საქართველო ნატოს მაპი-ს გარეშე, მაგრამ მაინც ნელ-ნელა უფრო და უფრო უახლოვდება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პოლიტიკურ ინტეგრაციაზე საუბრის შემდეგ ნაბიჯი ახლა უკვე სამხედრო-ტექნიკურ კონტექსტშიც გადაიდგა - გუშინ კრწანისში ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა, რაც პოლიტიკოსებისა და სპეციალისტების თქმით, ქართული თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და უსაფრთხოების განცდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის განვითარება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ნატოს ძალებთან თავსებადობის გაზრდა - ამ ყველაფერს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი მოემსახურება.
ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად განვითარდება და სულ მალე საქართველოში უმაღლესი სტანდარტების საწვრთნელი ობიექტი მოეწყობა. სხვადასხვა სახის წვრთნის ჩატარების მიზნით, ცენტრი საქართველოში არსებულ ყველა საწვრთნელ ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობას გამოიყენებს.
გადამზადდებიან როგორც ქართველი, ისე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები. ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის დაარსება შარშან უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული.
ცერემონიალის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულს შეხვდა, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.
"ღონისძიება ხაზს უსვამს ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში, საქართველო გახდება უფრო თავსებადი ნატოსთან და ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში", - ამ სიტყვებით დაიწყო ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ცერემონილაზე სიტყვით გამოსვლა.
სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი. თუმცა მცირე უსიამოვნო ინტრიგა გამომსვლელთა სიასთან დაკავშირებით წარმოიშვა - პრეზიდენტის სახელის აღნიშვნა გამომსვლელთა შორის ცენტრის გახსნის პროგრამასა და პრესრელიზში მიავიწყდათ.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
"დღეს ჩვენ ვაორმაგებთ თანამშრომლობას", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ეს მისი პირველი ვიზიტია, რაც განსაკუთრებული მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვაა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ნატოს იმედი ჰქონდეს. თუმცა ქართული საზოგადოების მთავარ მოლოდინზე, არის თუ არა საქართველო მზად და როდის შეიძლება მიღოს ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - მაპ-ი, ამაზე გადაჭრით ვერაფერს გვპირდება.
"მე ნამდვილად არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატოს სამიტზე, მაგრამ რაც შემიძლია მოგახსენოთ, არის ის, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რათა წინ იაროს და წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს.
"პროგრესი აშკარაა, რადგან რეფორმების გზაზე - როგორც პოლიტიკური სისტემის, ისე სასამართლო სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით, არის მიღწევები. ამას მივესალმებით და ნამდვილად ენთუზიაზმით გვავსებს, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ერთგულია რეფორმების გზით მოძრაობის.
"ჩვენ ვხედავთ პროგრესს და ერთად ვზრდით ნატოს საქართველოში: გაგვაჩნია ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ასევე ნატო-საქართველოს კომისია, არსებითი პაკეტი და დღეს უკვე გეგმაში გვაქვს გავხსნათ წვრთნისა და შეფასების გაერთიანებული ცენტრი, რომელიც გახლავთ უმნიშვნელოვანესი მოვლენა.
"ის გავლენას იქონიებს მთელ ქვეყანაზე და წვლილს შეიტანს რეალური პროგრესის მიღწევაში, რომლისკენაც ერთად მივიწევთ. დღეს უფრო მეტად არის საქართველო ნატოში და ნატო საქართველოში. ეს რეალური პროგრესია და ძალზეც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს გახლავთ გზა წევრობისკენ", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
საწვრთნელი ცენტრის გახსნის ცერემონიალზე დასწრების გარდა ნატოს გენდივანთან მომავალი წლის ვარშავის სამიტისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებიც განიხილებოდა. შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ მაპ-ზე საუბარი იყო როგორც ქართული მხარისგან, ასევე იენს სტოლტენბერგისგან. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში მაპ-ი არ უნდა იქნას განხილული როგორც წინსვლის და პროგრესის ერთადერთი ინდიკატორი.
მისივე თქმით, მთავარი გზავნილი, რაც გააჟღერა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იყო ის, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის და ნატო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, საქართველო არის ნატოს აქტიური და სანდო ასპირანტი ქვეყანა და საქართველოს და ნატოს აქვთ საერთო ინტერესები.
ქართველი ექსპერტები ცენტრის გახსნას ნატოს გზაზე დიდ პროგრესად აფასებენ. როგორც თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მუჩაიძე ამბობს, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდება ნატოში და საქართელოში ნატოს ყოფნაც უფრო იზრდება, ძალიან სერიოზული გზავნილია, რაც პოლიტიკურად ნატოში ინტეგრაციის გზაზე საბოლოო გაწევრიანებამდე გვაახლოვებს.
ამასთან ერთად ნატოს ჩართულობით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის სერიოზული დახმარება აქამდე ცალსახად არ იყო დაფიქსირებული.
"ამ ცენტრის ფარგლებში მოემზადდებიან არა მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციისათვის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნებიდან, არამედ თავდაცვითი ოპერაციების მიმართულებითაც, რაც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად აამაღლებს. ეს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით სერიოზულად წინ გადადგმული ნაბიჯია", - აცხადებს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მუჩაიძე.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ადრე ჩვენ პოლიტიკურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობდით, ახლა სამხედრო-ტექნიკურ კონტექსტშიც გადაიდგა ნაბიჯი და ეს პროგრესია. ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი და მაპ-ის მიღების აუცილობელი ფაქტორი. მაპ-ის გარეშე კი ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია.
ვახტანგ მაისაია: "ვარშავის სამიტამდე კიდევ ერთი წელია და რამდენად დაისმევა საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი, საუბარი რთულია. არ დაგავიწყდეთ, რომ 2016 წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ამიტომაც, წინასაარჩევნო პერიოდში აშშ-ს საგარეო მიმართულება არ გააქტიურდება.
"ამას ემატება ევროპულ სახელმწიფოებში არსებული სხვადასხვა მიდგომა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი. თუ გეოპოლიტიკაში რაღაც ექსტრავაგანტული არ მოხდა, ჩვენთვის არაფერი შეიცვლება. ახლა ალიანსს ბალკანეთის სახელმწიფოების ინტეგრაციის საკითხი აქვს დასასრულებელი".
"საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის" თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძის თქმით, საწვრთნელი ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოებისთვის, თუნდაც ის, რომ ჩრდილოკავკასიაში შესაძლო ფართომასშტაბიანი არეულობის შემთხვევაში, ეს ცენტრი საქართველოსთვის უსაფრთხოების უმთავრეს გარანტად იქცევა.
ხოლო იქნება თუ არა ეს ნატოს-თან დამაახლოებელი ნაბიჯი, ამ ეტაპზე თქმა რთულია. მისივე თქმით, ბოლო ერთი თვის მანძილზე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს თუ გადავხედავთ, თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის დროს და პლუს საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს, ასევე ნატოსთან მიმართებაში თავდაცვის სამინისტროს ძალიან აქტიურ პოზიციას ხიდაშელის დანიშვნის შემდეგ, გარკვეული პროგრესი აშკარაა და რაც მთავარია, მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაკეთებულმა განცხადებებმა ნათელი გახადა ის, რომ დასავლეთის ინტერესი საქართველოს მისამართით არ შენელებულა, რასთან დაკავშირებითაც სერიოზული წუხილები ჰქონდა საქართველოს პროდასავლური მიმართულების მომხრე საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს.
რუსული მხარის მიერ საწვრთნელი ბაზის გახსნასთან დაკავშირებით მოსალოდნელ ქმედებებზე საუბრისას კი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იქნება მხოლოდ მწვავე განცხადებები, ამის იქით კი საქმე არ წავა.
"ცენტრის გახსნამდე ძალიან ბევრს ეშინოდა რუსეთის შესაძლო რეაქციის. მითუმეტეს, რუსეთის ოფიციალური წრეების განცხადებები გვახსოვს, როდესაც ამბობდნენ, რომ ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა ეს რეგიონში უსაფრთხოებისაკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის.
თუმცა ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან მწვავე განცხადებების გარდა განსაკუთრებულ ხისტ მოქმედებებს არ ელოდება, რადგან თვლის, რომ რუსეთის ეკონომიკაზე ძალიან მძიმედ ისახება დასავლური სანქციები, ნავთობის ფასის დაცემა და ჩინეთის საფონდო ბირჟის ჩამოქცევა.
"რუსეთს დღეს არანაირი რესურსი არ აქვს კიდევ ერთ ფართომასშტაბიან შერკნებაში გამოიწვიოს მსოფლიო. საქართველოსთან მიმართებაში შესაძლო ხისტი ნაბიჯები შესაძლოა აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის დამაკავშირებელი მაგისტრალის კონტროლის განხორციელება ყოფილიყო. ეს ქმედება დასავლეთისთვის უფრო დიდი სილის გაწვნა იქნებოდა, ვიდრე ყირიმის ანექსია იყო. ამ პირობებში მოქცეული რუსეთი კი ასეთ რადიკალურ ნაბიჯს არ გადადგამს", - ამბობს ლაგაზიძე.
ვახტანგ მაისაიას თქმით კი, საწვრთნელი ბაზის გახსნას უკვე მოჰყვა რუსული პასუხი: რუსეთმა შავ და კასპიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო, განსაკუთრებით შავ ზღვაში და საქართველოს სიახლოვეს საზღვაო დესანტის გადმოსხმის იმიტაციას ავითარებდნენ.
საუბარი იყო იმაზეც, რომ რუსეთის ორმა ვერტმფრენმა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდანაც იქნება მწვავე განცხადებები. რუსულმა მედიამ ცენტრის გახსნის თემა უკვე აიტაცა და დიდი განხილვა აქვთ. ამის იქით კი საქმე არ წავა.