თიკო ოსმანოვა
27.08.2015

 ბათუმის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათის, მოქანდაკე თამარ კვესიტაძის "ალი და ნინოს" ნახვა დამსვენებლებს ხელახლა 5 სექტემბრიდან ძველი ადგილიდან 50-60 მეტრის მოშორებით შეეძლებათ. მისი გადატანის გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელობამ სკულპტურის საძირკველის დაზიანების გამო მიიღო. როგორც ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ამბობს, ქანდაკება თავის დროზე კანონდარღვევით, ტექნიკური დეტალების გათვალისწინების გარეშე დაიდგა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "არნაბი 21"-მა ქანდაკების დემონტაჟი განახორციელა, რა დროსაც ამწის ტროსი გაწყდა, "ნინო" წაიქცა და დაზიანდა. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ დაზიანება უმნიშვნელოა და მისი აღდგენა უახლოეს დღებში მოხდება.

"რაზეც ქანდაკება იდგა, ის დაზიანდა, ზღვის ღელვამ საძირკველი გამოაცალა, რის გამოც შეიქმნა საშიშროება, რომ სკულპტურა ჩამოინგრეოდა. მოვიწვიეთ ექსპერტი, გვინდოდა გამაგრება, მაგრამ უარი გვითხრეს. ამიტომ ქალაქის მერიისგან და ქანდაკების ავტორისგან, თამარ კვესიტაძისგან ავიღეთ ნებართვა და ქანდაკების გადატანასთან დაკავშირებით ტენდერი გამოვაცხადეთ. ტენდერში კომპანია "არნაბი 21"-მა გაიმარჯვა, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს.

"გადმოტანის დროს ამწის ტროსი გაწყდა. დაზიანება დიდი არ არის, ორი ფირფიტაა დაზიანებული, რომელიც გასწორდება უახლოეს დღეებში. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, 10 დღის ვადაში ჩაეტევიან. კანონით კი ვადა 15 სექტემბრამდე აქვთ, მაგრამ როგორც ამბობენ, 5 სექტემბრისთვის მისი დამონტაჟებაც მოესწრება," - უთხრა "რეზონანსს" ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ზირაქიშვილმა.

მისი თქმით, ქანდაკებას ძველი ადგილიდან 50-60 მეტრის მოშორებით დადგამენ.

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის თქმით კი, არსებობს სპეციალისტების დასკვნა, რომლებიც თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ამ ადგილზე სკულპტურის დადგმას. "არ ვიცი არაფერი იმიტომ, რომ ბათუმის ზღვისპირა პარკი, თავის შენობა-ნაგებობებით, მათ შორის "ალი და ნინოთი", გადაცემულია ბულვარის ადმინისტრაციისთვის. თუმცა, როგორც ვიცი, მის გადატანს აპირებდნენ. (ფუნდამენტი) რაზეც ქანდაკება იდგა დაზიანდა და მისი გამაგრება შეუძლებელი იყო. "სხვათა შორის თავიდანვე ამტკიცებდნენ სპეციალისტები, რომ იქ მისი დადგმა არ შეიძლებოდა. ახლა, როგორც ვიცი, მხოლოდ რამდენიმე მეტრით ზევით გააკეთებენ", - გვითხრა ერმაკოვმა.

სკუპტურის დაზიანებასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემაც. მისი თქმით, ქანდაკება ცოტა მოშორებით განთავსდება და იმ მდგომარეობაში იქნება, როგორც დღემდე იყო.

"სანაპირო ზოლზე ძალიან ბევრი ობიექტია ნაპირდაცვითი კანონმდებლობის გარეშე აშენებული. შესაბამისად, ბულვარმა მიიღო ძეგლის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება. გამოცხადებული იყო ტენდერი და დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია იღებს პასუხისმგებლობას. აუცილებლად მოხდება ამის გამოსწორება და "ალი და ნინო" დაიდგმება ცოტა მოშორებით და იქნება ისეთ მდგომარეობაში, როგორც დღემდე იყო. არანაირი პანიკა არ არის ასატეხი, თითქოს ვინმე ანგრევს ამ მონუმენტს. ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარია გამოყოფილი და შესაბამისად მოხდება მისი სრულყოფა და გადატანა", - აღნიშნა დავით ბალაძემ.

დავით ბალაძემ სკულპტურის თავდაპირველი მონტაჟის შემსრულებელ გერმანულ კომპანიაზეც გააკეთა განცხადება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ კომპანიას ამ ძეგლის გადატანის სურვილი ჰქონდა, ტენდერში უნდა მიეღო მონაწილეობა.

"რაც შეეხება განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავიდანვე იყო შეთავაზებული გერმანელების მხრიდან აღნიშნული პროექტის გაკეთება, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა და ვალდებული ვართ გამოვაცხადოთ აუქციონი. თუ გერმანელებს ჰქონდათ სურვილი მონუმენტის გადატანის, მათ შეეძლოთ მიეღოთ ტენდერში მონაწილეობა. დღეს ვესაუბრე ქალბატონ თამარ კვესიტაძეს და კომპანიას დაევალება მოხდეს ძეგლის იმ მდგომარეობაში დაბრუნება, როგორც თავიდან იყო, ოღონდ განსხვავებულ ადგილზე, რომ ზღვამ არ შეუქმნას საფრთხე. ჩვენ კარგად გვახსოვს ის სიტუაცია, როცა ზღვამ საფრთხე შეუქმნა და იყო რისკი სკულპტურის ზღვაში ჩავარდნის, სწორედ ამის გამო მივიღეთ ადგილმონაცვლეობის გადაწყვეტილება", - აღნიშნა დავით ბალაძემ.

აღსანიშნავია, რომ თამარ კვესიტაძის ნამუშევარი, მოძრავი მონუმენტი "ალი და ნინო" ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს 2011 წლის ზაფხულში დადგეს. ქანდაკება აზერბაიჯანელი მწერლის, ყურბან საიდის რომანის მოტივზე შეიქმნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×