ჩინეთის ელჩის განცხადებით, ჩინეთი და საქართველო დღითი დღე უახლოვდებიან ერთმანეთს
აკაკი გვიმრაძე
04.09.2015

 "მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით, ჩინეთმა საქართველოში განახორციელა 217.9 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიციები. იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია საქართველოში. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 420.9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჩინეთმა განახორციელა 984 ათასი ბოთლი ქართული ღვინის იმპორტი. შესაბამისად, იგი გახდა საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი და ქართული ღვინის რიგით მეოთხე იმპორტიორი ქვეყანა" - განაცხადა "რეზონანსთან" ინტრვიუში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუე ბინმა.

ბატონი ელჩის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობა კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში სწრაფად ვითარდება. ჩვენი ქვეყნების რეგიონებს შორის კონტაქტიც დღითი დღე უფრო აქტიური ხდება და საქართველოში დაიწყო ჩინური ენის "ბუმი".

"რეზონანსი": ბატონო ელჩო, როგორ შეაფასებდით ურთიერთობას საქართველოსა და ჩინეთს შორის? თუ შეიძლება მოგვიყევით "აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის" შექმნის ერთობლივი პროექტისა და ქართულ-ჩინურ ურთიერთობაში სამომავლო პერსპექტივის შესახებ...

იუე ბინი: ბოლო წლებში ურთიერთობა ჩინეთსა და საქართველოს შორის სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება: პოლიტიკური ნდობა მუდმივად იზრდება, ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შედეგები აშკარაა. ჩინეთი და საქართველო უკვე იმკიან "აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის" შექმნით მიღებულ ადრეულ შედეგებს.

"აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის" შექმნის ინიციატივა სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის სტრატეგიას გახადოს ქვეყანა ევრაზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრი. ამიტომ ქართული მხარე აქტიურად უჭერს მხარს ამ ინიციატივას.

მხარეებმა უკვე გააფორმეს მემორანდუმი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებაზე თანამშრომლობის შესახებ. ორ ქვეყანას შორის კონტაქტი ყველა დონეზე გააქტიურდა. ჩინეთი და საქართველო დღითი დღე უახლოვდებიან ერთმანეთს.

ამ წელს საქართველოს ორივე ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ ჩინეთში ვიზიტით. ჩინეთის კომუნისტური პარტიის, სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის, პოლიტიკური კონსულტაციების სახალხო საბჭოსა და შესაბამისი სამინისტროებისა და ადგილობრივი ხელისუფლების დელეგაციებიც სტუმრობდნენ საქართველოს.

ამ დღეებში საქართველოს პრემიერ მინისტრი - ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე - ბ-ნი დავით უსუფაშვილი უხელმძღვანელებენ დელეგაციას ჩინეთში, მონაწილეობას მიიღებენ ქ. დალიანში დაგეგმილ დავოსის საზაფხულო ფორუმსა და აზიის პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის კონფერენციაში. გარდა ამისა, მხარეები გეგმავენ ოქტომბრის თვეში თბილისში აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის ერთობლივად ჩატარებას.

ქვეყნების ინფრასტრუქტურის დაკავშირების მხრივ პროგრესია. მხარეებმა უკვე გახსნეს ურუმჩი-თბილისის პირდაპირი რეისი, რომლის მარშრუტიც, გასული წლის სექტემბერში, ქალაქ ლანჩოუმდე გაგრძელდა. მიმდინარე წლის თებერვალში ოფიციალურად გაიხსნა ჩინეთ-საქართველოს შორის პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი, რომლითაც ჩინეთის დასავლეთ პროვინციებიდან საქართველოში ტვირთის ჩამოსვლის პერიოდი თითქმის განახევრდა.

შესანიშნავი შედეგები გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის მხრივ. ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის თაობაზე კვლევის პროცესი დასასრულს უახლოვდება და ოფიციალური მოლაპარაკების ფაზაში გადადის.

მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით, ჩინეთმა საქართველოში განახორციელა 217.9 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიციები. იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია საქართველოში. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 420.9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჩინეთმა განახორციელა 984 ათასი ბოთლი ქართული ღვინის იმპორტი. შესაბამისად, იგი გახდა საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი და ქართული ღვინის რიგით მეოთხე იმპორტიორი ქვეყანა.

არაერთი ჩინური კომპანია მონაწილეობას იღებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ქართულ მხარესთან თანამშრომლობს კომუნიკაციის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში. კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის ინიციატივაც სტაბილურად ხორციელდება.

საქართველო გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წევრი. ამასთანავე, მან ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება. გარდა ამისა, არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში წარმატებით ჩატარდა ამ ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მოლაპარაკებების მე-6 შეხვედრა, რომელზეც ბანკის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ჩინური მხარის მიერ წამოყენებული - ძინ ლიცუნის კანდიდატურა.

ჩვენი ერები უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ორმხრივი თანამშრომლობა კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში სწრაფად ვითარდება. ჩვენი ქვეყნების რეგიონებს შორის კონტაქტიც დღითიდღე უფრო აქტიური ხდება. საქართველოში დაიწყო ჩინური ენის "ბუმი".

მხარეებს შორის ხელი მოეწერა განათლების სფეროში ახალ შეთანხმებას, რომლითაც საგრძნობლად გაიზარდა სახელმწიფო სტიპენდიების რაოდენობა გაცვლითი სტუდენტებისთვის. საქართველოს 20-ზე მეტ სკოლასა და უნივერსიტეტში 700-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ჩინურ ენას. ქალაქ გუანჩოუსა და თბილისს შორის და ურუმჩისა და ბათუმს შორის, ხელი მოეწერა მემორანდუმს დაძმობილების შესახებ.

"აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის" ერთობლივმა მშენებლობამ, ხელი შეუწყო ჩინურ-ქართულ ურთიერთობებში სწრაფი და სტაბილური განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო სწრაფად და კარგად განვითარდება.

"რ": ჩვენი ბოლო საუბრისას თქვენ გამოხატავდით გარკვეულ წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩამოსვლის მსურველ ჩინელ ტურისტებს გარკვეული სიძნელეების გადალახვა უწევდათ საქართველოს ვიზის დროულად მიღებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ ახლა როგორაა საქმე?

ი.ბ: მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ვითარება ამ მხრივ აშკრად უკეთესობისკენაა შეცვლილი. ახლა ამოქმედებულია ვიზის ელექტრონული სისტემით მიღება, რაც 10 დღეს მოიცავს და პროცესს აადვილებს, თუმცა ვისურვებდი, რომ ეს ვადა კიდევ უფრო შემცირებულიყო.

მიმოსვლის გამარტივებული სისტემა ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას და ჩინელი ტურისტების რაოდენობის გაზრდას საქართველოში. ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონი ჩინელი ტურისტი მოგზაურობს და მათი ნაწილი მაინც რომ ჩამოვიდეს თქვენს ქვეყანაში, ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნება ქართული ეკონომიკისათვის.

"რ": სავიზო რეჟიმის საერთოდ გაუქმებაზე რა აზრის ბრძანდებით?

ი.ბ: ჩინეთი მზადაა ამისთვის, არის ამის სურვილი და თუ საქართველოც დაინტერესებული იქნება ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად, შესაძლებელია მოლაპარაკების დაწყება ამ თემაზე.

"რ": მედიასაშუალებების ცნობით, ჩინელი ხალხის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, 3 სექტემბერს ჩინეთში საიუბილეო ღონისძიებები ჩატარდა. ბატონო ელჩო, გთხოვთ, მოკლედ მოგვახსენეთ ამ ღონისძიებების შესახებ...

ი.ბ: წელს ჩინელი ხალხის იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ ომსა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების 70 წლისთავს ვზეიმობთ. ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც, ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა.

3 სექტემბერს ჩინეთში იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ ომში გამარჯვების 70 წლისთავს ზეიმობენ. ამასთან დაკავშირებით, ჩინეთი საიუბილეო სხდომის, სამხედრო აღლუმის, გალა მიღებებისა და სხვა საზეიმო ღონისძიებების გამართვას გეგმავს. ჩვენ ამით გვსურს გავიხსენოთ ისტორია, პატივი მივაგოთ ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, დავაფასოთ მშვიდობა და გავფრთხილდეთ მომავალში.

ამ დროისთვის უკვე 49 სახელმწიფომ დაადასტურა საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა. მათ შორის არიან 30 ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები და რამოდენიმე ათეული საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ყოფილი პოლიტიკოსები და მაღალი რანგის სამთავრობო წარმომადგენლები. გარდა ამისა, 11 სახელმწიფო გზავნის სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო 6 სახელმწიფო - დელეგაციებს აღლუმში მონაწილეობის მისაღებად.

ღონისძიებას ასევე დაესწრება ასზე მეტი უცხოელი სტუმარი და მათი ოჯახის წევრები. ჩინეთი - მსოფლიო ანტიფაშისტური ლიგის მნიშვნელოვანი წევრი იყო. იგი პირველი ჩაერთო ომში, ყველაზე დიდ ხანს იბრძოდა და ყველაზე დიდი ზარალი განიცადა. ჩინელმა ხალხმა 1931 წლიდან დაიწყო იაპონური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა. 1937 წელს, საყოველთაო სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლა დაიწყო იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ, 1939 წელს კი - მეორე მსოფლიო ომი.

ჩინელი ხალხის ბრძოლა იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ, მსოფლიო ანტიფაშისტური ომის აღმოსავლეთის ფრონტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ჩინეთის ტერიტორიაზე კონცენტრირებული იყო იაპონიის სახმელეთო ჯარების 94%, საზღვაო ძალების 2/3 და საჰაერო ძალების 60%. ჩინელმა ხალხმა დიდი მსხვერპლი გაიღო, რათა მოეგერიებინა აგრესია და დაემარცხებინა იაპონელები.

სულ დაიღუპა და დაიჭრა 35 მილიონი ჩინელი, ქვეყნის პირდაპირმა ეკონომიკურმა ზარალმა შეადგინა 100 მილიარდი, ხოლო არაპირდაპირმა - 500 მილიარდი აშშ დოლარი. ეჭვგარეშეა, რომ ჩინეთის როლი გადამწყვეტი იყო იაპონელი ფაშისტების დამარცხებაში. მან ასევე მნიშვნელოვანი და ისტორიული მსხვერპლი გაიღო მსოფლიო ანტიფაშისტურ ბრძოლაში გასამარჯვებლად.

ფაშიზმზე გამარჯვება - სამართლიანი გამარჯვებაა, რომელიც მსოფლიოს ყველა მშვიდობისმოყვარე ერს ეკუთვნის. ისტორიის უარყოფის, გადაკეთების ან შელამაზების ნებისმიერი მცდელობა, შეურაცხყოფას აყენებს მშვიდობისმოყვარე ხალხს, კაცობრიობის კეთილგონიერებასა და საერთაშორისო სამართლიანობას.

ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ, რამხელა მსხვერპლი გაიღო ჩინელმა და ქართველმა ხალხმა ამ საზარელ ომში 70 წლის წინ, რათა მოეგერიებინა ფაშისტური აგრესია და აღედგინა მშვიდობა და სამართლიანობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ რამდენიმე ასეული ქართველი ჯარისკაცი იბრძოდა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონის იაპონური რკინის მარწუხებისაგან გასათავისუფლებლად. ჩინელი ხალხი - ამას არასოდეს დაავიწყებს.

ამ დღეებში, მე ვაპირებ მოვინახულო ქართველი ვეტერანები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჩინელი ხალხის იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა გამოვხატო მათდამი ჩემი თანაგრძნობა, პატივისცემა და მადლიერება.

"რ": ბატონო ელჩო, 70 წლის წინ, ომის დამთავრების შემდეგ, საერთაშორისო ვითარება რადიკალურად შეიცვალა. თუ შეიძლება გაგვიზიარეთ რას ფიქრობთ ამჟამინდელი საერთაშორისო წესრიგის თაობაზე.

ი.ბ: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაეროს წესდების, ქაიროსა და პოტსდამის დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, საერთაშორისო საზოგადოებამ ახალი საერთაშორისო წესრიგი დაამყარა, რითაც ომის დამთავრებიდან 70 წლის მანძილზე შეინარჩუნა მშვიდობა და განვითარება და უზრუნველყო კაცობრიობის უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

ჩინეთი ერთსულოვნად ემხრობა ომისშემდგომ საერთაშორისო წესრიგს. მე მიმაჩნია, რომ მშვიდობა და განვითარება - თანამედროვე ეპოქის მთავარი თემებია. ჩინეთი განუხრელად მისდევს მშვიდობიანი განვითარების გზას.

საერთაშორისო ურთიერთობაში, იგი მშვიდობიანი განვითარების ხუთ პრინციპს ეყრდნობა. ესენია: სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, თავდასხმისა და საშინაო საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება, თანასწორუფლებიანობა და საერთო სარგებელი.

ჩინეთი ერთმანეთისგან არ ანსხვავებს ქვეყნებს ზომისა და სიძლიერის მიხედვით. ჩინელი ხალხი საკუთარი ნებით არჩეულ საზოგადოებრივ მოწყობასა და განვითარების გზას ინარჩუნებს, თუმცა ამავდროულად, სხვა ქვეყნების არჩევანსაც პატივს ცემს. იგი არ ემხრობა ჰეგემონიზმსა და პოლიტიკური ძალებით თამაშს, ყველა ქვეყანასთან ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობებს, არ შედის სხვა ქვეყნებთან ალიანსში.

ჩინეთი მიიჩნევს, რომ დავებისა და კონფლიქტების მოგვარებისთვის საჭიროა საერთო ენის პოვნა, დიალოგი და კონსულტაციები. ჩინეთი, საკუთარი ხალხის ძირითადი ინტერესებიდან და მსოფლიო ერების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული საკითხის მდგომარეობის მიხედვით, განსაზღვრავს ქვეყნის პოზიციასა და პოლიტიკას, ინარჩუნებს სამართლიანობას, აქტიურ და კონსტრუქციულ როლს თამაშობს საერთაშორისო საკითხებში.

მშვიდობის შენარჩუნება, მხოლოდ განვითარებით არის შესაძლებელი. ჩინეთი პრიორიტეტს აკეთებს ეკონომიკის მშენებლობასა და რეფორმების ყოველმხრივ გაღრმავებაზე.

ამჟამად, ჩინეთის ეკონომიკა მეორე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო პირველი ადგილი უჭირავს სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლით. ქვეყნის მშპ 10 ტრილიონ, ხოლო შიდა სავაჭრო ბრუნვა - 4.3 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტია. ჩინეთის განვითარების სწრაფი ტემპები დიდ როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის. ამავდროულად, ჩინეთი აქტიურად ეძებს საერთაშორისო ურთიერთობებში თანამშრომლობის ახალ გზებს.

2013 წელს, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინმა, გამოთქვა ინიციატივა "აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა" და "21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის" შექმნის შესახებ. იგი ხუთ ძირითად პუნქტს მოიცავს. ესენია: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა და ერების ერთმანეთთან დაახლოვება.

გარდა ამისა, ჩინეთმა წამოაყენა კონცეფცია "კაცობრიობის ერთი ბედისა" და ჰარმონიული მსოფლიოს შექმნის შესახებ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ქვეყანა შედგება მშვიდობიანი განვითარების გზაზე. ჩინეთი მზადაა, საქართველოსა და ნებისმიერ სხვა მშვიდობისმოყვარე სახემწიფოსთან ერთად, ძალისხმევა არ დაიშუროს ამისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×