1-ლ სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ახალი სასწავლო წელი იწყება. აფხაზეთის უკანონო ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს გალში მაცხოვრებელი ქართველი მოსწავლეები სკოლაში ქართული ენის შესწავლას ვეღარ შესძლებენ.
რუსული საოკუპაციო და აფხაზური სეპარატისტული რეჟიმების გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1-ლი სექტემბრიდან გალის რაიონის თერთმეტ საშუალო სკოლაში, სადაც აქამდე განათლების მიღება ქართულ ენაზე შეიძლებოდა, სწავლება რუსულ ენაზე დაიწყება. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ვიზირებული სახელმძღვანელოები კი ამოიღება და განადგურდება.
აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის სექტემბერში, გალის რაიონი ზედა და ქვედა ზონებად დაყვეს. ზედა ზონის ყველა - ცხრავე სკოლა, რუსულ ენაზე გადავიდა. ქართული ენა და ლიტერატურა არასავალდებულო, რიგითი საგნის სტატუსით დარჩა, რომელსაც კვირაში მხოლოდ 1 საათი ეთმობა. იგივე მოხდა ქალაქ გალის აქამდე არსებულ ქართულ სკოლებშიც.
2015 წელს მსგავსი რეფორმა გალის რაიონის ქვედა ზონასაც შეეხო.
ცნობისთვის, გალის რაიონში მცხოვრები სკოლის ასაკის მოზარდთა 90%-ზე მეტი ეთნიკურად ქართველია. აფხაზ, რუს და სომეხ მოწაფეთა ხვედრითი წილი უმნიშვნელოა. მიუხედავად ამისა, ამიერიდან, სეპარატისტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, სწავლება მხოლოდ რუსულ და აფხაზურ ენებზე იწარმოებს. ადგილობრივი ქართველი მასწავლებლები, იძულების წესით, გალში რუსული ენის დაჩქარებულ კურსებს გადიან.
ამასთან, ყველაზე მეტად საგულისხმო და შემაშფოთებელი ისაა, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთის ქართველობაში, რომელთა აბსოლუტური უმეტესობა, მეგრელია, ცდილობს მეგრული ენის წინ წამოწევას და მათთვის იმის შთაგონებას, რომ ამ ორ ენას არაფერი აქვს საერთო და ისინი ეთნიკურად არა ქართველები, არამედ მეგრელები არიან. სპეციალურად ამ მიზნით, ჯერ კიდევ 2013 წელს, რუსეთში, ვინმე ნარგიზა ბასარიას ავტორობით, რომელიც სპეციალობით ტრანსპორტის ელექტროფიკატორია, დაიბეჭდა წიგნი დაწყებითი კლასელებისათვის "ჩქიმი ნინა" (მეგრ. ჩემი ენა) და სავარაუდოდ, ახალი, 2015 სასწავლო წლიდან, ადგილობრივ სასწავლო დაწესებულებებში ეს წიგნიც გამოჩნდება.რა ხდება ამ ეტაპზე გალის რაიონში, რა პირობებში უწევთ მუშაობა ადგილობრივ ქართველ პედაგოგებსა და როგორ იღებენ განათლებას აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მოზარდები - ამის შესახებ "მთელ კვირას" გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ნონა შონია ესაუბრა.
მისი თქმით, სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან ქართული ენის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა განსაკუთრებით აქტიურად ეს პროცესი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო.
"გალის რაიონის ნაწილი აფხაზებმა ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებს მიუერთეს, დარჩენილი ნაწილი კი ზემო და ქვემო ზონებად დაჰყვეს. ომამდელ საზღვრებში ამ დროისათვის, 31 სასწავლო დაწესებულება ფუნქციონირებს. აქედან 1 ქართულ-აფხაზურია, 1 ქართულ-რუსული, დანარჩენები კი მთლიანად ქართული სკოლებია.
"2008 წლამდე ტყვარჩელისათვის მიერთებულ გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებს მასწავლებლები ქართულად ასწავლიდნენ. აგვისტოს ომის მერე იქ ქართულად სწავლება აიკრძალა, 26 პედაგოგი გაანთავისუფლეს სამსახურებიდან, თუმცა საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად, ისინი მაინც ახერხებდნენ ბავშვებისათვის მშობლიური ენის სწავლებას", - თქვა ნონა შონიამ "მთელ კვირასთან საუბრისას.
მისივე თქმით, აფხაზეთის უკანონო ხელისუფლებამ 2014 წლიდან ქართულ სკოლებში ქართული ენის საათები მინიმუმამდე დაიყვანა და სანაცვლოდ ერთი-ორად გაიზარდა რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების რაოდენობა. რაც შეეხება აფხაზურ ენას, შესაბამისი კადრების არყოლის გამო გალის რაიონის ქვედა ზონაში ის არ ისწავლება.
"ცოტა ხნის წინ აფხაზურმა მხარემ დააყენა საკითხი, რომლის მიხედვითაც გალის რაიონში სწავლება მთლიანად რუსულ ენაზე უნდა გადასულიყო. თუმცა, თვითონ აფხაზებშიც აღმოჩნდნენ ამ იდეის წინააღმდეგნი, რადგანაც მიხვდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება დიდ პრობლემებს შექმნიდა. მაღალ კლასებში მყოფი მოსწავლეები ცუდად ფლობენ რუსულს და მათთვის მთელი სასწავლო პროგრამის ამ ენაზე გადაყვანას უბრალოდ აზრი არ ჰქონდა.
"მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადაემზადებინათ 50-ზე მეტი ადგილობრივი პედაგოგი, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან დაწყებით კლასებში რუსულ ენაზე წაიყვანენ გაკვეთილებს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენი საათი დაეთმობა ქართულ ენასა და ლიტერატურას", - თქვა ნონა შონიამ.
"მთელ კვირასთან" საუბრისას მან აგრეთვე აღნიშნა ისიც, რომ აფხაზური მხარის მიერ შემოთავაზებული სახელმძღვანელოები ხშირ შემთხვევაში შინაარსობრივად გაუმართავია და დაბალი პოლიგრაფიული ხარისხითაა შესრულებული. რუსული სახელმძღვანელოები კი, რომლის შეძენაც გალელებს გადამყიდველებისაგან უწევთ, ძალიან ძვირია, რაც მოსახლეობას, რომელიც ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, დამატებით ხარჯად აწევს.
"ამ პოლიტიკის მიზანი ადგილობრივი ქართული მოსახლეობის რუსიფიკაცია და მათი ქართული ფესვებიდან მოწყვეტაა. შედეგი იქნება ის, რომ თუ მათ მიზანს მიაღწიეს, იქაური ბავშვები მშობლიურ ენაზე ლაპარაკს ვერ შესძლებენ", - უთხრა "მთელ კვირას ნონა შონიამ.
მისივე თქმით, მიუხედავად დიდი წნეხისა, გალელი ახალგაზრდები დიდი მონდომებით გამოირჩევიან და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკმაოდ მაღალ ქულებს იღებენ. ასე მაგალითად, 2014 წელს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები 85 სკოლადამთავრებული ჩაირიცხა. წელს კი გამოცდებზე 186 გალელი ახალგაზრდა გავიდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბაკალავრების სწავლის საფასურს, მიუხედავად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აღებული ქულებისა, სრულად აფინანსებს.