ლიკა ამირაშვილი
05.09.2015

 ავტოსაგზაო შემთხვევები, დაშავებულთა და დაღუპულთა მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2015 წლის 6 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სიკვდილინობამ 37 პროცენტით მოიმატა. სპეცილისტები ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სიჩქარის გადაჭარბებას ასახელებენ. მათი თქმით, მოძრაობის წესებს, როგორც ქვეითები, ასევე მძღოლები არღვევენ.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ყურადღებას ავტოსაგზაო შემთხვევათა გაზრდილ მაჩვენებელზე ამახვილებს.

"ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, სამწუხაროდ, ძალიან გაიზარდა. განსაკუთრებით ის ფაქტია შემაშფოთებელი, რომ 2014 წელთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სიკვდილიანობამ 37 პროცენტით მოიმატა. ეს 2015 წლის 6 თვის მონაცემებია. ვფიქრობთ, რომ ბოლო 6 თვის მონაცემები კიდევ უფრო გაზრდილი იქნება."მარტო 6 თვეში ავტოსაგზაო 4 200 შემთხვევიდან 2 000-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება და 300 ადამიანის სიკვდილია დაფიქსირებული. მაგალითად, 2012 წელთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 35 პროცენტითაა გაზრდილი, 2014 წელთან შედარებით კი - 15 პროცენტით", - განაცხადა მესხიშვილმა.

მან ჩვენთან ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია, თუმცა არა მთავარი. როგორც მან აღნიშნა, ავარიის მთავარ მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება, უწყვეტი ხაზის გადაკვეთა და საპირისპორო მონაკვეთზე გადასვლა რჩება, ასევე ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა.

"ჩვენ ვიძახდით, რომ სიჩქარის გადაჭარბებისას ჯარიმის განახევრება უარეს შედეგს მოგვცემდა და ასეც მოხდა. ამის გარდა, საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები სიცოცხლისთვის საშიშია, ვინაიდან ტექნიკურად გაუმართავია და ავტოსადგური, რომელიც ამ ავტობუსების რეისში გაშვებაზეა პასუხისმგებელი, პრაქტიკულად ყველა დარღვევაზე თვალს ხუჭავს.

"ავტოსაგზაო შემთხვევები ყველგან ხდება, თუმცა არსად ამდენი მსხვერპლით არ მთავრდება, როგორც საქართველოში.

 "პრობლემად რჩება მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ საპატრულო პოლიციას შესაბამისი რეაგირება არ აქვს, ეს განსაკუთრებით დედაქალაქში შეიმჩნევა.

"ჩვენც ვითხოვთ, რომ სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები გამკაცრდეს. ამავე დროს საქართველოში ერთი ძალიან ცუდი ფაქტორია - გაჭირვებული ადამიანი მეტ-ნაკლებად უფრო ფრთხილია, რადგან ჯარიმის ეშინია. რაც შეეხება შეძლებულ ადამიანს, მას შეუძლია დაარღვიოს და შემდეგ გადაიხადოს, ამით არაფერი არ იცვლება.

"მოვითხოვთ, მართვის მოწმობა რამდენიმე ქულიანი გახდეს, მაგალითად, 20 - ბალიანი. დარღვევების შემთხვევაში ქულების დაკლება უნდა ხდებოდეს. ეს ევროპული მოდელია. სხვადასხვა დარღვევაზე სხვადასხვა ქულა დააკლდება. ვისაც ქულები გაუნულდება, მართვის მოწმობის თავიდან აღება მოუწევს. ამ შემთხვევაშიც შეძლებული მძღოლიც იძულებული იქნება წესები დაიცვას. წესების დაცვა ყველასთვის აუცილებელია", - აღნიშნა მესხიშვილმა.

საქართველოს ალიანსის "უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, თუმცა რიგ ქვეყნებში პრობლემების გამოსწორებისკენ ისწრაფვიან და შედეგიც აქვთ, რასაც საქართველოზე ვერ ვიტყვით, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევები პრაქტიკულად ორჯერ გაიზარდა.

"ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ჩვენ გარკვეულ ღონისძიებებს გავატარებთ. ერთ წელიწადში ავარიის შედეგად მსოფლიოში საშუალოდ 300 ათასი ადამიანი იღუპება. ეს რაოდენობა წლის განმავლობაში იმდენად გაიზარდა, რომ გაერომ სამოქმედო გეგმა 10 წლის განმავლობაში წარმოადგინა.

"ევროპაში 2011 წლის მაისში კამპანია დაიწყო, ამით სიკვდილიანობის რაოდენობა 18 პროცენტით შემცირებულია. მათი მიზანია, რომ 2020 წლამდე მათი რაოდენობა განახევრდეს. ზოგიერთ ქვეყანას ამ მხრივ ძალიან კარგი შედეგები აქვს. საქართველოში არათუ იკლო, არამედ მოიმატა.

"როდესაც 2015 წლის 6 თვის მონაცემები წინა წლისას შევადარეთ, გამაოგნებელი შედეგები მივიღეთ. დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 2-ჯერ იყო გაზრდილი, ვიდრე ეს იყო შარშან 6 თვეში იყო. საგზაო შემთხვევები, დაშავებულთა და სიკვდილიანობაც თითქმის გაორმაგებულია", - განაცხადა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებს ვეძებთ, ყურაღება ადამიანის დარღვევებზე უნდა გავამახვილოთ. მისი თქმით, გამოსავალი კანონმდებლობის მკაცრ აღსრულებაშია.

ლალიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი საქალაქთაშორისო გზებზეა დაფიქსირებული.

"რა თქმა უნდა, წლებია ავარიის გამომწვევეი მიზეზი ავტომობილის გაუმართაობა და სიჩქარის გადაჭარბებაა. ჩვენ გვახსოვს, რომ შარშან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები განახევრდა. აქედან გამომდინარე პრობლემა იგივე გვაქვს.

 "ძირითადი მიზეზები ისაა, რომ ფეხით მოსიარულეები წესებს არღევევენ, ან ეჩქარებათ, ან ეზარებათ და ქუჩაში ეგრევე გადარბიან. ამ შემთხვევაში აღსრულება უნდა გამკაცრდეს.

"მეორე მხრივ, ეს მძღოლები ფაქტიურად ქვეითებს არ ითვალისწინებენ, როგორც საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. მაშინ როდესაც ევროპაში ქვეითი გზის პირველი მონაწილეა, ჩვენთან ფაქტიურად ბოლო საფეხურზეა დაყენებული. ქვეითი ამ შემთხვევაში ყველაზე დაუცველია, იმიტომ, რომ შეჯახების დროს ქვეითი შეიძლება დაშავდეს მაშინ, როდესაც მძღოლს შეიძლება არაფერი არ დაუშავდეს.

"ჩვენი კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ მძღოლების 75 პროცენტი ქვეითებს გზას არ უთმობს. ამავე დროს კი ქვეითები იმის ერთ-ერთ მიზეზად, თუ რატომ არ სარგებლობენ მიწისქვეშა გადასასვლელით, იმას ასახელებენ, რომ მოუწესრიგებელია.

"კვლევისას გამოიკვეთა, რომ მანქანის მღოლებმა არ იციან, რომ "ზებრაზე" ქვეითს უნდა დაუთმონ", - განაცხადა ლალიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×