"კანონის თანახმად, მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შესაჩერებლად სხვადასხვა საფუძვლები არსებობს, იმ შემთხვევაში თუკი მოსამართლე მერაბ ტურავას კონკრეტული დარღვევები დაუმტკიცდა, სასამართლოს პლენუმს უფლება აქვს მას უფლებამოსილება შეუჩეროს, რის შემდგომაც მას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების არანაირი მექანიზმი არ გააჩნია," - ამგვარია იურისტთა ნაწილის მოსაზრება მოსამართლე მერაბ ტურავას საქმესთან დაკავშირებით.
მათივე თქმით, საამისოდ სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიამ დასკვნა 10 დღის ვადაში უნდა მოამზადოს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას საკითხი შესასწავლად სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას გუშინწინ გადაეცა. როგორც "რეზონანსს" საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, კომისია დასკვნის ნაწილზე მსჯელობს, რისთვისაც გარკვეული პროცედურებია გასავლელი. კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცემა.როგორც "რეზონანსს" კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა, სასამართლოს კომისიამ პირველადი გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ახლა კი ჯერი უშუალოდ სასჯელზეა. მენაბდის თქმით, თეორიულად სრულიად დასაშვებია, რომ სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე ტურავას დარღვევა მძიმედ არ მიიჩნიოს და შესაბამისად, ის კვლავ დარჩება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. თუმცა არსებობს იმის ალბათობაც, რომ პლენუმმა მას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუჩეროს. კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პლენუმი კომისიის დასკვნაზე მსჯელობის შედეგად თავად მიიღებს.
"ეს საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესასწავლად დისციპლინისა და ეთიკის კომისიას ოთხშაბათს გადასცა, კომისიამ დადო დასკვნა, პლენუმმა კი განცხადებაში მიუთითა, რომ ტურავამ დაარღვია მოსამართლის ეთიკა და მასზე დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულა. ეს გახლავთ სასამარლოს პირველადი გადაწყვეტილება, ახლა კი გადაწყვეტილება უშუალოდ სასჯელზე უნდა მიიღოს.
"ერთ შემთხვევაში მან შეიძლება თქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტურავამ ეთიკის ნორმა და მოსამართლის ვალდებულებები დაარღვია, ეს იმდენად მძიმე დარღვევა არაა, რომ უფლებამოსილება შეუწყვიტონ და შესაბამისად, ის თანამდებობაზე დარჩება. ხოლო მეორე შემთხვევაში შეიძლება მას დარღვევის გამო უფლებამოსილება შეუწყვიტონ.
"საბოლოოდ პლენუმი მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას კომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს. თეორიულად ორივე ვერსია დასაშვებია, რის შემდეგაც მერაბ ტურავას აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების არანაირი მექანიზმი არ გააჩნია,"- ამბობს კონსტიტუციონალისტი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის აღმასრულებელი დირექტორის თამარ გვარამაძის თქმით, კანონის თანახმად, მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შესაჩერებლად სხვადასხვა საფუძვლები არსებობს, რომელთა შესწავლის შემდგომაც პლენუმი კონკრეტულ გადაწყვეტილებას იღებს და ატყობინებს იმ ობიექტს, რომლის კვოტითაც მოსამართლეა დანიშნული, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ერთობლივი მსჯელობის შედეგად თავად იღებს.
"ვადაზე ადრე უფლებამოსილების შესაჩერებლად კანონში სხვადასხვა საფუძვლებია გაწერილი. მაგალითად, თუკი მოსამართლე 6 თვის განმავლობაში დაკისრებულ მოვალეობას არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს, თუკი ის თათბირის საიდუმლოებას არღვევს და მოსამართლისთვის შეუფერებელ ქმედებას ჩადის და ა.შ.
"ამ ყველაფერზე სასამართლოს მიერ შექმნილი ეთიკისა და დისციპლინარულ საქმეთა კომისია მსჯელობს და აფასებს, არის თუ არა კონკრეტული დარღვევები, საბოლოოდ კი დასვნას პლენუმს წარუდგენს, რომელიც შემდგომ ატყობინებს იმ ობიექტს, რომლის კვოტითაც მოსამართლეა დანიშნული.
"რაც შეეხება მერაბ ტურავას საკითხს, კომისიამ ჯერ მისი საკითხი და არაერთი ფაქტობრივი გარემოება უნდა შეისწავლოს, ვინაიდან სასამართლოსა და თავად მას აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ჰქონდათ გავრცელებული. ამდენად, ამ ეტაპზე რაიმე დარღვევაზე საუბარი ნამდვილად რთულია.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეს პროცედურებში ჩართვისა და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მიეცეს, ამიტომ ეს საკითხი პროცედურულად საკმაოდ რთულია.
"როგორც მახსოვს, კომისიამ დასკვნა 10 დღის ვადაში უნდა მოამზადოს, რის შემდეგად პლენუმს გადაწყვეტილების მიღების 5 დღიანი ვადა აქვს. უფლებამოსილების შეჩერების შემდგომ მოსამართლეს გასაჩივრების საშუალება აღარ აქვს. ზოგადად, ასეთი პრეცედენტი ნაკლებად მახსენდება და თუ არ ვცდები პრაქტიკაში არც გვქონია," - აღნიშნავს "რეზონანსთან" საუბრისას გვარამაძე.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე განცხადება საკონსტიტუციო სასამართლომაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია აღნიშნულ საკითხს უკვე სწავლობს.
"საქმეზე "საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" (646 კონსტიტუციური სარჩელი) არსებული მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიაწოდოს საზოგადეობას ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებების შესახებ.
"2015 წლის 16 სექტემბერს, შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინაში", გადაწყვეტილებაზე (საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 646 კონსტიტუციური სარჩელი) ხელმოწერის უზრუნველყოფის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლო სრული შემადგენლობით შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას. მოსამართლე მერაბ ტურავამ უარი განაცხადა გადაწყვეტილების ხელმოწერაზე.
"ზემოაღნიშნული ფაქტი, ისევე როგორც 2015 წლის 15 სექტემბერს #646 კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების ხელმოწერისა და შემდგომი გამოცხადების მიზნით დანიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მერაბ ტურავას, გამოუცხადებლობის საკითხი, შესასწავლად და შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას. კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს კომენტარი გააკეთოს ბატონი მერაბ ტურავას მიერ მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ რომ მას გადაწყვეტილების სრული ტექსტი დაგვიანებით მიეწოდა, ხოლო მოსამართლეებმა მოუმზადებლად დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნული საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეახსენებს საზოგადოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსის გამჟღავნება წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას და მოუწოდებს ბატონ მერაბ ტურავას, თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის განცხადებების გავრცელებისაგან.
"ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლოს პლენუმის ყველა წევრს ჰქონდა გონივრული ვადა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პროექტის გასაცნობად, აზრის გამოსათქმელად და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსიელებების განსახორციელებლად, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენი წევრების მიერ სრულად იქნა რეალიზებული," - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა, შესაძლოა განისაზღვროს თითოეული საქმისთვის დამოუკიდებლად და ჯამში 9 თვეს აღემატებოდეს. სარჩელს ხელი 9-იდან 8 მოსამართლემ მოაწერა, მოსამართლე მერაბ ტურავამ კი სასამართლო ზეწოლაში დაადანაშაულა და დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.