"ის დევნა, რაც იყო ფეხბურთში არჩევნების თვალსაზრისით, არ უნდა განმეორდეს"
მარი მგალობლიშვილი
25.08.2015

 საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გოგა გახოკიძე ფედერაციის მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით "რეზონანსთან" ინტერვიუში საუბრობს. როგორც გახოკიძემ განაცხადა, გაიმარჯვებს ღირსეული კანდიდატი და არ ასახელებს, თუ ვის უჭერს მხარს. თუმცა, ყოფილი ფეხბურთელი კანდიდატებს სათითაოდ ახასიათებს და რჩევებსაც აძლევს.

"რეზონანსი": საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები ახლოვდება. გვახსოვს განვლილი არჩევნები და ახლა როგორ არჩევნებს ელოდებით?

გოგა გახოკიძე: ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან ემოციურად ჩაივლის. რაც მთავარია, ის დევნა, რაც იყო ფეხბურთში არჩევნების თვალსაზრისით, ეს არ უნდა განმეორდეს. ვფიქრობ, სამართლიანი არჩევნები იქნება და ვინც ღირსეულია, ის გაიმარჯვებს.

"რ": ცნობილია კანდიდატების ვინაობაც - ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე, მამუკა კვარაცხელია, მერაბ ჟორდანია და ლევან ყიფიანი. როგორ დაახასიათებდით თითეულ მათგანს?

გ.გ.: დავიწყებ იქიდან, რომ ყველა მათგანს ვიცნობ. რაც შეეხება ლევან ყიფიანს, ის მთელი ცხოვრება ფეხბურთშია, სპორტის მინისტრი იყო და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. პიროვნულადაც დადებითად შევაფასებ.

მამუკა კვარაცხელიაზეც იგივე შემიძლია ვთქვა. ძალიან კარგი პიროვნებაა, პატიოსანი ადამიანია და წარმატებას ვუსურვებ.

რაც შეეხება რეზი არველაძეს, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. თავის საქმის მცოდნეა და ვფიქრობ, რომ რეზის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, რადგან მთელი მისი ცხოვრება ფეხბურთთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, კარგი იქნება რეზი ყოველთვის ფეხბურთში იყოს.

რაც შეეხება ლევან კობიაშვილს, "კობი" ჩემი მეგობარია, ბევრ გუნდებში ერთად გვითამაშია. ძალიან კარგი, მართალი ადამიანია და მართლაც რასაც ქვია ღირსეული. ჩემი აზრია, რომ როგორიც ლევანია, ასეთი ადამიანები ფეხბურთში აუცილებლად უნდა იყვნენ. წარმატებას ვუსურვებ.

"რ": ამ არჩევნებში სახელმწიფოს როლს როგორ ხედავთ?

გ.გ.: ვინ გახდება პრეზიდენტი - ამ მხრივ ჩარევა არაა ლამაზი. მაგრამ, ვინც გახდება, ამის შემდეგ რომ უნდა ჩაერიოს და ფეხბურთს ყურადღება რომ უნდა მიაქციოს - ამის გარეშე წარმოუდგენელია.

ვინც არ უნდა მოვიდეს, ეს იქნება კობიაშვილი, არველაძე, თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არ ექნება, თუ სახელმწიფოს დაინტერესება არ იქნება. სახელმწიფო არის მთავარი, რომ ეროვნულ ჩემპიონატს მიხედოს, რათა თანხა შეუვიდეს. არსად არ მომხდარა, რომ თანხის გარეშე ჩემპიონატი ტარდებოდეს. ძალიან დიდი ფულია ჩასადები და ქვეყნები დიდ ფულს სდებენ, რომ ჩემპიონატი კარგი ჰქონდეთ.

"რ": 250 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს სახელმწიფოსგან ფეხბურთისთვის...

გ.გ.: ეს თანხა დაწყებისთვის საკმარისია. ეს არის ხუთწლიანი პროგრამა, ისევე, როგორც იყო რაგბიში და შედეგიც დაიდო. რაგბი მაღალანაზღაურებადი სპორტი არ არის. 100 და 200 მილიონს ფეხბურთში იხდიან. ამ 250 მილიონს რომ ჩადებ, ხუთი წლის მერე თუ 7 წლის შემდეგ იქნება, შედეგი უნდა წამოვიდეს.

ბავშვები უნდა გაიზარდონ. თითო-ოროლა თუ გამოვა, ეს საკმარისი არაა. ყველა რეგიონში ბავშვებისთვის ინფრასტრუქტურა თუ მომზადდება, კარგი ბაზები იქნება და კარგი სავარჯიშოები, ბევრი კარგი ფეხბურთელი გაგვეზრდება. ეს კი ნაკრებსა და ჩემპიონატს გამოადგება.

"რ": ახალმა პრეზიდენტმა სიჭინავას გზა უნდა გააგრძელოს?

გ.გ.: სიჭინავას რაც შეეხება, მას რამდენჯერმე შევხვდი. ფეხბურთის მცოდნე რომ არ იყო, ამას თავადაც ამბობდა, მაგრამ ძალიან კარგი მენეჯერია. ვიცი, რომ ფედერაციას საკმაოდ ბევრი ვალები ჰქონდა და ფედერაცია ამ ვალებიდან ამოიყვანა.

არ არსებობს - სიჭინავა იქნება თუ სხვა - რომ დარღვევები არ ჰქონდეს. სიჭინავაც ცდება, არველაძეც და მომავალში შეიძლება კობიაშვილიც შეცდეს. ყველა ადამიანი შეცდომებზე სწავლობს. შეცდომები უნდა იყოს, თუმცა, ყველაზე მთავარი რაც არის, უნდა იყოს პატიოსნება. თუ იმ საქმის დიდი სიყვარული არ გაქვს, სადაც მიდიხარ, არ არსებობს ფეხი მოიკიდო.

"რ": რა უნდა გააკეთოს უპირველეს ყოვლისა პირველად ახალმა პრეზიდენტმა ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერების გარდა?

გ.გ.: რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია შესაცვლელი. შესაცვლელია იგივე მინდვრები, ბაზები უნდა აშენდეს. მწვრთნელებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად უცხოეთში უნდა უშვებდნენ, რათა მომზადებულები ჩამოვიდნენ.

ძალიან ბევრმა ბავშვთა ფეხბურთში მუშაობა არ იცის. რამდენიც ბავშვთა ფეხბურთში მივდივარ, ვხედავ, რომ დაბალ დონეზეა ფეხბურთელებთან მიდგომა. მწვრთნელმა ბავშვს არასოდეს არ უნდა უთხრა "ვინ გასწავლა შენ ფეხბურთი?!" - ასეთი რაღაცები არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ბავშვს ბავშურად უნდა მოექცე. ჰოლანდიაში არსად მინახავს, რომ ბავშვისთვის დაეყვირათ. ეს ყველაფერი გამოსასწორებელია.

"რ": კანდიდატებს რას ურჩევდით?

გ.გ.: ხალხი იმდენად ელოდება ფეხბურთის დონის ამაღლებას, ყველა მათგანს ვურჩევდი, რომ ფეხბურთმა თავისი სახე მიიღოს, რაც ადრე იყო. ღმერთს ვთხოვ ისეთი ადამიანი მოვიდეს, რომ ის, რაც მართლა აქვს ჩაფიქრებული, აუსრულდეს, რადგან ჩვენ იმ დონეზე გვიყვარს ფეხბურთი, შეიძლება ბოლო 20 ლარი გქონდეს და ბილეთი იყიდოს, იმ დონეზე უყვართ საქართველოში ფეხბურთი.

ვუსურვებდი, რომ ის იმედები გაემართლებინოთ, რაც ქართველ ხალხს უნდა და ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×