ვოლსკი: "აზრთა სხვადასხვაობა არსებობს... ვმსჯელობთ"
თიკო ოსმანოვა
10.09.2015

 "გააგრძელებს თუ არა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია მუშაობას, ეს მთავრობაზეა დამოკიდებული. რასაც გადაწყვეტენ, ისე იქნება. ვფიქრობ, მისი არსებობა აუცილებელია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ადმინისტრაციის გაუქმება საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს. მისი თქმით, კონფლიქტურ რეგიონებთან კოორდინაციის თვალსაზრისით, რაღაც ინსტიტუტი აუცილებლად უნდა არსებობდეს, თუმცა, რა სახით და როგორ - ამაზე მთავრობა იმსჯელებს და საბოლოო ვარიანტზე შეჯერდებიან.

შეგახსენებთ, რომ კულუარული ინფორმაციით, მთავრობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებას აპირებს, რასაც არ ადასტურებს თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უწყებაში კი პაატა ზაქარეიშვილის არყოფნის გამო კომენტარს არ აკეთებენ.

დიმიტრი სანაკოევის თქმით, ამასთან დაკავშირებით ადრე მისი და ზაქარეიშვილის ხედვა ერთმანეთს ემთხვეოდა. ამ ბოლო დროს კი მასთან აღარ უსაუბრია.

"გააგრძელებს თუ არა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია მუშაობას, ეს მთავრობაზეა დამოკიდებული. რასაც გადაწყვეტენ, ისე იქნება. ვფიქრობ, მისი არსებობა აუცილებელია. თუ ხელისუფლებას იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის გაგრძელება სურს, მაშინ ოფისი გვესაჭიროება. ამას ადმინისტრაცია ერქმევა თუ რაღაც სხვა, ეს უკვე მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს. თუმცა, როგორც ვიცი, მე და ზაქარეიშვილს ამასთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა გვქონდა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სანაკოევი.

მისივე თქმით, ადმინისტრაციას აქვს ურთიერთობა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან, თუმცა, პირდაპირი დიალოგი დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეუძლებლად მიაჩნია, ვინაიდან იქით მხარეს რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ.

გია ვოლსკის თქმით, ამ სტრუქტურის ყოფნა-არყოფნაზე ხელისუფლებაში იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"რაღაც სტრუქტურა აუცილებლად უნდა არსებობდეს, რომელიც იქაურ მოსახლეობასთან კოორდინაციას განაპირობებს და ურთიერთობების რაღაც სეგმენტს უპასუხებს. ასე რომ, ამ თემაზე მოგვიწევს მსჯელობა. სიმართლე გითხრათ, მის გაუქმებაზე მკაფიო პოზიცია არ გამიგია, აზრთა სხდასხვაობა არსებობს... ვმსჯელობთ. ვფიქრობთ, რომ გარკვეული სტრუქტურა უნდა არსებობდეს. რა ერქმევა მას და მომავალში როგორ ჩამოყალიბდება - ეს მსჯელობის საგანია", - გვითხრა ვოლსკიმ.

კონფლიქტებზე მომუშავე ბევრი ინსტიტუციის არსებობასა და ფუნქციების დუბლირებაზე საუბრობს "კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი. თუმცა, მისი თქმით, სანამ მთავრობა არ ჩამოაყალიბებს ამასთან დაკავშირებით სტრატეგიულ გეგმას, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ყოფნა-არყოფნაზე ვერაფერს იტყვის.

"თავის დროზე ამ სტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით აზრთა სხდასხვაობა იყო, ძალიან ბევრი ადამიანი აკრიტიკებდა. მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით როგორც ვიცი კარგად მუშაობენ. იქიდან ვინც მოდის, სამედიცინო დახმარებით ამ უწყების გავლით ხდება მათი უზრუნველყოფა, დაბინავება, განთავსება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.

"რაც შეეხება მის შესაძლოა გაუქმებას, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე რომელიმე უწყების გაუქმებაზე ან გაძლიერებაზე საუბარი რთულია, იმიტომ, რომ მთავრობას არ აქვს სტრატეგიული ხედვა. როდესაც ასეთი სტრატეგია შეიქმნება, მერე შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, უნდა არსებობდეს თუ არა ადმინისტრაცია.

"თუმცა, ზოგადად უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ძალიან გაბერილია ინსტიტუციები, რომლებიც კონფლიქტებზე მუშაობს. ასე თუ ისე ეს საკითხი ყველა სამინისტროს ეხება, მაგრამ ცალკე არის კიდევ ავტონომიური ხელისუფლება აფხაზეთის მიმართულებით, უსაფრთხოების კრიზისების მართვის საბჭო და სხვა უწყებები, რაც ყველა თვალსაზრისით იწვევს ფუნქციების დუბლირებას და არაეფექტურობას. აშკარაა, რომ ინსტიტუციებს, რომლებიც კონფლიქტებზე მუშაობენ, სჭირდება მნიშვნელოვანი გადახედვა, გადახალისება და რაღაცების გაერთიანება.

"ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამდენი ინსტიტუციების შენახვა ძვირიც ჯდება. რამდენიმე ათას კაცზეა საუბარი, რომელსაც ჩვენ ვუხდით ბიუჯეტიდან ხელფასებს და შედეგები არ არის", - განუცხადა "რეზონანსს" კანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 2007 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქცია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობა იყო. სანაკოევის თქმით, მისი უწყება კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარებაში აქტიურად ეხმარება.

"ცხინვალსა და სამაჩაბლოში მცხოვრები მოსახლეობისთვის შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. იქ მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფოს დახმარებით სხვადასხვა სოციალური პრობლემის მოგვარებაში ვეხმარებით. მაგრამ თუ ხელისუფლებას არ სჭირდება ეს სტრუქტურა, მათი ნებაა. თუმცა, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში უსაქმურად არ ვყოფილვართ, ბევრი რაღაც გავაკეთეთ.

"მაგალითად, წელს 400-მდე ადამიანს რეფერალური პრობლემა მოვუგვარეთ. ჩვენი უწყების მეშვეობით ხდება სამედიცინო კლინიკებში მათი დაბინავება და მათთვის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

"დღეს ეს ხალხი რომ მოდის ჩვენთან, ამ უწყების დამსახურებაა. ცუდად რომ ვმუშაობდეთ, ხომ არ ჩამოვიდოდნენ?! უფრო მეტსაც გეტყვით - ჩვენი შუამდგომლობით მინიმუმ 5-მა კაცმა საქართველოს მოქალაქეობა მოითხოვა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სანაკოევი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×