გვანცა ღვედაშვილი
12.09.2015

 13 სექტემბერს, სტიქიიდან 3 თვის შემდეგ, თბილისის ზოოპარკი კვლავ გაიხსნება. როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა ზოოპარკის ზედა ნაწილი, დამთვალიერებელს სწორედ ამ ტერიტორიაზე შეეძლება გადარჩენილი ცხოველების მონახულება. რაც შეეხება სტიქიის შედეგად განადგურებულ ქვედა ნაწილს, მისი აღდგენა და ახალი ვოლიერების მშენებლობა არ იგეგმება.

"რეზონანსი": რა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ზოოპარკის ტერიტორიაზე?

ზურაბ გურიელიძე: ზარალი ძალიან დიდი იყო. როგორც იცით, ზოოპარკის ქვედა ნაწილი თითქმის განადგურდა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, სწრაფად აღგვედგინა სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები. აქცენტი გავაკეთეთ ზედა ნაწილზე, რადგან ზოოპარკის ქვედა მხარე იმდენად არის დაზიანებული, რომ მის აღდგენას აზრი აღარ აქვს.

ზედა ტერიტორიაზე, რომელიც გახსნილი იქნება დამთვალიერებლისთვის, აღვადგინეთ ვოლიერები, გავმართეთ სტიქიის შედეგად დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა, წყალსადენები, ელექტროენერგია და ყველაფერი, რისი აღდგენაც შესაძლებელი იყო. აღსადგენი კიდევ ბევრი რამეა, თუმცა 13 სექტემბრისთვის თბილისის ზოოპარკი მზად იქნება, დამთვალიერებლებს უმასპინძლოს.

"რ": რამდენი და რა სახეობის ცხოველები იქნება წარმოდგენილი გახსნაზე?

ზ.გ: დატრიალებულ უბედურებამდე ზოოპარკს 600-მდე ცხოველი ჰყავდა. სტიქიის შედეგად თითქმის ნახევარი დაიღუპა. თუმცა დარჩენილია საკმაოდ საინტერესო სახეობები - როგორც მტაცებელი, ისე ჩლიქოსანი ცხოველებიდან.

ველოდებით აგრეთვე ახალ სახეობებს, რომლებიც გაზაფხულამდე დაემატება ჩვენს კოლექციას. ამ ეტაპზე მოსაგვარებელია მათი ტრანსპორტირებისა და ნებართვის დოკუმენტები. ცხოველების ჩამოყვანა იგეგმება ისეთი ქვეყნის ზოოპარკებიდან, როგორიც არის გერმანია, ლატვია, ჰოლანდია და ისრაელი. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩვენდამი გამოხატეს მხარდაჭერა და არაერთი ცხოველი გვაჩუქეს. ძირითადად ვგეგმავთ ისეთი ცხოველების ჩამოყვანას, რომლებსაც ზამთარში სითბოს შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მოვლა და პირობები არ დასჭირდებათ. ცოტა ძნელია კონკრეტულად საუბარი, რადგან ბევრი საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუმცა თბილისის ზოოპარკის სტუმრებს ნამდვილად ელით საინტერესო ცხოველები.

"რ": რაც შეეხება თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიას, როდის იგეგმება მშენებლობის დაწყება?

ზ.გ: როგორც ცნობილია, ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, დენდროლოგიური პარკის გვერდით აშენდება. ამ ეტაპზე შემოსაზღვრულია ტერიტორია და დაწყებულია სამუშაო, თუმცა ჯერჯერობით მოსაძიებელია ფინანსები. ჩვენი ოპტიმისტური აზრით, მშენებლობა 3-4 წელი გაგრძელდება.

უცხოელმა არქიტექტორებმა შემოგვთავაზეს ახალი ზოოპარკისთვის რამდენიმე კონცეფცია. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, აბულ ჰასილის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით ავაშენოთ ზოოპარკი, რომლის შექმნის პროცესში ჩვენც ვიყავით ჩართულნი და საკმაოდ საინტერესოა, თუმცა არ იქნება რთული კონსტრუქციები და ფინანსურადაც შედარებით იაფი დაჯდება.

"რ": რა ტერიტორიაზე განთავსდება ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვაზე?

ზ.გ: თბილისის ზღვაზე ზოოპარკის ახალი ტერიტორიისთვიის გამოყოფილია 48 ჰექტარი. გამიჭირდება გითხრათ, რა ტერიტორიის ათვისება იქნება შესაძლებელი. ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩავჯდებით ფინანსებში და როგორი იქნება პროექტი. თუმცა ვეცდებით, ეტაპობრივად ავითვისოთ გამოყოფილი ტერიტორია.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ზღვაზე აშენებულ ზოოპარკში კიდევ უფრო მდიდარი იქნება ჩვენი კოლექცია და არაერთი ცხოველი შეემატება დღეს არსებულ სახეობებს. ვინაიდან თბილისის ზოოპარკი არის ევროპული ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის წევრობის კანდიდატი, ცხოველების შერჩევა და ჩამოყვანა სწორედ მათი აზრისა და რჩევების გათვალისწინებით მოხდება. ასე რომ, ახალ ზოოპარკში ცხოველების საკმაოდ საინტერესო სახეობები გვეყოლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×