ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის საქველმოქმედო აუქციონის წყალობით ჟურნალისტი ვასიკო სილაგაძე სარეაბილიტაციო კურსს ურეკში გაივლის. ავარიის დროს დაშავებული ჟურნალისტის დასახმარებლად აუქციონი ჩანადირმა ერთი კვირის წინ გამოაცხადა და მასზე საკუთარი ფოტო გამოიტანა. იგი 600 ლარად გაიყიდა და თანხა მთლიანად სილაგაძეს გადაეცა.
ავარია 2003 წელს მოხდა. სილაგაძე იმდენად მძიმედ დაშავდა, რომ მკურნალობას დღემდე საჭიროებს. მისი დიაგნოზი ასეთია: პოსტტრავმული ფალოპათია, ბულბური სინდრომი, მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი, ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება.
ფოტოგრაფსა და ჟურნალისტს მრავალწლიანი ნაცნობობა და თანამშრომლობა აკავშირებთ. აუქციონზე ჩანადირმა 2014 წელს ეგვიპტეში გადაღებული ფოტო გაიტანა, რომლის საწყისი ფასი 100 ლარი იყო. საბოლოო ჯამში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი 600 ლარად ჩილიმ-ბარ "ალადინის" ხელმძღვანელმა შეიძინა. ეს არაა პირველი საქველმოქმედო აუქციონი, რომელიც ფოტოგრაფმა სხვის დასახმარებლად გამართა.
"განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, კარგი იქნება, თუ ვასიკოს სხვებიც დაეხმარებიან. მისი ამბავი რომ გავიგე, მაშინვე აუქციონის ჩატარება გადავწყვიტე.
"ეს ფოტო ეგვიპტეში გადავიღე. არაბული კულტურის გამომხატველია. მასზე სხვადასხვა ფერის ქუდია. სწორედ ფერებმა მიიქცია ყურადღება. ამას ფოტოგრაფიაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, გადავწყვიტე, აუქციონზე ის ფოტო გამომეტანა, რომელიც ძალიან მომწონს.
"აუქციონის გამოცხადებიდან ერთ კვირაში ფასი 600 ლარზე ავიდა. სხვათა შორის, პირველი შემთხვევაა, როცა ფოტო კერძო კომპანიამ შეიძინა. კარგი იქნება, თუ მათ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ და საქველმოქმედო აქციებში ჩაერთვებიან," - განუცხადა "რეზონანსს" ჩანადირმა.
ვასილ სილაგაძე ურეკში კურსის გასავლელად ხვალ გაემგზავრება.