საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას აბიტურიენტები უკვე მესამე დღეა მართავენ. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ მეორადი ჩარიცხვები არ მოხდებოდა.
თუმცა "რეზონანსთან" საუბრისას მიმინოშვილი უშვებს შესაძლებლობას, რომ ყველა დაინტერესებული მხარის თანხმობის შემთხვევაში უკვე მომხდარი სტუდენტთა ჩარიცხვა გაუქმდეს და ყველა აბიტურიენტს, რომელმაც გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახა, უმაღლესი სასწავლებლის თავიდან არჩევის უფლება მიეცეს.
საპროტესტო აქციის მონაწილე აბიტურიენტები უსამართლობად მიიჩნევენ იმას, რომ საშუალო დონის ქულებით ვერც ერთ უნივერსიტეტში ვერ მოხვდნენ. მათი თქმით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ადგილია თავისუფალი და განათლების სამინისტროს შეუძლია ისინი სწავლის გარეშე არ დატოვოს.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ებანოიძე ამბობს, მათ შიმშილობა დაიწყეს და მანამდე არ დაასრულებენ აქციებს, სანამ განათლების სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ დაუშვებს მეორად ჩარიცხვებს
"უკვე მესამე დღეა, რაც საპროტესო აქციებს ვმართავთ და ვშიმშილობთ. ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნა მეორადი გამოცდების ჩარიცხვასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება.
"მაია მიმინოშვილს შევხვდით, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი პასუხი არავისგან არ მიგვიღია, რომელიც აქციას შეგვაწყვეტინებდა.
"არ ვაპირებთ დანებებას. თუ საჭირო გახდება, მეც და ჩემთან ერთად კიდევ სხვა აბიტურიენტები ღამეც ვიქნებით აქ და საპროტესტო აქციებს არ შევწყვეტთ", - აცხადებს დავით ებანოიძე.
გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მეორადი ჩარიცხვების დაშვება უსამართლობა იქნება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში, თუმცა ვერ გაითვალისწინეს უნივერსიტეტის ადგილმდებარეობა ან მაღალი გადასახადი და სწავლის დაწყება არ შეუძლიათ, რადგან ისინი მეორადი ჩარიცხვით ვერ ისარგებლებენ. მისი თქმით, ასეთი პრობლემებით არაერთმა აბიტურიენტმა და მშობელმა მიაკითხა მათ და სთხოვეს, შეეცვალათ ჩარიცხული უნივერსიტეტი სხვა სასწავლებლით, თუმცა ამის განხორციელება მას არ შეუძლია.
მისივე თქმით, იგი შეხვდა აქციის მონაწილეებს და ესაუბრა მათ იმ პრობლემების შესახებ, რასაც მეორადი ჩარიცხვების დაშვება გამოიწვევდა.
"ჩვენი ორგანიზაცია უმაღლეს სასწავლებლებს ემსახურება და ჩემთვის გაუგებარია, რატომ მართავენ აქციას განათლების სამინისტროსთან. ორი დღის წინ შევხვდი აბიტურიენტებს, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ და მაქსიმალურად ვეცადე ამეხსნა მათთვის, რა პრობლემებს გამოიწვევდა მეორადი ჩარიცხვების დაშვება და რამდენად უსამართლო იქნებოდა ეს იმ აბიტურიენტების მიმართ, რომლებიც სწავლას სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ აგრძელებენ. მათაც ანალოგიური შეცდომა დაუშვეს.
"დამეთანხმებით, რომ დიდი უსამართლობა იქნება ერთი ჯგუფის თხოვნის გათვალისწინება და მეორის იგნორირება - ანუ, ძვირადღირებულ სასწავლებლებში ჩარიცხულებს, რომლებიც სწავლების საფასურს ვერ იხდიან, მათაც უნდა მივცეთ ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა. თუ ასე მოვიქცევით, მაშინ მათ მიერ გამოთავისუფლებულ ადგილებზე პრეტენზიის მქონეთ, რომლებიც სხვა არჩევანზე ჩაირიცხნენ, რადგან საკონკურსო ქულა არ ეყოთ, მაგრამ ადგილის გამონთავისუფლების შემდეგ შანსი უჩნდებათ, ვერ ვეტყვით უარს ამ ადგილების დაკავებაზე. ეს კი არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ ძირითადი წესის დარღვევა იქნება. ეს ყოველივე კი ჩარიცხვების ხელახლა განხორციელებას გულისხმობს.
"ჩემთან მოსულები იყვნენ აბიტურიენტის მშობლები, რომლებიც მთხოვდნენ მათი შვილებისთვის ის უმაღლესი სასწავლებლები შემეცვალა, რომელშიც მოხვდნენ. მათაც შეეშალათ რეგისტრაციის დროს და მიუთითეს ისეთი უმაღლესი სასწავლებლები, რომლებშიც მაღალი გადასახადი იყო, ან ვერ გაითვალისწინეს სასწავლებლის ადგილმდებარეობა და დღეს ამ პრობლემის გამო მათი შვილები ვერ აგრძელებენ სწავლას, რადგან არ გაუფორმებიათ ხელშეკრულება სასწავლებლებთან და გარეთ რჩებიან.
"თუმცა მე შევასრულებ დანაპირებს და შევხვდები უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, ავუხსნი მათ არსებულ სიტუაციას და აბუტურიენტთა ნაწილის პრობლემებს. თუ მათთან ერთად უკვე ჩარიცხული აბიტურიენტებიც თანახმა იქნებიან, რომ სწავლა მეორე სემესტრიდან - თებერვლიდან დაიწყოს, გაუქმდეს ეს ჩარიცხვები და რეგისტრაცია თავიდან განხორციელდეს, მაშინ პრობლემა არ იქნება და დავიწყებთ ამ პროცესებს თავიდან", - ამბობს მაია მიმინოშვილი.
მისივე თქმით, იმის გარანტია, რომ ეს აბიტურიენტები ხელმეორედ რეგისტრაციისას იგივე ან სხვა შეცდომებს არ დაუშვებენ, არ არსებობს.
"მაშინ რა უნდა ვქნათ, რეგისტრაცია მესამედ უნდა ჩავატაროთ?" - ამ კითხვით მიმინოშვილი აბიტურიენტებს მიმართავს.
გუშინ მიმინოშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აღნიშნულ მოვლენებს. მისი თქმით, ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია და გაუგებარია, როდესაც მშობელი თავად ურჩევს შვილს ჯანმრთელობის დაზიანების ფასად მიიღოს გამონაკლისი.
მისი აზრით, აღნიშნული მოვლენების მიზეზი ისაა, რომ გარკვეულ ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელების სურვილი ამ აბიტურიენტებს მხოლოდ 26 აგვისტოს, პროცესის დასრულების შემდეგ გაუჩნდათ.