კაცობრიობას ორი მსოფლიო ომი და მილიონობით ადამიანის მსხვერპლი დასჭირდა, რომ დაფიქრებულიყო და ეთქვა: "ჩვენ, გაერთიანებული ერების ხალხებმა, მტკიცედ გადავწყვიტეთ, თავიდან ავაცილოთ მომავალ თაობებს ომის საშინელი შედეგები, რომლებმაც ჩვენი სიცოცხლის მანძილზე ორჯერ მოუტანეს კაცობრიობას ენით აუწერელი მწუხარება და კვლავ დავამკვიდროთ რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ფასეულობისა, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობისა და დიდი და პატარა ერების თანაბარი უფლებებისა".
ეს გახლავთ ამონარიდი გაეროს წესდებიდან, რომელსაც ხელი მოეწერა 1945 წლის ივნისში, როცა მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ დამთავრებული არ იყო.
დრომ წარსული სქელ საბურველში არ უნდა შეფუთოს. მოვლენას, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აღვიქვამთ როგორც შორს მომხდარს, შორს, სადაც ჩვენ არ მოვიაზრებით. თანდათანობით ის პათოსი, რაც გაეროს წესდების შემქმნელებს ჰქონდათ, ქრება და ჩნდებიან ადამიანები, ორგანიზაციები, სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ ფუძემდებლური საკითხები საკუთარ ქარგზე გამოჭრან. ისევ იწყება გაუგებრობები, დაპირისპირებები, პატარა-პატარა ომები. ნუთუ კიდევ ერთი მსოფლიო ომია საჭირო, რათა გადარჩენილებმა კიდევ ერთხელ გავიაზროთ როგორ ვიცხოვროთ?
როდესაც სამართალში ხარვეზია, დანაშაულს ადვილად ფუთავენ. საერთაშორისო სამართალში ცნება "ეროვნული უმცირესობა" განმარტებული არ არის. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარებით ეროვნული უმცირესობის არსებობა "ფაქტის" საკითხია, რომელიც "განპირობებულია მთელი რიგი ობიექტური კრიტერიუმებით".
"მთელ რიგში" იგულისხმება ენის, კულტურის, ტრადიციების თავისებურებანი. ეროვნული უმცირესობების თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის გაეროს ამგვარი დამოკიდებულება იმედის მომცემი იყო და არის, მაგრამ... რაც დრო გადის, ცნებაში მეტი გაურკვევლობა ჩნდება.
ეროვნული უმცირესობის არსებობა რომ "ფაქტია", ეს სადავო არ არის. ეროვნული უმცირესობის არსებობა ვინმეს მიერ მის აღიარებაზე არ არის დამოკიდებული. ერები ხელოვნურად არ შეუქმნიათ. თითოეული ერი ბუნების შემოქმედების ნაყოფია. ერის ელემენტი ინდივიდია, თავისი ინდივიდუალური მახასიათებლებით, რაც ერის თვისობრიობაში გადადის და მსგავსთა ერთიან სივრცეს ქმნის. ეს ისტორიული კი არა, როგორც ზოგს ჰგონია, ხანგრძლივი ბუნებრივი პროცესია. ერი რიცხვს არ შეიცავს; ის შეიძლება იყოს ათიათას კაციანი და შეიძლება იყოს მილიარდიანი. როცა ორმოცი ათასი აფხაზი ერია, არ ნიშნავს, რომ აფხაზეთში მცხოვრები ორმოციათასი სომეხიც ერია. ადამიანთა გაერთიანება იქ არის ერი, სადაც ერად ჩამოყალიბების ბიოლოგიური და კულტურული პროცესი მიმდინარეობდა.
კაცობრიობისთვის ყველა ერი ღირებულია. ჩვენ რომ დავიცვათ ერი (დიდი თუ მცირე) ერთმანეთისგან, უნდა განვასხვავოთ მილიონიანი ერი და ერთი ეროვნების მილიონი მოქალაქე. როგორც მეფუტკრე არჩევს სკაში დედას ცრუ დედისგან, რომლის დადებული კვერცხებიდან არაპროდუქტიული და უუნარო ფუტკრები იჩეკებიან, ასევე უნდა შეგვეძლოს ერისა და ცრუ ერის გარჩევა. თუ ჩვენ მოვახერხებთ ერის გარჩევას ცრუ ერისაგან, შევძლებთ ეროვნული უმცირესობის ცნების განსაზღვრასაც.
ერი ხანგრძლივი ბიოლოგიური და კულტურული პროცესის შედეგია და გარკვეულ გეოგრაფიულ სივრცეშია მოქცეული. ამ სივრცის გარეთ ჯგუფი, რაოდენ მრავალრიცხვოვანიც არ უნდა იყოს, ერი არ არის. ერი არ იყოფა, მას რიცხვი არ გააჩნია, ის ერთია. ადამიანი, რომელიც ერთობიდან გამოდის სხვა სახელმწიფოში დასახლების მიზნით, ის იმ სახელმწიფოს მოქალაქე ხდება. თავისი ერი სხვა სახელმწიფოში არ გადააქვს. ასეთი მოქალაქეების ეროვნულ უმცირესობად აღიარება ცრუ წარმოდგენაა ეროვნულობაზე.
ეროვნული უმცირესობის განსაზღვრის მიზნით ევროპის საბჭოს პარლამენტმა შეიმუშავა რეკომენდაციები:
ა) მოცემულ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომლებიც ამავე სახელმწიფოს მოქალაქეები არიან;
ბ) ამავე სახელმწიფოსთან ხანგრძლივი, მდგრადი და არსებითი ურთიერთობები აკავშირებთ;
გ) გააჩნიათ განსხვავებული ეთნიკური, კულტურული, რელიგიური ან ენობრივი მახასიათებლები;
დ) საკმარისად წარმომადგენლობითი ჯგუფია, თუმცა რიცხვობრივად უმცირესობაშია მოცემული სახელმწიფოს ან მისი შესაბამისი რეგიონის მოსახლეობასთან მიმართებაში;
ე) მათი მოტივაცია საკუთარი თვითმყოფადობის ზოგადად, კერძოდ კი საკუთარი კულტურის, ტრადიციების, რელიგიისა თუ ენის შენარჩუნება.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები ცალ-ცალკე და ერთობლიობაშიც ხაზს უსვამენ ეროვნული უმცირესობის მახასიათებელს, ისინი ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ ეროვნულ უმცირესობასა და ცრუ ეროვნულ უმცირესობას.
ესტონეთის მოსახლეობის მეოთხედს რუსი ეროვნების მოქალაქეები შეადგენენ. ევროპის საბჭოს პარლამენტის რეკომენდაციის ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით რუსები ეროვნულ უმცირესობას განეკუთვნებიან, იმიტომ, რომ
ა) რუსები ესტონეთის მოქალაქეები არიან;
ბ) რუსები ესტონეთში ხანგრძლივად ცხოვრობენ და საქმიანობენ;
გ) გააჩნიათ განსხვავებული ეთნიკური კულტურისა და ენობრივი მახასიათებლები;
დ) რუსები საკმარისად წარმომადგენლობითი ჯგუფია, თუმცა რიცხვობრივად უმცირესობაში არიან ესტონელებთან მიმართებაში.
ე) რუსების მოტივი შეიძლება იყოს კულტურის, ტრადიციების, ენის შენარჩუნება.
ამ კრიტერიუმებით რუსები ესტონეთში წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობას. თუ გავითვალისწინებთ ჩარჩოკონვენციას ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ (ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 1994 წ. 10 ნოემბერი), რომლის მეორე ნაწილის მეხუთე მუხლით წევრ სახელმწიფოებს (მათ შორის ესტონეთს) ნაკისრი აქვს ვალდებულება: "საჭირო პირობები შეუქმნან პირებს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს ეკუთვნიან, რაც ხელს შეუწყობს მათი კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას და მათი თვითმყოფადობის ძირითადი ელემენტების, კერძოდ კი მათი რელიგიის, ენის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას", გამოდის, რომ ესტონეთი კისრულობს ვალდებულებას რუსული ენის, ტრადიციებისა და კულტურის შესანარჩუნებლად. ბატონებო, ამ მცირერიცხვოვან ერისთვის ეს მძიმე ტვირთი ხომ არ არის, როცა დიდი რუსეთი მოწოდებულია დაიცვას რუსი ერის თვითმყოფადობა, ენა და კულტურა?
თუ გავითვალისწინებთ მიგრაციულ პროცესებსა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წამახალისებელ განცხადებებს, (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია 1948 წ. 10 დეკემბერი. მუხლი 13: ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაუბრკოლებლად იცვლიდეს ადგილ-სამყოფელს და ირჩევდეს თავის საცხოვრებელ ადგილს ყოველი სახელმწიფოს ფარგლებში), ჩინელებსა და ინდოელებს გააჩნიათ ადამიანური რესურსი პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოში რამდენიმე მილიონიანი უმცირესობების შექმნისა. გამოდის, რომ ასი წლის შემდეგ მთელმა მსოფლიომ ჩინური და ინდური ენების, კულტურებისა და ტრადიციების დაცვაზე უნდა იზრუნოს.
თუ სხვა ერის კულტურულ სივრცეში დამკვიდრდება ჩინური ენა, კულტურა, ტრადიციები, რელიგია და თანდათანობით სხვა სახელმწიფოს საზღვრებში შეიქმნება ჩინური უმრავლესობები, ამას ეწოდება არა მხოლოდ მცოცავი ანექსია, არამედ ერის გენოციდიც, რადგან ცრუ ეროვნული უმცირესობები ხდებიან უმრავლესობები და თანდათანობით იკავებენ სხვა ერის კულტურულ სივრცეს.
1652 წელს ჰოლანდიელებმა დაიპყრეს ზულუსების მიწები და კაპის კოლონია დააარსეს, რომელსაც, მოგვიანებით, ბრიტანელები დაეპატრონნენ. ამ მიწაზე უმრავლესობა ჰოლანდიელები გახდნენ, რომლებსაც ბურებს უწოდებდნენ. მოგვიანებით აფრიკის კონტინენტზე გაჩნდა ფრანგების, პორტუგალიელების, იტალიელების, გერმანელების კოლონიები.
მთელს აფრიკაში ორი სახელმწიფო - ეთიოპია და ლიბერია იყო, რომლებსაც აფრიკელები მართავდნენ. მოგვიანებით აფრიკელებმა მოახერხეს თავიანთ კულტურულ სივრცეში სრულფასოვან ერებად აღდგენა. ევროპელებმა რაც ვერ შეძლეს აფრიკაში, გამოუვიდათ ამერიკასა და ავსტრალიაში; დაანგრიეს, გაძარცვეს, დახოცეს და ევროპის ერთა კულტურებს გაუთავისუფლეს სივრცე. ეს გახლავთ ძალისმიერი მეთოდი ერის კულტურული განფენილობის მოშლისა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადამიანები მიხვდნენ, რომ ძალადობას საშინელი შედეგები მოსდევს და ალაპარაკდნენ ერების თანაბარ უფლებებზე. გაერომ და შემდგომ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ მიმართულებით საქმიანობა დაიწყეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში აღმოჩნდნენ.
მშვიდობა თუ იგივე შედეგს მოიტანს, რაც ძალადობას მოაქვს, ჩვენს შეხედულებაში ხარვეზია, რაღაც გვეშლება. ერის მოსპობის ცნება თავის თავში მარტო ერის ფიზიკურ განადგურებას არ მოიცავს; ენის, კულტურის, ტრადიციების მოშლა, თვითმყოფადობის დაკარგვა ფიზიკურ განადგურებასთან შედეგობრივ ტოლობაშია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხეთები, რომლებიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მშვიდობიანი თანაარსებობის პირობებში გაქრნენ და მათ ადგილზე ინდოევროპული ხალხი - ხათები გაჩნდნენ. როგორც ჩანს, ძველ მსოფლიოში ერის მოსპობის ორივე მეთოდი არსებობდა.
ერები, თავიანთი კულტურული მრავალფეროვნებებით, ჩვენი საერთო სიმდიდრეა. ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი გადაშენებისგან. საამისოდ აუცილებელია ავიცილოთ ძალადობრივი დაპირისპირება და მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობებში ვიმოქმედოთ ისე, რომ ერის თვითმყოფადობა, ამავე ერის კულტურულ სივრცეში, შევინარჩუნოთ.
ადამიანის უფლებების დაპირისპირება ერის უფლებებთან ხელოვნურია, რადგან ისინი ერთმანეთს არ კვეთენ, აბსოლუტურად სხვა და სხვა განზომილებაში იმყოფებიან. ხშირად ცრუ ეროვნულ უმცირესობებს ვიცავთ და ისინიც ჩვენი გაუცნობიერებლობით ძალადობრივ ზემოქმედებას ახდენენ იმ ერზე, ვის კულტურულ სივრცეშიც ცხოვრობენ. ამ დროს დასაცავია ერი და არა ცრუ ეროვნული უმცირესობა, რომელსაც დედამიწის რომელიღაც წერტილში აქვს თავისი ერის კულტურული სივრცე.
უკანასკნელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ეროვნული უმცირესობის ცნების გაურკვევლობის ვითარებაში, სახელმწიფოები სხვა სახელმწიფოების საქმეებში ერევიან და ეროვნული უმცირესობის დაცვის საბაბით (როდესაც ცრუ ეროვნულ უმცირესობებთან გვაქვს საქმე) საკუთარ მიზნებს ახორციელებენ. ამის მაგალითებია: თურქეთის მოქმედება კვიპროსზე, დასავლეთის მიერ სერბეთის მიწაზე ალბანელებისთვის გაწეული დახმარება, რასაც კოსოვოს შექმნა და აღიარება მოჰყვა; რუსეთის მიერ ოსების წაქეზება, ქართულ მიწაზე, ქართულ კლუტურულ სივრცეში შემოჭრა და ქართული მიწების ოსეთად გამოცხადება, რაც ოსების მიერ კულტურული სივრცის მიტაცებას ნიშნავს.
ცნების არასწორ გაგებას სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არასწორი ღონისძიებები მოსდევს, რაც წამქეზებლური ფაქტორი ხდება. ჩვენ კი არ ვაწყნარებთ და ვამშვიდებთ მსოფლიოს, არამედ ცრუ უმცირესობების მხარდაჭერით საკუთარ ერს მოწყვეტილ ადამიანთა ჯგუფებს, სურვილს ვუღვიძებთ, სხვა ერის გეოგრაფიული და კლუტურული სივრცის ძალადობრივად მიტაცებისა.
მამოძრავებს რა დიდი სურვილი, დედამიწაზე დამკვიდრდეს საყოველთაო სიმშვიდე, სადაც ერებს ექნება შესაძლებლობა შეინარჩუნონ თვითმყოფადობა, რაც კაცობრიობის სიმდიდრე და სილამაზეა, გთავაზობთ ეროვნული უმცირესობის ცნების ჩემეულ გაგებას, რომელიც ზოგადად ერის ცნებიდან გამომდინარეობს და გარკვეულ კრიტერიუმში ჯდება.
სახელმწიფოში ეროვნული უმცირესობის დადგენა შეგვიძლია შემდეგი კრიტერიუმებით:
ადამიანთა ჯგუფი წარმოადგენს ეროვნულ უმცირესობას თუ
ა) ის განაგრძობს არსებობას იმ გეოგრაფიულ და კულტურულ სივრცეში, სადაც ის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა, როგორც ერთობა - ერი.
ბ) იმავე სახელმწიფოს საზღვრებშია იმ ერის გეოგრაფიული და კულტურულ-ენობრივი სივრცე, რომელიც რაოდენობრივად სჭარბობს მას.
ამ კრიტერიუმებით საქართველოში მხოლოდ აფხაზები წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობას, იმიტომ, რომ მათი კულტურული სივრცე იმ სახელმწიფოს საზღვრებშია, სადაც უმრავლესობას ქართველები წარმოადგენენ.
სხვა შემთხვევებში საქმე გვაქვს ცრუ ეროვნულ უმცირესობებთან.
ზემოთქმულში არ შეიძლება რაიმე დისკრიმინაციული დავინახოთ. მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ სომეხი ეროვნების ფრანგული სიმღერების უბადლო შემსრულებელი შარლ აზნაური ფრანგებისგან დისკრიმინაციას განიცდის იმის გამო, რომ სომხურს კი არა, ფრანგულ კულტურას ემსახურება. მსგავსი მაგალითები მსოფლიოში უამრავია; ქართველი მანანა ჯაფარიძე თავისი სიმღერით აზერბაიჯანში აზერბაიჯანულ კულტურას ემსახურება, ქეთი მელუა ინგლისში - ინგლისურ კულტურას, რუსეთში უამრავი ქართველი ემსახურებოდა და ემსახურება რუსულ კულტურას.
ეს მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივი მოვლენაა, იმიტომ, რომ იმ ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც ეს კულტურები კაცობრიობისთვის უფრო მნიშვნელოვანია. ნებისმიერი ეროვნების ადამიანი თუ ცხოვრობს სხვა ერის კულტურულ სივრცეში, იმ ერის კულტურას უნდა ემსახურებოდეს, რათა დავიცვათ ერები კულტურათა აღრევისაგან. სხვისი ერის დაცვა, საკუთარი ერის დაცვაც არის.
მთავარი ასეთ შემთხვევაში ის არის, პიროვნებას ჰქონდეს უფლება ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს თავისი ერის კულტურულ სივრცეს. ამ სივრცის გარეთ ის მხოლოდ მოქალაქეა და იმყოფება სახელმწიფოებრივ განზომილებაში, სადაც მისი ეროვნულობა არ წარმოადგენს მთავარ ღირებულებას. ასეთ ადამიანთა ჯგუფს ეროვნული უმცირესობის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს; მათი ენის, კულტურის ტრადიციების დაცვას არცერთი სხვა სახელმწიფო არ უნდა ემსახურებოდეს. როდესაც ცრუ ეროვნული უმცირესობები უმრავლესობებს სტაცებენ კუთვნილ სივრცეს, საერთაშორისო სამართალმა უმრავლესობა უნდა დაიცვას. ხშირად ცრუ ეროვნულ უმცირესობებს დიდი სახელმწიფოები უმაგრებენ ზურგს და როგორც წესი, ასეთი უმცირესობებისგან სხვა ერები იჩაგრებიან.
ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ საერთაშორისო გადაწყვეტილებები უნდა გულისხმობდნენ ეროვნული უმცირესობის ცნების ასეთ გაგებას; მხოლოდ ამ გზით შევძლებთ შევუნარჩუნოთ ერებს თვითმყოფადობა, რაც ამრავალფეროვნებს კაცობრიბას. კაცობრიობას არ სჭირდება ცრუ ეროვნული უმცირესობების აღიარება იმიტომ, რომ გაჩნდეს ორი იდენტური ერი, მითუმეტეს სხვა ერის გეოგრაფიული და კულტურულ-ენობრივი სივრცის შევიწროვების ხარჯზე, როგორც ეს საქართველოში ხდება: ოსეთი რუსეთის ფედერაციაში არსებობს და იმავე რუსეთს სურს მეორე ოსეთი საქართველოში შექმნას.
ბატონებო, გადაშენების საფრთხე, პირველ რიგში, ევროპულ ერებს ემუქრებათ, სადაც აზიელებისა და აფრიკელების მუდმივი მიგრაციის შედეგად ცრუ ეროვნული უმცირესობები გაჩნდებიან. ევროპული ერები, დღეს არა ხვალ, თავის დაცვას შეეცდებიან, რამაც, შეიძლება, წარმოუდგენელი შედეგები გამოიწვიოს; უარესი მოხდება თუ ევროპული ერები კვდომას დაიწყებენ და თავის დაცვის ინტერესსაც დაკარგავენ; მათ ადგილს აზიელები და აფრიკელები დაიკავებენ. ჩვენი ვალდებულებაა, თავიდან ავიცილოთ როგორც სისხლისღვრა, ისე ევროპული ერების კვდომა. პრობლემა თუ ვერ დავინახეთ, ვერც გადავჭრით. ეროვნული უმცირესობის ცნების გააზრება და შესაბამისი ნაბიჯები, იქნება წინაპირობა პრობლემის მოგვარებისა.
ევროკავშირში, აშშ-ში, რუსეთში, ბევრ სხვა სახელმწიფოში, მსოფლიო მიგრაციული პროცესები იმდენად გაზრდის ერთი ეროვნების ადამიანთა ჯგუფებს, რომ დაპირისპირების თავიდან აცილება შეუძლებელი გახდება. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ერთი ეროვნების ადამიანებს, სხვა ერის სასიცოცხლო სივრცეში, ეროვნული ინტერესები უჩნდებათ. არ მინდა მსოფლიოს სჯეროდეს, რომ ჩინელი ისეთივე კეთილმომღიმარი იქნება, როცა თავის სიმრავლეში ძალას იგრძნობს, ან არაბები და აფრიკელები დარჩებიან ევროპელთა კეთილმოსურნენი; როგორც კი ასანთის ღერო აინთება, ყველას ნავთი ეჭირება ხელში. განა ისინი ცუდები არიან და იმიტომ, მრავალრიცხვოვანნი გახდებიან და სიმრავლეში ძალას იგრძნობენ.
ჩვენ უნდა დავიცვათ ერი თავის სასიცოცხლო სივრცეში, რაოდენ მცირერიცხვოვანიც არ უნდა იყოს. არ უნდა დავუშვათ, რომ ერთი ეროვნების ადამიანებს, სხვა ერის სასიცოცხლო სივრცეში, ეროვნული პრეტენზიები გაუჩნდეთ. მესამე მსოფლიო ომი სახელმწიფოთა შორის არ დაიწყება, ის მოჰყვება ერების მიერ თავდაცვის მიზნით განხორციელებულ შიდა ამოწყვეტებს. ამის მიზეზები ჩვენ ვიქნებით, ჩვენი შორსმჭვრეტელობის არქონისა და სიბრმავის გამო.
ჯუმბერ სარდლიშვილი, ჟურნალისტი