ლიკა ამირაშვილი
11.09.2015

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტი ქართული ენისთვის, შესაძლოა, სერიოზული ზიანის მომტანი იყოს, რადგან, მისი თქმით, კანონმდებლობაში ენობრივი თვალსაზრისით ხარვეზებია.

მისივე თქმით, პარლამენტის მიერ კანონში არასწორად ჩაწერილი ფრაზა, ტერმინი თუ სხვა ენობრივი ნიუანსები, გამოსწორებადი არ არის, რადგან ის უკვე კანონია. მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტის მხრიდან უარყოფილია ენობრივი ნორმების დაცვის მიზნით ჯარიმების ამოქმედების იდეა და წინადადება.

"როდესაც ქართული ენის პრობლემებზეა საუბარი, ხშირად იკვეთება, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, უნდა გამოიყენოს გარკვეულწილად თავისი სადამსჯელო აპარატი, დავაწესოთ მეტი ჯარიმა ენობრივი ნორმის დარღვევაზე. ზოგჯერ არის ხოლმე ასეთი მოთხოვნები. ან დავავალდებულოთ, რომ ვინმემ ექვს თვეში ენა ისწავლოს, თუ არა და რაღაც ცუდი ამბები დაემართება - დაკარგავს სამსახურს.

"მოკლედ, სახელმწიფო, როგორც ძალის ინსტრუმენტი, რომელიც აიძულებს ვიღაცას, რომ ენის ნორმები დაიცვას, ენა ისწავლოს, ენას გაუფრთხილდეს და ა.შ. კანონპროექტის განხილვის დონეზე ეს მიდგომა პარლამენტში ძალიან დასაბუთებულად იქნა უარყოფილი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თქვენი აზრით, უნდა დააჯარიმონ თუ არა პარლამენტარები არასწორი ქართულისთვის? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): "არა მარტო პარლამენტარები, არასწორი, გაუმართავი მეტყველებისათვის უნდა დაჯარიმდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტარები, მინისტრები და ა.შ. ყველა უნდა დაჯარიმდეს იმიტომ, რომ ქართული ენა ჩვენთვის არის სახელმწიფო ენა, რომელსაც ჩვენი ყველა საჯარო მოხელე უნდა ფლობდეს."

 

 ავთანდილ დემეტრაშვილი (კონსტიტუციონალისტი): "ალბათ ამ მოსაზრებას არ დავეთანხმები. გაუმართლებელია პოლიტიკოსი იმავდროულად იყოს ლინგვისტი, ფილოლოგი და ა.შ. მის ლექსიკაში გარკვეული ხარვეზები შეიძლება არსებობდეს. ამიტომ თუ მაინცდამაინც საჭიროა, საკანონმდებლო ენა უნდა ასწავლონ.

"იმის გარდა, რომ კანონის ენა უნდა ასწავლონ, ამისთვის შესაძლებელია ჩაატარონ კონფერენცია ან კურსები, მაგრამ არასწორი გამოთქმებისათვის სანქციის გამოყენება, არ მგონია, გამართლებული იყოს. თორემ თუ მისი ლექსიკა აშკარად ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს, ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც გამოიყენონ, მაგრამ არა ჯარიმების სახით."

 გია ბუღაძე  (მხატვარი): "არა მარტო პარლამენტარები, ყველა ჩვენგანი შეცდომას უშვებს ქართულ საუბარში და ჟურნალისტებსაც ძალიან ბევრი შეცდომა აქვთ ხოლმე. რთული და ძალიან ღრმა ენა გვაქვს და ალბათ აქედან მოდის ყველაფერი, მაგრამ პარლამენტარი თუ დაჯარიმდება და რომელიმე გაჭირვებული ოჯახისთვის თუ გადაახდევინებენ კონკრეტული ჯარიმის საფასურს, კარგი იქნება."

 

 

 ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი):  "რაც უსუფაშვილმა თქვა, ეს არის არა მარტო უწიგნურობა, არამედ ბავშვის ტიტინი. სალიტერატურო ენის ხარისხიც და პრესტიჟიც ჯერ უნდა შეიქმნას და მერე უნდა დაწესდეს ჯარიმა კანონის ნორმების დარღვევაზე.

"სახელმწიფო სისტემაში უნდა არსებობდეს ქართული ენის ნორმების დამდგენი კომისია. ნორმები ჯერ უნდა დგინდებოდეს, იბეჭდებოდეს და მისი დამრღვევი მერე უნდა ჯარიმდებოდეს. დარღვევა, რომ გრამატიკა შეგეშალა, ამისთვის ჯარიმა სასაცილოა, მაგრამ ჯარიმა უნდა იყოს იმ ნორმის დარღვევაზე, როდესაც შენ არაქართული წარწერა გაქვს ქუჩაში, იმას უნდა უძღოდეს ქართული წარწერა არანაკლები ზომის ასოებით."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×