ეკატერინე ბასილაია
26.08.2015

 "სულ რაღაც ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ ლარის კურსს საშიშროება არ ემუქრებაო. არადა ვხედავთ, რომ დღეს კურსი კიდევ უფრო დაეცა. ასე რომ, უნდობლობის ფაქტორი არსებობს," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე და დასძენს, რომ "პანიკის საფუძველი არის და, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ხელისუფლება უახლოეს პერიოდში რაიმე ქმედითის განხორციელებას ვერ მოახერხებს. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ღია წყაროებიდან გამაჩნია და იმ კომუნიკაციიდან, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს, უახლოეს პერიოდში ლარის კურსის დასტაბილურება მოსალოდნელი არ არის."

მისი თქმით, თუ კურსის ვარდნა არ შეჩერდა და ლარის კურსი რაღაცნაირად არ დასტაბილურდა, შეიძლება პროცესი პოლიტიკურ ვნებათაღელვაში გადაიზარდოს. მის შემდეგ კი მთავრობის პასუხისმგებლობის, მისი გადადგომის საკითხი დადგება.

ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც ლარის კურსი ეცემა, ეს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფში პანიკას იწვევს, როგორც რიგით მოქალაქეებში, ასევე იმ ადამიანებში, ვინც ბიზნესითაა დაკავებული, განსაკუთრებით იმპორტიორებში. კურსის დაცემისას პანიკა ბუნებრივი მოვლენაა, მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლებისაგან და ეროვნული ბანკისაგან არ არის მთლად თანმიმდევრული კომუნიკაცია. არც მოსახლეობის ინფორმირებულობა არ ხდება იმაზე, თუ რეალურად რა იწვევს ლარის ასე ლამის ყოველდღიურ გაუფასურებას. ასეთი პანიკური განწყობა კი დამატებით აჟიოტაჟს იწვევს, მათ შორის სავალუტო ბაზარზეც. გამორიცხული არ არის, რომ ასეთი მაღალი კურსი ნაწილობრივ ამ პანიკური განწყობით იყოს განპირობებული. სავალუტო ჯიხერებში კურსის დადგენა გარკვეულწილად პანიკური მოლოდინის ზეგავლენით ხდება და ამიტომაც ჯიხურებში არსებული ლარის ყიდვა-გაყიდვის კურსი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ კურსზე მაღალია.

პანიკის საფუძველი არის და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ხელისუფლება უახლოეს პერიოდში რაიმე ქმედითის განხორციელებას ვერ მოახერხებს. როგორც ცნობილია ლარის გაუფასურებას აქვს როგორც შიდა, ასევე გარეშე მიზეზები. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ღია წყაროებიდან გამაჩნია და იმ კომუნიკაციიდან, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს, არ ველოდები, რომ უახლოეს პერიოდში ლარის კურსი დასტაბილურდება.

"რ": არადა ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ სპეკულაცია და აჟიოტაჟი მედიის და ოპოზიციის შექმნილია და ვინც დღეს ლარს გადაახურდავებს, წააგებსო. სანდოა ხელისუფლება? მით უფრო, რომ გაზაფხულზე ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ როცა ოლიმპიადა დაიწყება და საკურორტო სეზონი მოვა, ბევრი ტურისტი შემოვა და ზაფხულში ლარი აუცილებლად გამყარდებაო. დღეს კი ყველაფერი პირიქითაა.

ზ.ა: ნდობა კონკრეტულ ინდივიდზეა დამოკიდებული, იმაზე, რამდენად ენდობა ხელისუფლების დაპირებებს. მაგალითად, სულ რაღაც ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ ლარის კურსს საშიშროება არ ემუქრებაო. არადა ვხედავთ, რომ დღეს კურსი კიდევ უფრო დაეცა. ასე რომ, უნდობლობის ფაქტორი არსებობს. თუმცა ხელისუფლების ეს განცხადება იმას ემსახურებოდა, დოლარის პანიკური შესყიდვა როგორმე შეეჩერებინათ და ბაზარზე დოლარის დეფიციტი არ გაჩნდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, თუკი ლარის ვარდნის ტენდენცია შენარჩუნდა, მყარი ვალუტის გაცემაზე რაღაც ლიმიტი დაწესდეს. ისე, როგორც ეს საბერძნეთში იყო, როდესაც ბანკომატებიდან მხოლოდ გარკვეული ოდენობის ვალუტას იძლეოდნენ. მაინც მგონია, რომ საქმე აქამდე არ მივა.

იმის მიუხედავად, თუ რამდენია ხელისუფლების ბრალეულობის წილი ლარის გაფასურებაში, პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ან უნდა გამონახოს მექანიზმები იმისათვის, რომ თუკი პროცესებს არ შეაჩერებს, შეამსუბუქოს მაინც ის ზარალი, რასაც მოსახლეობა ლარის გაუფასურების გამო განიცდის.

"რ": ტურისტები რომ წავლენ და აცივდება, ლარის კურსთან ერთად გაძვირებული დენის ტარიფიც რომ დააწვება მოსახლეობას, ამ ზამთარს რა გველოდება?

ზ.ა: ზუსტი პროგნოზი გამიჭირდება. რა თქმა უნდა, დენის ტარიფის გაძვირება სერიოზულად დაარტყამს ხალხის ბიუჯეტს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველების. გარდა ამისა, ლარის გაუფასურება და დენის გაძვირება ყველა პროდუქტზე ფასის ზრდას გამოიწვევს და ეს სერიოზული დარტყმა იქნება ჩვენი მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებზე, რომლებიც ისედაც არ არის მაღალი. მოგეხსენებათ, პენსია ჯერ საარსებო მინიმუმსაც ვერ გაუთანაბრდა და არც აბსოლუტური უმრავლესობის შემოსავალია მაინცდამაიც მაღალი.

თუ პროცესი არ შეჩერდა და ლარის კურსი რაღაცნაირად არ დასტაბილურდა, ამან შეიძლება სხვა ტიპის პროცესებამდე მიგვიყვანოს და პოლიტიკურ ვნებათაღელვაში გადაიზარდოს. ამის შემდეგ კი შეიძლება მთავრობის პასუხისმგებლობის, მისი გადადგომის საკითხი დადგეს. ეს ექსტრემალური სცენარია, მაგრამ თუ გაუფასურების პროცესი არ შეჩერდა, სოციალურ უკმაყოფილებებსა და პოლიტიკურ არეულობებში გადაზრდის საფრთხეს არ გამოვრიცხავ.

რა თქმა უნდა, ხელისუფლების ოპონენტები ასეთ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ და უკვე ისმის კიდეც მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ მოთხოვნა.

"რ": ჩვენ გვახსოვს სულ ახლახან სომხეთში დენის ტარიფის გაზრდის გამო რამხელა პროტესტი და აქციები მოეწყო. ჩვენთან რეგიონებში უკვე გაძვირდა ტარიფი, ზამთრისათვის თბილისშიც გაძვირდება, ლარიც ყოველდღიურად უფასურდება და საქართველოში რატომ არ არის სახალხო პროტესტი ან ოპოზიცია რატომ უშვებს ამ შესაძლებლობას ხალხის გამოსაყვანად?

ზ.ა: ჯერჯერობით ხალხი არც ოპოზიციის მიმართ არის დიდი ნდობით განწყობილი, თანაც დაიღალა ამ მიტინგებით. იციან, რომ მიტინგებით ბევრს ვერაფერს მიაღწევენ. საქართველოში ძალიან სერიოზული ენერგოკრიზისების გამოც არ ყოფილა სახალხო გამოსვლები. ამას მაინც ჩვენი საზოგადოების განსხვავებულ ეთნოფსიქოლოგიას ვუკავშირებ. ანუ, ჩვენი მოსახლეობა შეიძლება საპროტესტო აქციებზე გამოვიდეს, მაგრამ ჯერჯერობით ბოლო 5 წლის მანძილზე არ მახსოვს სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნებით მასშტაბური პროტესტი დაეწყო. ასეთია ჩვენი სოციალური მენტალიტეტი.

გამოსვლები იმ შემთხევვაში დაიწყება, თუკი ლარის გაუფასურება ისეთ დონეს მიაღწევს, რომ მოსახლეობის ცხოვრება გაუსაძლისი გახდება. ისეთს, რომ ადამიანებმა აუცილებელი ნივთები და პროდუქტი ვერ შეიძინონ. ვიმედოვნებ, რომ საქმე აქამდე არ მივა. თუმცა თუ პროცესი არ შეჩერდება, იმის საფუძველი შეიქმნება, რომ მოსახლეობა ოპოზიციური ზეგავლენით გარეთ გამოვა.

"რ": მაშინ რა არის კრიტიკული ზღვარი?

ზ.ა: ეს ამ საქმის სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ.

ქვეყანაში ფასწარმოქმნის პოლიტიკა უნდა შემუშავდეს და იმის მიხედვით შეფასდეს, რა დონეს უნდა მიაღწიოს ლარის გაუფასურებამ, რომ იმდენად მოიმატოს ფასმა, მოსახლეობამ აუცილებელი პრიდუქტების ყიდვა ვერ მოახერხოს.

"რ": რა პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ადეკვატურია მისი ქცევა, როდესაც ლარის კურსს მხოლოდ საგარეო ფაქტორებსა და ეროვნულ ბანკს რომ აბრალებენ?

ზ.ა: ყველა ხელისუფლება ასეთ კრიზისულ სიტუაციაში მოქმედებს ისე, როგორც მას ხელეწიფება. ხელისუფლების ადეკვატურობაზე ვიტყოდი, რომ ის ნაწილოობრივ ადეკვატურია. ცალსახაა, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ეკისრება. იმის თქმა, რომ მთავრობის ბრალი არაფერია და მხოლოდ ეროვნული ბანკის ქმედების შედეგად მოხდა ლარის გაუფასურება, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ობიექტური არ იქნებოდა. ამ მოსაზრებას არაერთი კომპეტენტური ფინანსისტიც ადასტურებს. ხელისუფლებას რომ სწორად დაეგეგმა ბიუჯეტი და ძალიან დიდი თანხა არ გაეშვა სოციალურ პროგრამებში, შესაძლოა, ლარის კურსი ასე უცებ არ დავარდნილიყო. თუმცა ეს ჩემი მოსაზრებაა და ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაზე პრეტენზია არ მაქვს. მე მაინც ვფიქრობ, რომ გარე ფაქტორების ზეგავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ლარის კურსის ვარდნის შეჩერებისათვის ხელისუფლებას ბევრის გაკეთება არ შეეძლო. თუმცა ის მაინც შეეძლო, რომ ლარის ასეთი სწრაფი ტემპით და ასეთი მასშტაბით გაუფასურება არ მომხდარიყო.

"რ": რა ფორმით უნდა აიღოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა?

ზ.ა: თუ ეს ყველაფერი სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა და ის კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, მაშინ ამას მთავრობის გადადგომა უნდა მოჰყვეს. ერთი-ორი მინისტრის გაშვება და მათი სხვა მინისტრებით ჩანაცვლება საკმარისი არ იქნება.

"რ": ჯამში, რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი იყო ხელისუფლება?

ზ.ა: ამ სამი წლის მანძილზე წარმატებულია თუ წარუმატებელი ხელისუფლება ეს გაისად, არჩევნების დროს შეფასდება.

"რ": საზოგადოების რაღაც ნაწილში არის დამოკიდებულება, რომ ეს ხელისუფლება უუნაროა.

ზ.ა: საზოგადოების დიდ ნაწილში ასეთი დამოკიდებულება რომ იყოს, მაშინ ეს ხელისუფლება უკვე გაშვებული იქნებოდა. სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებს ხოლმე, როგორია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის რეიტინგი. ალბათ მალე მორიგი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდება და ჩვენ გავზომავთ, თუ როგორია ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა. სხვანაირად ამ თემაზე საუბარი კორექტული არ იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×