მოსახლეობა ხელისუფლებისგან ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას ითხოვს
მარი ჩიტაია
26.08.2015

 ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. მთავრობის მოწოდების მიუხედავად, რომ პანიკას არ აყვნენ, მოსახლეობაში უკმაყოფილება აშკარაა. როგორც "რეზონანსს" ვალუტის გადამცვლელებმა განუცხადეს, ხალხი მაქსიმალურად ცდილობს დოლარის შესყიდვას, ვისაც ამისთვის მცირე შესაძლებლობაც გააჩნია.

გუშინ, დილიდან საღამომდე, სანამ ოფიციალური კურსი გამოცხადდებოდა, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კურსი თითქმის საათობრივად იცვლებოდა. მათ უმეტეს ნაწილში დოლარის ყიდვა 2.44-2.45 ლარად იყო შესაძლებელი, თუმცა ზოგიერთ ადგილას ეს მაჩვენებელი 2.47-საც აღწევდა.

"რეზონანსი" გუშინ მთელი დღის განმავლობაში არკვევდა, რა ხდებოდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, რას ფიქრობდნენ ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები და რა მოლოდინი აქვთ ადამიანებს, რომლებიც მოსალოდნელი კრიზისის შიშით აქტიურად ცდილობენ უცხოური ვალუტის შესყიდვას.

გამსახურდიას გამზირზე მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელი გია მუშკუდიანი ამბობს, რომ მოსახლეობაში მღელვარებაა და ხელისუფლების მიმართ ნდობა არ აქვთ.

"ქვეყნის პრემიერი გამოვიდა საგანგებო განცხადებით, რომ არ აყვნენ პანიკას, მაგრამ მისი ნათქვამი არავინ დაიჯერა. საფუძველი ჰქონდათ კიდეც, ღარიბაშვილის გამოსვლიდან რამდენიმე საათში ლარის გაუფასურების ახალი ტალღა წამოვიდა და კურსმა ვარდნა გააგრძელა. ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა, დილიდანვე უამრავი ადამიანი მოვიდა, რათა მცირე დანაზოგიც დოლარში გადაეცვალათ. ზოგს გადასაცვლელიც არაფერი ჰქონდა, მაგრამ მაინც მოდიოდა და გვეკითხებოდა, რა ხდებოდა და რატომ უფასურდებოდა ლარი. ცხადია, ვერავის ვერაფერს ვეტყვით. მათ შორის თქვენც, რადგან არანაირი მოლოდინი არ არსებობს, ლარის კურსი პროგნოზირების საშუალებასაც არ გვაძლევს", - ამბობს მუშკუდიანი.

გაგარინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სავალუტო პუნქტში ადასტურებენ, რომ საზოგადოებაში პანიკური სიტუაცია მწიფდება და ლარის მიმართ მოსახლეობის დიდი გაწილი უიმედოდ არის. "დღის განმავლობაში რამდენჯერმე შევცვალეთ კურსი, ბლუმბერგის მონაცემებს მუდმივად ვაკვირდებით და ტაბლოზეც შესაბამისად კურსს ვუთითებთ. ხალხი გაურკვეველ მდგომარეობაშია. სიტუაცია იმდენად იცვლება, რომ უკვე პროგნოზირებასაც ვერ ვახდენთ. შეიძლება, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ დაეცეს. ისეთი სიტუაცია არ არის, რომ რიგებს ვერ ავუდიოდეთ, მაგრამ მოთხოვნა დოლარის ყიდვაზე, წინა თვესთან შედარებით, მინიმუმ გასამმაგდა. როგორც კი კურსმა აიწია, მომართვამ იმატა, ხალხი მაქსიმალურად ცდილობს დოლარის ყიდვას, ვის რა შესაძლებლობაც აქვს. როდესაც მთავრობა ამბობს, რომ კურსის ვარდნა სპეკულაციური მომენტია, უნდა დაადასტუროს კიდეც და შესაბამისი ზომებიც მიიღოს", - ამბობს ნიკა ცირეკიძე.

მოსახლეობა ლარის კატასტროფულ გაუფასურებაში მთავრობას ადანაშაულებს და ამბობს, რომ სახელმწიფოს უნითაობამ ქვეყანაში ფინანსური კრახი გამოიწვია და არც ამ ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობა ჩანს. თბილისის ქუჩებში ერთად თავმოყრილი თუნდაც სამი ადამიანი შეგვხვდეს, სალაპარაკო თემა ყველასთვის ლარის კურსია.

შევეცადეთ, რამდენიმე მათგანს გავსაუბრებოდით. აღმოჩნდა, რომ ხალხი შეშფოთებულია და მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მოქალაქეები ითხოვენ, რომ ეროვნული ბანკის ქმედებებში მეტი გამჭვირვალობა იყოს. მიხეილ კვერნაძე უძრავი ქონების სააგენტოს ხელმძღვანელია. ამბობს, რომ მისი კომპანია დახურვის ზღვარზეა და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ვერ პოულობს.

"ძალიან რთული მდგომარეობაა, სახელმწიფო თავის ადგილზე არ დგას და ამას ქვეყნის თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იწვნევს. არ ვიცი, რა გავაკეთო, დაჭრილი ვეფხვივით ვაწყდები კედლებს და გამოსავალს ვერ ვპოულობ. მთელი ფული, რაც წლობით ვაგროვე კომპანიის შექმნას მოვახმარე და ახლა გაკოტრების პირას ვიმყოფები. კურსის ვარდნა რამდენიმე დღეც რომ გაგრძელდეს, უძრავი ქონების ბაზარი მკვდრად უნდა გამოვაცხადოთ.

უძრავი ქონება არც იყიდება, არც ქირავდება და გირავდება, რა უნდა ვაკეთოთ?! მთავრობა ასე თუ გააგრძელებს, დოლარის კურსი 3-მდეც ავა და სახელმწიფო აღარ იარსებებს. სანამ ქვეყანაში გამჭვირვალობა არ იქნება, არაფერი გვეშველება. უნდა იცოდეს მოსახლეობამ, სად რა თანხები მიდის და რატომ არის ქვეყანაში პრობლემა", - ამბობს კვერნაძე.

თბილისელი ნატო გვიმრაზე წუხს, რომ ბანკში სესხის შეტანის დრო ახლოვდება და შეცვლილი კურსით, დამატებით 80 ლარის გადახდა მოუწევს. "მთავრობა გვარწმუნებდა, რომ აგვისტოში ლარი დასტაბილურდებოდა. ჩვენც იმედიანად ვიყავით.

პირველ რიგში, ტურისტული სეზონის წყალობით. ქვეყანაში დამსვენებლების რაოდენობა აშკარად გაზრდილია და ეს ლარს სასიკეთოდ უნდა დასტყობოდა. ახლა მეუბნებიან, რომ პანიკას არ ავყვე, მაგრამ რეალურად არავინ მიხსნის, რის იმედი უნდა მქონდეს. სესხის შეტანის თარიღი დღე დღეზე ახლოვდება, წინა თვეში ერთი დღის ვადაგადაცილების გამო დავჯარიმდი, ძლივს ვიშოვე! ახლა კი 80 ლარით მეტის გადახდა მიწევს", - ამბობს უკმაყოფილო მოქალაქე.

"ხელისუფლება "ოცნების" სახელით მოვიდა ქვეყანაში და ოცნება წამართვა. ჩვენი და ხელისუფლება სხვადასხვა რეალობაში აღმოვჩნდით. ერთთვიანი შვებულება სახლში გავატარე იმის გამო, რომ წასასვლელი ფული არ მქონდა. საკუთარ ნაშრომს პურის ფულად ვაკოწიწებ და ამისთვისაც არ მყოფნის! მხოლოდ ჩემნაირი იგრძნობს ლარის გაუფასურებას, ამიტომ ვარ შეშფოთებული და დაუცველი. არ მაინტერესებს, ვინ არის ლარის გაუფასურებაში დამნაშავე. ხელისუფლება ავირჩიე იმის გამო, რომ დამიცვას, როგორც მოქალაქე და ყველაფერში პასუხისმგებელი იყოს! სამწუხაროდ, პასუხისმგებლობის გრძნობაც არ შერჩათ", - ამბობს ლელა აბესაძე, თბილისელი პედაგოგი.

ხელისუფლების მიმართ ასეთი შეფასება მრავლად გაისმის. ეს ჩანს როგორც რიგით მოქალქეებთან პირისპირ შეხვედრისას, ასევე სოციალური ქსელებიდანაც, სადაც ხალხი ლარის გაუფასურებაზე აქტიურად წერს. აშკარაა, რომ დოლარის კურსათან ერთად, ხალხის გამძლეობაც პიკზეა!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×