კახეთში რთველი აქციების ფონზე გრძელდება. გურჯაანში მევენახეების აქცია დღეს 12 საათზე გაანახლდება და დაელოდებიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გადაწყვეტილებას ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით. ეს იქნება საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქცია, რომელსაც მევენახეები სხვა რაიონებიდანაც შეუერთდებიან. მევენახეები იმუქრებიან, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ყურძენს აღარ დაკრეფენ.
მევენახეები თეთრი ყურძნის ჩაბარებას 1 ლარად, საფერავის კი 1,5 ლარად ითხოვენ.
"გვითხრეს, რომ 14 სექტემბერს გამგეობაში სხდომა გაიმართება და ჩვენს საკითხზე იმსჯელებენ, სადაც სავარაუდოდ, სამინისტროს წარმომადგენლებიც ჩამოვლენ. ორშაბათს შეიძლება რაღაც შეიცვალოს, ამიტომ ჩვენც ამ დრომდე შეჩერება გადავწყვიტეთ, ველოდებით ახალ გადაწყვეტილებას.
"ორშაბათს 12 საათზე ვიკრიბებით და სხდომას აქციის ფონზე ჩავატარებინებთ, ვიდგებით იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩვენ ჩვენი ფასი უნდა გადაგვიხადონ. რქაწითელი ჯიშის ყურძენზე 1 ლარი, საფერავზე კი 1,5 ლარი. საერთო ჯამში, მთვარობა გვიხდის 60 თეთრს და ეს 40 თეთრი რომ დაამატონ, სულ დაუჯდება რვასი ათასი ლარი და რა გახდა ეს თანხა, ვერ გავიგე - მილიონზეც არ არის საუბარი.
"ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, გაძვირებულია შხამ-ქიმიკატები, მუშახელი და გაიაფებულია ყურძენი. არადა, გლეხი დამოკიდებულია ყურძენზე," - უთხრა "მთელ კვირას" მევენახემ გურჯაანის რაიონის სოფელ ქოდალიდან, ილია პიტიურიშვილმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, გლეხები რადიკალურ ზომებს მიმართავენ და ყურძენს აღარ დაკრეფენ."შარშან რომ ვნახე, ვითარება დასტაბილურდა, ამიტომ ავიღე კრედიტი, გავაშენე ვენახი და წელს კი ვალი ვალად დამრჩა და თუ ნორმალურ ფასში ვერ ჩავაბარე, ვენახიც გამიფუჭდება.
"შარშან რქაწითელი ლარად ჩავაბარე, საფერავი კი 1,75 ლარად. დოლარმა აიწია, ყველაფერი გაძვირდა და, წესით, ლარზე მეტი უნდა გადაგვიხადონ, მაგრამ არ ვითხოვთ. ერთი ჰექტარი ყურძნის მოყვანა წლიდან წლამდე 4300 ლარამდე ჯდება და აქედან შეიძლება 15 ტონაც ვერ ავიღოთ.
"ამიტომ ჩვენი მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდა, არ დავკრეფ იმიტომ, რომ აზრი არ აქვს და ასე ფიქრობს თითქმის ყველა. დავკრეფ მხოლოდ იმდენს, რომ სახლისთვის ღვინო მქონდეს. სირცხვილი მერე შესაბამის ორგანოებს, ვისაც ეს ეხება," - გვითხრა მევენახემ.
შეგახსენებთ, რომ მევენახეები უკვე რამდენიმე დღეა რაც აქციებს მართავენ. გლეხები ამბობენ, რომ ისინი არსებულ ფასად ყურძენს არ ჩააბარებენ. მაგრამ რას აპირებს ადგილობრივი მთავრობა, უცნობია.
გურჯაანის გამგებელთან, გივი გერგიძესთან "მთელი კვირა" დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით კი, ყურძნის სუბსიდირებას წელს სახელმწიფო თავდაპირველად საერთოდ არ გეგმავდა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გლეხებისთვის სუბსიდიის მიცემა რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით გადაწყდა.
"სუბსიდიის თემა თავიდან არც იყო გაწერილი, რადგან ჩვენ ვუყურებდით, თუ როგორც ხორციელდებოდა ღვინის გაყიდვა - ძალიან ბევრ ქვეყანაში შევძელით ქართული ღვინის გატანა, ღვინის კომპანიებს სახელმწიფო დაეხმარა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ყაზახეთში, ჩინეთსა და იაპონიაში და სწორედ ამიტომ სუბსიდირება არ იგეგმებოდა, თუმცა იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში შეიქმნა ბოლო თვეების განმავლობაში, სახელმწიფომ სუბსიდირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო," - განაცხადა კახა კალაძემ.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი ომარ ნიშნიანე იმედოვნებს, რომ ორშაბათს რაღაც შუალედი მოიძებნება და გლეხების მხრიდან რადიკალური ნაბიჯები აღარ გადაიდგმევა.
"ორშაბათს, მაქსიმუმ სამშაბათს, შევხვდებით და მვვენახეების საკითხზე ვიმსჯელებთ. რომ გვცოდნოდა, ზოგიერთი გლეხი მოგვივარდებოდა და ასეთ სპექტაკლს დადგამდნენ, უფრო ადრე შევიკრიბებოდით. თუმცა პოლიტიკა ასეთია.
"ჩვენც გვინდა, რომ გლეხებს მეტი გადაუხადონ, მაგრამ სახელმწიფო ისედაც დამატებით სუბსიდიას აძლევს და ბაზარში ვეღარ ჩაერევა. კერძო კომპანიებია, ბიზნესია - ორ ცეცხლშუა ვართ. გვინდა, გლეხებს დავეხმაროთ, მაგრამ წინა წლებში ისინი ამ შეღავათებით სულ არ სარგებლობდნენ, ამიტომ ცოტა უმადურობაც არის.
"შევეცდებით, რაღაც შუალედი მოვძებნოთ. რადიკალურზე არც ერთი უნდა წავიდეს და არც მეორე მხარე. იმედი მაქვს, ცოტას ესენი მოუმატებენ, რაღაც გამოსავალი იქნება. თორემ მთავრობა მეტ სუბსიდირებას ვეღარ განახორციელებს. ბიუჯეტში ყველა ფული გათვლილია. ყველას უნდა მეტი, მაგრამ არ არის," - უთხრა "მთელ კვირას" დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა მევენახეები აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში აქციებს მართავენ. გლეხები ამბობენ, რომ ისინი არსებულ ფასად ყურძენს არ ჩააბარებენ. ამ დროისთვის თეთრი ყურძნის ფასი 60, ხოლო საფერავის ფასი 85 თეთრია.
გლეხების პრობლემების მოსასმენად აქციაზე შაბათს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ღვინიაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი მივიდნენ.
"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის წევრებს, ჩამოვიდნენ და ხალხს შეხვდნენ," - განაცხადა შეხვედრისას გიორგი ღვინიაშვილმა.
გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით კი, ამ დროისათვის 19 გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს, საიდანაც 4 სახელმწიფოა. მისივე თქმით, კოტეხის ღვინის ქარხანა რქაწითელს 70 თეთრად იბარებს და სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასები არ გადაიხედება. აღნიშნულ განცხადებას გლეხების პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ არსებულ ფასად ყურძენს არ ჩააბარებენ. მევენახეები პარლამენტის კომიტეტების გადაწყვეტილებას ელოდებიან.