"ეს შანტაჟი აღარ არის. ის, რაც მათ გააკეთეს, ბოროტებაა"
ელზა წიკლაური
08.09.2015

 სემეკმა რეგიონებსა და დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით მიიღო, "ენერგო პროს" შემთხვევაში 60 დღეში გაზარდა ტარიფი, "თელასის" კი-სულ რაღაც 40 დღეში. ეს მაშინ, როცა წინა პერიოდში მარეგულირებელი კომისია კანონით გათვალისწინებულ 150-დღიან პერიოდს არასდროს "არღვევდა". ენერგეტიკოსები სემეკის სწრაფ გადაწყვეტილებას "შეგნებულად" გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ. მათივე აზრით, ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელზეც უნდა ზრუნავდეს, მათ უფლებებს მუდმივად უგულებელყოფს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ტარიფის გადახედვისას არა მარტო ლიცენზიანტების, არამედ მომხმარებელთა ინტერესებსაც უნდა ითვალისწინებდეს. ამ ორგანიზაციის მოღვაწეობისას კი არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როცა სემეკს ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხალხის საკეთილდღეოდ მიეღოს. ეს მოხდა მხოლოდ ერთხელ და ისიც 2012 წლის არჩევნების შემდგომ, როცა ტარიფები ახალი ხელისუფლების პირდაპირი გადაწყვეტილებით შეიცვალა.

რატომ იქცევა სემეკი მუდმივად ასე? ბოლო პერიოდში საინტერესოა, მარეგულირებელი კომისიის ახალი წევრების შერჩევის გაჯანჯლებული პროცესიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაახლოებით 3 თვის წინ, 25 მაისს დაიწყო კომისიის წევრების კანდიდატების შერჩევა და მაშინვე პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის მხრიდან საჯაროდ გაცხადდა ის, რომ ერთი თვის თავზე კომისიას ახალი წევრები უნდა ჰყოლოდა. თუმცა, დღესაც მარეგულირებელი კომისია წარმოდგენილია იმ გუნდით, რომელსაც ნოტარიუსის სახე აქვს მიღებული და ყველა გადაწყვეტილებას საოცარი სისწრაფით, საკითხის ძირეული და საფუძვლიანი შესწავლის გარეშე იღებს. მაგალითად, "ენერგოპროს" შემთხვევაში მას ტარიფი მოთხოვნიდან 60 დღეში გაუზარდა, "თელასის" შემთხვევაში კი-სულაც 40 დღეში. აქამდე ყველაზე სწრაფი გადაწყვეტილება სემეკისა 150 დღეშია მიღებული.

ტარიფის ზრდა კომპანიებმა ლარის დევალვაციის ფონზე მოითხოვეს. იმ შემთხვევაში თუ ეროვნულმა ვალუტამ მყისიერი გამყარება დაიწყო, თბილისში დენის ტარიფი უახლოესი 16 თვის განმავლობაში მაინც არ შეიცვლება. როგორც სემეკის წევრი გოჩა შონია აცხადებს, "თელასის" შემთხვევაში სატარიფო წელი ახალი ტარიფის ამოქმედებიდან სწორედ 16-თვიან პერიოდს მოიცავს.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ მოხდა ნაჩქარევად სემეკის მიერ გადაწყვეტილების მიღება, გოჩა შონიამ განაცხადა, რომ კომისიამ სატარიფო განაცხადზე თითქმის თვენახევარი იმუშავა: "ამ პერიოდის განმავლობაში, კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი მუშაობდა ინტენსიურად. დეპარტამენტმა სრულად შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური. განხორციელდა ხარჯების სრული აუდიტი. ტარიფში შემავალი ყველა კომპონენტი განხილულ იქნა კომისიის საჯარო შეხვედრებზე საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობით. ტარიფის ოპერატიულად დათვლის ერთ-ერთი მიზეზი წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილება და შესრულების მაღალი ხარისხი იყო", - განაცხადა გოჩა შონიამ.

ენერგეტიკოსები კი ამბობენ, რომ ორგანიზაცია ყოველთვის სწორედ ლიცენზიანტების ინტერესებს ემსახურება და ამჯერადაც ნაჩქარევი გადაწყვეტილება სწორედ მათი ინტერესების გატარებას ემსახურება.

ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე თვლის, რომ სემეკმა როგორც "ენერგო პროს", ასევე "თელასის" შემთხვევაში ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება შეგნებულად, სასწრაფო წესით მიიღო. არც ერთი თანამშრომელი არ გაუშვეს შვებულებაში და მთელი ზაფხულის განმავლობაში ამუშავეს, რათა ტარიფის გაზრდა მიესწროთ.

"ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კომისია 3 წევრით მუშაობს, ერთს ვადა კი 3 ოქტომბერს უმთავრდება. ახალი წევრი რომ შესულიყო კომისიაში, შესაძლოა, მათ ასეთი გადაწყვეტილება არ მიეღოთ. დღესდღეობით ისინი ახორციელებენ მიზანმიმართულ ქმედებას. ეს შანტაჟი აღარ არის. ის, რაც მათ გააკეთას, არის ბოროტება. 18 დეკემბერს რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, მოსახლეობას მინიმუმ 4 თვით შეუმსუბუქებდნენ ენერგოტვირთს, მაგრამ მათ ხალხის ინტერესი არ გაითვალისწინეს.

მიუხედავად იმისა, რომ სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის მომხმარებლის ინტერესების დაცვა, ჩვენ არ გვინახავს არც ერთი ფაქტი, რომ მას ეს ნაბიჯი გადაედგას. ადრეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებ, რომ ტარიფი უსამართლოდ არის გაზრდილი და თანაც დაჩქარებულად", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, სემეკის წევრებს ხელი ენერგოპულტზე უჭირავთ და როდესაც სურთ, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება გაზარდონ, ამ პულტს ხელს მაშინ აჭერენ: "კომისიაში არის ძველი პროკურორი - მესხი. მილორავას წარსულსაც თუ ვნახავთ, გავიგებთ თუ რატომ არ ითვალისწინებენ ისინი ხალხის ინტერესს".

ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანი კი სემეკის ნაჩქარევს გადაწყვეტილებას საზოგადოების პასიურობას უკავშირებს: "რაკი სემეკში დაინახეს, რომ საზოგადოების მხრიდან არ იყო მკაცრი პროტესტი, ამიტომაც დააჩქარეს ტარიფის ზრდის პროცესი. მათ, ფაქტობრივად, უგულლებელყვეს საზოგადოების ინტერესები. სემეკმა გაატარა იმათი ინტერესი, რომლებიც დღემდე განაგებენ ამ სფეროს. ესენი არიან როგორც კომპანიები, ისევე ჩინოვნიკები, რომლებიც არსად წასულან", - განაცხადა ფირცხელანმა.

მისივე თქმით, მომხმარებლის ინტერესი იმ დრომდე იქნება იგნორირებული, ვიდრე რეგულირების პრინციპი მონოპოლიურ სისტემას ემყარება:

"ვიდრე არ იქნება შემოღებული საბაზრო პრინციპი, მანამდე ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით და სემეკი მუდმივად მიიღებს მომხმარებელთა საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას.

საჭიროა, საზოგადოებამ ცოტა ყურები გამოიბერტყოს და საკუთარი უფლებები დაიცვაზე თვითონვე იბრძოლოს. სხვა შემთხვევაში არც ერთი ჩინოვნიკი, არც ერთი კომპანია და არც სემეკი თავის ნებით არ დათმობს არც ერთ თეთრს. არც ლარის გამყარების შემთხვევაში დათმობს ვინმე არაფერს. იმიტომ, რომ არ ყოფილა საქართველოში შემთხვევა, როცა გაზრდილი ტარიფი შემცირებულიყო თუ არ ჩათვლით წინაასაარჩევნო პოლიტიკურ სპეკულანტობას, როდესაც სიმბოლურად შემცირდა ტარიფი. აქედან გამომდინაე, მომავალშიც არ უნდა ველოდოთ გაიაფებას", - დასძინა მირონ ფირცხელანმა.

განსხვავებული პოზიცია აქვს იურისტს ლევან ალაფიშვილს და თვლის, რომ სემეკის მიერ "ენერგო პროსა" და "თელასის" შემთხვევაში ტარიფის ზრდაზე დაჩქარებული გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ არ დაზარალებულიყო სისტემა, მეორე ის, რომ არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო საკითხის გადადების შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო მაღალი ტარიფი დაწესებულიყო.

"საკითხის გადადება, შესაძლოა, უფრო მძიმედ ასახულიყო როგორც ლიცენზიანტებზე, ასევე მომხმარებლებზე. კერძოდ, შესაძლოა, კომპანიებს ფინანსები შემცირებოდათ, მათ ვერ ჩაეტარებინათ გარკვეული ღონისძიებები და ზამთარში მართლაც დენის გათიშვა ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყო. ეს ლიცენზიანტსაც დააზარალებდა და რა თქმა უნდა, მომხმარებელსაც. თანაც, საგულისხმოა ისიც, რომ ამ ტარიფით არც ლიცენზიანტები არიან კმაყოფილნი.

მესამე მიზეზი კი არის საპროცედურო საკითხი. როგორც იცით, სემეკის ერთ წევრს ვადა გასდის ოქტომბრის დასაწყისში. თუ ახალი წევრის დანიშვნის პროცესი დროში გაიწელებოდა, რისი ალბათობაც რეალურად არსებობს, არსებული შემადგენლობით სემეკი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და თუ მიიღებდა, ის იქნებოდა კანონდამრღვევი ორგანო.

გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ეს გამხდარიყო ერთ-ერთი მიზეზი საკითხის დაჩქარებისა. ზუსტად იმის თქმა, თუ რატომ იჩქარა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, შეუძლებელია", - განაცხადა ალაფიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×