მოსაზრება
31.08.2015

ნატალია ზუბალოვა
ბოლო დღეებია არ წყდება ვნებათა ღელვა საამილახვროს გარშემო. ერთი მხრივ, სოფელ ქვემო ჭალას მაცხოვრებლები და კულტურის სამინისტრო ითხოვს მის სახელმწიფოსთვის გადაცემას, მეორე მხრივ კი ამჟამინდელი მფლობელები ამტკიცებენ საკუთარი უფლებების კანონიერებას.
მე, ნატალია ზუბალოვამ, საქართველოში საამილახვროს ერთადერთმა დარჩენილმა მემკვიდრემ, მინდა ნათელი მოვფინო ამ საქმეს.
საამილახვროს ბოლო მფლობელთაგანის, თავადი ივანე გივის ძე ამილახვრის, ერთადერთი მემკვიდრე საქართველოში იყო მამაჩემი ნიკოლოზ ზუბალაშვილი. თავის დროზე ივანე ამილახვრის უმცროსი ძმის, მიხეილის, შვილიშვილმა ეკატერინა ჩოლოყაშვილმა დამალა მემკვიდრის არსებობის ფაქტი და უკანონოდ მიითვისა ამილახვრების სახლი ქალაქ გორში და საამილახვრო, სოფელ ქვემო ჭალაში.
მე სრულიად შემთხვევით გავიგე პროცესის შესახებ და შევატყობინე სასამართლოს მემკვიდრის ვინაობა. თაღლითების ოჯახის რეაქცია დაუყოვნებელი იყო. გორში არსებული ამილახვრების სახლი ფიქტიურად გაიყიდა ერეკლე კუხიანიძის მეგობარზე მ. თოლორდავაზე. ამის შემდეგ მათ სასამართლო პროცესზე წარადგინეს მემკვიდრეობაზე უარის თქმა, თითქოს მამაჩემის ხელმოწერილი.
სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ მამაჩემი ქმედუუნარო იყო და მის ხელმოწერას ძალა არ ჰქონდა.
სასამართლომ ასევე უგულებელყო ის ფაქტები, რომ მემკვიდრეობაზე უარის თქმა აშკარად ქალის ხელითაა ნაწერი. ჩვენს თხოვნაზე ჩაეტარებინათ გრაფიკული ექსპერტიზა, სასამართლომ უარი განაცხადა, ხოლო თხოვნაზე, რომ მეორე მხარეს წარედგინა ჩვენთვის დედნები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად განგვიცხადეს, დედნების დაკარგვის შესახებ. სასამართლოში კი წარადგინეს მოცემული დოკუმენტების ასლის ასლები, რაც კანონდარღვევაა და მიუთითებს თაღლითების და სასამართლოს გარიგებაზე ქმედუუნაროს გაძარცვის მიზნით.
დოკუმენტები დამოწმებულია ქ. მოსკოვში მოქმედი კერძო ნოტარიუს ლ.პ. ანანიევას, მოვალეობის შემსრულებლის მ.ა.ხოხლოვის მიერ. მ.ა. ხოხლოვი არ ირიცხება მოსკოვის ნოტარიატის მონაცემთა ბაზაში.
მ.ა. ხოხლოვს, როგორც მოვალეობის შემსრულებელს, არ ჰქონდა უფლება დაემოწმებინა დოკუმენტები. ხოლო ლ.პ. ანანიევას, როგორც კერძო ნოტარიუსს, არ ჰქონდა უფლება ეწარმოებინა სამკვიდრო საქმეები.
დოკუმენტები შესრულებულია ბლანკებზე, რომლებსაც იყენებდნენ ნოტარიული აქტებისას მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
თვით ამ ბლანკების არსებობა 2000 წელს დანაშაულია, რადგან ისინი ორი წლით ადრე ამოიღეს მოხმარებიდან და ექვემდებარებოდნენ განადგურებას.
ასეთი გზით თაღლითების ოჯახი საამილახვროს მფლობელი გახდა.
რაც შეეხება საამილახვროს გადაცემას სახელმწიფო საკუთრებაში, ქვემო ჭალაში კიდევ რამდენიმე კულტურული ძეგლია, რომლებიც ქვემო ჭალელების ეზოებშია და რომელთა მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. თუმცა მათზე საუბარი საერთოდ არაა.
აქვე დავამატებდი, კულტურის სამინისტროს ახლაც არაფერი არ უშლის იზრუნოს კულტურულ ძეგლებზე მიუხედავად იმისა წარმოადგენენ თუ არა ისინი კერძო საკუთრებას (სახელმწიფომ თავის დროზე რესტავრაცია ჩაუტარა სიღნაღში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში კერძო საკუთრებაში არსებულ შენობებს იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს შენობები კულტურული ან არქიტექტურული ძეგლები).
ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ ვიღაც დაინტერესებულია ამილახვრების სახლით, და მოქმედებს შემდეგი სქემით: სახლი ჯერ გადავა სახელმწიფოს ხელში, შემდგომ რომელიმე ფონდის და საბოლოდ კი ყოველგვარი ხმაურის გარეშე კერძო მესაკუთრის, მაგრამ არა კანონიერი მემკვიდრის.
რაც შეეხება ამილახვრების ციხე-სიმაგრესა და კარის ეკლესიას, ის წყნარად განაგრძობს ნგრევას, ისევე როგორც იმავე სოფელში მდგარი რამდენიმე კულტურული ძეგლი.
რამოდენიმე შეკითხვა გამიჩნდა კულტურის მინისტრ ნიკოლოზ ანთიძესთან.
ბატონო ნიკოლოზ, ხომ არ დაგავიწყდათ როგორ გახდა საამილახვრო სახელმწიფო საკუთრება? თავის დროზე ის სახელმწიფომ ააშენა, ამილახვრებისაგან იყიდა თუ ნაჩუქარია, როდესაც ამბობთ რომ მას უნდა დაუბრუნდეს? თუ თქვენ კანონიერად თვლით საქართველოს ანექსიისას და ბოლშევიკური გადატრიალებისას, 1921 წელს, ქონების მითვისებას სახელმწიფოს მიერ?
აპირებთ თუ არა ყველა კულტურული და არქიტექტურული ძეგლის ნაციონალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით? აპირებთ თუ არა ამჟამინდელი მესაკუთრეების გამოსახლებას თბილისში, ქუთაისში, სიღნაღში, ბათუმში არსებული კულტურულ-არქიტექტურული ძეგლებიდან, ან თუნდაც სვანური კოშკებიდან?
თუ უბრალოდ გრძელდება 1921 წელს ჩემი ოჯახის წინააღმდეგ დაწყებული ტერორი?
მე არაერთხელ მივმართე პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად ცრუ მემკვიდრეების წინაღმდეგ. რაზეც პროკურატურა მპასუხობდა: საბუთების გაყალბება, რომელთა საშუალებითაც თაღლითებმა გაძარცვეს ქმედუუნარო რამოდენიმე ასეულ ათას ლარზე (საუბარია მხოლოდ საცხოვრებელი სახლების მატერიალურ ღირებულებაზე), სისხლის სამართლის დანაშაული არაა.
მადლობას ვუხდი გაზეთ "რეზონანსის" რედაქციას, რომ საშუალება მომცა დამეფიქსირებინა ჩემი აზრი, რადგან ბოლო 15 წლის განმავლობაში მასმედიის იმ წარმომადგენლებმა რომლებსაც მე მივმართე, უარით გამისტუმრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×