"ნაციონალური მოძრაობის" გავლენისგან სასამართლო ბოლომდე თავისუფალი არ არის და მართლმსაჯულების დეფიციტს განიცდის", - ასე აფასებს პოლიტოლოგთა ნაწილი გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებულ 4 - დღიან ეპოპეას, რომელიც თბილისის ყოფილი მერის სასარგებლოდ დასრულდა. ამის თქმის საფუძველს კი მათ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა აძლევს, რომელშიც 9 მოსამართლიდან 8 "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაა არჩეული.
ამ თვალსაზრისით "ძალთა ბალანსი" საკონსტიტუციო სასამართლოში ზაფხულში შეიცვლება, რაგანაც 4 მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა გასდის. ივლისის ბოლოს მოსამართლეთა უმრავლესობა უკვე ხელისუფლებაში "ოცნების" ყოფნის დროს იქნება არჩეული.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ოთხშაბათს ნაწილობრივ დააკმაყოფილა უგულავას სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას 9 მოსამართლიდან 8 მოსამართლემ მოაწერა ხელი. "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს არჩეულმა მოსამართლე მერაბ ტურავმ დოკუმენტის გასაცნობად დრო მოითხოვა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა და ღამის 9 საათზე გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.
იყო თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გია ვოლსკის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ და პირადად თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა "ნაციონალების" მიერ "კარგად დადგმულ სპექტაკლში" მიიღო მონაწილეობა.
"რეალობაში რა მოხდა - რამდენჯერმე ვთქვი და ვიმეორებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ და პირადად თავმჯდომარე პაპუაშვილმა "ნაცების" მიერ კარგად დადგმულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, ხვალ უნდა ყოფილიყო სასამართლო, სადაც უგულავას საბოლოოდ მიუსჯიდნენ. სწორედ ამიტომ წელავდნენ პროცესს, არ ცხადდებოდნენ ადვოკატები, რომ სასამართლომდე საკონსტიტუციოს გამოეგდო ეს გადაწყვეტილება. რასაკვირველია, ეს ბრიფინგები და განცხადებებიც წინასწარ იყო დაგეგმილი საინფორმაციო ველზე პოზიციამომძლავრებული ერთ-ერთი ტელეარხის მიერ.
"პროფესიონალიზმი" ნახეთ - ტურავას ქმედებების გარჩევაზე გადააქვთ აქცენტი, საერთოდ არ უთხრეს, რას და როდის აცხადებდნენ და თურმე მე არ უნდა მცოდნოდა, რომ მოსამართლის ვალდებულებაა, წინასწარ გაეცნოს ხელმოსაწერ მასალას. არ არის ეს პოლიტიკური დაკვეთის შესრულება?!", - განაცხადა ვოლსკიმ.
მის მსგავსად, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ისევ "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშაა.
"ვინ რას ფიქრობს - არ ვიცი. თუმცა, მე პირადად მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ისევ "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშაა. ცნობილია, რომ ამ სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის თანამშრომელი იყო, როდესაც იგი პარლამენტში მუშაობდა. მაშინ მეც ვმუშაობდი და ვიცი, რომ უახლოესი მეგობრები იყვნენ. შემდეგ ამიტომაც დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საყვარელიძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდა, თუმცა, პირდაპირ ვერ ამბობს, რომ პაპუაშვილი "ნაციონალების" ინტერესების სადარაჯოზე დგას.
"ფაქტია, რომ ერთის გარდა ყველა მოსამართლე წინა ხელისუფლების დროსაა დანიშნული. მაგრამ რამდენად სცდება ეს გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებს - ამაზე ვერაფერს გეტყვით, ეს სპეციალისტებმა უნდა განაცხადონ. ვერც იმას ვიტყვი, არის თუ არა სასამართლო "ნაციონალების" გავლენის ქვეშ.
"სასამართლოს არცერთ წევრს არ ვიცნობ, ამიტომ მათ ვერ შევაფასებ, შეიძლება იყოს ადამიანი თუნდაც "ოცნების" წევრი და პოლიტიკურად მიუკერძოებული და მის წინააღმდეგაც გამოვიდეს.
"მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს მოსამართლეები სააკაშვილის დროს არიან შერჩეული, არაფერს ნიშნავს. უბრალოდ გაოცებული ვარ, უგულავას ამდენი ხნის განმავლობაში ბრალი რით ვერ დაუმტკიცეს. არადა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებები არც ისე ცოტაა. ჯერ მარტო "სითი პარკი" და კანონდარღვევით ჩატარებული ტენდერები ავიღოთ", - გვითხრა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აპრილის ბოლოს მას შემდეგ შეიტანა, რაც ის წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის გასვლის მიუხედავად პატიმრობაში დატოვეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე - საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად 9 თვიანი ვადა ჰქონდა, თუმცა გადაწყვეტილება ოთხნახევარ თვეში მიიღო.
"ის, რომ საქმის განხილვა ასე მალე დამთავრდა, ნამდვილად ეჭვს იწვევს, მაგრამ ამას დამტკიცება უნდა", - ამბობს ცინცაძე და დასძენს, რომ ამ პროცესებში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გამოიკვეთა.
"ჩემთვის "ნაციონალების" მოგონილი "გონივრული ეჭვი" არ არსებობს, ეჭვი ეჭვია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კი კითხვის ნიშნები ნამდვილად მაქვს.
"მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარია ამდენი ხნის განმავლობაში ამ ადამიანს ბრალი რით ვერ დაუმტკიცეს. მითუმეტეს ასეთი რეზონანსულია და ეს არ არის წვრილი დანაშაული. პროკურორების კვალიფიციური კადრები თუ გვყავს ყველა ამ საქმით უნდა ყოფილიყო დაკავებული, რომ კითხვის ნიშანი კი არა, ეჭვის ნატამალიც არ გაჩენილიყო", - განუცხადა "რეზონანსს" ცინცაძემ.
მომავალი ზაფხულიდან 5/4-ზე "ოცნების" "სასარგებლოდ"
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმში მყოფი 9 მოსამართლიდან "ქართული ოცნების" მიერ შერჩეული მხოლოდ ერთი მერაბ ტურავაა. დანარჩენები წინა ხელისუფლების დროს, 10 წლის ვადით შეირჩნენ. "ნაციონალების" მიერ შერჩეული 8 კანდიდატიდან ოთხს უფლებამოსილების ვადა მომავალი წლის ივლისში ეწურება. შესაბამისად, მათი ჩანაცვლება ახალი კადრებით მოხდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ამ თანამდებობაზე ქეთევან ერემაძე 2006 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის 14 ივლისს პარლამენტის იურდიულმა კომიტეტმა მისი შემცვლელის ვინაობა უნდა დაასახელოს, რომელსაც შემდეგ კენჭი ეყრება.
ერემაძის მსგავსად მომავალი წლის 14 ივლისს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება კონსტანტინე ვარძელაშვილსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილსაც, რომლებიც პრეზიდენტის კადრებით უნდა ჩანაცვლდეს.
მოსამართლე ოთარ სიჭინავა კი 2006 წლის 26 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა და შესაბამისად მის შემცვლელს 2016 წლის ივნისში უზანაესი სასამართლოს პლენუმი დაასახელებს.
აქედან გამომდინარე, მომავალ წელს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან უკვე 5 იქნება "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნისას დანიშნული, რაც, სპეციალისტთა შეფასებით ძალთა ბალანსს გარკვეულწილად შეცვლის.
თუმცა, მიუხედავად ამისა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამ პროცესებს სკეპტიკურად უყურებს, რადგან, მისი თქმით, "ნაციონალებმა" ხელისუფლების დისკრედიტაცია უკვე მოახდინეს.
"შეიცვლება თუ არა მომავალ წელს - ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, პოლიტიკური პროცესები იქამდე მიმდინარეობს. ეს უკვე იმას ჰგავს, რომ ამბობენ პროკურორს გაუვიდეს ვადა და მერე ვილპარაკოთო, მაგრამ ამ დროს ისინი უკვე აკეთებენ თავის საქმეს და საზოგადოების განწყობა ხელისუფლების მიმართ უარყოფითად იცვლება.
"მაგალითად, ქუჩაში ვინც შეგხვდებათ, ყველა გეტყვით, რომ ამდენი ხანი რით ვერ მოახერხეს უგულავასთვის ბრალის დამტკიცება?! ეს ხომ ხელისუფლების დისკრედიტაციაა, რომელიც უკვე მიღწეულია", - გვითხრა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, "ოცნების" ხუთმა ხმამ საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლოა, რაღაც შეცვალოს, თუმცა, მისივე თქმით, მთავარია რა რაკურსით შეიცვლება.
"რასაკვირველია, რაღაც შეიცვლება, მაგრამ ტრაგედია იქნება, თუ ისევ ანგაჟირებული მოსამართლეები გვეყოლებიან. თუ ახალ შემადგენლობაშიც ასე იქნება, გამოდის, რომ რიგითმა მოქალაქემ შეიძლება თქვას - თხა ვიყიდე თხა გავყიდეო. თუ ანგაჟირებული, მიკერძოებული მოსამართლე მოვიდა, სულ ერთია ეს იქნება "ოცნების" თუ "ნაციონალების". მოსამართლისთვის საერთოდ სულერთი უნდა იყოს რომელი პარტია გაიმარჯვებს.
"მართალია, "ოცნებამ" უზენაეს სასამართლოში გატარებული რეფორმებით მართლმსაჯულების განვითარების კუთხით ერთი ნაბიჯი წინ გადადგა, მაგრამ მიუკერძოებლობისთვის თაობების შეცვლაა საჭირო. ნინო გვენეტაძეს კარგად ვიცნობ, მასზე კარგი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ არ ვიცნობ პაპუაშვილს. ამიტომ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში - ვერ გეტყვით", - უთხრა "რეზონანსს" ცინცაძემ.