ახალ სატელევიზო სეზონს ტელევიზიები პოლიტიკური თოქ-შოუების გარეშე დაიწყებს. "რეაქციასა" და "იმედის კვირის" გარდა სექტემბრიდან ეთერში აღარ გავა ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის გადაცემა "კვირის 2030" არჩილ გამზარდიასთან ერთად.
გადაცემის მთავრი პროდიუსერის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, გადაცემა არ დახურულა უბრალოდ პროექტი დასრულდა, რომელსაც მალე ახალი გადაცემით ჩანაცვლდება.
გადაცემის წამყვანის არჩილ გამზარდიას თქმით კი, პროექტი მისი ფაქტორის გამო აღარ გაგრძელდა.
"როგორც ჩანს, გარკვეულ სუბიექტებს იქ პიროვნულად ვუშლიდი ხელს. ჩემი აქტიურობა არ უნდოდათ შეიძლება იმიტომ, რომ ვერ მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გამზარდია.
აღსანიშნავია, რომ "კვირის 2030" ბიძინა ივანიშვილის პროექტის ფარგლებში მარტში დაიწყო, სადაც თავიდან არჩილ გამზარდიას თანაწამყვანობას, სხვა სტუმრებთან ერთად, პერიოდულად ბიძინა ივანიშვილიც უწევდა.ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიზნესის, პოლიტიკისა და არასამთავრობო სექტორის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი შესაძლებლობის გამოცდას ტელევიზიაში აპირებდა, ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში გავრცელდა, რაც მოგვიანებით მისი შვილის, ბერა ივანიშვილის ტელევიზიაშიც დაადასტურეს და ამის გამო არხმა ლიცენზია შეიცვალა და გასართობიდან საერთო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.
ახალი სეზონიდან არხი ისევ საერთო ლიცენზიით გააგრძელებს მაუწყებლობას და საინფორმაციო გამოშვება "2030" კვირაში 5 დღე ეთერში ჩვეულებრივ გავა. რაც შეეხება "კვირის 2030", იგი სხვა გადაცემით ჩანაცვლდება, თუმცა რითი, ჯერჯერობით უცნობია. გადაცემის წამყვანს, არჩილ გამზარდიას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა. მისი თქმით, გადაცემის გუნდიდან ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ტელევიზიის მიღმა აღმოჩნდა. თუმცა ამბობს, რომ ეს მოსალოდნელი იყო, რადგან წამოსვლას თავადაც აპირებდა.
"გადაცემის დახურვაზე ადრე საუბარი არ ყოფილა, უბრალოდ, რაღაც მიზეზების გამო, რომელზედაც არ ვსაუბრობ, წამოსვლაზე ვფიქრობდი და ერთი კვირა ამის გამო სამსახურში არ დავდიოდი, თუმცა მერე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შევასრულე და ჩვეულებრივ გავაგრძელე მუშაობა.
"როცა ივლისში ხელშეკრულება ამომეწურა და პროექტის სეზონი დასრულდა, დავსვი კითხვა, იგეგმებოდა თუ არა ხელმეორედ ხელშეკრულების შეთავაზება?! ხომ უნდა დავფიქრებულიყავი, გავაგრძელებდი თუ არა თანამშრომლობას, თანაც ჩემ გვერდით იყვნენ ადამიანები, რომელთაც აინტერესებდათ, როგორ გადაწყდებოდა მათი ბედი. ვუთხარი, რომ შემოდგომაზე საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს და ვიკითხე, როგორ განმეხორციელებინა დროის მენეჯმენტი, მაგრამ მივიღე პასუხი, რომ ჩემს პირად გეგმებში არაფერი შემეცვალა და, შესაბამისად, ხელშეკრულება აღარ გამიგრძელდებოდა.
"შეიძლება ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, თუმცა არსებობს ადამიანის რესურსი, რომელთანაც სხვა ხერხითაც შეიძლება თანამშრომლობა, მაგრამ ჩემთან თანამშრომლობა აღარ იგეგმებოდა, ამიტომ ავდექი და წამოვედი. ნუ, პრინციპში, ეს პროგნოზირებადიც იყო. ამ პერიოდში ძალიან ბევრი თანამშრომელი მიიღეს და ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისთანაც თანამშრომლობა აღარ უნდოდათ. თუმცა ეს პროგნოზირებადი იყო და არც გამკვირვებია. მაგრამ ამით დაიწყო ტენდეცია, ამას მოჰყვა სხვა გადაცემების და წამყვანის მიმართ განსაზღვრული პოლიტიკა. ამიტომ გამოვხატე ჩემი პოზიცია.
"პროექტი გაგრძელდა თითქმის 5 თვე, ხელშეკრულება მქონდა 6-თვიანი. ხელმშეკრულების ვადაზე საუბარი არც იყო იმიტომ, რომ ამ პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული და აქ რამე კანონდარღვევა არ მომხდარა. ვუყურებდი ადამიანებს, გარემოებას და თავიდანვე ვამბობდი, რომ ჩვენი თანამშრომლობა დროებითი იყო,იმიტომ, რომ იყო გარკვეული ფაქტორები, რის გამოც თავიდანვე, რაღაც მომენტში ვგრძნობდი, რომ პროცესები ისე თავისუფლად არ წავიდოდა, როგორც მე მსურდა.
"აქ იყო კონკრეტულად ჩემი ფაქტორი, როგორც ინგა გრიგოლიას შემთხვევაში მოხდა. გრიგოლიას 5 გადაცემაც რომ ჰქონოდა, ხუთივეს დაუხურავდნენ. როგორც ჩანს, გარკვეულ სუბიექტებს იქ პიროვნულად ვუშლიდი ხელს. ჩემი აქტიურობა არ უნდოდათ შეიძლება იმიტომ, რომ ვერ მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ", - გვითხრა გამზარდიამ.
გადაცემის პროდუსერის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, გადაცემა არ დახურულა, უბრალოდ, როგორც ტელევიზიაში ხდება-ხოლმე, პროექტმა საკუთარი თავი ამოწურა და დასრულდა.
"კვირის-2030" თავის ვადებში გადიოდა. ვადა ამოეწურა, ამიტომ შეჩერდა და ახლა ჩანაცვლდება სხვა გადაცემით. საინფორმაციო გამოშვება "2030" მაკა ცინცაძესთან ერთად ჩვეულებრივ გაგრძელდება. განახლდება 14 სექტემბერს.
"კვირაობით რა იქნება, მერე ნახავთ. გადაცემამ ამოწურა თავის თავი და დასრულდა, არაფერი არ დახურულა. ყოველთვის ასე ხდება - ტელევიზიის განვითარება ასეა საერთოდ. არა მარტო ეს, კიდევ რამდენიმე გადაცემა დასრულდა ჯი-დი-ესზე და ახლა კეთდება რამდენიმე ახალი გადაცემა. ეს აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკაა, ვინც ოდნავ თუ მაინც იცნობს ტელევიზიის სპეციფიკას, გაიგებს," - უთხრა "რეზონანსს" მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, არხზე მალე პოლიტიკური თოქ-შოუებიც დაიწყება, თუმცა ამ შემთხვევაშიც იგი დეტალების გახმოვანებისგან თავს იკავებს.
"პოლიტიკური თოქ-შოუც გვექნება მალე, მაგრამ წინასწარ არ მინდა ამაზე საუბარი, ყველაფერი გამოჩნდება, რაც იქნება. გაზეთებით და სოციალური ქსელებით ამ საკითხებზე არ საუბრობენ. თავის დადგენილ ვადაში ყველაფერი გავა. ცხადია, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც საჭიროა. ახალ სეზონზე რამდენიმე ახალი გადაცემა გვექნება, ამასთან დაკავშირებით ინტენსიური სამუშაო მიდის. ზოგი სექტემბრიდან, ზოგი კი ოქტომბრის დასაწყისიდან გავა. ეს არის რეორგანიზაციის შედეგი", - ამბობს მაღლაფერიძე.