ანუ არის თუ არა ქვეყანაში ენერგომაფია
მოსაზრება
14.09.2015

თამაზ აქუბარდია

ლარის, როგორც ერთიანი ეროვნული ვალუტის, 20-წლიანი არსებობის მანძილზე, 2015 წელი ქვეყნის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე დრამატული, ქვეყნის განვითარების ყველაზე უპერსპექტივო და იმედების მსხვრევის წელი. არადა, ამ შეფასებების მთელი დრამატულობის მიუხედავად, სიტუაცია გაცილებით ნაკლებ დრამატული იქნებოდა ანტიმონოპოლიურ სამსახურს მეტი უფლებები რომ ჰქონდეს და პოლიტიკური კონიუნქტურის გამო იძულებული არ იყოს, თვალი დახუჭოს ისეთ რამეებზე, რაც თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივია.

ჩვენი საუბარი რიტორიკული რომ არ იყოს, მოდით, მაგალითები მოვიყვანოთ. იმისათვის, რომ გამოთვლებისას ისეთი ციფრები გვქონდეს, რომელიც აღსაქმელად ადვილია, მოდით, სავალუტო კურსის ჰიპოთეტური მაგალითები მოვიყვანოთ.

პირველ რიგში საწვავი განვიხილოთ, რადგანაც საწვავის ფასმა მსოფლიო ბაზარზე ბარელზე საშუალოდ 100-დოლარიდან 45 დოლარამდე დაიწია. ეს ელემენტარულად იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან სულ ცოტა ორჯერ ნაკლები ვალუტა უნდა გაედინებოდეს, ვიდრე გაედინება. ეს სულ ცოტა 300-400 მლნ ლარია.

მეორე მაგალითი, რომელიც ჩვენს მოსაზრებას კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის, ეს სიგარეტის მაგალითია. ალბათ სიგარეტის მწევლებმა კარგად იციან, რომ ერთ-ერთი სიგარეტის ფასი, რომელიც უკრაინიდან შემოდის, ამ საყოველთაო გაძვირების პირობებში, ერთი ლარით შემცირდა და თუ ღირდა 3 ლარი და 50 თეთრი, ახლა ღირს 2 ლარი და 50 თეთრი და ეს მაშინ, როდესაც ლარი 1,65-დან 2,40-ამდე დაეცა დოლართან მიმართებაში, ანუ მთელი 50 პროცენტით.

ბუნებრივია დაისვას კითხვა - რაშია საქმე? საქმე გაცილებით უფრო მარტივადაა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. საქმის არსი იმაშია, რომ დოლართან მიმართებაში უკრაინული ვალუტა კიდევ უფრო მეტად დაეცა, ვიდრე საქართველოში, რასაც, ყველანაირი ეკონომიკური და მათემატიკური კანონებით, უნდა გამოეწვია სიგარეტის ფასის არა თუ ზრდა, არამედ მისი დაცემა, რაც გააკეთა კიდეც ამ მართლაც რომ ეკონომიკური კანონებით მოაზროვნე დისტრიბუტორმა.

რაც შეეხება სხვა კომპანიებს, მათი ქმედებები მოგებისადმი გამოდევნების იმ მგლური კანონებით აიხსნება, რაც კაპიტალიზმისათვის არის დამახასიათებელი, რასაც ჯერ კიდევ კაპიტალიზმის გარიჟრაჟზე ამერიკის დემოკრატიამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა დაუპირისპირა. სწორედ ამიტომ, ამ საკითხს ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა პერმანენტული ყურადღება უნდა მიაქციოს.

ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სავალურო კურსები დოლარის მიმართ თუ დაახლოებით ისევე დაეცა, როგორც ჩვენთან, მაშინ ამ ქვეყნებიდან შემოტანილ საქონელზე ფასი არ უნდა იზრდებოდეს. მართლაც, თუ თურქეთიდან შემოტანილი საქონელი, ვთქვათ, ფეხსაცმელი, რომელიც ადრე 40 ლირა ღირდა ადგილზე და მე მჭირდებოდა მის საყიდლად 20 დოლარი (ე.ი. ჰიპოთეტიური კურსი იყო 1 დოლარი - 2 ლირას), მე უნდა გადამეხადა ლარებში ამ 20 დოლარის საყიდლად 33 ლარი (20-ჯერ 1,65). თუ ლირაც და ლარიც გაუფასურდება 50 პროცენტით, მაშინ მე ახლა უკვე 20 დოლარის საყიდლად მჭირდება 48 ლარი (20-ჯერ 2,4), რადგან ლარის კურსი გახდა 1 დოლარი - 2,4 ლარს, მაგრამ იმავე ოცი დოლარით მე შემიძლია უკვე 60 ლირა ვიყიდო და 1,5 წყვილი ფეხსაცმელი, ანუ, ეკონომიკური თეორიის ენაზე, საქონლის ფარდობითი ფასი არ შეცვლილა.

ამგვარად ფეხსაცმლის ფასმა თეორიაში არ უნდა მოიმატოს, და თუ მაინც მოიმატებს, ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური მომენტის გამო, რომელიც პესიმისტური მოლოდინით (ესეც ეკონომიკური თეორიის ტერმინია) არის განპირობებული. ხოლო იქ, სადაც კურსის ვარდნა ჩვენსაზე ნაკლებია, საქონელი პირიქით, უნდა იაფდებოდეს, როგორც ეს სიგარეტთან მიმართებაში გვაქვს.

აქედან გამომდინარე, საწვავთან მიმართებაში გარეგნულად მაინც, გაუგებარ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. თუ მართალია ის, რომ ჩვენთან მთელი საწვავი "სოკარს" შემოაქვს და თან ევროპიდან, მაშინ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ანტიმონოპოლიურ სამსახურს უნდა ჰქონდეს ჩესაბამისი რწმუნება, რომ საწვავის შემოტანაზე ხელშეკრულება დაიდოს იმ ქვეყანასთან, სადაც სავალურო კურსი ჩვენზე უარესად თუ არა, ჩვენსავით დაეცა, რისი პოვნაც ნამდვილად არ არის ძნელი.

იგივე შეიძლება ითქვას ენერგეტიკის შესახებაც. თუ მართალია ის ფაქტი, რომ ჩვენი ენერგოობიექტები რუსეთის ხელშია, მაშინ ენერგომაფია ენერგეტიკიდან არსად არ წასულა, რადგან რუსეთშიც არანაკლებ გაუფასურდა რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში, ხოლო თუ ისეთი ქვეყნების ხელშია, რომელთა სავალუტო კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა(?), მაშინ ახალი ენერგოობიექტების მშენებლობისას ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს ხელშეკრულების დადებისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×