ცნობილი გამოთქმაა: არ არის კაცი, არ არის პრობლემა. სააკაშვილის ხელისუფლებაში დაქირავებული თუ დაუქირავებელი მკვლელების ხელით ამ პრინციპმა ბევრი შეიწირა, როგორც ფიზიკური პირი, ისე სახელმწიფო უწყება. ძირითადად კი ისეთი უწყებები ეწირებოდა, რომელთა პრობლემებს ხელისუფლება ვერ აგვარებდა. მაგალითად, ვერ მოაგვარეს მცირე მეწარმეობის პრობლემა და ეკონომიკური მკვლელის, ნოღაიდელის ხელით 2006 წელს გააუქმეს რა ჩვენი დიდი ძალისხმევით 1999 წელს მიღებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი, მოკლეს ამ კანონთან მიბმული მცირე მეწარმეთა ერთადერთი სახელმწიფო უწყება, "მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი."
ასევე, ხელისუფლება ვერ აგვარებდა რა ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემას, ეკონომიკური მკვლელის, ბენდუქიძის ხელით გააუქმეს და მოკლეს ჩრდილოვანი ეკონომიკის ერთადერთი სახელმწიფო უწყება, ეკონომიკის სამინისტროს "ჩრდილოვანი ეკონომიკის სამმართველო".
აღარ არსებობდა რა ეს უწყებები, საკაშვილის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ საქართველოში აღარ არსებობდა მცირე მეწარმეობისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემები. ამიტომ ჰგავდა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას, როცა ავსტრიული კომპანია "ეუობსერვიზის" ექსპერტებმა 2009 წელს საქართველოში დააფიქსირეს 68%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა. მახსოვს რა აყალმაყალი ატეხა მაშინ მთავრობამ და ავსტრიულ კომპანიას არაკომპეტენტურობაში როგორ სდებდნენ ბრალს.
აყალმაყალი ჩაცხრა, როცა ადგილობრივმა ექსპერტებმა, მათ შორის ჩვენი ასოციაციის ცნობილმა ექსპერტმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი "ჩრდილოვანი ეკონომიკის სამმართველოს" უფროსის მოადგილემ თამაზ ვაშაკიძემ, საქართველოში დააფიქსირეს გაცილებით უფრო მაღალი, 78%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა. ამ დავას კი საბოლოოდ დაუსვა წერტილი მსოფლიო ბანკმა, რომელმაც 2012 წელს საქართველოში ცალსახად ოფიციალურად დააფიქსირა 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა!
მე მიკვირს სხვა რა შედეგს ელოდა ხელისუფლება, როცა 2004 წელს მიღებულმა ნოღაიდელის ახალმა საგადასახადო კოდექსმა, სადაც გადასახადების რაოდენობა თვალთმაქცურად კი შეამცირეს, მაგრამ საგადასახადო ტვირთი კიდევ უფრო გაზარდეს, შეპირებული აყვავების ნაცვლად პირიქით, დააქცია ქართული ეკონომიკა. ეს ნათლად ჩანს კონტროლის პალატის დოკუმენტზე დაფუძნებულ, 2006 წლის 20/22 მაისის გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნებულ ნათია ჯანაშვილის ვაჟკაცურ სტატიაში "ნოღაიდელო, დაბრმავდი?! შენი საგადასახადო კოდექსი ბიზნესმენებს კრიმინალებად აქცევს", სადაც ვკითხულობთ ამ დაუჯერებელ ციფრებსა და ფაქტებს:
"ახლა კიდევ გაგიმძაფრებთ ეჭვებს ჩვენი ჩინოვნიკების კეთილსინდისიერებისადმი. გინახავთ საწარმო, რესტორანი, სასტუმრო, რომლის შემოსავალი დღეში 1 ლარზე ნაკლებია? კონტროლის პალატა აფიქსირებს, რომ მთავრობის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 970 საწარმო საშუალოდ 70 თეთრის პროდუქციას უშვებს დღეში. 1117 საწარმოს კი დღეში 2,4 ლარის ბრუნვა აქვს, 3889 საწარმოს 4,4 ლარი შესდის დღეში საშუალოდ, 17702 კომპანიას კი - 14,5 ლარი." კონტროლის პალატის მიერ გასაჯაროებული ასეთი შოკისმომგვრელი ციფრები და ფაქტები მრავლადაა ამ სტატიაში. უფრო მეტი შოკისმომგვრელია ფაქტია, რომ საქართველო დღესაც ცხოვრობს ნოღაიდელისეული ამ კრიმინალური და 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკის დამამკვიდრებელი საგადასახადო კოდექსით!
როგორ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, ნოღაიდელის დამსახურებით დაგროვილი ეს უზარმაზარი, მინიმუმ 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელსაც ხელისუფლება დღემდე გულდაგულ მალავს, არის განადგურებული ქართული ეკონომიკის ფორსირებული აღორძინების ოქროს რეზერვი. მინიმალურ საგადასახადო ტვირთსა და მაქსიმალურად გამარტივებულ ადმინისტრირებაზე დაფუძნებული ახალი საგადასახადო კოდექსის რეალური ამოქმედებით სავსებით შესაძლებელია საქართველოში დღევანდელი 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა ჩამოვიყვანოთ საშუალო ევროპულ 20%-იან მაჩვენებელზე და ჩრდილოვანი ეკონომიკის ამ 50%-იანი შემცირებით, ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, მხოლოდ ეკონომიკის გათეთრების ხარჯზე, მშპ გავზარდოთ 100-150%-ით, რაც ქვეყნის 20-30-წლიანი გიგანტური ეკონომიკური ნახტომის ტოლფასი იქნება!
ჩვენ დამუშავებულ/დაპატენტებული გვაქვს ასეთი გიგანტური ეკონომიკური ნახტომის მომტანი, თავისუფლად მიშვებული ბრუნვის ფიქსირებულ პროცენტებზე დაფუძნებული უნიკალური ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი, რომელსაც ეტაპობრივად დავნერგავთ ჯერ მცირე მეწარმეობაში და შემდეგ მთელ ქართულ ეკონომიკურ სივრცეში. ჩვენი ასოციაცია მზად არის ახალი საგადასახადო რეფორმები, რომლებიც ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე მშპ-ის მოცულობას გაზრდის 100-150%-ით, ჩაატაროს და რეალურ ეკონომიკურ შედეგებამდე მიიყვანოს ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოხატვიდან მაქსიმუმ 5 და მინიმუმ 3 სამეურნეო წელიწადში!
ამის შესახებ ოფიციალურ დონეზე და მედიაში მრავალგზის განვაცხადეთ ასოციაციის არსებობისა და დღემდე აქტიური მოღვაწეობის 17 წლის განმავლობაში. ბოლო 3 წლის მანძილზე კი ამ თემაზე მარტო გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებული გვაქვს 20-ზე მეტი სტატია და ინტერვიუ. ჩვენს რეფორმებში გათვალისწინებული იქნება აგრეთვე 2000 წელს ცნობილი ეკონომისტის, ნობელის პრემიის ლაურეატის ფიშერის მიერ მოცემული და მაშინდელი ფინანსთა მინისტრის ნოღაიდელის მიერ უარყოფილი რჩევა: 2-ჯერ შეამცირეთ საგადასახადო ტვირთი და 3-ჯერ გაგეზრდებათ საგადასახადო შემოსავლებიო.
სხვათა შორის, ფიშერის ამ რჩევას 2006 წელს უკვე ასრულებდა სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველი, მთელ მსოფლიოში გახმაურებული, ესტონური წარმატებული რადიკალური ეკონომიკური რეფორმების მამამთავარი მარტ ლაარი, მაგრამ იმჟამად უკვე პრემიერ/მინისტრის რანგში აღზევებულმა ნოღაიდელმა კვლავ ჩაშალა ქართველი ხალხის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი ეს რეფორმები.
იმედია, დღევანდელი ხელისუფლება აღარ გააგრძელებს ნოღაიდელის გზას და გაიზიარებს ჩვენს საგადასახადო რეფორმებს, რომელიც წერტილს დაუსვამს საქართველოში "საგადასახადო ნოღაიდელიზმის" 18-წლიან თარეშს. წერტილი დაესმევა აგრეთვე ჩვენს 17-წლიან ბრძოლას, რომ არ შეიძლება მცირე და მსხვილი მეწარმის თანაბრად დაბეგვრა, რაც ეკონომიკური ნონსენსია, სპობს მცირე მეწარმეობის ლეგალური არსებობის ეკონომიკურ საფუძვლებს და ასეთი რამ არ ხდება მსოფლიოს არ ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში.
მოკლედ, ჩვენს ახალ საგადასახადო რეფორმებს ალტერნატივა არა აქვს. ის საქართველოში რეალურად დაამკვიდრებს ლეგენდარული ლუდვიგ ერჰარდისეულ საოცნებო ეკონომიკას დევიზით: "კეთილდღეობა ყველასთვის!" და არა მარტო ბანკირებისთვის. ეს რეფორმები დაადასტურებს საქართველოში ნათქვამ ამ ჭეშმარიტებას: კარგი საგადასახადო კოდექსის მიღება ერთი სამამულო ომის მოგების ტოლფასია!
ანზორ საკანდელიძე
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე