გია ხუხაშვილის აზრით, "ოცნების" მთავარი მაშველი რგოლი "ნაციონალური მოძრაობაა"
თაკო მათეშვილი
11.09.2015

 ლარის გაუფასურება, პროდუქტის ფასებისა და კომუნალური ხარჯების გაზრდა, სამუშაო ადგილების ვერშექმნა - ეს ყველაფერი, ეკონომიკის ექსპერტის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის, გია ხუხაშვილის აზრით, "ქართულ ოქნებას" გადაუჭრელ პრობლემად შეიძლება გადაექცეს, რაც მას ხელისუფლების დაკარგვამდე მიიყვანს.

ერთადერთი, რაც ხუხაშვილის აზრით კოალიციის საარგებლოდ მოქმედებს, ოპოზიციაა, რომელიც იმდენად "უვარგისია", რომ მის ფონზე ხელისუფლება ბევრად უკეთესიც კი ჩანს. თუმცა სოციალური ფონის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, იგი ვარაუდობს, რომ "ოცნებას" ესეც კი ვეღარ უშველის.

სწორედ ამიტომ, მას მიაჩნია, რომ ახლა სწორედ ის დროა, როცა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სიტყვა უნდა შეასრულოს და ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, ხელისუფლების მთავარი გამოწვევა სოციალური პრობლემატიკაა. ლარის დევალვაცია ძალიან მძიმე ფონს ქმნის. დაზარალებულთა რაოდენობა ყველა გონივრულ ზღვარს აჭარბებს. ეს სოციალურ რისკებს ზრდის.

გარდა ამისა, არ გვაქვს სისტემური გაუმჯობესება სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით, ამავდროულად ტარიფები იმატებს. ანუ, ეს ეკონომიკური პაკეტი ხელისუფლების ძირითადი პრობლემაა. წორედ ამის გამო მას უკვე პოლიტიკური პრობლემებიც ექმნება.

"რეზონანსი": რამდენად უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს მის იმიჯზე ბოლო დროს სატელევიზიო თოქ-შოუების მასობრივმა დახურვამ?

გ.ხ.: რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, მედიაში მიმდინარე მოვლენებს და ა.შ. ეს უკვე მთელი ამ პრობლემური სისტემის პოლიტიკური კომპონენტია, რასაც სოციალური პროტესტი აქტიურ ფაზაში გადაჰყავს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს რიგითი ქართველისათვის მნიშვნელოვანი არ იყოს. ჩნდება იმის განცდაც, რომ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. ოპტიმიზმის საფუძველი, სამწუხაროდ, არ ჩანს. შესაბამისად, დამაიმედებელ პროგნოზს ვერ გავაკეთებდი.

ამ ყველაფრის ფონზე, ხელისუფლების მთავარი აქტივი ისაა, რომ ოპოზიცია კიდევ უფრო უარესია. ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" სახით ხელისუფლების მთავარი მაშველი რგოლია. ყველაფერი შედარებითი და ფარდობითია და ძნელია იმაზე მეტი დანაშაული ჩაიდინო, ვიდრე "ნაცმოძრაობას" აქვს ჩადენილი. თუმცა, თუ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობაც" ვეღარ უშველის.

"რ": ლარის გაუფასურებასთან ერთად მოსახლეობას ელექტროენერგია და პროდუქტის ფასებიც გაუძვირდა. კახეთში ყურძნის დაბალი ფასით აღშფოთებული მოსახლეობა აქციებს მართავს. შეიძლება ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებას" გადაულახავ პრობლემად ექცეს, რის გამოც ხელისუფლების დათმობა მოუწიოს?

გ.ხ.: რა თქმა უნდა, შეიძლება. თავისუფლად შეიძლება ამან სერიოზული პოლიტიკური რყევები გამოიწვიოს. მითუმეტეს ისეთი ხელისუფლების, რომელსაც მასობრივი პროტესტის გამოცდილება არც აქვს. ამიტომ ვერ გაუძლებს. კრიზისის დროს, ჩემი აზრით, ხელისუფლება ვერც ძალას გამოავლენს და ვერც მისი გადაწყვეტის გზას შემოგვთავაზებს.

აქედან გამომდინარე, ქვეყანაში პირველივე სერიოზული პოლიტიკური რყევა მას პრობლემად ექცევა. ადეკვატური რეაქციის გამოვლენა ძალიან გაუჭირდება.

"რ": ამ ყველაფერის ფონზე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ არჩევნებში მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს? შესაძლოა ეს საარჩევნო სიის გადახალისება იყოს?

გ.ხ.: პერსონალური საკითხები საერთოდ აღარაა საინტერესო. სიის გადახალისება და საკადრო პრობლემის მოგვარება თავისთავად საჭიროა. თუმცა, ამ დიდი გამოწვევების ფონზე, ეს მაინც წვრილმანებად ითვლება. მთავარი, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, ისაა, რომ ხალხში კონომიკური ოპტიომიზმი ძალიან სწრაფად უნდა გააჩინოს.

ერთ წელიწადში ეკონომიკას ვერ ააღორძინებს, მაგრამ ოპტიმიზმი მაინც უნდა გააჩინოს. ადამიანებს უკეთესი მომავლის რწმენა უნდა ჩაუნერგოს. თუ მან ეს ვერ მოახრეხა, სოციალური პრობლემატიკა პოლიტიკური საკითხებით შეიფუთება და გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ პროტესტს მიმართულებას მისცემს. ხელისუფლებას კი, იმის რესურსი, რომ ასეთ პროტესტს გაუძლოს, კიდევ ვიმეორებ - არ აქვს.

"რ": გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მომავალი არჩევნებისათვის სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს. როგორ ფიქრობთ, ეს თუ შეძლებს "ოცნებისათვის" რეიტინგის ამაღლებას?

გ.ხ.: ივანიშვილმა თქვა, რომ თუკი საჭირო და აუცილებელი გახდება, ის პოლიტიკაში დაბრუნდება.

დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ასეც უნდა მოხდეს, რადგან ახლა სწორედ ასეთი სიტუაციაა. მართალია, იგი ფიქრობს, რომ პრობლემები ასეთი სერიოზული არ არის, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დღეს უკვე მისი დაბრუნება, შესაძლოა, დაგვიანებულიც კი იყოს.

არ ვიცი, ჩემი შეფასებაა ზედმეტად სკეპტიკური თუ მისი ზედმეტად ოპტიმისტური, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას რაღაც ფორმით საარჩევნო პროცესში ლეგალურად ჩართვა აუცილებლად მოუხდება. მისი ჩართვის გარეშე პრობლემები, რომელიც დღეს კოალიციას აქვს, შეიძლება გაათმაგდეს.

"რ": რაც შეეხება კოალიციის ერთიანობას, თქვენი აზრით, შეძლებენ ამის შენარჩუნებას, დაპირისპირებას უკვე აღარავინ მალავს და ხშირად უთანხმოება არა მხოლოდ პარტიებს შორის, არამედ ერთსა და იმავე პარტიაში შემავალ ადამიანებს, თანაგუნდელებს შორისაც კია.

გ.ხ.: კოალიცია ერთიანი არასოდეს ყოფილა. მისი ერთიანობა ყოველთვის აბსოლუტური ილუზია იყო. როცა იქმნებოდა, იგი მაშინვე ეკლექტური იყო. თუმცა მაშინ, თანაცხოვრების პერიოდში, ეს წინააღმდეგობები უკანა პლანზე გადადიოდა, რადგან ერთიანი მიზანი იყო შესასრულებელი - რეჟიმის დამარცხება.

დაფუძნების დღიდან კოალიციაში ფუნდამენტური წინააღმდეგობებია. დღეს ეს უკვე აშკარად გამოვლინდა. ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს აერთიანებთ, საკუთარი უსუსურობის განცდაა. კოალიციაში შემავალ არც ერთ პარტიას არ შეუძლია ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისაგან დამოუკიდებლად არჩევნებში რაიმე ტიპის წარმატებას მიაღწიოს. სწორედ ამ უსუსურობის განცდის გამო, მიუხედავად ურთიერთუპატივცემულობისა და ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთზიზღისაც კი, ისინი იძულებულები არიან ერთ ოთახში ისხდნენ.

ასეთი ეკლექტური გაერთიანებები სახელმწიფოს მმართველობაში ძალიან საზიანოა. როცა ხელისუფლებაში არსებობენ დაჯგუფებები, რომელთა ფუნდამენტური მოსაზრებები განსხვავებულია, ქვეყანა ვერ იმართება. ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღების უნარს კარგავს. სერიოზული, სისტემური გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, თუ მმართველ ელიტაში იდეოლოგიური წინააღმდეგობაა.

ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ესეცაა. შიგნით ვერაფერზე თანხდებიან და ყოველდღიური რუტინით შემოიფარგლებიან. ეს კი, საბოლოო ჯამში, ქვეყნის მდგომარეობაზე აისახება. გადალახავენ თუ არა არჩევნებამდე იმ ზღვარს, რომლის მიღმაც მათი ერთად ყოფნა უკვე შეუძლებელი იქნება, არავინ იცის. უკვე ვთქვი, რომ მათი შემაკავშირებელი ცემენტი უსუსურობის განცდაა, მაგრამ არაა გამორიცხული, ამის მიუხედავად მაინც დაიშალონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×