მოსაზრება
21.08.2015

ნელი ვერულავა

ცენტრი ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვა" დირექტორი; "ინოვერ ისტის" კოორდინატორი საქართველოში

წინამდებარე სტატიის მიზანია, ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ევროკავშირის ახალი უნიკალური პროექტის "ინოვერ-ისტი"-ს (შტტწმუკ-უფთე) შესახებ, რომლის დევიზია: ავაშენოთ უფრო ეფექტური სავალი გზები კვლევებსა და ინოვაციებს, მკვლევარებსა და ბიზნესმენებს, ევროგაერთიანებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შერჩეულ ხუთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი და უკრაინა) შორის ინოვაციური ეკოსისტემების ფორმირებით, მეცნიერული ცოდნისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ბიზნესთან კავშირით, ენერგოეფქტურობაზე და განახლებადი ენერგიების გამოყენებაზე ყურადღების გამახვილებით, ინვესტიციების მოზიდვით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტის სამიზნო სფეროა - მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის წარმატებული განვითარება სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოსათვის, რადგან ეკონომიკის სწორედ ეს სეგმენტი ქმნის ქვეყნის ძალისა და განვითარების საფუძველს. ამგვარად, პროექტი მოწოდებულია ქვეყანას დაეხმაროს ეკონომიკის ყველა სფეროში ახლებური, ინოვაციური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში, თუ როგორ გაიდოს ხიდები კვლევებს, ინოვაციებსა და ბიზნესს შორის. რომ გაუმჯობესდეს ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და ცოდნის გადაცემა აკადემიური დონიდან ინდუსტრიისა და ბაზრისათვის ენერგოეფექტურობაზე ფოკუსირებით, რათა წარმოებული პროდუქცია თუ სერვისი კონკურენტუნარიანი გახდეს და ხელი შეეწყოს საქართველოს გასვლას მსოფლიო ეკონომიკურ ბაზარზე, რაც თანამედროვე ეპოქაში მხოლოდ ენერგოეფექტური და ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისება - დანერგვით არის შესაძლებელი.
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ხომ სწორედ ცოდნა და ინოვაცია იყო საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის მამოძრავებელი ძალა. "ინოვერ ისტის" მართვისათვის ევროკავშირის მიერ შექმნილია კონსორციუმი, რომელშიც შედიან ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის წევრი რამოდენიმე ქვეყნის (იტალია, ბელგია, უნგრეთი ლუქსემბურგი, ხორვატია, საბერძნეთი) წარმომადგენლები. საქართველოს კონსორციუმში წარმოადგენს ცენტრი "ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვა", რომელსაც დაევალა საქართველოს შესახებ ე.წ. ეროვნული მოხსენების შემუშავება. ეროვნული მოხსენების საფუძველზე ევროკავშირის მიერ შედგება ქვეყნისათვის დახმარების აღმოჩენის რეალური პროგრამა.
ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიით, მაღალპროფესიონალი ევროპელი ექსპერტების ხელმძღვანალობით, საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკული სექტორების განვითარების ანალიზისადმი მიძღვნილი ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ქართული წყაროების დამუშავებით "ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვის" ცენტრის თანამშრომლების შვიდ თვეზე მეტი ხნის თავაუღებელი შრომის შედეგად შემუშავებულ იქნა ეროვნული მოხსენება ( 74-გვერდიანი ნაშრომი, რომელიც ჯერ ქართულად არც არის თარგმნილი) და წარედგინა ევროკავშირს. თავიდანვე ვიტყვით, რომ საქართველოს მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების და სერვისის მიღება -დანერგვა, ინვესტიციების მოზიდვის გარდა კადრების წინასწარ მომზადებას მოითხოვს და "ინოვერ ისტი" ითვალისწინებს დახმარებას ორი მიმართულებით, როგორც მკვლევარების, ისე ბიზნესის სექტორისადმი. საქართველოს სჭირდება როგორც კარგი მკვლევარი, ისე წარმატებული ბიზნესმენი. ჩვენ ქვემოთ წარმოგიდგენთ ეროვნული მოხსენებიდან რამდენიმე ბარიერის მოკლე აღწერას, (საერთაშორისო ექსპერტების ანალიზზე დაფუძნებით): რომლებიც ხელს შეუშლიან საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას.
ინოვაციების ინდექსი. სხვადასხვა ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით საქართველო, სამწუხაროდ, მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ინოვაციების სხვადასხვა ინდექსის მიხედვით. ასე მაგალითად, 148 ქვეყნიდან შემდეგი ადგილები უკავია საქართველოს: ინოვაციების ათვისება-დანერგვის წარმადობით - 118-ე; ქვეყნის კომპანიების მიერ კვლევებსა და განვითარებისათვის დახარჯული სახსრებით - 128-ე; უახლესი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობით მე-100; საწარმოების მიერ ახალი - ინოვაციური ტექნოლოგიების აბსორბციის (ათვისების) უნარის მიხევით - 117-ე.
ზემოთმოყვანილი არც თუ სახარბიელო ციფრები მიუთითებენ თუ როგორ აქტუალურია საქართველოსათვის ევროკავშირის ჩანაფიქრი - დაეხმაროს ქვეყანას ინოვაციური სისტემების განვითარებაში "ინოვერ ისტის" პროექტის საშუალებით. აქვე ვიტყვით ერთ დამაიმედებელ ფაქტორზე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრატეგიულ-ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტში "საქართველო, 2020", ნათქვამია: მთავრობა დიდად არის დაინტერესებული ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებით და ყოველმხრივ შეუწყობს ხელს, ცოდნის გადაცემას და ქართული მცირე და საშუალო კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მათ ორიენტაციას მაღალი ტექნოლოგიების საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე.
ინოვაციის აბსორბციის - შეთვისების უნარი - საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს განვითარების შესწავლისადმი მიძღვნილ მსოფლიო ბანკის 2013 წლის ანალიტიკურ პუბლიკაციაში, კერძოდ, განათლების სფეროს გაანალიზებისას, ნათქვამია, რომ საქართველო დღეს ავლენს დაბალ უნარს აღიქვას სიახლეები და ახალი ცოდნა. ზოგადი ხარჯები განათლებაზესაქართველოში შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს. საერთაშორისო სტუდენტური შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, აღნიშნული პუბლიკაცია გვამცნობს, რომ საქართველოში სტუდენტების უმრავლესობა ავლენს საშუალოზე დაბალ დონეს კითხვის, მათემატიკის თუ ზოგადად საბუნაბისმეტყველო მეცნირებებში. 15 წლის ქართველი ახალგაზრდების 60%-ზე მეტი დაახლოებით 3 წლით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს დასავლეთის ქვეყნებიდან.
აქ ერთი კარგ მაგალითს მოვიყვანთ: საქართველოს კავკასიის უნივერსიტეტში, (რექტორი ბ-ნი კ.შენგელია) სასწავლო პროცესები დაფუძნებულია კვლევით სამუშაოებზე, რათა გაიზარდონ კონკურენტუნარიანი ბიზნესპროფესიონალები, ღრმა თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარჩვევებით. ასეთი მიდგომა ფართოდ უნდა დაინერგოს ქვეყანაში, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის.
ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და კანონმდებლობის არარსებობა - საქართველოში არ არსებობს ენერგოეფექტურობის პოლიტიკა, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების კანონი. საქართველოს მთავრობის სწორი ენერგეტიკული პოლიტიკით და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი თანადგომით ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით, ჰიდროენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, საქართველოში მიღწეულია მეტად პოზიტიური შედეგები. მაგრამ ენერგიის მოხმარების სფერო ქვეყანაში სრულიად ყურადღების მიღმაა დარჩენილი. დაუშვებელია, რომ საქართველოში, რომელიც 100%-ით იმპორტირებულ ბუნებრივ აირსა და ნავთობპროდუქტებს მოიხმარს და მათი წილი ქვეყნის ენერგობალანსში 65%-ს აღემატება, არ არსებობს ენერგოეფექტურობის პოლიტიკა. საქართველო მოიხმარს ექვსჯერ ნაკლებ ენერგიას ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე, მაგალითად, ნორვეგია თუ ფინეთი, თუმცა საქართველო იყენებს 4,5-ჯერ მეტ ენერგიას მშპ-ს ერთეულის წარმოებისათვის, ვიდრე ეს ქვეყნები. ასეთი მაღალი ენერგოტევადობის პირობებში საქართველოში წარმოებული პროდუქცია თუ სერვისი ვერასდროს გახდება კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე. განსაკუთრებით ენერგომფლანგველურია საქართველოში შენობათა სექტორი. შენობები მოიხმარს ქვეყანაში შემოტანილი ენერგორესურსების ნახევარზე მეტს. საქართველოში კი არ არსებობს სამშენებლო კოდექსი, შენობის ენერგოდამზოგველობის მოთხოვნით, რაც მძიმე ტვირთია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის, თითოეული ოჯახის ბიუჯეტისათვის.
აქ გვინდა სპეციალურად მივუთითოთ ენერგოეფექტურობის შესანიშნავ ინიციატივაზე, რომელიც თბილისის ერთ-ერთ წამყვან, ულტრათანამედროვე მაღალი ტექნოლოგიით აღჭურვილ ახალ (2011 წლიდან) სამედიცინო დაწესებულებაში - შპს "ნიუ ჰოსპიტალსში" (ხელმძღვანელი ბ-ნი ნ.ოქრიაშვილი) განხორციელდა: ენერგოდამზოგველობის თვალსაზრისით დღეისათვის საქართველოში უნიკალური ნაგებობის მშენებლობის პერიოდში საავადმყოფოს შენობის ფასადი (13,000 მ2) და სახურავი დაფარული იქნა მაღალი ხარისხის თბოსაიზოლაციო მასალით, მოხდა ენერგოეფექტური ფანჯრების დამონტაჟება. ამ ღონისძიებებით საავადმყოფომ უზრუნველყო შენობაში მაღალი სანიტარიულ-ჰიგიენური მიკროკლიმატის დაცვა და იმავდროულად ენერგიის დაზოგვა. უკვე მეხუთე წელია რაც "ნიუ ჰოსპიტალსი" 70-72%-ით ნაკლებ თბურ ენერგიას (იმპორტირებულ ბუნებრივ აირს) მოიხმარს და ზოგავს სახსრებს. ასეთი შედეგი რეალური დასტურია იმ მოსაზრებისა, რომ შენობის თბური მოდერნიზაცია არის ინვესტიცია-მომავალში. ეს სასარგებლოა როგორც ორგანიზაციის ეკონომიკური მახასიათებლების გაუმჯებესებისათვის, ასევე მთელი ქვეყნისათვის და გარემომცველი ბუნებისათვის.
მცირე და საშუალო ბიზნესის როლი საქართველოში. გლობალური მასშტაბით, მცირე და საშუალო ბიზნესი ითვლება ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარების, ინოვაციისა და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითად წყაროდ. საქართველოში ამ სექტორის განვითარებისათვის ხელშეწყობა მინიმალურია და იგი რჩება პატარა და განუვითარებელ სექტორად, მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ანგარიშზე მოდის ქვეყანაში დარეგისტრირებული ფირმების თითქმის 94 % და ფორმალური დასაქმების 38%. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს ახასიათებს შრომის ნაყოფიერების დაბალი დონე, მათ აქვთ ცუდი ტექნოლოგიური მზადყოფნა ინოვაციური საქმიანობისათვის, ცუდი ინფრასტრუქტურა და განუვითარებელი ბაზარი. მცირე და საშუალო ბიზნესს არ გააჩნია ხელმისაწვდომობა საბანკო სექტორისადმი. მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული 300 ქართული საწარმოს გამოკითხვის შედეგები უჩვენებს, რომ თითქმის ყველა ფირმა შეიქმნა პირადი დანაზოგების საშუალებით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება კრედიტუნარიანი წარმოება. ფირმას შეუძლია მიმართოს ბანკს სესხისათვის, ამასთან საბანკო სესხები ძალიან ძვირია და ქართული ფირმების მხოლოდ 20%-ს მიუწვდება ხელი. საწარმოებს-ბიზნესს არავითარი კავშირი არა აქვს კვლევით ორგანიზაციებთან, პრაქტიკულად, არ არსებობს მრეწველობა - კვლევითი საქმინობის თანამშრომლობა. ასეთი თანამშრომლობის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. ეფექტურ სამთავრობო პოლიტიკას შეუძლია შექმნას ინსტიტუციური ბაზა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, ბიზნესგარემო ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, მოახდინოს ხელსაყრელი პროგრამების დაფინანსება, ახალი ფინანსური პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარებას, კერძოდ, საქართველომ ფოკუსირება უნდა მოახდინოს კონკურენტუნარიანი ექსპორტის გაზრდაზე - ასკვნის მსოფლიო ბანკის პუბლიკაცია.
და ბოლოს, კიდევ ერთი ქვეყნისათვის სასარგებლო და ალბათ მცირე და საშუალო საწარმოებისათვის განსაკუთრებით საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ისევ "ინოვერ ისტს," - ამ უნიკალურ პროექტს უკავშირდება: საქართველოსათვის განსაკუთრებით სასარგებლო ორი ბიზნეს იდეა - წინადადება ენერგოეფექტურობის სფეროდან (რომელსაც ქვეყანა წარადგენს და "ინოვერ ისტის" კონსორციუმი მოიწონებს), შეიძლება სრულად დაფინანსდეს ევროკავშირის მრავალ მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე პროგრამის "ჰორიზონ 2020"-ის ფარგლებში. ასე რომ, ველოდებით საინტერესო ბიზნეს იდეა/წინადადებებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×