"ჩემი მოსკოვში ჩასვლით რუსეთში ძალიან გავლენიანი ხალხია დაინტერესებული"
ელზა პაპოშვილი
07.09.2015

 "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დღეს მოსკოვში მიემგზავრება. იგი აცხადებს, რომ მოწვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისაგან მიიღო, თუმცა "მთელ კვირასთან" საუბრისას არც მოწვევის ავტორების ვინაობას ასახელებს და არც იმ რუსი პოლიტიკოსებისას, ვისაც რუსეთის დედაქალაქში უნდა შეხვდეს.

ბაღათურია მიიჩნევს, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა მოხდეს ორი ქვეყნის ურთიერთობის დარეგულირება. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მათთან დიალოგის გარეშე ჩვენი ქვეყნის ერთიანობა ვერ აღდგება. ამიტომაც შეხვედრაზე აპირებს ამ პრობლემებზე საუბარს და მათი მოგვარების აუცილებლობაზე რუსი პოლიტიკოსების ყურადღების გამახვილებას.

ჯონდი ბაღათურია: კი, ნამდვილად მივემგზავრები. ეს არის საქმიანი მოგზაურობა. ვხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენს ქვეყანას დახმარება გაუწიონ. ვხვდები ხალხს, რომლებსაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ და ამ შეხვედრას ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენებ.

"მთელი კვირა": რა თემებზე გექნებათ საუბარი?

ჯ.ბ.: შეხვედრისას საუბარი თითქმის ყველა თემაზე იქნება, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. შევხვდები ქართველ ბიზნესმენებსაც, სადაც გავარკვევ, იქაური ქართველი ბიზნესმენები ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებისგან თავს რატომ იკავებენ. საუბარი იქნება პოლიტიკურ თემებზეც. შევხვდები ქართველ ემიგრანტებსაც. ძირითადად უფრო რუსეთის მთავრობის წარმომადგენელებს შევხვდები და არა ოპოზიციას.

ორი მიზეზის გამო წინასწარ საქმეზე საუბარი არ მინდა. რადგანაც აქ, საქართველოში არის ხალხი, რომლებიც ჩასაფრებული არიან და შეიძლება წინასწარ საქმე გამიფუჭონ. რა თქმა უნდა, მექნება გავლენიან პოლიტიკოსებთან შეხვედრა, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის დახმარება შეუძლიათ, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ისეთ გადაწყვეტილებებში, რასაც რუსულ-ქართული ურთიერთობის დარეგულირება ჰქვია.

მაგრამ მთავარი ის არის, რომ არსებობს ხალხი, რომელიც ეცდება ამ ურთიერთობის გაფუჭებას. როდესაც უკან დავბრუნდები, დაწვრილებით ამაზე მაშინ ვისაუბრებ.

"მთელი კვირა": თუმცა თქვენი სტუმრობა იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, ბუნებრივად გახდება განსჯის საგანი...

ჯ.ბ.: რაც შეეხება კრიტიკას, ეს ჩემთვის სიახლე არ არის და ყოველთვის გაგებით ვეკიდები, როგორიც უნდა იყოს ეს კრიტიკა. მაგრამ დღეს ახლა ყველა მხოლოდ კრიტიკით არის დაკავებული.

ჩვენთან ორი რეალობაა შექმნილი. ერთია მედიაში შექმნილი რეალობა, რომელიც აცდენილია ქართული საზოგადოების ნამდვილ ყოფასა და განწყობას. ეს არის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. მედია აშუქებს ასე, რომ რაც ამ ქვეყანას ეხება, ყველაფერი ცუდია და ვინც მათთან რაღაცაზე სასაუბროდ მიდის, ისიც ცუდი ადამიანია.

ვინც ენას ატლიკინებს და ამით ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია და ჩვენს სამშობლოს განვითარების საშუალება წაართვა, ის არის კარგი. რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ მედიაში, მიუხედავად სხვადასხვა მფლობელისა, ამ ნაწილს მაინც ერთიდა იგივე ხალხი აკონტროლებს. თუმცა ჩვენ ამ თემაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ხალხმა თავისი სურვილი თვითონ გამოთქვას - ვინ და რა უნდათ.

მოსახლეობის 99% მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას. ჩვენ რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ. ისინი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე ხალხია. ის, რაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ხდება, ეს გარედან მოხვეული ამბავია.

"მ.კ.": დღეს რუსეთი რომ საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას ახორციელებს და საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი მამულებიდან იტაცებენ, ამასაც გარედან თავს მოხვეულ ამბად მიიჩნევთ? ამ თემაზე თუ აპირებთ საუბარს...

ჯ.ბ.: ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, მათ შორის იმ მცოცავი ანექსიასაც. სწორედ ამ ანომალიურმა ურთიერთობამ გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ეს მიზეზები უნდა აღმოვფხვრათ, რათა შედეგები აღმოიფხვრას. ვინც ყველაზე მეტს საუბრობს ამ თემაზე, დამიჯერეთ, იმას ყველაზე ნაკლებად ადარდებს ჩევენი ქვეყნის ბედი. დამერწმუნეთ, ამ ხალხის ანატომიას კარგად ვიცნობ. 2008 წლის ომისას რომელი რომელ სოროში იმალებოდა, კაცმა არ იცის.

ყველაზე დიდი სოროები მათ ჰქონდათ გათხრილი. ამიტომ მაგათ საუბარს როდესაც ვისმენ, ვცდილობ მათგანაც რაღაც გამოვიყენო. მაგრამ ის, რომ ჩვენ რუსეთში არ უნდა ჩავიდეთ, ეს სტერეოტიპი უნდა დავარღვიოთ, რადგანაც რეალობიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას მათთან დიალოგის გარდა სხვა აღარაფერი დარჩენია.

რაც ყველაზე მთავარია, რუს ხალხს უნდა ჩავუტანოთ ქართველი ხალხის გზავნილი და ვუთხრათ, რომ ჩვენ მტრები არ ვართ. ეს არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი გახდეს. თუმცა რუსებმა კარგად იციან, რომ თუ საქართველოდან ხელშეწყობა არ იქნება, შესაბამისად, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება.

"მ.კ.": არსებობს ექსპერტების მოსაზრება, რომ 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთი საქართველოში პრორუსული ძალების გაძლიერებას შეეცდება. როგორ ფიქრობთ, თქვენი მიწვევა ამას ხომ არ უკავშირდება?

ჯ.ბ.: ეს ექსპეტები დასავლური გრანტებით მოსყიდული ხალხია, რომლებიც სამშობლოს სიყვარულით არ გამოირჩევიან. ამიტომაც ასეთ სისულელეებზე კომენტარი ნამდვილად გამიჭირდება. არც სურვილი მაქვს, რომ მათ უაზრო განცხადებებზე კომენტარები ვაკეთო.

"მ.კ.": რუსეთიდან წინასაარჩევნოდ დაფინანსებას ხომ არ ელოდებით?

ჯ.ბ: სისულელეა, ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?! ამის უფლებას არც ჩვენი კანონმდებლობა იძლევა - უცხო ქვეყნისგან პოლიტიკოსის დაფინანსება იკრძალება, რასაც მივესალმები და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაში ძალიანაც სწორი აკრძალვაა.

ეს კითხვები საზოგადოებას კი არა, ამერიკისგან მოსყიდულ ექსპერტებს აწუხებთ, რომელთა საქმე სწორედაც რომ ის არის, საქართველოს სახელმწიფოს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების უფლება არ მისცენ. ამიტომ ამაზე არ ვისაუბრებ.

"მ.კ.": რას ელით ამ შეხვედრებისგან?

ჯ.ბ.: ჩემი მოსკოვში ჩასვლით რუსეთში ძალიან გავლენიანი ხალხია დაინტერესებული. ისინი ჩვენი პარტიის კონცეფციამ დააინტერესა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და ამ ურთიერთობის მოგვარების სტრატეგიას შეეხება. ეს ძალიან საინტერესოა რუსეთისთვის. ამიტომაც ალბათ ეს იქნება ჩვენი საკვანძო მოკავშირეებად გადაქცევის მიზეზი.

ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მთავარია, ისინი ჩვენგან ქართველი ხალხის გზავნილს მიიღებენ და ჩვენც მათგან დადებით პასუხებს მივიღებთ.

რა თქმა უნდა, ასეთი პრობლემები ერთი ჩასვლითა და ერთ დღეში არ წყდება, თუმცა ეს არის დასაწყისი. წლების განმავლობაში მე რუსეთში არ ვყოფილვარ. ამიტომაც ეს იქნება ნიადაგის მოსინჯვა.

ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ეს ჩემით დაინტერესება კი არ არის, ეს არის ქვეყანასთან ურთიერეთობის აღდგენით დაინტერესება. სწორედ ამან გამოიწვია ჩემთან ასეთი სამუშაო დიალოგის გამართვის სურვილი.

მე მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავისუფლები იყოთ რაღაც შაბლონებისგან და სიტუაცია ობიექტურად გააშუქოთ. ევროპისა და დასავლეთის მომხრეებს მინდა ვთხოვო, გადახედონ სტატისტიკას, ჩვენს ქვეყანაში რა რაოდენობის ინვესტიცია ჩადეს. მათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ხელიც კი არ გაუტოკებიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×