვევს. ამ მექანიზმის ამოხსნის შემდეგ საჭიროა ტექნიკური ამოცანის გადაჭრა, რომ ამინომჟავების (ამ ჩვენი სხეულის სამშენებლო მასალის ძირითადი ელემენტის) მწკრივის ყოველი მოლეკულის "ასლი" იგივე სიდიდის იყოს, რა სიდიდისაც მატრიცაა და, ამის შემდეგ, სიჭაბუკის მარადიულობის საკითხიც გადაჭრილი იქნება.
მაგრამ ეს მიზანი, ადამიანის ხელით გაკეთებული საბოლოო მიზნის ის ნაწილია, რომელსაც არსთა განმგებელი ჩვენი "მე"-ს დახმარებით აკეთებს. მაგრამ ვეჭვობ, რომ საბოლოო მიზანი უფრო გრანდიოზულია, უფრო ამაღლებულია, - სულმა უნდა დატოვოს სხეული. სულმა უნდა გაანგრიოს ის საპყრობილე, რომელსაც სხეული ჰქვია. ეს არის საბოლოო მიზანი, აქეთ მივყევართ არსთა განმგებელს.
მაგრამ რატომ და როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი?
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელია. "მე" არის არსება და შეიძლება დაისვას მასთან მიმართებაში კითხვა ვინ, თუ იგი მაინც სუბსტანციაა, ერთგვარი კომპიუტერი, რომელშიც უსულო პროგრამაა ჩაწერილი და ამ პროგრამის ფარგლებში მოქმედებს?
"მე", ეს სხეულში გამომწყვდეული უკვდავებაა, რომლის ფერმკრთალი ანალოგია ჯეკ ლონდონის ნაკლებად ცნობილი რომანის " პლანეტათაშორის მოხეტიალის" მთავარი გმირია, რომელსაც შეუძლია თავის ხილვებში სხეული დატოვოს და იფრინოს პლანეტებს შორის, მაშინ როდესაც იგი თავის სხეულთან ერთად პატიმრობაში იმყოფება.
კიდევ ერთი რიტორიკული კითხვა, - "მე"- ს შეუძლია თუ არა დატოვოს ერთი სხეული და გადავიდეს სხვა სხეულში, ანუ რეინკარნაციის შესაძლებლობა გააჩნია თუ არა? თუ, ის "მე" მხოლოდ თავის სხეულზეა მიბმული და მის გარეშე არსებობა არ შეუძლია?
თუ ეს შესაძლებელია, ანუ ერთი სხეულიდან მეორეში "მე"-ს გადასვლა, მაშინ ის ნეირონული კავშირები, რაც ერთი ადამიანის ტვინშია, თავისი უნიკალური ინდივიდუალობით, შესაძლებელია გადმოვწეროთ დისკზე, რომელსაც უზარმაზარი გიგაბაიტების ტოლი მეხსიერება გააჩნია და გადავწეროთ მეორე ადამიანის ტვინში, რომელშიც წინასწარ იქნება ყველაფერი წაშლილი და რა მოხდება? ჩემი "მე" გადასახლდა სხვა სხეულში? თუ ეს ასეა, მაშინ სულის უკვდავება ცარიელი სიტყვები არ ყოფილა.
მაგრამ ხომ შეიძლება ამ დისკზე ჩაწერილი ჩემი "მე" სხვა სხეულის ტვინში კი არ გადავწერო, არამედ შინაარსით მატერიალური, მაგრამ ფორმით უჩინარი სახე მივცე, თუნდაც ელემენტარული ნაწილაკის,- ატომის,- დონემდე დაყვანილი, ჩაწერილი ინფორმაცია და უმცირესი ენერგიის წყალობით, რომელიც კოსმოსში ელექტრო-მაგნიტური რხევების სახით თავზესაყრელად არსებობს, თავისი ორგანიზაციული ფორმის შენარჩუნების საშუალება მიეცეს და, საჭიროების შემთხვევაში თავად მოახდინოს იმ სხეულის რეგენერაცია, რომელიც მას ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად დასჭირდება და ეს ფორმა სულაც არ არის საჭირო, მაინცდამაინც ადამიანური ფორმის იყოს. შემდეგ, როდესაც ამ სხეულის საჭიროება აღარ იქნება, ისევ დატოვოს სხეული და თავისი ორგანიზაციული სული, ანუ "მე" იქეთ მიმართოს საითაც დასჭირდება.
ასე გადაიქცევა ადამიანი ზეკაცად, ანუ იმად, რასაც ზარატუსტრა ამბობდა! არსთა განმგებლის საბოლოო მიზანს ადამიანის შენარჩუნება სწადია. ამისათვის მან უნდა შეძლოს მისი სულის სხეულისგან გამოყოფის შესაძლებლობა, რაც მეცნიერულად დასაბუთებული და ტექნიკურად მიღწევადია. ამით ადამიანს შესაძლებლობა ექმნება დატოვოს დედამიწა და სხვა პლანეტებზე გავიდეს და იქ მისცეს დასაბამი ახალ ცხოვრებას. ეს არის შანსი კაცთა მოდგმის გადარჩენისა, რომელიც ღმერთმა, ჩვენდამი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო, ჩვენ მოგვცა.