რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანია საკრებულოს თავმჯდომარეებზე შეტევით უკვე დაიწყო. პირველი იმპიჩმენტი თანაგუნდელებმა 1-ლ სექტემბერს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწყვეს და ამით თვითმმართველობებში საკადრო "წმენდა" გახსნილად გამოცხადდა.
არჩევნებამდე დარჩენილ დროში მსგავსი პროცესი კიდევ რამდენიმე რაიონშია მოსალოდნელი. როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, გარკვეული პრობლემები ათამდე რაიონშია, თუმცა ირწმუნება, რომ ყველაფერი "გარკვეული კონტროლს ქვეშაა" და არსებული პრობლემების მიუხედავად, სიტუაციის გამწვავება არ მოხდება.
პოლიტოლოგების მტკიცებით, "ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია გახსნა და მუნიციპალიტეტებში საკადრო ცვლილებები აუცილებლად გველოდება.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებლის გია ხუხაშვილის თქმით, შეიძლება პროცესები ორმხრივი ვიხილოთ. შეიძლება მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ თავისი დეპუტაციის გადახალისება მოინდომოს და ასევე ოპოზიციაც შეეცადოს მინი ადგილობრივი გადატრიალება აწარმოოს.
მისივე თქმით, საკადრო ცვლილებებს რეგიონებში კოალიციის შიგნით არსებული დაპირისპირებებიც განაპირობებს.
"კოალიციაში შემავალი პარტიები შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი თავისი წარმომადგენელი ჩართონ ამ პროცესში. წინასაარჩევნო პროცესში მუდმივად ასეა - პარტიები ცდილობენ ტორტის რაც შეიძლება დიდი ნაჭერი მიიღონ და თავისი წარმომადგენლები ამა თუ იმ რეგიონში რაც შეიძლება მსუყედ იყვნენ წარმოდგენილები. "კოალიციის შიგნით კამათი, ვაჭრობა, დაპირისპირები მუდმივად მიმდინარეობს. რამდენად საჯაროდ გარეთ გამოვა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად მოხდება პოლიტიკური პროცესის მენეჯმენტი. კვოტების განაწილებაზე შიგნით რომ პრობლემები იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ," - აცხადებს ხუხაშვილი.
ცნობისათვის, ამ დღეებში არა მარტო სენაკის თვითმმართველობაში შეიქმნა პრობლემა, არამედ გორშიც. თუმცა, სენაკისაგან განსხვავებით, გორში საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, ქალაქის მერის და კომისიის კიდევ ერთი წევრის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხი "ნაციონალურმა მოძრაობამ" დასვა, მაგრამ ხდომა კვორუმის არარსებობის გამო სხდომა ჩაიშალა.
სენაკში კი, რადგანაც გადაყენების მსურველი თავად "ოცნება" იყო, ყველაფერმა სწრაფად ჩაიარა, საკრებულოს თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენეს. კენჭისყრაში მონაწილე არც ერთი დეპუტატი მედიასთან არ აკონკრეტებს, თუ რა გახდა მისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზი.
საკრებულოს თავმჯდომარედ ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელი ჯუმბერ ლაშქარავა მოიაზრება. იმპიჩმენტამდე ლაშქარავას პრემიერთან ჰქონდა შეხვედრა და როგორც სენაკში ამბობენ, იქ გადაწყდა ეს საკითხი. თავად ჯუმბერ ლაშქარავა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას არ უარყოფს, თუმცა რა თემაზე - ამას არ აკონკრეტებს.
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ დაპირისპირება და პრობლემა იყო მხოლოდ ერთ რაიონში - სენაკში, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება მოჰყვა. სხვაგან კი ასეთი პრობლემა არ დგას და ეს პროცესიც წინაასაარჩევნო გააქტიურებას თუ შიდა პოლიტიკურ ინტრიგებს არანაირად არ უკავშირდება.
თანაც, განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მმართველმა ძალამ თვითმმართველობის რეფორმა სწორედ ამ დემოკრატიული და ჯანსაღი კონკურენციის გამო გაატარა, სადაც ხელმძღვანელი საქმეს ვერ აკეთებს, საკრებულოს მისი შეცვლის შესაძლებლობა მიეცეს.
გია ვოლსკი: "ახალი კანონი იმიტომ შემოვიღეთ, რომ საკრებულოს მიეცეს საშუალება - თუ საკრებულო, როგორც მოსახლეობის სხვადასხვა ფენების მიერ ნდობით აღჭურვილი სტრუქტურა, საჭიროდ ჩათვლის, ხელმძღვანელობის იმპიჩმენტი მოხდეს. ეს ტენდენცია არ არის. ეს არის კანონის გამოყენება.
"მეორე საკითხია ის, რომ ჟურნალისტები ტენდენციაზე იწყებენ საუბარს, რეალურად კი არვინ მინახავს ჯერ იმით დაინტერესებილი, თუ რა იყო იმპიჩმენტის მიზეზი, რაზე იყო კამათი და რა თემამ გამოიწვია ეს დაპირისპირება თუ საკრებულოს ასეთი გადაწყვეტილება. ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი. ტენდენციაზე საუბარი კი უსაფუძვლო შეფასებაა".
შეკითხვაზე, რა ხდება სხვა რაიონებში, რამდენად კარგად მუშაობენ სხვა საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები თუ ქალაქის მერები და არის თუ არა მოსალოდნელი სენაკის მსგავსი პროცესების სხვაგანაც ხილვა, პასუხობს, რომ "არაფერი ისეთი არ ხდება. ერთადერთი სენაკის შემთხვევა იყო და მორჩა".
"შიდა სამზარეულის, შიდა პოლიტიკურ ინტრიგებს, ძალთა გადანაწილებას და წინასაარჩევნო პერიოდს ეს არ ეხება. ეს არის საქმიანი ურთიერთობები, რომელიც ერთი, სენაკის შემთხვევაში ამრიგად დამთავრდა," - დასძენს ვოლსკი.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა, აღნიშნავს, რომ მისი მოლოდინით, ეს პროცესი ტენდენციის სახეს არ მიიღებს.
"სენაკში პარტიული კუთხით იყო კონკრეტული სირთულე და ამის შედეგი იყო საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი. რაიონების მიხედვით არის განსხვავებული სიტუაციები. ათამდე რაიონია, სადაც უფრო მეტად იკვეთება აზრთა სხვადასხვაობა. რაიონების ჩამოთვლისაგან თავს შევიკავებ.
"ზოგადად ვიტყვი, რომ სიტუაცია ნორმალურია. როგორც ასეთი, პრობლემის გამწვავებას ან ტენდენციის ჩამოყალიბებას არ ველოდებით. სიტუაცია გარკვეული კონტროლის ქვეშაა და ეს ვითარება არსებითად დალაგებულია.
"ბუნებრივია, ცალკეული შემთხვევა გამორიცხულ არ არის, მაგრამ ტენდენციის შექმნა, რომ თვითმმართველობებში მასობრივად მოხდეს გათავისუფლებები, ამას გამოვრიცხავ," - ამბობს კობახიძე.
მისი თქმით, დაპირისპირების მიზეზი სხვადასხვაა. ძირითადად, საკადრო საკითხებიდან დაწყებული პიროვნული უთანხმოებაა და ეს ზოგიერთ რაიონში შეიძლება შესამჩნევი იყოს.
ირაკლი კობახიძე: "ჩვენ ყველა რაიონში ძლიერები ვართ. ამიტომ გაძლიერების კუთხით საკადრო ცვლილებების საჭიროება არ დგას. საკადრო ცვლილებები ჩვენს სიძლიერე-სისუსტესთან არანაირ კავშირში არ არის. იგივე სენაკი და გორი რომ ავიღოთ, ორივე რაიონში "ქართული ოცნების" პოზიციები საკმაოდ ძლიერია. მყარი უმრავლესობის კუთხით არის რამდენიმე რაიონში პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ კოალიცია 50%-ზე მეტ ხმას ვერ ფლობს, მაგრამ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით სხვა პარტიებთან თანამშრობლობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილებების მიღება ხდება.
"მაგალითად, ოზურგეთში, კოალიციურად მყარი უმრავლესობა ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა, ვითარება მართვადია იმ კუთხით, რომ მუნიციპალიტეტის საქმიანობა შეუფრხებლად მიმდინარეობს. ეს არის მთავარი.
"უმრავლესობის საკითხიც არ არის პირდაპირ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული. ცალკეული ცვლილებები გამორიცხული არ არის, მუნიციპალიტეტი ცოცხალი ორგანიზმია და გარკვეული მიზეზების გამო შეიძლება ცვლილების საჭიროება იყოს, თუმცა, ტენდენციის წარმოქმნა გამორიცხულია. ჩვენთვის ამ ეტაპზე მთლიანად პარტიის და საოლქო ორგანიზაციების გაძლიერებაა მთავარი და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ მომავალ არჩევნებში მაქსიმალურ და მაღალ შედეგს დავდებთ. მუნიციპალიტეტებში საკადრო გადაადგილებები კი არჩევნების მზადებასთან არანაირ კავშირში არ არის".
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, უცნაურია, რომ საარჩევნო კამპანიაში პარტის ლიდერი ამ თემებზე ღიად ლაპარაკობდეს.
"ის თვითმმართველობის წარმომადგენელი არ არის, მას თავის პარტიულ სტრუქტურებზე ლაპარაკის უფლება აქვს და არა საკრებულოზე, როგორც მისი პარტიის ნაწილზე. ეს თვითლუსტრაციის ტოლფასია და ირიბად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სურვილზე მიანიშნებს. ამიტომ, სანამ ეს ახალგაზრდა კაცი რაღაცას იტყვის, სჯობს კარგად დაფიქრდეს, გაფილტროს თავისი ტექსტები და მერე ილაპარაკოს," - ამბობს ხუხაშვილი.
რაც შეეხება იმას, მუნიციპალიტეტებში საკადრო ცვლილებები იქნება თუ არა და არის თუ არა ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, აცხადებს, რომ ეს ასეა.
გია ხუხაშვილი: "ბუნებრივია, საარჩევნო წელს ყველა საკუთარი ძალების მაქსიმალურ მობილიზაციას აკეთებს, ცდილობს, რომ თავისი არჩევითი თუ დანიშნული ადამიანები მაქსიმალურად გამოიყენოს. მთავარია ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდეს. შეიძლება იმპიჩმენტის მოთხოვნები პროცესები ორმხრივი ვიხილოთ. შეიძლება მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ თავისი დეპუტაციის გადახალისება მოინდომოს და ასევე ოპოზიციაც შეეცადოს მინი ადგილობრივი გადატრიალება აწარმოოს და, სამწუხაროდ, ასეთი ტენდენციებიც შეიმჩნევა. იგივე ბათუმის პრეცედენტი, როდესაც ბათუმში ადგილობრივ თვითმმართველობაში "ოცნებას" მაინცდამაინც საქმე კარგად არ აქვს. ასევე ოზურგეთში.
"ასე რომ, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმ სოციალურ ფონზე, რაც ამ არჩევნებთან დაკავშირებით შეიქმნება. სამწუხაროდ, ხელისუფლებას მაინცდამაინც კარგად საქმე არ აქვს. ტარიფების მატება, ლარის დევალვაცია, პრაქტიკული უპერსექტივობა და ა.შ. ამ ყველაფერმა შეიძლება ადგლებზე ძალიან ცუდად იფეთქოს და შესაბამისად საკრებულოს წევრებზეც ამან ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს, რაც მერე შეიძლება პოლიტიკურ პროცესებზე აისახოს. ამიტომაც, მათ უფრო მეტად სჭირდებათ მობილიზება და აქტიური ადამიანების ყოლა."
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტის, სოსო ცისკარიშვილის თქმით, "ოცნებამ" წინასაარჩევნო აქტივობა უკვე გახსნა და რეგიონებში გადაადგილების ტენდენცია უფრო და უფრო მოიმატებს - არჩევნებმდე დარჩენილ წელიწადში საზოგადოება ბევრ ახალ საკადრო კარუსელს ნახავს, უმეტესად კი იმ რეგიონებში. სადაც "ოცნება" ჩათვლის, რომ მხარდამჭერების კარგვის პრობლემა ექმნებათ.
სოსო ცისკარიშვილი: "როგორც ჩანს, ეს გახლავთ "ქართული ოცნების" საკადრო პოლიტიკის საყრდენი. არ ვიცით, ხელისუფლებას რა სახის კადრებით სურს ქვეყანას რომ განაგებდეს. ერთი რამ უკვე ვირწმუნეთ, მაღალი თანამდებობის დაკავება შეუძლიათ ადამიანებს თუ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში "ქართუ ჯგუფს" ემსახურებოდნენ. სხვა მხრივ, საკუთარი პროფესიული მონაცემების განურჩევლად დანარჩენებს წინსვლა რომ გაუჭირდებათ, ეს გავიგეთ.
"ახლა რეგიონებში, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაშიც დაიწყება საკადრო კარუსელის შემოღება. ეს არის ის მიმართულება, რომლის განხორციელებაც ყველაზე მეტად ეხალისება "ქართულ ოცნებას".
"როგორც ჩანს, ეს მათთვის საინტერესო გასართობი პროცესია, რადგან არც გათავისუფლებულები არიან ინფორმირებულები რატომ დაკარგეს თანამდებობა, და არც ისინი, ვინც მათ ადგილას აღმოჩნდებიან თანამდებობაზე. ამდენად, ის რაც ხელეწიფება "ქართული ოცნების" უმაღლეს ხელისუფლებას, ეს გახლავთ საკადრო კარუსელები. ამას უპირველესად ის ადამიანები უნდა შეეჩვიონ, ვინც რაიმე თანამდებობაზე აღმოჩენისას მილოცვებს იღებენ ხოლმე. რადგან ჩვენს საზოგადოებაში დღევანდელი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება უფრო იმედგაცრუებითაა ასახული, ვიდრე ტკბობით, ამიტომ რიგრიგობით საკადრო ცვლილება ბევრგან იქნება, რომ ყველაფერი ის, რაც აქამდე მიუღწეველი იყო, ადგილობრივ ხელისუფლებას დაბრალდეს და არა მათ დამნიშვნელებსა და მომხსნელებს".