"დაცვას სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს, გარდა იმისა, რომ ელაპარაკათ სრული სიმართლე"
ელზა პაპოშვილი
21.08.2015

 გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სპეკულაციები ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და მიზნად ისახავს სპეკულაციებსა და "საზოგადოების გაბანგვას". არადა, სიმართლე "ისეთი მკაფიო და ერთმნიშვნელოვანია, რომ თვალის ერთი შევლებითაც ჩანს."

ამბობს, რომ ამ სასამართლო პროცესებით მათთვის, ვინც ჭეშმარიტების დადგენით იყო დაინტერესებული, არსებულ ჭორებსა და კითხვებს წერტილი დაესვა. დაცვის წევრები 10 წელი მხოლოდ იმიტომ დუმდნენ, რომ პრემიერის პირად ცხოვრებაზე საუბარი არ სურდათ.

ექსპერტ ლევან ჩაჩუას გამართლებით დამტკიცდა, რომ პრემიერი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, რისი თავიდან აცილება დაცვის წევრებს არ შეეძლოთ.

"რეზონანსი": რას იტყვით, ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, სადაც ხარშილაძე და ძაძამია სამსახურეობრივ გულგრილობაში გამტყუნდნენ?

ბექა ბასილაია: ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ ველოდით, თუმცა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტს პატივს ვცემთ. თუმცა არ ვეთანხმებით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში მოექცნენ. იმ საზოგადოების, რომლის წევრებიც თავადაც არიან. 10 წელია ბინძური კამპანია და სპეკულაციები მიდის, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს მოსაზრება თითქოსდა ზურაბ ჟვანია მოკლულია, ამ აზრის კულტივაციისთვის ვრცელდება ათასგვარი ჭორი, შეთქმულების თეორიები და ა.შ.

შესაბამისად საზოგადოებაში ფეხი მოიკიდა ამ აზრმა. აქედან გამომდინარე ნაფიცმა მსაჯულებმა არა მარტო საქმეზე მოსმენილი და განხილული მტკიცებულებების მიხედვით იმსჯელეს, არამედ ანგარიში იმას გაუწიეს, რაც სამეგობროში, სამეზობლოში და ოჯახში ესმით.

თუმცა ამ პროცესმა ერთი მთავარი გააკეთა, ამ ჭორებს წერტილი თუ არ დაუსვა, საზოგადოებრივი აზრი გარკვეულწილად შეცვალა. მაგრამ ნაფიც მსაჯულებს რა უნდა ექნათ?! მიიღეს ერთგვარად კომპრომისული გადაწყვეტილება, გაამტყუნეს ბრალდებულები, ვითომდა მათ დაცვის ობიექტი არ უნდა დაეტოვებინათ, თუმცა აქვე ხაზი გაუსვეს, რომ ამ ქმედებისთვის ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს და მიიღეს სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია.

"რ": როგორც პროკურორი აცხადებს, ხარშილაძე და ძაძამია გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის პირადი ცხოვრებით ცდილობდნენ ნაფიც მსაჯულებზე მანიპულირების მოხდენას. რატომ დაიწყეს დაცვის წევრებმა ამაზე საუბარი ახლა და არა 10 წლის წინ?

ბ.ბ: ეს არის საფუძველშივე მცდარი აზრი და ამ აზრის გავრცელებით დღეს ბევრი ადამიანია დაკავებული. არავითარი ზეწოლა არ ყოფილა ნაფიც მსაჯულებზე ბრალდებულთა მხრიდან, პირიქით ძაძამიამ და ხარშილაძემ ყველაზე დიდი პიროვნული ტკივილი საკუთარ თავზე აიღეს, როდესაც ამ თემაზე საუბარი დაიწყეს. თავის დროზე რომ ეთქვათ, ეს სპეკულაციები და ჭორები, რაც 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, აღარ იქნებოდა.

თქვენი მკითხველისთვის ალბათ ცნობილია, რომ პროცესის გამართვამდე რამდენიმე თვით ადრე კობა ხარშილაძემ მიმართა პროკურორებს რომ შემდგარიყო მხარეებს შორის შეთანხმება, რათა მას არ დასჭირვებოდა ყველა დეტალზე საუბარი, რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ ბრალდებისთვის უხერხული თემები არ არსებობს.

ფაქტობრივად სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს, გარდა იმისა, რომ ელაპარაკათ სრული სიმართლე.

მინდა მკაფიოდ გვესმოდეს, რომ უხერხული დეტალები, ორიენტაციაზე საუბარი და ა.შ. დაცვის მხარეს არაფერს მატებდა. საქმის სამართლებრივ მხარეს ეს საკითხები არ ეხებოდა. თუმცა, როცა უამრავი დაეჭვებული კითხვა ისმის ბრალდებულთა მიმართ, მათ ჰქონდათ მორალური უფლება ესაუბრათ ყველა დეტალზე. სასამართლოზე დადგინდა, რომ ჟვანიას უსუპოვთან საღამოს საათებში 42 ზარი ჰქონდა განხორციელებული.

რატომ? პასუხი მარტივია. შემდეგი კითხვა, რატომ მაშინვე არ გამოუძახეს სასწრაფოს და სამართალდამცავებს? იმიტომ, რომ მიცვალებულები იყვნენ შიშვლები. რატომ გაიტანეს უსუპოვის ცხედარი? იმიტომ, რომ ფიქრობდნენ, ადგილზე არსებული ვითარება ზურაბ ჟვანიას სახელს ჩრდილს მიაყენებდა. რატომ არ აცნობებდნენ კონსპირაციული ბინების თაობაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს? იმიტომ, რომ ჟვანიას იქ პირადი ხასიათის, სხვებისგან დასაფარი შეხვედრები ჰქონდა. ორიენტაციის საკთხს თავად ბატონი ზურაბი არ ამჟღავნებდა ღიად, შესაბამისად დაცვის ერთგული წევრები თვლიდნენ, რომ მათაც უნდა შეენახათ ეს საიდუმლო.

შემთხვევის ადგილზე არსებული მდგომარეობა რომ არ შეეცვალათ და გამოძიებისთვის დაეხვედრებინათ ის, რაც იყო, მაშინ ყველაფერზე საუბარი დასრულდებოდა. უფრო სწორად, არც დაიწყებოდა იაფფასიანი სპეკულაციები მკვლელობის თაობაზე.

ანუ ორიენტაციაზე საუბარი გამოწვეული იყო არა იმიტომ, რომ სანაცვლოდ ბრალდებულებს რაიმე სამართლებრივი ხეირი ენახათ, არამედ იმიტომ, რომ დასმულ კითხვებს გასცემოდა სწორი და სამართლიანი პასუხები, თუნდაც 10 წლის დაგვიანებით.

"რ": თქვენ, როგორც ადვოკატი, როგორ ფიქრობთ, დაცვის ობიექტი რომ არ დაეტოვებინათ ხარშილაძესა და ძაძამიას, იქნებოდა ტრაგედია თავიდან აცილებული?

ბ.ბ: ეს არის თეორიული დაშვება. ასეთ მაგალითს მოგიყვანთ, რომ არ გადაეწყვიტა მინისტრს უსუპოვთან შეხვედრა და დედასთან სახლში დარჩენილიყო, რა მოხდებოდა, ხომ იქნებოდა ცოცხალი? ამ ლოგიკით მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვში უამრავი მოვლენა შეგვიძლია ჩავსვათ.

რაც შეეხება დაცვას, ფაქტია, რომ ხარშილაძე და ძაძამია ასეთ კონსპირაციულ შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ იმიტომ, რომ ეს პირადი ხასიათის შეხვედრა იყო. დაცვის წევრის გარეთ დგომა კი ბინაში ნახშირჟანგის გაჟონვას შეაფერხებდა?

რამდენად სწრაფად მოახდენდა გარეთ მდგომი დაცვა რეაგირებას? ანუ როგორ მიხვდებოდა, რომ გამათბობელი ჟონავდა? არსად გაწერილი არ არის, ობიექტი დაცვამ რა პერიოდულობით უნდა მოიკითხოს. მარტივი კითხვა ჩნდება, გამათბობელის შემოწმება არც ზურაბ ჟვანიას საცხოვრებელ სახლში ხდებოდა. იქ რომ გაეჟონა, დაცვას ცხვირში დეტექტორი უყენია და ყნოსვით მიხვდებოდა?

"რ": თუმცა, ყველას გაუჩნდება კითხვა, რატომ არ მიიღო უსაფრთხოების ზომები დაცვის უფროსმა და სახლი, რომელიც მან მინისტრის დავალებით დაიქირავა, არ შეამოწმა. "ნიკალას" გამათბობლის გამართულ მუშაობას ვგულისხმობ.

ბ.ბ: ამ ბინების დაქირავება ჟვანიას მოთხოვნით ხდებოდა კონსპირაციული მიზნებით. როგორ ფიქრობთ, იქ დაცვის უფროსს ოპერატიულ-ტექნიკური ჯგუფები და გაზის გამათბობლის შემმოწმებელი ეტარებინა, იქნებოდა ეს კონსპირაციული ბინები? ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

"რ": თუმცა როგორც კონსპირაციულად მოხდა ბინის დაქირავება, ხომ შეიძლებოდა ასევე კონსპირაციულად მომხდარიყო ამ ბინის შემოწმებაც?

ბ.ბ: ამ კითხვაზე მარტივი პასუხია. მას შემდეგაც კი, რაც ზურაბ ჟვანია გაზით გარდაიცვალა, არცერთი მაღალი თანამდებობის პირის გამათბობელი არ შემოწმებულა. არც მანამდე მოწმდებოდა და არც მას შემდეგ. ძაძამიას კი არა, ეს არავის თავში არასდროს მოსვლია. როგორ ფიქრობთ იქნებ კედელში გამავალი ელექტროობაც უნდა შეემოწმებინათ ან კიდევ გაზქურა როგორ მდგომარეობაში იყო?

თან გაითვალისწინეთ, რომ ზურაბ ჟვანია კონსპირაციულ ბინებს რამდენიმე თვეში ერთხელ იცვლიდა.

"რ": თუმცა ჟვანია ხომ უბრალო დონის ჩინოსანი არ ყოფილა. ამხელა თანამდებობის პირის უსაფრთხოება რომ მაღალ დონეზე დაცული უნდა ყოფილიყო, ეს დაცვის უფროსმა ხომ ყველაზე კარგად იცოდა?

ბ.ბ: სწორად მაგაზეა საუბარი, ამხელა თანმდებობის პირი რომ გეუბნება, ისე მოიქეცი, როგორც მე გეტყვიო, სხვაგვარად როგორ მოქცეულიყო დაცვა? მეტსაც გეტყვით, არსად არ წერია, რომ დაცვამ პრემიერ-მინისტრს კონსპირაციული ბინა უნდა უშოვოს. რა თქმა უნდა, არც ძაძამია და არც ხარშილაძე და მანამდე კახა გოჩაშვილი, რომელიც წინა დაცვის უფროსი იყო, მოხარულები არ იყვნენ ამ დავალების შესრულებით, მაგრამ რა ექნათ? ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ მათ პრემიერ-მინისტრის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება შეეძლოთ?

"რ": "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამ საქმის პროკურორს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დადებული დასკვნა მოჰყავს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ნახშირჟანგის 50% ადამიანის ორგანიზმში უკვე სიკვდილს იწვევს, ხოლო გარდაცვლილების სისხლში 74% იყო, რაც მისი აზრით მკვლელობის ეჭვს აჩენს.

ბ.ბ: ესეც ძალიან მარტივი და ნათელი საკითხია. როდესაც ესეთ განცხადებას აკეთებ ადამიანი, მინიმუმ ექსპერტს მაინც უნდა გაესაუბრო, რომ რაღაც წარმოდგენა გაგიჩნდეს რას ამბობ. ისაუბრებს შესაბამისი დარგის სპეციალისტი და შეგარცხვენს. სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ექსპერტებმა მკაფიოდ და გასაგებად ახსნეს, რომ სისხლში შესაძლებელია იყოს ნახშირჟანგის 50%-ზე მაღალი კონცენტრაცია.

მართალია, 50% და მეტი უკვე სიკვდილს იწვევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როგორც კი ამ დონეს მიაღწევს, მაშინვე კვდება ადამიანი. ამოიღონ ნახშირჟანგით გაგუდული ადამიანების სტატისტიკა, ამოიღონ მათი ექსპერტიზის დასკვნები და ნახავენ, რომ ზოგიერთს სისხლში 50%-იანი შემცველობა აქვს, ზოგიერთს გაცილებით მეტი, ზოგსაც ცოტათი ნაკლები. ანუ სასიკვდილო ნიშნულის შემდეგაც სუნთქვა გრძელდება, სადამდეც ორგანიზმი უძლებს.

"რ": რას იტყვით ვერსიაზე, რომ მიცვალებულები აღნიშნულ ბინაში უკვე გარდაცვლილები მიიტანეს?

ბ.ბ: ეს არის ალოგიკური, საღ აზრს მოკლებული ვერსია, მაგრამ მე მესმის ოჯახის წევრების, ვინც ამ ვერსიას ლობირებს, რადგანაც არავის არ სურს იმის დაჯერება, რაც სინამდვილეში მოხდა. არავის სურს აღიაროს, რომ ორი შიშველი მამაკაცი შუაღამისას ერთად იმყოფებოდა ბინაში, სადაც გამათბობელმა გაჟონა. ამიტომ ხდება სპეკულაციები.

მაგრამ არსებობს მტკიცებულებები, სხვათა შორის პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ ზურაბ ჟვანია ღამის 12 საათისთვის იმ ბინაში შედის და ეს ჩანს სატელეფონო ანძის ამონაწერებიდან, რომ დროის ამავე პერიოდში იმავე ბინაში რაულ უსუპოვიც შედის.

ხოლო ღამის 1:20-ზე, ზურაბ ჟვანია ესაუბრება ამერიკაში საქართველოს ელჩს ზურაბ მიქელაძეს იმავე ბინიდან, რაც სატელეფონო ანძის ამონაწერებით მტკიცდება. როგორ შეიძლება იმაზე ვისაუბროთ, რომ იმ ბინიდან ვიღაცამ გამოიყვანა პრემიერ-მინისტრი, მოკლა, მერე უკანვე შეიყვანა, კარები შიგნიდან ჩაკეტა და მსგავსი ბოდვები?!

ის ფაქტიც, რომ ლევან ჩაჩუა გამართლდა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის მსხვერპლია. ეს სამწუხაროა, რადგანაც მისი დონის და მასშტაბის მოაზროვნე ქართულ პოლიტიკაში თითზე ჩამოსათვლელია. თუმცა უბედური შემთხვევა ადამიანებს ინტელექტუალური შესაძლებლობების მიხედვით არ არჩევს.

"რ": რას იტყვი ამ საქმეში ვანო მერაბიშვილს ფაქტორის შესახებ?

ბ.ბ: ამ საკითხზე აქცენტის დასმა, არასერიოზულია. როდესაც პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციას იგებს პრეზიდენტი, ბუნებრივია, რომ შს მინისტრის მისახედად თვლის ამ საკითხს. აბა, რა უნდა ეთქვა, უბნის ინსპექტორი მიხედავსო?

ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება მათგან, ვინც თავს ზურაბ ჟვანიას მეგობრებად მოიხსენიებს, ვინც სახელმწიფოს წარმოადგენს და ა.შ. მეტყველებს ერთზე, ისინი დაინტერესებული არიან სპეკულაციებით, საზოგადოების გაბანგვით და არა სიმართლისთვის თვალის გასწორებით, სიმართლისთვის, რომელიც ისეთი მკაფიო და ერთმნიშვნელოვანია, რომ თვალის ერთი შევლებითაც ჩანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×