თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ყურძნის ჩასაბარებელ დაბალ ფასს აპროტესტებდნენ. ამ დროისთვის თეთრი ყურძნის ფასი 60, ხოლო საფერავის 85 თეთრია. გლეხები კი მოითხოვენ სულ მცირე ერთი ლარის ფარგლებში მოხდეს ყურძნის ჩაბარება.
აქციის დროს მევენახეებსა და პოლიციელებს შორი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 4 მევენახე დააკავეს, თუმცა საღამოს ისინი გაანთავისუფლეს.
მევენახეები მისულები იყვნენ აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც უკმაყოფილება გამოთქვეს ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით. მევენახეებს მხარი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებაც დაუჭირეს და ამ საკითხის განხილვა მოითხოვეს, თუმცა კომიტეტის თავჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ვერ იმსჯელებდნენ, რადგან მზად არ იყვნენ, რასაც "ნაციონალური მოძრაობისა" და მევენახეების პროტესტი მოჰყვა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ ყურძნის ფასთან დაკავშირებით გლეხების პროტესტი მართულია.
"მე მგონი თვალსაჩინოა, რომ ეს არის მართული პროცესი. ჩვენი სურვილია, გლეხები ვერავინ შეიყვანოს შეცდომაში და არ ჰქონდეს ამას სპეკულაციის სახე," - აღნიშნა დანელიამ.
უნდა გაითვალისწინოს თუ არა მთავრობამ გლეხების მოთხოვნა და მევენახეების სუბსიდირება განახორციელოს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): არ ვარ ამ სფეროში კომპეტენტური, მაგრამ ის, რომ ხალხმა ძალიან ბევრი დახარჯა ყურძნის მოსაყვანად, ფაქტია, დაბალი ფასი კი ბაზრის მოთხოვნის ბრალიცაა. ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ გვაქვს სწორად ჩამოყალიბებული ბაზარი.
დოდო ხურცილავა (თეტრმცოდნე): უნდა გაითვალისწინოს, რადგან მთავრობაში ფიქრობენ, რომ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. ამიტომ, გლეხებს უნდა ჰქონდეთ ხელშეწყობა და მოტივაცია. ძალიან გაბრაზებული ვარ, არაფრით შეიძლებოდა გლეხების ცემა. მათ ეს ნამდვილად არ დაუმსახურებიათ.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ნორმალურ ქვეყანაში ბაზრის ფასი ყალიბდება მოთხოვნის შესაბამისად. მე მესმის, რომ მოთხოვნა შემცირებულია ქარხნების მხრიდანაც, რაც იწვევს ფასების დაცემას. ყველა გლეხი უკმაყოფილოა, იყო დაპირებები, რომ ყურძნის ფასი არ უნდა ყოფილიყო ლარზე ნაკლები და სწორედ ამან გამიწვია მათი პროტესტიც - დაპირების შეუსრულებლობამ.
ძალიან რთული საქმეა, მაგრამ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს გლეხების მდგომარეობა, რომლებმაც დიდი შრომის და წვალების ფასად მოიყვანეს ყურძენი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს დარგი, ამისთვის კი აუცილებელია მთავრობა დაეხმაროს გლეხებს.
ბაია დვალიშვილი (მსახიობი, ტელეწამყვანი): "რასაკვირველია უნდა გაითვალისწინოს. შრომა ყურძნის მოყვანას და მოვლას რომ აქვს, ისე არც ერთ ხილს ან ბოსტნეულს არ აქვს, ამიტომ უნდა დაუფასდეს კიდეც. მით უმეტეს სულ სეტყვა არის და დაუფასებელია მათი შრომა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე