ნატოს უელსის სამიტზე გაძლიერებული თანამაშრომლობის პაკეტის ფარგლებში მიიღებული გადწყვეტილება შესრულებულია. 27 აგვისტოს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგიც ეწვევა.
ამ ერთობლივი ცენტრის მიმართ რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულება ცნობილია და შესაბამისად, ოფიციალური თბილისი რუსეთის გაღიზიანების მოლოდინშია. თუმცა აქვე ამბობენ, რომ სწორად გათვლილ სტრატეგიაზე უარს არ იტყვიან. ექსპერტების ნაწილს კი რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით არასახარბიელო პროგნოზი აქვს.
"ეს ცენტრი ნატოს და მისი პარტნიორი სახელმწიფოების ეგიდით არის შექმნილი, სადაც წვრთნას გაივლიან სამხედრო მოსამსახურეები. ამაში უჩვეულო არაფერია, იგივე ხდება ყველა პარტნიორ სახელმწოფოში. შესაბამისად, ეს, წესით, რუსეთის გაღიზიანებას არ უნდა იწვევდეს.
"მაგრამ, თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ ახლა მიმდინარეობს გაქანებული ცივი ომი, რომელიც უფრო აგრესიული ფორმით ვითარდება და ამის წყალგამყოფი ხაზი გადის ბალტიის სახელმწიფოებზე, უკრაინასა და საქართველოზე მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის რეაქცია იქნება საკმაოდ აგრესიული", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გასული წლის სექტემბერში ნატო უელსის სამიტზე - გაძლიერებული თანამაშრომლობის პაკეტის ფარგლებში მიიღეს.
26 აგვისტოს ნატოს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. გენერალური მდივანი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია. გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.
ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესი.
საპარალმენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი სასწავლო ცენტრი, რომელიც ყველა ქვეყანას სჭირდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვოლსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პოზიცია არ იქნება პოზიტიური.
"ეს არის სასწავლო ცენტრი რეგიონისთვის, რომელიც არ არის დახურული და არ აწარმოებს ისეთ საქმიანობას, რომელიც შეიძლება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ იყოს მიმართული, მათ შორის რუსეთის. ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ჯარის მომზადებას თანამედროვე სტანდარტებით, რაც აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ იყოლიოს ჯარი და მას ჰქონდეს შესაბამისი უნარ-ჩვევები.
"რასაკვირველია, ზოგიერთი ცდილობს ეს წარმოაჩინოს აგრესიულ ნაბიჯად საქართველოს მხრიდან, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება სინამდვილეს.
"საქართველოს სჭირდება გამოცდილი მასწავლებლები იმისათვის, რათა ჰქონდეს მაღალი სტანდარტი და ეს მარტო თავდაცვას არ ეხება ჩვენს ქვეყანას თითქმის ყველა სფეროში ეხმარებიან.
"რუსეთის პოზიცია პოზიტიური ვერანაირად ვერ იქნება, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ჩენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს და მისი სტრატეგიული გეგმები სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით უკვე რეალიზებულია საქართველოს პოლიტიკური ინტერესების ხარჯზე.
"რაიმე მყარი გარანტიები არ არსებობს, რომ ჩვენი სტრატეგია ბოლომდე წარმატებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ სწორად გათვლილ სტრატეგიაზე უარი უნდა თქვას.
"ამას რა მოჰყვება? - პოლიტიკური მკითხაობა დასაშვებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს პრაგმატული სტრატეგიული პოლიტიკა, რომელსაც საქართველო უნდა გაჰყვეს. საფრთხეებთან დაკავშირებით დამატებით ვერაფერს გეტყვით.
"რუსეთთან მიმართებაში დიდი გავლენის ბერკეტები არ გაგვაჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჯარი იქნება თუ სხვა უწყება, დავტოვოთ მოუმზადებელი, იმიტომ, რომ ვინმეს რაღაც ეჭვები არ გავუღვივოთ", - გვითხრა ვოლსკიმ.
თსუ-ს პროფესორის კორნელი კაკაჩიას თქმით, ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა რუსეთისთვის გამაღიზიანებელი იქნება, თუმცა, იგი ფიქრობს, რომ ოფიციალური მოსკოვი ამ შემთხვევაში მხოლოდ აღშფოთებით შემოიფარგლება.
"რუსეთი საქართველო-ნატოს დაახლოებას ნებისმიერ შემთხვევაში ეწინააღმდეგება. ამიტომ ბუნებრივია ეს საწვრთნელი ცენტრის გახსნა რუსეთისთვის ძალიან გამაღიზიანებელი იქნება.
თუმცა, სანამ ცენტრი არ გახდება უფრო სერიოზული თავის ტკივილი რუსეთისთვის, არ მგონია რაღაც განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდეს. მაქსიმუმ შეიძლება განცხადება გააკეთონ და აღშფოთება გამოთქვან. ან კიდევ აფხაზეთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც საქართველოს არ ესიამოვნება.
"არ მგონია, რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობები გაამკაცროს გამომდინარე იქიდან, რომ მას ჯერ კიდევ იმედი აქვს პროცესის ნორმალიზებისა. საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების ინტერესი არ მგონია ჰქონდეს.
"მაგრამ ეს თუ გახდება რაღაც მაშსტაბური ცენტრი, მასში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან და ეს ცენტრი გახდება ნატო-საქართველოს დაახლოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაშინ შეიძლება სერიოზული გამოხმაურება მოჰყვეს.
"ახლა ნატოს წარმომადგენლები და საქართველოს ხელისუფლებაც ამბობს, რომ ეს არის სასწავლო ცენტრი და არ არის ბაზა. ვფიქრობ, რუსეთში ეს ძალიან კარგად ეცოდინებათ", - უთხრა "რეზონანსს" კაკაჩიამ.
მისგან განსხავებით კი ვახტანგ მაისაია რუსეთისგან ცენტრის გახსნის საპასუხოდ პირდაპირ აგრესიას და საქართველოს სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებას ელოდება.
"აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გუშინ პირდაპირ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ რუსეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე შეერთებული შტატებისთვის. ფაქტიურად მან ამით თქვა თავისი საქთმელი და მათ შორის ნატოს ხელმძღვანელობისაც.
"რაც შეეხება ცენტრის გახსნას, ბუნებრივია, ამ დღებში ლავროვი გამოვა და შესაბამის განცხადებას გააკეთებს, მაგრამ ვშიშობ რუსეთმა არ დაიწყოს პირდაპირი აგრესია და საქართველოს სტრატეგიული ობიექტები ხელში არ ჩაიგდოს.
"მცოცავი ოკუპაცია უკვე ჩაბარდა წარსულს ეს ტერმინილი დაძველდა. პირდაპირი აგრესიის დროს მოწინააღმდეგის ხელში ვარდება სტრატეგიული ობიექტები და ფაქტიურად ქვეყნის სოცოცხლისუნარიანობას რეალური საფრთხე ექმნება. ერთ-ერთი ასეთი საფრთხე ექმნება თბილისი-გორის ცენტრალურ მაგისტრალს, იმიტომ, რომ რუსმა ოკუპანტებმა შეიძლება გადაკეტონ", - ამბობს "რეზონანსთან საუბრისას მაისაია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნის დაანონსებას რუსეთის შეშფოთება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მოჰყვა. ლავროვის უწყების განცხადებით, ნატოს ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში ჩრდილო ანტლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება.