"სიტყვის თავისუფლებასთან რომ უკვე პრობლემებია, ეს ცხადია, და ამას მხოლოდ გრიგოლიას გადაცემების დახურვა არ ცხადყოფს. ასევე დაიხურა ეკა მიშველაძის თოქ-შოუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს თითქოს ერთგვარი მიზანმიმართული კამპანიაა. ქვეყნის წამყვან ჟურნალისტებს აშორებენ ტელეეკრანს, უხურავენ რეიტინგულ გადაცემებს და ეს არ არის არც შემთხვევითი და არც კარგი ტენდენცია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გადაცემა "რეაქციისა" და "იმედის კვირის" პროდიუსერი ვახო ხუზმიაშვილი, რომელმაც ტელეკომპანია "იმედი" პროტესტის ნიშნად დატოვა.
რატომ დატოვა არხი "რეაქციის" გუნდმა და რა გეგმები აქვთ "იმედის" აწ უკვე ყოფილ თანამშრომლებს, ამ და სხვა საკითხებზე "რეზონანსი" ვახო ხუზმიაშვილს ესაუბრა.
ვახო ხუზმიაშვილი: "იმედიდან" ჩვენი წამოსვლა განაპირობა იმან, რომ ქვეყნის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუ დახურეს. იმ არხზე, რომელსაც ჰყავს ინგა გრიგოლია და ასე უცერემონიოდ უშვებს სამსახურიდან, ჩემი თავი ვეღარ დავინახე.
"რეზონანსი": არხის ხელმძღვანელობას თუ ჰქონდა მცდელობა, რომ დარჩენილიყავით ტელევიზიაში?
ვ.ხ: კი. არხის დირექტორი გიორგი ბახტაძე შეგვხვდა და გვთხოვა ტელეკომპანიაში დარჩენა, თუმცა "რეაქციის" პროდიუსერებმა გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა არხი, რადგან არცერთ ჩვენგანს ამ ყველაფრის შემდეგ იქ დარჩენის არანაირი სურვილი არ დაგვრჩა. ვფიქრობ, მათი უხერხული საქციელის შემდეგ ეს ნორმალური რეაქციაა.
"რ": კონკრეტულად რა გითხრათ გიორგი ბახტაძემ, რა შემოთავაზება გქონდა?
ვ.ხ: იყო შემოთავაზება, რომ დავრჩენილიყავით და არხზე არსებულ სხვა გადაცემებზე გაგვეგრძელებინა მუშაობა. ის, რომ ვიღაცას ეთქვა, წადი ტელევიზიიდანო, ასეთი რამ არ მომხდარა. ბოლო დღემდე იყო შემოთავაზებები.
"რ": ახალი პოლიტიკური თოქ-შოუების გაკეთებასთან დაკავშირებით არ ყოფილა შემოთავაზება?
ვ.ხ: მას შემდეგ, რაც დაიხურა გადაცემა, მხოლოდ ერთხელ მივედი ტელევიზიაში. უბრალოდ ოფიციალურად წამოვედით 9 სექტემბერს.
"რ": გავრცელებული ინფორმაციით, ინგა გრიგოლიას ჩანაცვლება ირაკლი იმნაიშვილით უნდა მომხდარიყო. ამის შესახებ თუ იცით რამე?
ვ.ხ: არ ვიცი. წამოვედი ტელევიზიიდან და რა ხდება მანდ, არაფერი არ ვიცი. ამიტომ ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ.
"რ": "იმედის" გენერალურ დირექტორს როდის ესაუბრეთ?
ვ.ხ: გიორგი ბახტაძეს შევხვდით მას შემდეგ, რაც "რეაქციის" გუნდმა ერთობლივი განცხადება გავავრცელეთ და გამოვთქვით შეშფოთება იმის გამო, რომ 29 აგვისტოს რეიტინგული გადაცემები დაგვიხურეს. ამის შემდეგ მან გამოთქვა ჩვენთან შეხვედრის სურვილი.
"რ": და რატომ არ დათანხმდით შემოთავაზებას?
ვ.ხ: მათი გადაწყვეტილების შემდეგ, ვგულისხმობ გრიგოლიას გაშვებას, ჩვენ იმ ტელევიზიაში ვეღარ ვიმუშავებდით.
"რ": თუმცა თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რჩებოდით ტელევიზიაში და ამის სურვილი ჰქონდა ინგა გრიგოლიასაც...
ვ.ხ: ინგამ გვთხოვა, რომ დავრჩენილიყავით არხზე, თუმცა ჩვენ ასე გადავწყვიტეთ. ეს ერთიანი გუნდი იყო, რომელიც რეიტინგულ გადაცემებს დებდა, აქ სხვა გადაწყვეტილება უადგილოდ მეჩვენება.
"რ": ხომ არ იყო საშიშროება, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა და ვერ შეძლებდით ობიექტური გადაცემის გაკეთებას?
ვ.ხ: სიტყვის თავისუფლებასთან რომ უკვე პრობლემებია, ეს ცხადია. და ამას მხოლოდ გრიგოლიას გადაცემების დახურვა არ ცხადყოფს. ასევე დაიხურა ეკა მიშველაძის თოქ-შოუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს თითქოს ერთგვარი მიზანმიმართული კამპანიაა. ქვეყნის წამყვან ჟურნალისტებს აშორებენ ტელეეკრანს, უხურავენ რეიტინგულ გადაცემებს და ეს არ არის არც შემთხვევითი და არც კარგი ტენდენცია.
ძალიან უცნაური დამთხვევებია, რაც არ ვიცი, რას ემსახურება. როგორ უნდა დავრჩენილიყავით იმ არხზე, სადაც მთელი აგვისტოს განმავლობაში გადაცემის პრომოს ვიღებდით და ეთერში გასვლამდე ორი კვირით ადრე იღებენ ასეთ უცნაურ გადაწყვეტილებას?!
პროტესტი გამიჩნდა იმიტომ, როდესაც არხის მთავარ სახეს უშვებენ ტელევიზიიდან და ექცევიან ისე, როგორც ახლა მოექცნენ ინგა გრიგოლიას, თავისუფლად შეუძლიათ ასე მომექცნენ მეც. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს ტელევიზიები, სადაც იციან თავისუფალი სიტყვის ფასი და სწორედ იქ განვაგრძობ სამომავლოდ მუშაობას.
"რ": სად გადახვედით?
ვ.ხ: ამას დაზუსტებით რამდენიმე დღეში გაიგებს ყველა. ერთს დავაზუსტებ, რომ გადავედი არხზე, რომელიც წინა ხელუსფლების დროს ძალისმიერი მეთოდით დახურეს და დაარბიეს.
"რ": "რეაქციის" გუნდი ისევ ერთად ხართ?
ვ.ხ: არა. მარტო გადმოვედი. დანარჩენებს აქვთ სხვადასხვა შეთავაზებები