სამართლებრივი პრეცედენტი, რომელმაც იურისტებში დაბნეულობა გამოიწვია
თიკო ოსმანოვა
17.09.2015

 გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებული ეპოპეა შესაძლოა, პატიმრობიდან მისი გათავისუფლებით დასრულდეს. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ ნაწილობრივ დააკმაყოფილა უგულავას სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას 9-დან 8 მოსამართლემ მოაწერა ხელი. მოსამართლე მერაბ ტურავამ დოკუმენტის გასაცნობად რამდენიმე დღე ითხოვა, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს თხოვნა არ გაივალისწინა და გადაწყვეტილება მის გარეშე მიიღო.

შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობა იურისტთათვის გარკვეულწილად დამაბნეველი აღმოჩნდა, რადგანაც მსგავსი პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში აქამდე არ ყოფილა. მთავარ კითხვაზე კი ჯერ კიდევ არ არის პასუხი გაცემული - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამოიდინარე, გამოუშვებენ თუ არა ციხიდან გიგი უგულავას და თუ გამოუშვებენ - როდის.

დაარღვია თუ არა კანონი საკოსტიტუციო სასამართლომ

საქმეზე - საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ - შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა გუშინ ღამის 9 საათზე გამოაცხადა.

თავდაპირველად განაჩენის გამოცხადება სამშაბათს უნდა მომხდარიყო, თუმცა მოსამართლე ტურავას ავადმყოფობის გამო ოთხშაბათს 5 საათისთვის გადაიდო.

გუშინ დილით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საავადმყოფოში ეწვია ტურავას გამზადებული გადაწყვეტილებით, რომელსაც მხოლოდ მისი ხელმოწერა აკლდა. "რეზონანსთან" საუბარში ტურავა აცხადებს, რომ მას არცთუ სასიამოვნო საუბარი ჰქონდა. საბოლოოდ კი ხელის მოწერაზე უარი განაცხადა და დოკუმენტის გასაცნობად რამდენიმე დღე ითხოვა.

გუშინვე, საღამოს 9 საათზე საკონსტიტუციო სასამართლომ დანარჩენი 8 მოსამართლის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილება გაასაჯაროვა და გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილების გამოცხადებით დაარღვია თუ არა საკონსტიტუციო სასამართლომ კანონი - ამასთან დაკავშირებით იურისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. თავად მერაბ ტურავა ამბობს, რომ მისი ხელმიწერის გარეშე გადაწყვეტილება არ უნდა გასაჯაროვებულიყო.

ტურავას განმარტებით, მას საკმარისი დრო არ ჰქონდა, რათა 50-გვერდიან დოკუმენტს გაცნობოდა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია და სამი ან ოთხი დღით გამოცხადების გადადება პრობლემას არ წარმოადგენდა.

"ვამბობ, რომ ყველას უნდა მოეწერა ხელი. თვითონაც გუშინ ამბობდნენ, რომ ყველას უნდა მოეწერა. დღეს რვა მოსამართლემ მოაწერა ხელი, მაგრამ მათი დასაბუთება ამის შესახებ არ მომისმენია. ერთ დღეში კანონი არ შეცვლილა, მაგრამ გამოცხადების პროცედურა შეიცვალა. რატომ არ მოხდა სამი ან ოთხი დღით დალოდება, რომ გავცნობოდი სარეზოლუციო ნაწილს - არ ვიცი, ეს საკითხი იურიდიული საზოგადოების შესაფასებელია", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

ა/ო "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ელბაქიძე ასევე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენის გამოცხადების პროცედურა დაარღვია.

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 43-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილებას ხელს განხილვის ყველა მონაწილე მოსამართლე აწერს. 29-ე მუხლის თანახმად კი გამოცხადება ხდება დარბაზში მას შემდეგ, როცა ხელმოწერილია ყველა მოსამართლის მიერ. თუ ხელმოწერილი არ არის, მანამდე ვერ გამოაცხადებენ ამ გადაწყვეტილებას.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოდის, რომ სასამართლომ თავის თავზე აიღო გადაწყვეტილების მიღება. ასეთი პრეცედენტი საკონსტიტუციო სასამართლოს არ ჰქონია, ამიტომ არ ვიცი, რა ვთქვა.

"მაგალითად, თუ 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი არ ეთანხმება, მიუხედავად ამისა, ეს ერთი ადამიანი ვალდებულია, ნებისმიერ ვარიანტში მოაწეროს ხელი ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ მას აქვს უფლება, სარეზოლუციო ნაწილში განმარტოს ამის მიზეზი, რომელიც ასევე გამოქვეყნდება. გადაწყვეტილების მიღება ხდება პლენუმში მონაწილე პირების ხმათა უმრავლესობით", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ელბაქიძე.

იურისტი ლევან ალაფიშვილი კი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კანონის სრული დაცვით მოქმედებდა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია. გადაწყვეტილებაზე ხელმოწერა არ ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას, ეს უბრალოდ ფორმალური გაფორმებაა. გადაწყვეტილება პლენუმის მიერ კანონით განსაზღვრული კვორუმებით მიიღება, ამის შესახებ კი მხარეები არაფერს ამბობენ.

"საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის შესაბამისად, მოსამართლის ვალდებულებაა, შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, გამოცხადდეს, სხდომებზე, მონაწილეობა მიიღოს პლენუმის მუშაობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში და შემდეგ ამას ხელი მოაწეროს. ეს არის ვალდებულება და არა - უფლებამოსილება.

"თუკი ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებს ესა თუ ის მოსამართლე, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს, მის გარეშე გამოაცხადოს გადაწყვეტილება, რომ სასამართლოს ფუნქციონირება ჩიხში არ შევიდეს და მისი პარალიზება არ მოხდეს.

"მოსამართლის წინააღმდეგ კი, რომელმაც უარი განაცხადა დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული და დისციპლინური წარმოება, რომელიც სასამართლომ უკვე დაიწყო", - გვითხრა ალაფიშვილმა.

დისციპლინური დევნა ტურავას წინააღმდეგ

ცნობისათვის, მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს ერთადერთი წევრია, რომელიც ამ თანამდებობაზე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაინიშნა. მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეიძლება ჰქონდეს დისციპლინური დევნა მოსამართლესთან, რომელიც ხელმოწერისთვის დროს ითხოვს. მისი განმარტებით, ეთიკის კომისია შეიძლება შეიქმნას მაშინ, თუ მოსამართლე ვინმეს მიმართ არღვევს ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ლოთობს ან ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.

"რაც შეეხება დისციპლინურ გადაცდენას და ეთიკისა და დისციპლინის საქმეთა კომისიის შექმნას, ეს არის აბსოლუტური სამართლებრივი აბსურდი. საერთო სასამართლოებს აქვთ დისციპლინური დევნა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეიძლება ჰქონდეს დისციპლინური დევნა მოსამართლესთან იმასთან დაკავშირებით, რომ მან გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა და მოითხოვა ამისთვის დრო. ეს არ არის გადაცდომა, ასეთი ბუნებაში არ არსებობს.

"რაც შეეხება ეთიკის კომისიას, ის შეიძლება შეიქმნას, თუ მოსამართლე მოიქცა არაეთიკურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიმართ ანტიდისკრიმინაციული კანონი დაარღვია, ან ლოთობს და სასამართლო პროცესებზე არ მიდის, რითაც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ კი ტურავასთან დაკავშირებით გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მერაბ ტურავას საკითხი შესასწავლად საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას გადაეცა.

გამოუშვებენ თუ არა უგულავას

თბილისში, მატროსოვის ციხესთან გუშინ გვიან ღამემდე ხალხმრავლობა იყო. "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები, პარლამენტარები, უგულავას ახლობლები მის გათავისუფლებას ელოდნენ. მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გუშინვე უნდა მომხდარიყო და უგულავას, რომელიც უკვე 15 თვეა პატიმრობაშია, ციხე გუშინვე უნდა დაეტოვებინა.

უგულავას ადვოკატ ბექა ბასილაიას ციხესთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილება ჰქონდა მიტანილი და ცდილობდა, იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლისათვის ჩაებარებინა, თუმცა უშედეგოდ.

ბასილაიას განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებაზე უარი თქვა. სასჯელაღსრულების სამინისტროში კი განმარტავენ, რომ "იმოქმდებენ კანონის დაცვით".

"ამ წუთიდან გიორგი უგულავა უკანონო პატიმარია", - ასე გამოეხმაურა უგულავას ადვოკატი საკონსტიტუციო სასასმართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც ბექა ბასილაიამ განაცხადა, უგულავას პატიმრობის ყოველი წუთი არის უკანონობა. სასჯელაღარსულების სამინისტრო, დეპარტამენტი ვალდებული არიან ამ წუთიდანვე აღასრულონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბასილაიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლო და უნდა იქნეს შესრულებული უპირობოდ.

"საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პირის პატიმრობა 9 თვეზე მეტი ხნის მანძილზე სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელიც წინ უსწრებდა დაკავებას, არის არაკონსტიტუციური, ეს გადაწყვეტილება ერთი ერთში იმეორებს ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება გიორგი უგულავას და იგი უპირობოდ უნდა იქნეს გათავისუფლებული," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება ხელისუფლების შეფასებას, "ქართული ოცნების" ლიდერები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გამოხმაურებიან. გუშინ "რეზონანსი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს დაუკვაშირდა, თუმცა მან საქმის ვერგაცნობის გამო კომენტარი არ გააკეთა. ვახტანგ ხმალაძემ კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ კი სოციალური ქსელით გამოთქვა თავისი მოსაზრება.

"მოკლე იურიდიული განმარტება სიცხადისთვის: იმისთვის, რომ ბრალდებულმა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, საჭიროა არსებობდეს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც დღეს არ არსებობს. საკონსტიტუციო სასართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ვიდრე არ მოყვება საერთო სასამართლოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილება პირის გათავისუფლების თაობაზე, ავტომატურ რეჟიმში ასეთი გადაწყვეტილება კანონმდებლობით ვერ მოხდება", - დაწერა ბესელიამ "ფეისბუკში" საკუთარ გვერდზე.

ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაკეთდა განმარტება.

"უკანონო პატიმრად ჩვენ ვერ ვცნობთ ვერავის. საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კანონის ერთ-ერთი ნორმა. ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ ვაგზავნით სასჯელაღსრულებაში.

"ჩვენ ვაუქმებთ კანონის ნორმას, რომელიც გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში იბეჭდება საკანონმდებლო მაცნეში. სხვა დანარჩენი ინტერპრეტაცია და აღსრულება ევალება პარლამენტს, პროკურატურას", - განუცხადეს "აიპრესს" საკონსტიტუციო სასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ "ტელეიმედისა" და "თბილსერვისის" საქმეზე გიგი უგულავას სასამართლოს მორიგი სხდომა სწორედ დღესაა დანიშნული. უგულავას სახაზინო ადვოკატის ცნობით, რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ, უგულავა დღეს სასამართლოში მისვლასა და სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების "გვერდითი მოვლენები"

უგულვასთან ერთად საპატიმროს დატოვება მოუწევთ სხვა ბრალდებულებსაც, მათ შორის - ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოქროპირიძის დედამ, ცირა გოდერძიშვილმა განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შემდეგ ოქროპირიძე უნდა გათავისუფლდეს.

ცირა გოდერძიშვილის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ოქროპირიძესთან მიმართებაში მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც გიგი უგულავსთან მიმართებაში.

"გიორგი ოქროპირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე უკანონო პატიმარია, თუმცა ის არის ირაკლი ღარიბაშვილის პატიმარი, გიგი უგულავა კი - ბიძინა ივანიშვილის პატიმარი. ციხის კართან ველოდები ჩემი შვილის გათავისუფლებას", - განაცხადა ცირა გოდერძიშვილმა.

გიორგი ოქროპირიძე ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულად გასული წლის სექტემბერში ცნეს. მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ, თუმცა ვერდიქტი ვერ მიიღეს. განხილვების ბოლოს ოქროპირიძეს პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოეწურა, რა დროსაც მას ახალი ბრალი წარედგინა ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების შესაბამისი მუხლებით. რაც შეეხება ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეს, ამ საქმეზე ნაფიცი მსაჯულების ხელახალი შერჩევა მიმდინარეობს, პარალელურად კი ოქროპირიძის ახალ ბრალდებას საქალაქო სასამართლო განიხილავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×