ორ დღეში ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ახალი სასწავლო წელი და სასწავლო წლის დადგომასთან ერთად ზოგ სკოლაში პრობლემებიც იწყება - გალის ქართულ სკოლებში გამოცხადებული რუსიფიკაცია 1-ლი სექტემბრიდან შედის ძალაში და ქართველ ბავშვებს დედაენის, მათემატიკისა თუ ბუნების სწავლება მშობლიურ ენაზე აეკრძალებათ.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული სკოლები მხოლოდ 2 რაიონშია შემორჩენილი - გალში -11 სკოლაა და ახალგორში - 6. ახალგორის ქართველ ბავშვებს ქართულად სწავლებას არავინ უკრძალავს, მაგრამ ამ ახალი სასწავლო წლიდან გალში დარჩენილი სკოლების დაწყებით კლასებში ქართულენოვან გაკვეთილებს მთლიანად რუსული ანაცვლებს.
ეს უსიამოვნო სიურპრიზი სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გალელებს ჯერ კიდევ გაზაფხული ბოლოს გაუმხილა და მთელი საზაფხულო არდადეგების პერიოდში 11-ვე სკოლის 50-მდე მასწავლებელი გაკვეთილების რუსულად ჩასატარებლად მოამზადა კიდეც. დე ფაქტო ხელისუფლებამ სკოლის დირექტორებზეც იზრუნა და რამდენიმე სკოლაში სეპარატისტების მიმართ ლოიალური ქართველი დირექტორებიც მოიყვანა. ეს იმისათვის, რომ რუსიფიკაციამ გართულების გარეშე ჩაიაროს.
გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა შონიას თქმით, მოლოდინები ძალიან უარყოფითია, 1-ლი სექტემბრიდან ბევრი ქართველი ბავშვისათვის ქართულენოვანი გაკვეთილები რუსულით შეიცვლება, ეს კი ქართველი მოსწავლეებისათვის ძალიან მძიმეა.
"აფხაზეთში მხოლოდ გალის რაიონის ე.წ. ქვედა ზონაში იყო შენარჩუნებული 11 სკოლაში ქართულენოვანი სწავლება და ყველა სკოლა ქართული სკოლის სტატუსს ატარებდა. სამწუხაროდ, სწორედ ამ სკოლებში მოსამზადებელი კლასიდან მე-4 კლასის ჩათვლით სწავლება ქართულის ნაცვლად რუსულად დაიწყება. მოსამზადებელ 1-ლ და მე-2 კლასებში სწავლება მთლიანად რუსულად იქნება, ხოლო მე-3 და მე-4 კლასებში ქართულის სწავლება ძალიან შემცირებულ დროში იქნება - მაგალითად, ნაცვლად 10 საათისა, მხოლო 2 საათი დაეთმობა ქართულ ენას და 1 საათი ლიტერატურას.
"რაც შეეხება მაღალ კლასებს, აქ ისევ ძველი აფხაზური სასწავლო გეგმის მიხედვით იხელმძღვანელებენ და სწავლებას ქართულად გააგრძელებენ, სანამ არ მოხდება ამ კლასების გამოშვება და ახალ-ახალი დაწყებითი რუსულენოვანი კლასებით ჩანაცვლება. ბუნებრივია, ყოველწლიურად მაღალი ქართული კლასების გაშვების შემდეგ რუსული კლასებით ჩანაცვლება თანდათან სკოლის მთლიანად რუსულ სწავლებაზე გადაყვანას გამოიწვევს," - აცხადებს ნანა შონია.
მისივე თქმით, სასწავლო გეგმაში შეტანილია აფხაზურის სწავლებაც, მაგრამ კადრები არ ჰყავთ. აკრძალულია საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება. ამის ნაცვლად ისწავლება აფხაზეთის ისტორია და აფხაზეთის გეოგრაფია, რომელიც რუსულ ენაზეა შედგენილი.
დაწყებით კლასებში მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სკოლებისათვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოები შევა, რის გამოც მასწავლებლებს 3-3 ათასი რუბლის მოგროვება დაავალეს, რომ ამ თანხით ადგილობრივმა დე ფაქტო ადმინისტრაციამ რუსეთიდან სახელმძღვანელოები შემოიტანოს და სკოლებში დაარიგოს.
აღსანიშნავია ის, რომ მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვის გამო არა მარტო ბავშვებს ექმნებათ პრობლემა, არამედ თავად პედაგოგებსაც, რადგან ქართველმა მასწავლებლებმა რუსული ენა არ იციან და სხვადასხვა საგნის რუსულად სწავლება რთული იქნება.
როგორც შონია აღნიშნავს, დე ფაქტო ხელისუფლებაში ამ პრობლემის შესახებ იციან, ამიტომაც ზაფხულის არდადეგებზე 11-ვე სკოლის მასწავლებლებისათვის რუსულ ენაში მოსამზადებლად სავალდებულო კურსები ჩაატარეს.
"მთელი ზაფხულის განმავლობაში დაწყებითი კლასების ყველა საგნის 50-მდე მასწავლებელი კვირაში სამჯერ დადიოდა გალის ჰუმანიტარულ კოლეჯში. ასწავლიდნენ რუსულ ენას და რუსულად გაკვეთილების ჩატარებას.
"კურსების ბოლოს გამოცდა ჩაუტარდათ, ჩაატარებინეს ღია გაკვეთილიც, რასაც დე ფაქტო განათლების მინისტრი ადგურ ლაკობა ესწრებოდა. მალე სერტიფიკატებსაც გადასცემენ. ეს ეხებოდა გალის ქვედა ზონის 11 სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლებს, სხვაგან აფხაზებს პრობლემა უკვე მოგვარებული აქვთ, ქართულად სწავლება არსად არ ხდება და თუკი ვინმე არალეგალურად ასწავლის, ამას მკაცრად ეწინააღმდეგებიან.
"ხშირია შემოწმებები და თუკი ნახეს, რომ მოსწავლეებმა ქართული კარგად იციან, ამის გამო მასწავლებელს სთხოვენ პასუხს. იყო შემთხვევები, როდესაც ტყვარჩელში, ოჩამჩირესა და გალის ზედა ზონაში ქართულად სწავლების გამო ქართველი მასწავლებლები სამსახურიდანაც გაათავისუფლეს," - ამბობს შონია.
აფხაზებისათვის "მოგვარებულ პრობლემად" კი ის ითვლება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შემორჩენილი 11 ქართული სკოლის გარდა, სხვაგან ქართული სწავლება უკვე დიდი ხანია აკრძალულია და ეს აკრძალვა სხვა ყოფილ ქართულ სკოლებში წლების წინ ერთი ხელის მოსმით განახორციელეს.
ცნობისათვის, გალის რაიონში ომამდელ საზღვრებში 31 სკოლა ფუნქციონირებდა. ამ სკოლებიდან დღეს ხელოვნური დაქუცმაცების გამო 9 სკოლა ტყვარჩელის რაიონს ეკუთვნის, 1 ოჩამჩირეს, 20 კი გალის რაიონს დარჩა.
გალი ზედა და ქვედა ზონებადაა დაყოფილი, ზედა ზონაში 9 სკოლაა, ქვედა ზონაში - 11. დღევანდლამდე მხოლოდ გალის ქვედა ზონის 11 სკოლა ინარჩუნებდა ქართული სკოლის სტატუსს, სხვაგან - რუსი ავტორების, რუსეთის ფედერაციის სკოლებისათვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით ხდებოდა სწავლება.
ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში ქართულის სწავლება ყველანაირი საფეხურების გავლის და მოსწავლეების რუსულ სწავლებაზე შეგუების გარეშე შეწყვიტეს 2008 წელს და ქართულენოვანი სწავლება ამ რაიონების სკოლებში ე.წ. რესპუბლიკის აღიარების შემდეგ უცებ აკრძალეს. გალის ზედა ზონის სკოლებში კი ყველა საგანი რუსულად ისწავლება, ქართული კი რიგით საგნად დატოვეს, ისიც ძალიან შემცირებული დროით - კვირაში ერთი საათით ქართული ენა და ერთი საათით ქართული ლიტერატურა.
თუმცა, ქართული პედაგოგები მოსწავლეებს ქართულს ჩუმად მაინც ასწავლიან. უკვე სწორედ ასე მალულად მოუწევთ ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე სწავლა გალის ქვედა ზონის 11 სკოლაშიც.
ნონა შონიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დე ფაქტო ხელისუფლებას სთხოვდა რიგით საგნად მაინც დაეშვათ ქართულის სწავლება ოჩამჩირისა და ტყვარჩელს სკოლებში, თითქოს დაპირება იყო, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ დაპირება ტყუილი გამოდგა.
"არც მოიაზრება, რომ რიგით საგნად მაინც ქართულის სწავლება გეგმაში შეიტანონ. დე ფაქტო პრეზიდენტი ხაჯიმბა აცხადებდა - მოსახლეობის თხოვნას გავითვალისწინებ და ქართულის სწავლებას ერთი საათს მივცემთო. ეს არ განხორციელდა და არც მოიაზრება მიმდინარე სასწავლო წლიდან," - დასძენს შონია.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დიმა ჯაიანი აცხადებს, რომ აფხაზები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქართულის სწავლებას ხელი შეუშალონ, მაგრამ ეს არ მოხდება და გალში მომუშავე ქართველი მასწავლებლები მაინც მოახერხებენ ქართველი მოსწავლეებისათვის საგნების ქართულად სწავლებას.
"სოხუმში მყოფ ჩემს მეგობრებს შევუთვალე - უცნაურია, საქართველოს ხელისუფლებას სურს ქართულ სკოლებში აფხაზური ენის სწავლის შემოღება, თქვენ კი, დალოცვილებო, აფხაზური ენის განვითარების ნაცვლად რუსული სწავლებით ცვლით ქართულ სწავლებას-მეთქი?!
"ამის გაკეთება არ შეიძლება, ამას აფხაზებს არავინ აპატიებს. მათი წინაპრები არ აპატიებენ. ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ჟენევაში ქართული ენის სწავლების აკრძალვის საკითხს ყოველთვის აყენებს და მთელმა მსოფლიომ იცის ეს. 21-ე საუკუნეში არ შეიძლება იმ მეთოდებით მუშაობა, რაც მე-17 საუკუნეში იყო. ეს გაუგონარი რამეა.
"აფხაზეთში ქართველი ბავშვები ქართულად მაინც ისწავლიან და ის გმირი მასწავლებლები, რომლებიც ღამის 12 საათზე სახლში იბარებენ მოსწავლეებს, ქართულად რომ შეასწავლონ საგნები, ეს მაინც გაგრძელდება.
"განათლების სამინისტრო ძალიან კარგად მუშაობს და ახერხებს ქართული სახელმძღვანელოების ოკუპირებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა გზით შეტანას. ეს გმირობის ტოლფასია. გალში ქართულად სწავლება გმირობის ტოლფასია და მოვა დრო, რომ იმ მასწავლებლებს გმირებად შევრაცხავთ. ახლა მათ ვინაობას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ შესაძლოა პრობლემები შეექმნათ. რუსულით ქართულ ენას ვერ შეცვლი. რუსთაველის ენისათვის რუსულის ძალით მოხვევა გამორიცხულია", - ამბობს ჯაიანი.
მისი თქმით, ის 1-ლ სექტემბერს ვერ მიულოცავს იმ სკოლებს, რომლებსაც ქართული ენის ამოღება და რუსულით ჩანაცვლება ძალით მოახვიეს თავს და იქვე იმაზეც საუბრობს, რომ სამწუხაროდ რამდენიმე გალის ქართულ სკოლაში სეპარატისტების მიმართ ლოიალური დირექტორები დანიშნეს და აფხაზი სეპარატისტები მათი ხელით აპირებენ ქართული სკოლის რუსიფიკაციის პოლიტიკის გატარებას.
"ძალიან სამწუხაროა, რომ კოხორის საშუალო სკოლის დირექტორი ეზუგბაია გაათავისუფლეს. ის ჭეშმარიტად ქართველი კაცი იყო, მის ნაცვლად კი დღეს დანიშნეს კაცი, რომელიც ეროვნებით ქართველია, მაგრამ რუსული განათლება აქვს მიღებული.
"ასე გაათავისუფლეს კიდევ 6 სკოლის დირექტორი და მათ ადგილზე ისეთი ქართველები დანიშნეს, რომლებიც ქართველობასთან შორს დგანან. ხვდებით ალბათ აფხაზები როგორ ეშმაკურად აკეთებენ, ეუთო-ს ან გაერო-ს წარმომადგენელი რომ მივა გალის სკოლებში და იკითხავს დირექტორის ეროვნებას, ის იტყვის რომ ქართველია, მაგრამ ის აფხაზების სეპარატისტული პოლიტიკის გამტარებელი პროაფხაზური ქართველია," - დასძენს ჯაიანი.
გალისაგან განსხვავებით პრობლემები არ აქვთ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ახალგორის რაიონში შემორჩენილ სკოლებს და იქ 1-ლ სექტემბერსაც უფრო მშვიდად ხვდებიან.
როგორც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსი სოსო ცოტნიაშვილი აცხადებს, ცხინვალის რეგიონში მხოლოდ 6 ქართული სკოლაა, ყველა ახალგორის რაიონში და არცერთ მათგანში ქართულად სწავლებას არ კრძალავენ.
სოსო ცოტნიაშვილი: "სულ 6 სკოლაა, 1 ახალგორში და 5 ახალგორის სოფლებში. მოსწავლეებიც ცოტაა, ყველაზე დიდი სკოლა ახალგორშია და იქ მხოლოდ 50 მოსწავლე სწავლობს, ყველაზე მცირე სკოლაში კი - 8.
"ამ 6 სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სწავლების პროცესში უხეში ჩარევა არ არის. ერთი აკრძალვაა, 12-წლიან სწავლებას ეწინააღმდეგებიან და მხოლოდ 11-წლიანი სწავლება ხდება.
"გარკვეული პრობლემები იყო ქართული ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლებაზე. თავიდან ამბობდნენ, რომ საერთოდ არ ასწავლოთო. შარშან განაცხადეს, რომ ოსეთის ისტორიას ვთარგმნით ქართულად და იმ წიგნით მოხდეს სწავლებაო, მაგრამ ეს წიგნი არ გამოჩნდა და ახლა მხოლოდ თანამედროვე საკითხების სწავლებას კრძალავენ, საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე რაც არის იმ წლებს", - ამბობს ციტნიაშვილი.
მისივე თქმით, წიგნების შეტანა ჩუმად ხდება, მაგრამ შედის. მოსწავლეების მსგავსად პედაგოგებსაც არ ექმნებათ რაიმე პრობლემები. ანაზღაურებაც უკეთესი აქვთ, ვიდრე დანარჩენ საქართველოს მასწავლებლებს.
"ახალგორის ქართველ პედაგოგებს ხელფასს საოკუპაციო ხელისუფლება უხდის. ხელფასი საკმაოდ მაღალია - 1,5-ჯერ მეტია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. პედაგოგის საშუალო ხელფასი 700 ლარამდეა. გარდა ამისა, არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დახმარების პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში განათლების სამინისტრო კიდევ ურიცხავს ყოველკვარტალურ დახმარებას, საშუალოდ 600 ლარს", - დასძენს ცოტნიაშვილი.