თიკო ოსმანოვა
21.08.2015

 შემოდგომაზე მთავრობაში შესაძლოა მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდეს და რამდენიმე მინისტრს თანამდებობის დატოვება მოუწიოს. კულუარული ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით გასულ შაბათ-კვირას ურეკში ბიძინა ივანიშვილთან "საიდუმლო სერობაც" გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პოსტების დატოვება მოუწევთ.

სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, სამათვრობო ცვლილებები უკვე გადაწყვეტილია.

"საერთოდ, ყოველ თუ არა, ყოველ მეორე შაბათ-კვირას ურეკში, ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, აგარაკზე არაოფიციალური სამთავრობო სხდომა იმართება. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ყოფილ პრემიერს ცალკეული მინისტრები სტუმრობენ და, რბილად რომ ვთქვა, რჩევებს იღებენ.

ერთ-ერთი ასეთი არაოფიციალური სამთავრობო შეკრება წინა შაბათ-კვირას გაიმართა და სწორედ მაშინ მიიღო ივანიშვილმა გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის, საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები უნდა შეიცვალონ. მედიაში ითქვა, რომ წმენდაში თითქოს ფინანსთა მინისტრიც მოყვება, მაგრამ ნოდარ ხადური ჯერ თანამდებობაზე დარჩება," - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენ"-ის წყარო და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალ წლამდე მინისტრთა კაბინეტის თითქმის ორი მესამედზე მეტი შეიცვლება.

"თანამდებობებს მხოლოდ ძალოვანი მინისტრები შეინარჩუნებენ, თუმცა ერთ ცვლილებას ამ კუთხითაც უნდა ველოდოთ - თუ "ემოციურ გაუგებრობაში" მყოფი თამარ ბერუჩაშვილი თანამდებობას მართლა დატოვებს, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ საგარეო უწყება თინა ხიდაშელმა ჩაიბაროს. ერთი-ორჯერ კულუარებში ითქვა, რომ თავდაცვის მინისტრობა ირაკლი სესიაშვილს უნდა, მაგრამ არ მგონია, ეს ხმები გამართლდეს, თუმცა 2016 წლამდე "რესპუბლიკელები" მთავრობაში ბალანსს აუცილებლად შეინარჩუნებენ. უფრო მეტსაც გეტყვით, "კაბელების საქმის" გამო, ივანიშვილი აშკარად ნაწყენია. ამიტომ, უნდა დავუშვათ, რომ დღის წესრიგში მთავარი პროკურორის შეცვლის საკითხი დადგეს. აქაც "პირველი ვიოლინოს" ფუნქციას ისევ "რესპუბლიკელები" შეასრულებენ. ეს პროცესი ხიდაშელმა, პრინციპში, დაიწყო კიდეც - მართალია, ამბობს, კანონით აღვადგინე "კაბელების საქმის" მონაწილეები თანამდებობაზეო, მაგრამ თუ ივანიშვილი ამ თემაზე დაელაპარაკება, ხიდაშელი ეტყვის, მე რას მედავები, პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და საქმე ამიტომაც ჩაფლავდაო. ჰოდა, იმას ვვარაუდობ, რომ თუ მთავარი პროკურორი გაუშვეს, მაშინ "რესპუბლიკელები" იმდენს "იჩალიჩებენ", რომ ამ თანამდებობაზე თავიანთი კადრი მოიყვანონ, მაგალითად, გიგლა აგულაშვილი - მოგეხსენებათ, გარემოს დაცვის მოქმედ მინისტრს პროკურატურის ორგანოებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. თუმცა თუ ამასობაში, სოფლის მეურნეობის მინისტრის სავარძელიც გათავისუფლდა, მაშინ გიგლამ პროკურორობაზე შეიძლება, უარი თქვას და სოფლის მეურნეობაში გადაყვანა მოინდომოს," - აღიშნავს "ჯი-ეიჩ-ენ"-ის წყარო.

ურეკში ყოფილ პრემიერთან "საიდუმლო სერობას" არ დასწრებია ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს შეხვედრა მართლაც შემადგარიყო და, არც იმას გამორიცხავს, რომ უახლოეს ერთ თვეში მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.

"საიდუმლო სერობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შეხვედრა მართლაც შემდგარიყო. კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ზოგადად ვამბობ, რომ სამთავრობო ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია. ეს ნორმალური პროცესია და შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებებზე მათ შორის წულუკიანზე, ბერუჩაშვილზე და დანელიაზე ვერაფერს გეტყვით, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. ცვლილებები შეიძლება მოხდეს, მაგრამ კონკრეტულად ამ პიროვნებებს შეეხება თუ არა, არ ვიცი მე პირადად მათთან პრეტენზიები არ მაქვს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ნიშნიანიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე კი გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.

"არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას მათ შორის ამ შეხვედრის შესახებ. არ მგონია ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. თუმცა ზოგადად სამთავრობო ცვლილებებში ცუდს ვერაფერს ვხედავ," - უთხრა მიროტაძემ "რეზონანსს".

თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამ ეტაპზე თავისი გუნდის გადახალისებას გამორიცხავს.

"არავითარი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან არაფერს ვგეგმავთ ამ ეტაპზე. თუ რამეს გადავწყვეტთ, თქვენ გარეშე არ გავაკეთებთ", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა.

ყოფილი პრემიერის ექსმრჩეველი გია ხუხაშვილი კი ღარიბაშვილს აღმასრულებელ ხელისუფლებაში რადიკალური რეფორმის გატარებას ურჩევს. მისი თქმით, თითო-ოროლა მინისტრის შეცვლით არსებული სამთავრობო კრიზისი ვერ გადაიჭრება.

"ეს ძალიან ჰგავს რაღაც ჭორაობას, მითუმეტეს, როდესაც ოფიციალურად არ დასტურდება. ჩვენ გვაქვს მთლიანად მართველობის კრიზისი და ასეთი საკითხები საინტერესო არ არის. მთლიანად მენეჯმენტის პრობლემაა გადასაჭრელი და ასეთი გადაადგილებები რადიკალურ და სისტემურ ცვლილებებს ვერ მოგვცემს. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის ინფორმაციებით აღარ ვინტერესდები.

"ღარიბაშვილს არ ჰყავს თავისი კადრი, თვითონაა სხვისი კადრი. ასე რომ, მის კადრებზე საუბარი, არასერიოზულია. ღარიბაშვილი თვითონ არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა და ახლა მისი კადრები რატომ უნდა იყვნენ მნიშვნელოვანი და საინტერესო, ჩემთვის გაუგებარია. ცალკეული მინისტრების მუშაობაზე კომენტარის გაკეთება არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად, ეს არაფერს არ ცვლის. შეიძლება ესენი მუშაობენ და ცდილობენ, რაღაც გააკეთონ, მაგრამ თვითონ სისტემური ხარვეზია და აქედან გამომდინარე კარგი და ცუდი მინისტრის გამოყოფა არ იქნებოდა სწორი. კონკრეტული მინისტრი არ არის გადაწყვეტილების მიღების უნარიანი. შესაბამისად, ის ვერც პასუხისმგებელი იქნება ამა თუ იმ წარუმატებლობაში," - უთხრა "რეზონანსს" ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×